გამომართვი გასაღებების აცმა – ყველა ოთახი შენს განკარგულებაშია, მხოლოდ ის პაწია კარი არ გააღო, სასახლის ყველაზე ბნელ კუნჭულშიო… ამას რომ ეტყვი ქალს, აბა რომელს გაუძლებს გული, აკრძალული კარი არ გააღოს და ოთახში არ შეიჭყიტოს სულ ერთი წამით, სულ ერთი თვალით… შემდეგ რაც მოხდა კი ვიცით – შარლ პერომ აღწერა.
ლურჯწვერას პროტოტიპიც ჰყავდა, თუმცა ინგლისელები და ფრანგები ვერ თანხმდებიან, ეს პროტოტიპი ვინ იყო (სხვა განა რაზე თანხმდებიან, ამაზე რომ შეთანხმდნენ). ფრანგები ჟილ დე რეს ვერსიას უჭერენ მხარს, ინგლისელები კი – ჰენრი მერვისა. რაკი ლურჯწვერას პირველი და ყველაზე ცნობილი ამბის ავტორი ფრანგია, მეც ფრანგულ ვერსიაზე დავწერ, თუმცა მეფე ჰენრის წვერიც უფრო გრძელი ჰქონდა და ლურჯი ფერიც უფრო უხდებოდა.
1440 წლის 26 ოქტომბერს ჟილ დე რემ (Gilles de Rais) ნანტის ეკლესიის მოედანზე შეკრებილ ერსა და უფალს პატიება სთხოვა. რის შემდეგაც ჩამოახრჩვეს და მის ორ მსახურთან ერთად კოცონზე დაწვეს. ასე დასრულდა იმ კაცის ცხოვრება, ვინც ისტორიაში გმირად უნდა შესულიყო, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელად დარჩა.
სანამ სიკვდილით დასჯიდნენ, ჟილ დე რე დიდი პატივით სარგებლობდა. მამაცი მხედართმთავარი, ჟანა დ’არკის უახლოესი თანამებრძოლი. ინგლისელების განდევნაში დიდი წვლილი შეიტანა, რისთვისაც სრულიად დამსახურებულად ებოძა მარშლის წოდება და კვერთხი. თავის რაზმთან ერთად ცდილობდა “ორლეანელი ქალწულის” ტყვეობიდან გამოხსნას, მაგრამ დააგვიანა. რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ჟანა დ’არკის სიკვდილით დასჯის შემდეგაც.
სიცოცხლის ბოლო 7 წელი საკუთარ მამულში გაატარა, სადაც უამრავი ალქიმიკოსით გარშემორტყმული ეძებდა ფილოსოფიურ ქვასა და სიცოცხლის ელექსირს. ამბობენ, აქედან დაიწყოო მისი უთანხმოება ეკლესიასთან, მაგრამ ალქიმია სულაც არ იყო ეკლესიის მიერ ისე გმობილი, როგორც ბევრს ჰგონია დღეს. ალქიმიით თვით ღვთისმსახურნიც იყვნენ გატაცებულნი. მიზეზი სხვაგან უნდა ვეძიოთ, მაგრამ ასე იყო თუ ისე, ნანტის ეპისკოპოსმა ჟან დე მელესტრუამ ჟილ დე რეს წინააღმდეგ, როგორც დღეს იტყოდნენ, კომპრომატების შეგროვება დაიწყო. აგროვა, აგროვა და ბევრი კი ვერაფერი შეაგროვა, მაგრამ მაინც გადმოდგა კათედრაზე და ამხილა – ბავშვების მოკვლა დასდო ბრალად. ჟილ დე რე შეიპყრეს და საინკვიზიციო სასამართლოს გადასცეს, სადაც თავისი წესები იყო. ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავდა და ბრალის “დასამტკიცებლად” წამებას იყენებდნენ…
უნდა ითქვას, რომ ჟილ დე რე, იმ დროის ფეოდალთა წესისამებრ, გვარიანი არმიით იყო გარშემორტყმული – მის მყუდროებას რამდენიმე ასეული ვასალი და აბჯარასხმული მებრძოლი იცავდა. მარშლის შეპყრობა იოლი საქმე არ იქნებოდა, მაგრამ საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულმა, თავად გაუღო ჭიშკარი მოსულთ და საკუთარი ფეხით (კიარადა – ცხენით) წაბრძანდა სამსჯვაროს.
იქ კი წამებას ვერ გაუძლო და აღიარა, რომ მისი სასახლის საიდუმლო ოთახში ბავშვებს სწირავდა დემონს. კიდევ სხვაც ბევრი რამ აღიარა, მაგრამ ყველა უფერულდება ამ მთავარ ბრალდებასთან. საბოლოოდ საქმე სამოქალაქო სასამართლოს გადაეცა, რომელმაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. საეკლესიო სამსჯავრო კი კიდევ კარგა ხანს აგრძელებდა ღვთიმსგმობელი მარშლისა და მისი თანამზრახველების ბრალეულობის კვლევას, თუმცა აღარავინ დაუსჯიათ. ეგკიარა, თითქმის ყველა სხვა ფიგურანტი გაათავისუფლეს.
თანდათანობით ჟილ დე რეს ამბავი მითებით და ლეგენდებით შეიმოსა. მას 200-მდე ადამიანის მკვლელობას მიაწერდნენ, რომელთა შორის ყოფილი ცოლებიც იყვნენ, თუმცა, სინამდვილეში, მარშალს მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავდა. არქეოლოგებმა, რომლებმაც “ლურჯწვერას” სასახლის ალაგი და შემოგარენი გათხარეს, მოკლულთა კვალს ვერ მიაგნეს. არ აღმოჩნდა არც წამების იარაღები. არც – სამსხვერპლო.
მოკლედ, დღეს რაც ხელთ გვაქვს, არის მხოლოდ ხალხური ზღაპარი, შარლ პეროს ლიტერატურული გენიის მიერ გადამუშავებული და უდანაშაულო ადამიანი, რომელიც მტრების დასმენას შეეწირა.
ჟილ დე რეს რეაბილიტაციის მომხრე ისტორიკოსები მიჩნევენ, რომ მარშლის მოკვდინების უკან მისი მოქიშპე, ბრეტონის ჰერცოგი ჟან მეხუთე იდგა, რომელსაც მარშლის ქონებაზე ეჭირა თვალი და ჟილ დე რეს სიკვდილით დასჯის შემდეგ, მის მამულებს დაეპატრონა კიდეც. ამ ისტორიკოსთა მოსაზრებით, ჟილ დე რეს გასამართლება ტამპლიერების დევნის ისტორიას ჰგავს – იქაც და აქაც თავი და თავი “ქონებრივი დავა” იყო. მხოლოდ ეგაა, მარშალს არვინ დაუწყევლია.
1992 წელს საფრანგეთის სენატის საგანგებო ტრიბუნალმა მარშალ ჟილ დე რეს საქმე განიხილა და გამამართლებელი ვერდიქტიც გამოიტანა, მაგრამ შარლ პეროსთან, ჰოლივუდთან და ინტერნეტთან ყველა ტრიბუნალი უძლურია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Gilles de Rais – violent predator or political victim?
*********
P.S.
ჩემო ტკბილოდამურაბა და წიწაკადააჯიკა მკითხველო – სხვა ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტს აქ ნუ მიკომენტებთ, გეთაყვათ, მიუხედავად იმისა, რომ იქ კომენტარები გათიშულია. 🙂
მე ასე ვიცოდი, რომ ლურჯწვერას პროტოტიპი ჰენრი მერვე იყო. საინტერესო ისტორიაა.
LikeLike
მეც ასე ვიცოდი. ჟილ დე რე არ გამეგონა, მაგრამ ჰენრი მერვე ბევრად უფრო გავს “ლურჯწვერას”.
LikeLiked by 1 person
ლიტერატურის ძალა დიდია. 🙂
რიჩარდ მესამეს საქმეც მისი მსგავსია – ბავშვების მკვლელობა დააბრალა შექსპირმა და დღეს ყველა დარწმუნებულია, რომ ასეც იყო.
LikeLike
სხვათა შორის ეგ ისტორიაც შევისწავლე თავის დროზე. ზოგადად ეგ პერიოდი მაინტერესებდა ვარდების ომის.
მაგრამ ამ ორ მწერალს შორის, შარლ პერო უფრო მიყვარს მე. :)))
LikeLiked by 1 person