შაბათის პოსტი
1985 წელს საბჭოთა მწერლების კავშირმა ამერიკელ მწერალთა დელეგაციას უმასპინძლა. ერთგვარი შემოქმედებითი ტური ჰქონდათ საბჭოეთში. რა თქმა უნდა, საქართველოს სს რესპუბლიკაშიც ჩამოვიდნენ. სხვათა გვერდით, დელეგაციაში იყვნენ ბობ დილანი და ალან გინზბერგი.
აქ მწერალთა კავშირმა დიდი მიღება გაუმართა. გინზბერგს უკითხავს მასპინძლებისთვის – თქვენთან გეები თუ არიანო…. თუ არ არიან – აბა, რა დემოკრატია გაქვთო. ეს პერესტროიკის დრო იყო და რომ არ შერცხვენილიყო საბჭოთა რეფორმები და სოციალიზმი ადამიანური სახით, პირველი ვინც თვალში მოხვდათ (ეს კი რეზო ამაშუკელი აღმოჩნდა) იმაზე მიუთითეს – აი, ესაა გეი-პოეტიო.
გინზბერგს გახარებია, მივარდა თურმე ბატონ რეზოს და ხელი ჩამოართვა. ბატონი რეზო კიდევ ინგლისურს ვერა სხლავდა და ვერ გაიგო რაზე იყო ლაპარაკი, იფიქრა ჩემი პოეზიის დამფასებლები ამერიკაშიც ყოფილანო და ბედნიერმა საკუთარი პოეტური კრებული აჩუქა გინზბერგს. ავტოგრაფით.
ამის მერე გინზბერგი თავს იწონებდა, საბჭოთა გეი-პოეზიის მამას ვიცნობ და მისი ნაჩუქარი წიგნიც მაქვსო.
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
ამასობაში კი ბობ დილანს ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში.