დავიწყებული შვიდეული

ჟან პატუ. ბონი ქეშინი. ქლერ მაქქარდელი. ჟაკ ფატი. მარიანო ფურტუნი. ჯონ ბეითსი. პოლინ ტრიჟერი.

ვინ არის ეს ხალხი?

ორის სახელი და გვარი თუმაინც გეცნოთ – ე.ი. მართლაც სულით ხორცამდე ფეშენისტა ხართ. თუ – მეტის, მოდის ექსპერტი ხართ ჩემ თვალში. თუ არ გეცნოთ… არც მე მეცნო. 🙂 ჟან პატუს გარდა.

თითოეულმა პატარა რევოლუცია მოახდინა ტანსაცმლის დიზაინში. ზოგმა – დიდი. ზოგმა – რამდენიმე რევოლუციაც მოასწრო. მაგრამ დიზაინერობა ცოტა უმადური პროფესიაა. შემოქმედება რჩება, ავტორს, ხშირად, ივიწყებენ.

გავიხსენოთ.

Jean Patouჟან პატუ (Jean Patou) ამ შვიდეულში, ალბათ, ყველაზე ცნობადია დღეს და ერთადერთი ამ პოსტიდან, ვისი მოდის სახლი (ნაწილობრივ) დღემდე არსებობს და ას წელს გადააბიჯა. ნაწილობრივ არსებობს-თქო იმიტომ, რომ Jean Patou-ს 30 წელია არაფერი შეუკერია, მხოლოდ პარფიუმს აწარმოებს (P&G-ის ნაწილია). პირველი სამკერვალო კი პატუმ 1912 წელს გახსნა პარიზში. მამაკაცები ჟან პატუს უნდა ვუმადლოდეთ გრაფ ქარდიგანის სამხედრო ქარდიგანის საყოველდღიო მოდაში დამკვიდრებას, ქალები კი ჟან პატუს უნდა უმადლოდნენ თავისუფალ, სპორტულ სტილსა და sportswear კოლექციებს (სადაც, ცხადია, “ადიდასის სპორტულებს” არ ვგულისხმობ). მასვე ეკუთვნის უსახელო მაისურებისა და მუხლებამდე (midi) ქვედაკაბის ლეგიტიმაციის იდეა ქალთა ჩოგბურთის ტურნირებისთვის. მოკლედ, ჟან პატუმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოდა გამხდარიყო უფრო ადამიანური, თავისუფალი და ნაკლებ-კონსერვატული. თუმცა თავად კლასიკური სტილის მიმდევარი იყო და მუდამჟამს გამოწკეპილ-ყველაღილზეგაკვანძულ-შლაპადახურულ-ჰალსტუხშებმული დაბრძანდებოდა.

ტროსტით.

პატუს მოდის სახლში დიზაინრებად უმუშავიათ ლაგერლფელდს, გოტიესა და ლაკრუას. ჟან პატუს სუნამო Joy კი მსოფლიოში ნომერ მეორე ყველაზე გაყიდვადი სუნამოა Chanel N5-ის შემდეგ.

Bonnie Cashinბონი ქეშინი (Bonnie Cashin) ოუქლენდში დაიბადა იმ წელს, როდესაც პატუმ პარიზში პირველი სრული კოლექცია წარადგინა. კერვა წერა-კითხვაზე ადრე ვისწავლეო, ამბობდა ქეშინი. 1952 წელს დააფუძნა საკუთარი მოდის სახლი. კოლექციებს ქმნიდა სხვა ბრენდებისთვისაც, რომელთა შორისაცაა ამერიკული Coach და ფრანგული Hermes. ქეშინს ტყავეულის პოპულარიზატორად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ სწორედ მან გაუღო ამერიკული პოდიუმის კარი ტყავის სამოსს. მას ეკუთვნის ე.წ. convertible down ქალის ჩანთების დიზაინი და მანვე მოიგონა გრძელი ქვედაბოლო, რომლის აკეცვაც შეიძლებოდა (ღილების მეშვეობით მაგრდებოდა, რომ არ ჩამოშლილიყო ხელახლა).

ბონი ქეშინი მოდის ამერიკელ კრიტიკოსთა ჯილდოს, Coty Awards-ის ორგზის მფლობელია და ამერიკის მოდის დიდების დარბაზის წევრი.

Claire Mccardellქლერ მაქქარდელი (Claire McCardell) მერილენდელი სენატორისა და ბანკის პრეზიდენტის ქალიშვილი იყო. თანატოლებში ჩხუბისთავად იცნობდნენ. შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა და მეტსახელად “მუჯლუგუნას” ეძახდნენ, იმიტომ რომ, თუ ვინმე ნაწნავებზე მოქაჩავდა (მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიჭები ერთნაირები არიან – ასე გამოვხატავთ ხოლმე ადრეულ სიმპათიას) Smile… ჰოდა, თუ ნაწნავებზე მოქაჩავდა ვინმე, ეს კარგა გემრიელად უთავაზებდა პასუხად. ალბათ, არაა გასაკვირი, რომ ქლერ მაქქარდელი ამერიკული sportswear კოლექციების პიონერი გახდა. ქალის ბრიჯები (მათ შორის biker shorts), bodysuit და playsuit ეს ყველა მისი ხელდასხმით შემოვიდა მოდაში. მისი ფილოსოფია იყო პრაქტიკული და მოხდენილი სამოსი. კოლექციებში ხშირად იყენებდა ჯერსესა და ჯინსის ქსოვილს.

პირველი ქალი დიზაინერია, რომელმაც მოდის ამერიკელ კრიტიკოსთა ყოველწლიური ჯილდო Coty Awards მოიპოვა. 1944 წელს. მერილენდის გამოჩენილ ქალთა დიდების დარბაზის წევრია. 1990 წელს ჟურნალმა Life მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ამერიკელს შორის დაასახელა. დონა ქარანი ქლერ მაქქარდელს ასახელებს მის მასწავლებელთა შორის.

Jacques Fathროდესაც პარიზი სამ უდიდეს დიზაინერს შორის აკეთებდა არჩევანს: დიორი, ბალმანი თუ ბალენსიაგა, იყო კიდევ ერთი, ვისი დიდებაც მათ არ უდებდა ტოლს – ჟაკ ფატი (Jacques Fath). დღეს დიდწილად მივიწყებულია. არადა, მის მოდის სახლში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ჟივანში, ლაროში, ვალენტინო. ფატი დაეხმარა ონდრე პერუჯიას პირველი კოლექციების შექმნაში (პერუჯიაც დაუმსახურებლად მივიწყებულ დიზაინერთა შორისაა დღეს). თავად ფატი თვითნასწავლი დიზაინერი იყო. პირველი კოლექცია 1937 წელს წარადგინა. მისი სამოსი ჰაეროვნებითა და ქალურობით გამოირჩევა. ჟაკ ფატი სამოსს ქმნიდა იდეალური ქალისთვის – მაღალი, ნატიფი, ელეგანტური, გრძელი ფეხებით, ვიწრო წელით და გამოკვეთილი ფორმებით. ამიტომ თვიგი მისი მოდელი არ ყოფილა. მის საყვარელ მოდელთა შორის არიან დოვიმა და ვილემინა, კლიენტთა შორის კი – ავა გარდნერი, გრეტა გარბო და რითა ჰეივორთი. და კიდევ – ევიტა. მოდის ისტორიკოსთა ერთი ნაწილი დიორისეულ New Look-შიც ფატის გავლენას ხედავს. ფატმა საკუთარი მოდის სახლი გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დახურა. ლეიბლის გამოყენების უფლება დღეს ინვესტორთა ჯგუფს აქვს და სუნამოს წარმოებისთვის იყენებს.

Mariano Fortunyმარიანო ფურტუნი (Mariano Fortuny) ესპანელი დიზაინერია, რომელიც მეტწილად ვენეციაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ფურტუნი, ალბათ, ყველაზე უცნაური დიზაინერია. შეიძლება ითქვას, რომ მას მხოლოდ ერთი სამოსი აქვს შექმნილი. ჰენრი ფორდის მოდელ Т-ს მსგავსად. Smile ესაა Delphos gown – ანტიკური ტუნიკით შთაგონებული ვიწრო, გრძელი კაბა, რომელიც საუკეთესოდ გამოკვეთდა ქალის სხეულსა და ფორმებს. ფურტუნიმ ეს კაბა მისი შემდგომი ვარიაციებით საკუთარი მეუღლისთვის შექმნა. მარიანო ფურტუნის “დელფოსური მანტია” იყო დიდი რევოლუცია მოდაში და დიდი გამოწვევა. თავდაპირველად იშვიათი ქალი თუ გაბედავდა ამ კაბით გარეთ გამოჩენას. დღეს ამ კაბით დედოფალ სოფიასაც გაუმართავს მიღება, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში (პირველი Delphos gown დიზაინერმა 1907 წელს შეკერა) ქალებისგან დიდი სითამამეს მოითხოვდა. და მათი ქმრებისგან – გაგებას. Smile

ფურტუნის მოდის სახლი ზუსტად 40 წელი არსებობდა. დიზაინერმა ის 1946 წელს, გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე დახურა.

John Batesჯონ ბეითსი (John Bates) ძალიან ნიჭიერი და ძალიან… არა, ზარმაცი – არა. ნიჭიერები და ზარმაცები კი მოგეხსენებათ, ვინც ვართ, ბეითსი კი ნიჭიერი და მოკრძალებული ბრიტანელი დიზაინერი იყო. სანამ მერი ქუონთი და ონდრე კურეჟი დაობდნენ, ვინ მოიგონა მინი-კაბა, ჯონ ბეითსი კერავდა და კერავდა: მოკლე კაბებს, მოკლე პალტოებს და მოკლე ლაბადებს. ის 60-იანების მოდის ერთ-ერთი შემოქმედია – ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდის მოდის ისტორიაში. ბეითსია წელსქვემოთ მომჯდარი (low-rise) შარვლის პოპულარიზატორი. მანვე შექმნა ჭიპთანამოჭრილი კაბები. მასვე მიიჩნევენ ე.წ. Bikini-dress-ის შემქმნელადაც… მოკლედ ბევრი კარგი იდეის შემომტანია ქალთა მოდაში, მამაკაცებს რომ მოგვეწონება – ისეთის. და ბევრი ავანგარდული იდეის ავტორიცაა – ბეითსმა გამოიტანა პირველმა პოდიუმზე სამოსი, სადაც ნაჭერი და პოლიესტერი ერთდროულად იყო გამოყენებული.

2002-ში საბოლოოდ ჩამოშორდა მოდას.

Pauline Trigereპოლინ ტრიჟერი (Pauline Trigère) ფრანგი/ამერიკელი დიზაინერია. პარიზში დაიბადა და კერვაც ადრეულ ასაკში ისწავლა, ამ საქმის ნიჭიც ჰქონდა, მაგრამ ომის მოახლოების გამო ოჯახი ევროპას განერიდა, თან, ახალგაზრდა ასაკში გათხოვდა, ქმარმა კი “ქალი – ქუხნაშიო”. როდესაც ნიუ იორქში ჩავიდნენ, პოლინ ტრიჟერი ორი შვილის დედა იყო, რომელიც მუშაობის დაწყებას არ ფიქრობდა – არც ქმარს სურდა, სამუშაოზე მევლოო, – იგონებს. მაგრამ ნიჭმა თავის გზა ნახა. ქმარს დაშორდა და კაბების შექმნა დაიწყო. ცოტა-ცოტა და რაც უბრალოდ თავის გასატან საქმედ ჩანდა, დიდ ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ იქცა. პატივი და დიდებაც დიდი მოუტანა – ტრიჟერი მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერია. სამი Coty Awards აქვს მიღებული. ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს საგანგებო ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი. ბევრი სიახლის შემომტანია მოდაში. არის jumpsuit-ის პოპულარიზატორი, პირველმა დაიწყო შალისა და ბამბის გამოყენება საღამოს კაბების დიზაინში. ომის დრო იყო. მრავალფეროვნება ჭირდა – იყენებდა, რა მატერიაც ხელთ ჰქონდა. ამიტომ იძულებითა და ფანტაზიით ამსხვრევდა დადგენილ წესებს და ამკვიდრებდა საკუთარს. 60-იანებში პირველმა დაიქირავა ჩვენებისთვის შავკანიანი მოდელი, რის გამოც რამდენიმე მაღაზია სამხრეთი შტატებიდან ბოიკოტით დაემუქრა. დიზაინერი შანტაჟს არ შეეპუა, არ დაუთმო და თავისი გაიტანა. რასისტებს ბოიკოტის იდეა ჩაუფლავდათ.

1992 წელს პოლინ ტრიჟერმა მისი სახლის 50-წელი აღნიშნა და ოფიციალურად დაემშვიდობა მოდის დიზაინს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

10 Influential Fashion Designers That Time Forgot

10 Influential Fashion Designers You’ve Probably Never Heard Of

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

6 thoughts on “დავიწყებული შვიდეული”

    1. ტანკენარი დამეწერა?
      უბრალოდ მარტივი და გასაგები სიტყვა გამოვიყენე. თორემ არც მე მომწონს ამ კონტექსტში. 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: