ინუ-კუბო და 47 რონინი

Tsunyaoshi26 აგვისტოს ძაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ეს დღე ამერიკაში მოიგონა ერთმა კარგმა ქალმა და შემდეგ სხვა ქვეყნებიც დაესესხნენ, მაგრამ ახლა არც მასზე ვწერ და არც ამერიკაზე. ეს პოსტი ტოკუგავა ცუნაიოშიზეა, იაპონიის მეხუთე შიოგუნზე, რომელიც 1680 წელს ავიდა ტახტზე. ტოკუგავა მეცნიერი და პოეტი იყო, კალიგრაფი და ფილოსოფოსი. მფარველობდა განათლებას, ხელოვნებას, თეატრს. მისი მმართველობის წლებს იაპონურ რენესანსად მიიჩნევენ, მაგრამ ისტორიას ამით არ შემორჩენილა… მხოლოდ ამით – არა. მეცენატი, მწერალი და თეატრალი ბევრი ხელისუფალი ყოფილა. ქართველებს მეფე-პოეტების მთელი სექტა გვყავს (ვერც პოეტებად რომ ვარგოდნენ დიდად და არც ხელისუფლად), ტოკუგავა ცუნაიოში კი ცხოველების უფლებების (ერთ-ერთი) პირველი დამცველია ისტორიაში. რის გამოც ინუ-კუბოც (“ძაღლების შიოგუნი”) კი შეარქვეს.

1680-იანი წლების ბოლოს გამოცემული შიოგუნის ფირმანები მოხეტიალე ძაღლების, კატებისა და ცხენების მოკვლისთვის სასჯელის განსაკუთრებულ ზომას – სიკვდილით დასჯას აწესებდა. ეს უპატრონო ცხოველთა დაცვის ერთ-ერთი უძველესი საკანონმდებლო აქტია კაცობრიობის ისტორიაში, მითუფრო – ასეთი მკაცრი (ყველაზე ძველი მე-17 საუკუნის 30-40 წლებში ირლანდიაში შემოღებული კანონებია). განსაკუთრებული პატივით მაინც ძაღლები სარგებლობდნენ (შიოგუნი ძაღლის წელს იყო დაბადებული) – ქალაქ ედოში მისი ბრძანებით უპატრონო ძაღლებისთვის რამდენიმე თავშესაფარი ააშენეს, სადაც 50’000 ძაღლის შეკედლება შეიძლებოდა. ედოს ძაღლების თავშესაფარი უძველესი სახელმწიფო თავშესაფარია მსოფლიოში. იქ შეკედლებულ ცხოველებს სამჯერადი კვება ეკუთვნოდათ. თავშესაფრიდან სურსათის ქურდობისა და ძაღლების მიმართ უდიერი მოპყრობისთვის კი “ძაღლების შიოგუნმა” სასჯელად ბამბუკის კეტებით გაჯოხვა დაადგინა. ტოკუგავა ცუნაიოშიმ ძაღლებს შორის ჩხუბების გამართვაც აკრძალა – მათთვის, ვინც ძაღლებს წააქეზებდა ან ამგვარ რინგს მოაწყობდა – ბამბუკის კეტი გამზადებული იყო.

ტოკუგავა ცუნაიოშის მმართველობის დროს კიდევ ერთი ცნობილი სასამართლო პროცესი შედგა – მის დროს გაასამართლეს 47 რონინი. ეს ამბავი გაგონილი თუარა, ნანახი ნამდვილად გექნებათ. ამიტომ, სულ რამდენიმე სიტყვით გაგახსენებთ:

ვინმე ფეოდალმა, ასანო ნაგანორიმ შიოგუნის კარზე დაწინაურებულ ერთ ჩინოვნიკს, კირა იოშინაკას შეურაცხყოფა ვერ აპატია და თავს დაესხა, ხანჯლით დაჭრა. ნაგანორი შეიპყრეს, შიოგუნმა კი მას თავის მოკვლა (სეპუკუ) მიუსაჯა. ამის შემდეგ ნაგანორის, აწუკვე რონინად ქცეულმა, 47-მა სამურაიმ, როგორც ბუშიდო ითხოვდა, შურისძიება დაისახა მიზნად. იმისთვის რომ იოშინაკას ყურადღება მოედუნებინათ, ეს 47 რონინი დღეებს ლოთობასა და უგზო-უკვლოდ ხეტიალში ატარებდა. ღამ-ღამობით კი იკრიბებოდა და თავდასხმის გეგმას ამზადებდა.

სიუზერენის სეპუკუდან ერთი წლის თავზე შურისმაძიებლები კირა იოშინაკას სასახლეში შეიპარნენ, ფეოდალი შეიპყრეს და სეპუკუს რიტუალი შესთავაზეს, მაგრამ მან გაქცევა და განგაშის ატეხვა სცადა, მაშინ რონინებმა თავი მოჰკვეთეს და მოკვეთილი თავი ასანო ნაგანორის საფლავზე მიიტანეს. შემდეგ კი ხელისუფალთ ჩაბარდნენ. “ძაღლების შიოგუნის” განაჩენით მათაც, მათი პატრონის მსგავსად, სიცოცხლე სეპუკუთი დაასრულეს. რის შემდეგ დიდი პატივით, სამურაის დაკრძალვისთვის განსაზღვრული ყველა რიტუალის დაცვით დამარხეს ასანო ნაგანორის გვერდით. ეს სასაფლაო დღეს იაპონიის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. 

ამბობენ, რომ ღამ-ღამობით მათ საფლავზე ძაღლები იკრიბებიან და ტირიან.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: