რაც ძალიან მიყვარს, იმაზე წერა მიჭირს ხოლმე. წიგნებზეც – ასეა. საკუთარი ნაწერის შეფასება სადაური წესია, მაგრამ პოსტი ამერიკელ ფსიქოპათ ბრეთ ისთონ ელისზე, იმჰო, საუკეთესოა ბლოგზე. განა ელისი არ მომწონს, კარგი მწერალია, ნამდვილად, მაგრამ ტიერი ჟონკეს “ტარანტული” გაცილებით უფრო მომწონს, არადა პოსტს ვერ მოვაბი თავი. ტოლსტოის არ გადაუწერია “ომი და მშვიდობა” იმდენჯერ, რამდენჯერაც მე ეს პოსტი. 🙂
რაც არის-არის. როგორც არის ახლა ისე გამოვაქვეყნებ და თქვენ – “ტარანტული” ჩამოქაჩეთ. ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის მოყვარულნი არ ინანებთ. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წიგნია, რაც დაუწერიათ.
ტიერი ჟონკე (Thierry Jonquet) უცნაური ბედის მწერალია. ბევრი რაღაც წიგნი აქვს დაწერილი და ერთი შედევრი და მაინც თითქმის უცნობია. საფრანგეთს გარეთ – მთლად უცნობიც. რაღაც წიგნებიო ვთქვი, იმიტომ რომ სხვები არ წამიკითხავს. ვერც წავიკითხავდი – “ტარანტულის” გარდა არაფერია რუსულად ან ინგლისურად თარგმნილი (“ტარანტული” – არც ქართულადაა), ჩემი ფრანგული კი ტაქსისტებს ყოფნის ძლივს და შოკოლადიანი კრეპის შეკვეთას.
ჟონკე საფრანგეთში პოპულარული პოლარის ჟანრში მუშაობდა. პოლარი პოლიციური დეტექტივია, მაგრამ პოლიტიკური შეფერილობითა და სოციალური დრამის ელემენტებით დახუნძლული. ავტორები დანაშაულის ფესვებს, როგორც წესი, პოლიტიკურ სისტემაში ეძებენ. მემარცხენეები არიან. ასეთი იყო ტიერი ჟონკეც. ახალგაზრდობაში მაოიზმით იყო გატაცებული. შემდეგ, ტროცკისტულ დაჯგუფებას, კომუნისტ-რევოლუციონერთა ლიგას შეუერთდა. მოკლედ – ვერაფერი მოსაწონი. ჩემი გემოვნებით ტიპური “ლევაკი” და თავგზააბნეული, მაგრამ ნიჭიერი კაცი იყო. უნიჭო ლევაკებმა დიდი-დიდი “ქარძნები მუწებს” დაწერონ, ისიც – შეცდომით. ნიჭიერს – “ტარანტულიც” შეუძლია. წიგნი, რომელსაც მისი პოლიტიკური გატაცებები ვერ აფუჭებს და ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიური თრილერია, რაც წამიკითხავს. ფსიქოლოგიური თრილერები კი, იცოცხლე, ბევრი მაქვს წაკითხული.
ტიერი ჟონკე განათლებით ფილოსოფოსია. მოგვიანებით – ფიზიოთერაპიაც შეისწავლა, ბოლოს – ფსიქიატრია (ეს ამბავი “სატარანტულოდ” ძალიან გამოადგა). კარგი იუმორის გრძნობა აქვს (შავი) და ბუნებით – ბუნტარია. ფროიდსაც კარგად იცნობს და ფსევდონიმად რამონ მერკადერი შეირჩია – IYKWIM.
“ტარანტული” (Mygale) გამომცემლობა “გალიმარმა” გამოსცა 1984 წელს. სწორედ Gallimard არის პოლარის ჟანრის დაუღალავი პოპულარიზატორი და ჟონკესთანაც თანამშრომლობდა, თუმცა “ტარანტული” სხვა ჟანრია. ეს არის რომანი პლასტიკურ ქირურგზე, რომელიც იდეალური ქალის “აწყობას” ცდილობს… მიახლოებით – ასეა. მეტი რომ დავწერო, დაგასფოლერებთ და არ მეპატიება, თუმცა, ვისაც პედრო ალმოდოვარის 2011 წლის ე.წ. ეკრანიზაცია ნანახი გაქვთ, დასფოილერებულები ხართ და ეგაა. მეტ-ნაკლებად. მაგრამ ალმოდოვარის ცოდვებს მე ვერ ავწევ. დაუნდობლად გააფუჭა წიგნი. დაუნანებლად. აიღო შედევრი და გადაიღო – პაპსა. ერთი ჩვენებურის ფრთიან ფრაზას რომ დავესესხო, ჟონკე რომ ცოცხალი ყოფილიყო, საფლავში გადაბრუნდებოდა…
მაგრამ ალმოდოვარმა ჟონკეს პოპულარობას კი წააშველა ხელი. იმ ქვეყნებში, სადაც ჟონკეს ეს რომანი არ გაეგონათ, პატრონი გამოუჩნდა – თარგმნეს და გამოსცეს. სადაც იცნობდნენ – ხელახლა დაბეჭდეს. რუსულადაც 2011-ში გამოვიდა. ჩამოსაქაჩი ლინკი რუსულ თარგმანზე ზემოთ მივუთითე. ვისაც ინგლისურად გირჩევნიათ – ამერიკულ ვერსიას Mygale ჰქვია (გამომცემლობა City Lights, 2003), ბრიტანულს – Tarantula (გამომცემლობა Serpent’s Tail, 2005). 2011 წელს ხელახლა გამოსცეს და (კარგი, ჯანდაბას – ამისთვისაც მადლობა ალმოდოვარს) გააქინდლეს კიდეც. ამერიკულ ვერსიას ყდაზე ანოტაციად აწერია, ეს წიგნი სარტრისა და დე სადის ერთობლივ ნამუშევარს ჰგავსო.
თავად ჟონკესთვის სინემატოგრაფი უცხო რამ არ ყოფილა. რამდენიმე დეტექტური ტელეფილმისა და ტელესერიალის სცენარისტია. დეტექტური კომიქსების ავტორიც. ტულუზაში პოლარის ჟანრის ლიტერატურის ყოველწლიური ფესტივალიც ტარდება, სადაც მთავარი პრიზი ტიერი ჟონკეს სახელს ატარებს.
ტიერი ჟონკე 2009 წელს გარდაიცვალა. უცნაურია, მაგრამ კომუნისტ-რევოლუციონერთა ლიგაც 2009 წელს დაიშალა. ჟონკეს გამო – არა. ჟონკე მისი წევრი ორი ათეული წელია აღარ იყო… მაგრამ, შესაძლოა, თვითდაშლით რევოლუციონერმა კომუნისტებმა მათ ყველაზე ცნობილ და ნიჭიერ წევრს სცეს პატივი.
მაშინეპოქადამთავრადიდი-ს ამბავში.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ზოდელავა რამ გაგახსენა )))))
ტარანტულს ვნახავ ამ საღამოს.
LikeLike
უნდა გვახსოვდეს ჩვენი კლასიკოსები. 🙂
თორემ ნეოფიტები ისეთებს ამბობენ, კლასიკოსები ავიწყდება ერს. 😦
LikeLike
მე კიდე მომწონს შენი ლიტერატურული პოსტები.
დიუმაზე პოსტი იყო გადასარევი. ფამუქზე და სელინჯერზე. ეს რაც პირველი მახსენდება. თან სამივე პოსტის სულისკვეთებას ვეთანხმები. 🙂
თრილერებზე ვერ მოგყვები – მაგ ჟანრს კარგად არ ვიცნობ.
LikeLike
ფამუქზე პოსტიც არაჩვეულებრივი იყო, ძია ტიკ-ტაკზე და სელინჯერზეც. 🙂
ჟონკე არ წამიკითხავს. ფილმი ნანახი მაქვს და არ მომეწონა. შენი არ იყოს არ მინდა ვინმე დავასპოილერო, ამიტომ მეტს არ დავამატებ.
LikeLike
@ანი @Athena
იმიტომ არ დამიწერია, ქათინაურები გამოგტყუოთ 🙂
მაგრამ – მადლობა.
დიუმაზეც რამდენჯერმე შევცვალე პოსტი. 🙂 დიუმა ჩემთვის ყველაზე მაგარია და სამი მუშკეტერი საუკეთესო წიგნი.
LikeLiked by 1 person