სადაც კი ადამიანმა კედელი ნახა – მიდგა და რაღაც მიაჯღაბნა ზედ. ჩანს, ასეთია ადამის ბუნება. ევასიც. 30 ათასი წელია უკვე ეს ამბავი ასე გრძელდება.
დღეს სადაც არის ქალაქი, კედელი, ქუჩა, იქვეა ქუჩის მხატვრობაც, იგივე სთრითარტი. სთრითარტი ურბანული კულტურის ნაწილად იქცა. მის გარეშე ქალაქში ცხოვრება მოსაწყენიც კი იქნებოდა. სთრითარტისტებს შორის ზოგი იმდენად სახელგავარდნილია, რომ ლეონარდოზე, მიქელანჯელოსა და რაფაელზე არანაკლები. და კიდევ იმაზე – მეოთხე კუს რა ერქვა, სულ მავიწყდება. დონატელო, მგონი.
მაგალითად, ინგლისელი რობინ განინგემი, იგივე ბანქსი (Banksy). მისი ნახატები ყველამ იცის. ერთხელ თუ ნახავ მის ნამუშევარს, არასდროს აგერევა სხვაში… განინგემი რომაა, არცთუ დიდი ხნის წინ გაარკვიეს. მანამ სრული ანონიმი იყო – ბანქსი და მორჩა. მისი დიდება, როლი, გავლენა და მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ლონდონის დედოფალ მარიამის უნივერსიტეტმა (Queen Mary University) ბანქსის პიროვნების დასადგენად იგივე ტექნოლოგია დაიხმარა, რასაც ტერორისტების ადგილსამყოფლის დასადგენად იყენებენ. ბანქსის ნამუშევრები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია. 1’000 ფუნტად შეფასებული ქოხმახი, რომლის კედელიც მხატვარმა ტილოდ გამოიყენა, 500’000 ფუნტად გაიყიდა. ყველაზე მაღალი ფასი, რაც ბანქსის ნახატში აუქციონზე გადაუხდიათ 576’000 დოლარია… მიუხედავად ამისა, მისი რამდენიმე გრაფიტი მუნიციპალიტეტების მიერ განადგურებულია – იქ, სადაც ჩინოვნიკები მეტისმეტად ფორმალისტურად (თუ სკურპულოზურად) უდგებიან საქმეს: გრაფიტი ხომ ბევრგან აკრძალულია და კანონი ვანდალიზმად მიიჩნევს.
მაგრამ ბანქსი კარგად იყოს, მე სხვა სთრითარტისტზე დავწერ (ბანქსი ისედაც ყველამ იცის) – ამერიკელ დეივიდ ზინზე (David Zinn), რომლის ნახატებში სოციალური თუ პოლიტიკური პროტესტი ნაკლებია, მაგიერ – იუმორია ჭარბად. ზინის ნამუშევრები, თითქოს, ინტერაქტიულიაო. მხატვარ-ანიმატორს ჰგავს: იღებს უსულო საგნებს ქალაქის ქუჩებში და აცოცხლებს.
საკითხავია… კიარადა საკითხავი არაა, ვინ უფროა ვანდალი – ბანქსის თუ დეივიდ ზინის ტიპის სთრითარტისტები, თუ მუნიციპალიტეტის ის ჩინოვნიკები, ამ ყველაფერს რომ/თუ აშავთეთრებენ.
პოლიტიკურ პროტესტს ზინი არ ეძებს-თქო კი ვთქვი, მაგრამ გარეთ რომ გახვალ და ასეთ ვინმეებს გადაეყრები, იმ დღეს ხასიათიც გამოგიკეთდება და ცოტა გონებაც გაგეხსნება ადამიანს… ქუთაისში მოვიწვევდი მე. ერთი-ორი დღით.
თბილისში კი… პატივცემულო მერია და მორალისტებო, რომელთაც გიორგი გაგოშიძის, იგივე გაგოშას ნამუშევრები არ მოგწონთ, პატრიოტიზმს უწუნებთ, გარყვნილების პროპაგანდასა და ეროვნული ფასეულობების დაცინვაში სდებთ ბრალს… კაით რა… აი, მართლა კაით რა….!
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
დეივიდ ზინის სხვა ნამუშევრები იხილეთ აქ.
ბანქსის ნამუშევრები არის – აქ.
გაგოშას ნამუშევრები კი – აქ.
საყვარელი ნახატებია.
თბილისურ ორმოებში ძაღლები მაინც ჩახატონ 🙂
LikeLiked by 2 people
გაგოშას რომ წაუშალეს ნახატები, ისე დამწყდა გული. განსაკუთრებით ქაშუეთთან, მიწისქვეშაში. ჩემთვის უცნობი მხატვრების ნახატებიც წაშალეს, საბედნიეროდ გადაღებული მაქვს, მაგრამ მერე უფრო მწყდება ხოლმე გული, მარტო ფოტოზე რომ რჩება.
LikeLike
აკეთებს-უნადგურებენ.
თითქოს სილაზე ხატავდეს ზღვის ნაპირას ისეა მაგის საქმე
LikeLike
LikeLike