უცხო რესტორნები საქართველოში, მგონი, 90-იანებში გამოჩნდა. მანამდეც მიაგნებდი რაღაცას – სოცბანაკის “ბუდაპეშტი”, “პრაღა” და “ვარშავა” მოსკოვში თუ იყო, თბილისშიც გვექნებოდა, ალბათ, მაგრამ აქა-იქ და ცოტა-ცოტა. “მოძმე რესპუბლიკების” სამზარეულოსაც ნახავდი, უთუოდ… თუმცა, სომხურ და აზერბაიჯანულ სამზარეულოს მთლად უცხოს ვერ დაარქმევ – იმდენი გვაქვს საერთო და საერთო კიარადა, სადაო და გასაყოფი.
ქაბაბი, ტოლმა და ლავაში ვისია და ვისი უფრო გემრიელი – ვდავობთ, ვდავობთ და ვერც ვერასდროს შევთანხმდებით. მაშინაც და ახლაც ქართველებს ერთი თვისება გვაქვს – რესტორანში ნაცნობ კერძებს ვეძალებით. რა რესტორანიცა და ვინ მზარეულიც არ უნდა იყოს – უცხო კერძებს მაინც ეჭვისთვალით ვუყურებთ… ეგერ, იმ ლეგენდარული 37-მანეთიანი ბილეთების დროსაც, ბევრი რომ კეთილად იხსენებს, ადგებოდა ქართველი, გადაფრინდებოდა მოსკოვში, გაივლიდა-გამოივლიდა და… ისევ რესტორან “არაგვს” მიადგებოდა.
90-იანებში თბილისშიც ნელ-ნელა გახსნეს უცხო რესტორნები. ზოგი – ფრიად ეკზოტიკურიც. პირველი მერცხალი არ მასოვს, მაგრამ, მგონი, ჩინური რესტორანი იყო ესპანური სახელით “პიკასო” და პეკინური იხვით მენიუში. შემდეგ კიდევ ბევრი მიემატა. სხვა ჩინურიც, იაპონურიც, იტალიური, ფრანგული, ინდური, ესპანური, მექსიკური და ნორვეგიული თევზის რესტორანი “ფიორდი”…
ვერ ვიტყვი, ამ რესტორნებში იქაური არაფერი იყო მენიუში-თქო, მაგრამ ბევრი – მართლაც არაფერი… სხვა რა ვთქვა: ჩეხურ რესტორანში, ვაჟა-ფშაველაზე რომ გახსნეს და მფლობელიც ჩეხი ჰყავდა, კნედლიკი არ ჰქონდათ… ვინც პრაღა იცის, ეს რა ამბავია, კი მიხვდება. აი, მიახლოებით იგივე – ქართულ რესტორანში ლავაში არ ჰქონდეთ, ან – ხაჭაპური.
ქართველმა კაცმა სუში როგორ უნდა ჭამოსო, გუბაზ სანიკიძემ თქვა ერთხელ. დიდი დიპლომატიური სკანდალიც კი აგორდა მაშინ. დრო გადის, ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ქართველი გურმანები წესებს არ გადავდივართ. ახალი, უცხო კერძი არ გვიყვარს და ეჭვით ვუცქერთ. ნორვეგიულია რესტორანი, ჩინური თუ ჩეხური – მენიუში ხაჭაპურს, საცივსა და ხინკალს ვეძებთ.
ხინკალს რას ვერჩი… ვერჩი კიარადა, ყოვლად უგემრიელესი რამაა და ქართული სამზარეულო – საოცრება, მაგრამ სადაც ჩახვალ იქაური ქუდი დაიხურეო, წინაპრებს უთქვამთ და რომელ რესტორანშიც შეხვალ, იქაური მენიუ გადაშალეო. თუარადა – წადი ფასანაურში.
ატრაკებ ახლაო! – მეტყვით. კი… მაგრამ სულ ცოტათი. ასე რომ არ იყოს, რესტორანი “გრუზბეკი” “მეფეთუბნად” არ გადაკეთდებოდა… უზბეკური კერძები კვლავ რჩება მენიუშიო? რჩება, მაგრამ კი ხვდებით, რას ვგულისხმობ… ან ამ “დანქინ დონათსში” ხაჭაპურების ცხობა სადაური წესია?
ბაზარი რომ ითხოვს და იმიტომ ხდება ასე – ვიცი. ბაზარი რატომ ვითხოვთ-თქო, ამას ვამბობ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
დაწერე-დაწერეო, თუ ობიექტური ბლოგერი ხარო, ჰოდა – ვწერ. კვირას მეგობართან ერთად ვიყავი “კალაში” და ესპრესო მოგვართვეს ისეთი, როგორც მეორე ფოტოზეა (ესპრესოს მესამე პოსტში).
ეს – ობიექტურად.
სუბიექტურად კი, ესპრესოს მიუხედავად, “კალა” რჩება საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად თბილისში. უგემრიელესი სამზარეულოთი, საუკეთესო მომსახურებით, მუსიკითა და კატებით!
***
მე არ მიყვარს დიდად “კალა”, ცოცხალი ჯაზის მოსმენა 10 წუთზე მეტ ხანს ნამდვილი სასჯელია ჩემთვის, არათუ მთელი საღამო. მაგდენი ხანი გულიკო კი არა ელჯეროც არ მინდა, წაიღეთ.
მგონი ისევ უკრავენ მანდ ჯაზს ხომ?
გარდა ამისა ძალიან მოუხერხებელი დასაჯდომები აქვთ, გაგიხმება ადამიანს ერთი ადგილი.
ამიტომაც სადმე წასვლა რომ მინდა არც მახსენდება ხოლმე “კალა”. საჭმელები კი მართლა გემრიელი აქვთ, რაც გამისინჯავს, ვერაფერს დავიწუნებ.
“გრუზბეკში” 100% გეთანხმები. მენიუ ცოტა რომ გაეიაფებინათ და ცოტა მეტიც პიარში დაეხარჯათ, დაქოქავდნენ და აღარ დასჭირდებოდათ “მეფეთუბნობა”.
ჩემს ერთ დიდ გულისტკივილს დავწერ ბარემ აქვე, თან ძალიან თემატურია.
ერთი ნორმალური თევზის რესტორანი არ უნდა გვქონდეს თბილისში? 😦
მე პირადად თევზს და ზოგიერთ ზღვისპროდუქტს მივირთმევ მხოლოდ მაშინ,როცა არის ძალიან ახალი და გაუყინავი, სხვა შემთხვევაში ვერც ვეკარები. ჰოდა გამოდის, რომ ვარ ასე უთევზოდ დარჩენილი.
LikeLike
მე თევზის ტორტი მაქვს ნაჭამი ფინეთში 🙂
ფიორდი იყო, მაგრამ დახურეს 🙂 კიდევ სანაპიროზე იყო არაჩვეულებრივი თევზის რესტორანი, აღარაა.
თევზი კიარა ამხელა ზღვა გვაქვს ქართველებს და ზღვაოსანი არ გვყოლია არასდროს 🙂
LikeLike
კალაში კიდევ ცოტა ადრე მიდი და არ იქნება გულიკო :)))
ისე, როცა უსოლისტო ლაივია ეგ უფრო მიყვარს მე. უფრო წყნარი და კარგი მუსიკაა.
LikeLike
სუში საკმაოდ პოპულარულია და ჩინური მენიუც უცებ აითვისეს ქართველებმა.
თუ ძალიან ეკზოტიკური კერძი არ არის, ყველაფერს გეახლებით. 😉
LikeLike
ტნდენციას ვამბობ მე და საშუალოსტატისტიკური კლიენტის ამბავში, თორემ თქვენ, ბომონდი და ელიტა რომ მიირთმევთ სუშის ეჭვიც არ მეპარება 🙂
ისე, ეგ სუში მართლა ყოვლად უგემური რამაა 🙂 ამ შემთხვევაში ბატონი გუბაზის მხარეს ვარ.
LikeLike
ეგზოტიკას რაც ეხება… აი კალია და ტარაკანი ნამეტანი საძაგლობაა და ძაღლის ჭამა კიდევ – უსამართლობა, მაგრამ სხვა ეგზოტიკა, თუკი მაგ ტიპის რესტორანში შეხვედი და საფირმოა რატომაც არა?
მე თუ რამ დაცურავს, დაღოღავს და დახტის და ყიყინებს ყველა სულიერი გამისინჯავს 🙂 ზოგი გემრიელი იყო ზოგიც ვერა.
და ადრეც დამიწერია, ღორზე უბინძურესი ცხოვლი არაა, თან როცა ნახავ რითი კვებავენ სარესტორნოდ :)))
LikeLike
უილიამ დანბარის სტატია თუ გახსოვს ქართული სამზარეულოზე?
http://www.kvirispalitra.ge/ras-weren-chvenze/20249-ratom-aghar-shevtcam-khinkals-agharasodes-qarthuli-kerdzebis-savalalo-mdgomareoba.html
ისიც გემოვნების კონსერატიზმზე წერდა და ღარიბ არჩეავნზე.
შენ პოსტსთან კავშირშია 🙂
LikeLike
მახსოვს და რაც აგინეს მაგ საწყალს ეგეც 🙂
აუ, ახლა ეგ ძაან შორს წაგვიყვანს.
ერთს კი დავწერ და ჩემზე კომპეტენტური ადამიანებისგან ვიცი – მოვახერხეთ ქართველებმა და უმდიდრესი ყველის კულტურა მოვსპეთ ლამის. 200 თუ 300 (მეტსაც ამბობენ) სახეობის ქართული ყველი დავიყვანეთ სამზე: მეგრული სულგუნი, იმერული ჭყინტი და თუშური გუნდა. 🙂 კარგია რომ ანა მიქაძე და სხვები ახლა ცდილობენ ყველის მრავალფეროვნების დაბრუნებას ქართულ სუფრაზე.
LikeLike
ახლა კატინკა დაგვრჩა დასაგემოვნებელი 🙂
LikeLiked by 1 person
ქართული სამზარეულო უგემრიელესია, მაგრამ – მსუყე 😦
მე ბერძნული სალათი მიყვარს 🙂
LikeLike
აზრად რატომ უნდა მოგივიდეს დანქინ დონატში ხაჭაპურის საჭმელად შეხვიდე? :)))
LikeLike
იმიტომ, რატომაც ფრანგულ რესტორანში დადიან შქმერულის საჭმელად 😉
LikeLike