ფოტო(ს)ისტორია
ეს ძალიან ცნობილი ფოტოა. ერთი, მე-20 საუკუნის 100 ყველაზე ცნობილ ფოტოს შორის. 50 ყველაზე ცნობილ ფოტოს შორის. ზოგი ფოტოგამოცემა 10 ყველაზე ფოტოს შორისაც კი ასახელებს. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფოტოცაა – მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადეს აუქციონზე.
რიჩარდ ავედონს ეკუთვნის. დიორსა და ავედონს ძველი მეგობრობა და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებდათ. პირველი ფოტოსესია 1947 წლითაა დათარიღებული და ეს ორივესთვის გამორჩეული წელია. დიორმა ერთი წლის წინ დააფუძნა მისი მოდის სახლი, ავედონის სტუდიაც ერთი წლისაა. მათი პირველი ერთობლივი ფოტოსესია ეპოქალურია: The New Look-ის ფოტოწარდგენა. დიორი ავედონის თვალით – ცალკე ფენომენია. ამერიკის ბაზარზე დიორის პოპულარობას ავედონის კამერამ დიდად შეუწყო ხელი.
ცხადია, 1955 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სარეკლამო ფოტოგადაღებაც დიორმა ავედონს ანდო. ფოტო გადაღებულია პარიზში, ე.წ. “ზამთრის ცირკის” შენობაში Harper’s Bazaar-ის სექტემბრის ნომრისთვის. ფოტოზე დოვიმაა. დოვიმას აცვია კაბა, რომლის დიზაინერიც ივ სენ ლორანია, იმხანად დიორის თანაშემწე, ვინც 2 წლის შემდეგ დიორის სახლს ჩაუდგება სათავეში.
ჩვენ სიამის ტყუპებივით ვიყავით. ჯერ ნათქვამი არ ჰქონდა, რომ უკვე ვიცოდი, რის თქმას აპირებდა.
დოვიმა რიჩარდ ავედონზე.
რა აღარ დაწერილა ამ ფოტოზე.
ერთი წარმავალი სილამაზის სიმბოლოდ აღიქვამს.
მეორე – წუთისოფლის.
სხვა – ბუნების დამორჩილებას ხედავს.
ისიც კი უთქვამთ, აფრიკის კოლონიზაციაზე მიანიშნებსო.
მე ამდენს ვერ დავლევ.
თავად ფოტოს ავტორს ეს ფოტო არ მოსწონდა. სხვა ფოტოები ერჩივნა. როდესაც 284 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია ავტობიოგრაფიული წიგნისთვის – გამორჩა. თუმცა, წიგნში დოვიმას სხვა ფოტოებია. და დიორის სხვა კოლექციები. თავად ავედონი ასე ამბობდა – ქამარი მარცხნივ უნდა გამეწიაო. ეს კადრი ჩემთვის ყოველთვის დარჩება შეცდომად, რაკი ქამარი მარცხნივ არ არის გაწეულიო.
კამერა მუდამ იტყუება… რომ იცოდეთ, როგორ მძულს. მუდამ მეჩხირება. მუდამ იგვიანებს. ნეტავ შემეძლოს, მხოლოდ მზერით ვიმუშაო.
რიჩარდ ავედონი.
ავედონს დოვიმასა და სპილოების სხვა ფოტოც აქვს. ნაკლებად ცნობილი ფოტოა. ასევე დაწუნებული.
ნეგატივიც დაკარგულია.
ავედონის ფოტოებზე მისი ეპოქის ყველაზე ელეგანტური, ყველაზე ლამაზი ქალებია – დოვიმა, ჯინ შრიმფთონი, ვერუშკა… მაგრამ მთავარი გმირი ყოველთვის კაბაა. სამოსი. ამიტომ უყვარდათ დიზაინერებს ავედონთან მუშაობა.
მისი ყოველი ფოტო შედევრია. მაშინაც კი, თუკი თავად წუნს ხედავდეს რამეს.
ჩვენ ასეთს ვერაფერს ვამჩნევთ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
მეც ასე მგონია, რომ ქამარი მარცხნივ უნდა გაეწია.
LikeLike
აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმაო. 🙂
LikeLike