მოგზაურის რვეული:
ჩანთა, რომელიც უნდა ჩაალაგო, ქანცი რომ არ გაგწყდეს
გრილი ღამე (თბილისიდან რეისები ხომ, ჩვეულებრივ, გამთენიისასაა), თბილისის აეროპორტი (ან, თუნდაც – ქუთაისისა იყოს), მშვენიერი, სამოგზაურო განწყობა და თქვენი მეუღლე/პარტნიორი/მეგობარი/თანამგზავრი (საჭირო – დატოვეთ), რომელიც ორი უზარმაზარი (ან – სამი საშუალო, ან ერთი პატარა და ორი უზარმაზარი, ზურგსუკან რომ მალავს) ზომის ჩემოდნით მობრძანდება. 🙂
ნაცნობი ამბავია?
ახლა ვნახოთ, როგორ ჩავბარგდეთ ისე, რომ ყველაფერი აუცილებელი თან გვქონდეს და ერთ სულზე ერთი საშუალო ზომის (თვითმფრინავის სალონში რომ აგვატანინებენ – ისეთი) ჩანთა გვეყოს.
წესი პირველი (დაუჯერებელი): ჩანთა მეტად (ან, როგორც მინიმუმ, არანაკლებ) ბევრს იტევს, ვიდრე – ჩემოდანი, თუ სწორად ჩაალაგებ.
(აქ ვგულისხმობ: ზურგჩანთას, ან მესინჯერს ან ყველა სხვა ტიპის ჩანთას, რომელსაც ზურგზე მოიგდებ, მხარზე გადაიკიდებ ან გააგორებ, მთავარია – იყოს მჩატე, ელასტიური, კარგად შეკერილი, სასურველია – ვერტიკალური (თუ გორგოლაჭები აქვს – ბრუნვადიც) და არა-ჰორიზონტალური).
წესი მეორე: ყველაფერი, რაც საშუალოსტატისტიკურ, არაპარანოიდალურ, არაპიემესიან ადამიანს სჭირდება 7-10-დღიანი მოგზაურობისთვის ჩაეტევა 25-40 ლიტრი მოცულობის ჩანთაში.
(მიახლოებით ის ზომაა, ავიაკომპანიის ხელბარგისთვის დაშვებულ ლიმიტს რომ არ ცდება).
წესი მესამე: თუკი ტანსაცმლის დიდ ნაწილს არ დაკეცავთ, არამედ – დაახვევთ, გაცილებით ბევრს ჩაატევთ ჩანთაში. იმდენს, რომ თავადაც გაგიკვირდებათ. აი, მაგალითად – ამდენს:
აქვე – ინსტრუქცია ფოტოებით.
ახლა, სანამ იმას გაიფიქრებთ: რომ ვეტყვი, ეგ შენი საყვარელი დოლჩეგაბანა კაბა არ დაკეცო – მე დაგიხვევო, ხომ მიპასუხებს დაახვევ და…. ისა, როგორც ამბობენ ხოლმე დახვეულზე… აი, სანამ ამას გაიფიქრებთ, იხილეთ
თეორემა მეოთხე (ძნელად დასაჯერებელი, მაგრამ მეცნიერულად და ცდითა და გამოცდილებით დამტკიცებული): ეს, ავენტინური ტრიადის ცრუ ღმერთების სწავლებით დახვეული ტანსაცმელი, ბევრად ნაკლებად იკუჭება, ვიდრე ისე, მამა-პაპურად, ქართული ტრადიციების დაცვით ჩაჩემოდნებული.
წესი მეხუთე: რაც დახვევას არ ექვემდებარება – უნდა ერთმანეთზე დადოთ და ისე დაკეცოთ წყვილ-წყვილად და სამ-სამადაც. განუზომლად მეტი ჩაეტევა.
წესი მეექვსე (დამხმარე): მეტი კომპაქტურობისთვის, დაკეცილი ტანსაცმლის ვაკუუმ-პაკეტში მოთავსებაც შეიძლება. ამბობენ – 20-25 სანტიმეტრს კიდევ მოიგებო ჯამში. არ მიცდია/არ დამჭირვებია.
რჩევა მეშვიდე: სასურველია, ხელჩანთის ზიპერები (ელვა-შესაკრავი) სამგზავრო კლიტით იკეტებოდეს – ვინცობაა, სალონში ვერ აიტანოთ (მაგალითად – ისეთი რამ გედოთ შიგ, რისი ატანაც ავია-სალონში აკრძალულია) და ჩაბარება მოგიწიოთ.
რჩევა მერვე (დამხმარე): თუ ჩასაბარებელ ჩანთას ქურდბაცაცებისგან დამცავ ბადეს შემოავლებთ, მგზავრების ბარგში ხელების მოფათურე და რამე-რუმეების ამომცინცვლელი მტვირთავებისგან უკეთ დაიცავთ.
ერთიც – ჩასანიშნი:
ამერიკული ავიაკომპანიების მიერ დადგენილი ხელბარგის ზომა არის: სანტიმეტრებში 23x36x56 = ინჩებში 9x14x22.
ევროპული ავიაკომპანიების მიერ დადგენილი ხელბარგის ზომა არის: სანტიმეტრებში 25x45x56.
NB! ლოუქოსთერებს, შეიძლება, სხვა სტანდარტები ჰქონდეთ!
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Pack like a pro by Heather Poole
A Step-By-Step Guide To Japanese Tidying Guru’s Space-Saving Folding Method
და ესეც იყოს ბარემ. :))
https://www.youtube.com/watch?v=9JvmAktLvFg
********
P.S.
1. კომენტარები იმიტომ არის გათიშული, რომ ბარგის ჩალაგების წესი, გზა და მეთოდი ყველას თავისი აქვს და ჩანთის ზომა-წონაზე წარმოდგენაც…. და მეზარება კომენტარების კომენტირება. 🙂 ფერშტეინ?
2. პოსტშიც დავწერე, რომ ავია-სალონში ასატანად დაშვებული ხელბარგის ზომა დადგენილი სტანდარტია არა-ბიუჯეტური ავიაკომპანიებისთვის. ლოუქოსთერებმა შეიძლება დამატებითი შეზღუდვები დააწესონ.
3. კონკრეტული ფირმების რჩევა ძნელია. აქსიომაა, რომ Samsonite არის ჰაი-კლასი და ჰაი-ფასი. 🙂 რაღაც ჩინური ნონეიმი არის იაფი და (ალბათ) გამოდგომაზეა.
თუ მაინცდამაინც, რაც გამოცდილია და არც უსაშველოდ ძვირი (ყველაფერი ფარდობითია, ცხადია) Hynes Eagle-ს კარგი რივიუები აქვს და მაქსიმალური მოცულობა ხელბარგის ზომის სტანდარტის დაცვით. კიდევ აქებენ eBags-ს.
მე Cabin Max-ის ზურგჩანთა მაქვს რამდენიმე წელია უკვე და კმაყოფილი ვარ. მჩატეა და ძალიან მოცულობითი. კიდევ New Outlander ვიყიდე. იმიტომ რომ ძალიან დაბალი ფასი ჰქონდა და ძალიან მაღალი შეფასება. თან Cabin Max-ზე უფრო კომპაქტური, მჩატე და იოლად დაკეცვადი ჩანთა მჭირდებოდა და გაამართლა.
4. კიდევ მკითხეს რაღაც, იმაზე ცალკე პოსტს დავწერ მოგვიანებით. 🙂
მადლობა.