კუბოკრული ქსოვილი ყველას გინახავთ, ალბათ. წითელი, წვრილი უჯრედებით. აი, ბრიჟიტს რომ აცვია. თბილისის “პომოდორისიმოში” მაგიდის გადასაფარებლები აქვთ ასეთი და ძალიან მომწონს.
ეგებ, გარდერობშიც გქონდეთ გოგონებს. თუ არ გაქვთ – ბებიების კაბები ამოქექეთ. დღეს ისე პოპულარული ვეღარაა, თუმცა, პერანგებს, შორტებს, ბიკინის და საცურაო კოსტიუმებს კი გადაეყრებით. ჩანთებიც მინახავს და მზის სათვალეებიც. მე-19 საუკუნის ბოლოს ფრანგმა ფეიქრებმა ქალაქ ვიშიდან ამგვარი ქსოვილის წარმოება დაიწყეს. მალე მთელი ვიში კუბოკრულში დაიარებოდა. ვიშის გერბიც კი კუბოკრულშია გამოწყობილი. ამ უჯრედებს საფრანგეთში ასეც უძახდნენ – “ვიში”. შემდეგ დადგა მე-20 საუკუნე, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ოკუპაცია, კოლაბორაციონიზმი, მარშალი პეტენი და ვიშის რეჟიმი… მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრანგებს ვიშის გაგონება არ სურდათ. ყველაფერი, რაც იყო ვიში – დავიწყებას მიეცა. ვითომ, არც ყოფილაო… მაგრამ 1959 წლის 18 ივნისს, როდესაც ჟაკ შარიესთან აწერდა ხელს, ბრიჟიტ ბარდომ სწორედ ვიშის კუბოკრულ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. ფოტომ თითქმის ყველა გამოცემა მოიარა. და მოდის ხელახალი ვიშიზაციაც დაიწყო.
ამ კაბის დიზაინერი იყო ჟაკ ესტერელი (Jacques Esterel / Charles Martin). მისი სახელი, კიარადა – ფსევდონიმი (სინამდვილეში შარლ მარტენი ერქვა) ეგებ, არც გაგიგონიათ. ბევრი ვერაფერი ვიცოდი მეც, არადა, ფრიად ცნობილი და დაფასებული ადამიანი ყოფილა – მუსიკოსი, შანსონიე, რეჟისორი, მსახიობი და დიზაინერი. ბარდოს გარდა, მის კლიენტთა შორის იყვნენ კატრინ დენიოვი და ფრანსუაზ არდი (ვინც არდი არ იცის, აგერ: ქალის პორტრეტი ბობ დილანის კედელზე). უკეთესი ვინ უნდა ინატრო კაცმა.
სხვა საქმეშიც წარმატებული იყო – განათლებით ინჟინერმა რამდენიმე ათეული გამოგონება დააპატენტა… თუმცა, ესტერელის შესახებ ყველა ცნობას ვერ ენდობა ადამიანი, ბევრი რამ მისივე მონათხრობიდან ვიცით, ესტერელს კი საკუთარი ბიოგრაფიის შეთხზვაშიც არ აკლდა გამომგონებლობა. ეპატაჟი და პუბლიკასთან თამაში მისი საყვარელი საქმე იყო. იმასაც გაიგონებთ, რომ ესტერელის მოდა სინამდვილეში პაროდია უფროა. ტყუილად ხომ არ შეარქვეს “მოდის ჯამბაზი”.
ამბობენ, რომ ესტერელმა პირველმა გადახოტრა მოდელებს თავი. 70-იანებში გახდა სტილ “უნისექსის” პოპულარიზატორი. მამაკაც-მოდელებს ჩააცვა კილტი და ქალებს – ტყავის შარვლები და ტლანქი, სამხედრო ჩექმები. ხშირად იყენებდა სრულიად შეუხამებელ ფერებსა და პრინტებს. ექსპერიმენტები, სიახლის ძიება, ეპატაჟი, კანონთა რღვევა – მისი პრინციპი იყო. 1965 წლის კოლექციას “შეცბუნებული და თავგზააბნეული” (Confused and Complicated) უწოდა. მთელ მის შემოქმედებას ესადაგება. რა გასაკვირია, რომ თანამედროვე მოდის კიდევ ერთი გადარეული, ჟან-პოლ გოტიე ესტერელის ასისტენტად მუშაობდა.
ჟაკ ესტერელი წარმატებით თანამშრომლობდა ფრანგულ სინემატოგრაფთან. მისი კოსტიუმებია 1957 წლის ფილმში “პარიზელი ქალი” (La Parisienne) და 1959 წლის ფილმში “მეცეკვებით, თუ არა?” (Voulez-vous danser avec moi?). ორთავეგან მთავარ როლში ბრიჟიტ ბარდოა. ფილმებს შორის კი, 1958 წელს ბრდო ესტერელის სტუდიას ეწვია და საქორწინო კაბის შერჩევა დაიწყო.
თან ზომებს უღებდა, თან სერენადებს უმღერდა, აგერ.
უცაბედმა სიკვდილმა 1974 წელს ესტერელის მოდის სახლის ისტორიაც დაასრულა. კიდევ ათეული წელი მისი მემკვიდრეები ცდილობდნენ ბიზნესის შენარჩუნებას, მაგრამ არც საკმარისი ქარიზმა აღმოაჩნდათ, არც ნიჭი, ვერც კომპანიის მართვის უნარი და ვერც შემცვლელი ნახეს ვინმე, ვინც ჟაკ ესტერელის საქმეს განაგრძობდა, თუმცა, მისეულ დიზაინს დღესაც იყენებენ კომპანიები ბიჟუტერიისა თუ სხვადასხვა აქსესუარის (მეტადრე – ჩანთების) წარმოებისას.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ძალიან არაპომპეზური ქორწილი ქონიათ. 🙂
ესტერელი კი დალის გავს ამ ფოტოზე 🙂
LikeLike
მივიწყებული სახელების ამოქექვის სპეციალისტი ხარ 🙂
LikeLiked by 1 person