ჩემი ბათუმი

გესთ-პოსტი by Molly Bloom’s Day

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

სულ მგონია, რომ ამ ქალაქთან ვალში ვარ.

სულ მინდა, ვილაპარაკო და ვწერო და ვწერო ყველგან, სადაც ვწერ. რამე განსაკუთრებული, რამე ისეთი, ღირსეული, ორი წლის მერეც რომ გადახედავ და კმაყოფილი დარჩები, კარგი გამოსულაო.

სათქმელი მაქვს იმდენი, ერთ წიგნს აიწონის.

მომაწვება ეს სათქმელი და მონატრება ყელში, გამეჩხირება ბურთივით, დავჯდები საწერად და ჩვეულებრივი ამბავი გამოდის. ჩვეულებრივი ამბები არაჩვეულებრივ ქალაქზე.

ბათუმი პატარაა. თბილისურ მანძილებს შეჩვეულთათთვის – მითუმეტეს. ახვალ ავტობუსში, აიღებ ბილეთს, მიიხედავ, მოიხედავ და უკვე შენი გაჩერებაა. აბაშიძის დასაწყისში რომ ჩაფიქრდები, თავს აწევ და უკვე პიონერთა პარკთან ხარ. ისე გაივლი მთავარ ქუჩას, ვერც შეამჩნევ. ოღონდ ბათუმელ მეგობართან ერთად თუ გამოხვედი სასეირნოდ, შეიძლება, ათი წუთის გზისთვის ორი საათი დაგჭირდეს. ასჯერ გააჩერებენ, მიესალმებიან, მოიკითხავენ, შენც მოგიკითხავენ, მერე რა, რომ არ გიცნობენ. აქ სტუმარიც ღვთისაა და სალამიც.

ბათუმში დილა მეზობლის კაკუნით იწყება, კოფეს ხომ დალევო. კოფე ცალკე ამბავია. რიტუალი. მიხვალ სტუმრად, ჩამოჯდები, მოხალვათდები, მასპინძელი ამბებს გეკითხება, თან ხელის წისქვილს ატრიალებს. ძველისძველი ხელის წისქვილი მაქვს შინ, ხელნაკეთი. ჩემზე ექვსი წლით უფროსი. დედას აჩუქეს. ბათუმიდან წამოვიღე და, იმ წისქვილის წყალობით, ახალჩამოფქვილ ყავას თბილისშიც ბათუმის გემო დაჰკრავს.

ბათუმში ზღვაა და ამ ზღვის გამო ვიღაცებს ბათუმი აგვისტოში ახსენდებათ, შვებულების დროს, არადა, ალალად გეტყვით (ოღონდ არ გამამხილოთ) ბათუმი გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ზამთარში ბევრად უკეთესია.

ბათუმში ხშირად წვიმს და ვიღაცები ბრაზდებიან, კარგად ვერ ვისვენებთო. რას ამბობთ. ბათუმური წვიმა ბედნიერებაა. ცამოწმენდილზე იცის მოპარვა. უცებ დაგატყდება თავს შუა ბულვარში. ისღა დაგრჩენია, უახლოეს კაფეს შეეფარო (მე შენ გეტყვი, შორია და ვერ მიასწრებ), ზიხარ მერე გემრიელად, პლედში გახვეული, ვეებერთელა ფინჯანით ცხელ შოკოლადს სვამ და საგანგებოდ შენთვის შებრაწულ კიევურს ელოდები, გარეთ ისევ წვიმს, უსმენ შხაპუნს და ბედნიერი ხარ. უღრუბლოდ ბედნიერი, მერე რა, რომ გარეთ ცა მოქუფრულა და სახლამდე მისასვლელად ორიოდე გუბეში მაინც მოგიწევს გატყაპუნება.

Batumi. Photo by Ana Gvarishvili

ანა გვარიშვილის ფოტო

ბათუმში ბულვარია. ჩემი ბავშვობის ბულვარში ბევრი ატრაქციონი იყო, პატარა აუზი, ბამბუკის ტევრი. ტყუპ სანაყინეებში, თუნუქის ფიალებით ასაწონ ნაყინს გეახლებოდით და მომღერალ შადრევნებთან ბადმინტონს ვთამაშობდით წვიმაში. ახლა ვზივარ ხოლმე, შუა ხეივანში და ვკითხულობ. გარშემო ნეტარი სიჩუმეა. ვიღაცები დაფუსფუსებენ, ვიღაცები დასეირნობენ. ან ვარჯიშობენ. დარბიან. გორგოლაჭები, ველოსიპედები, რამე. ბათუმი უაღრესად სპორტული ქალაქია. ბულვარი რომ მქონდეს აქ, მეც ვირბენდი. ყოველდღე. დღეში ორჯერ.

ბათუმში “ვინილი”, “Cafe Rennes”, “რეტრო” და “პრივეტია”. ეგებ თბილისში უკეთესი კაფეებიც მოიძებნოს, მაგრამ უფრო მყუდროს პოვნა ნამდვილად გაჭირდება. გადაჭედილ პრივეტშიც სხვანაირი სიმშვიდე და შინაურობაა. არათბილისური. და სხვანაირი ხალხი. ერთხელ, შუა აბაშიძეზე, ახალგაზრდა ბიჭმა გაგვაჩერა, მერე ვიცანით, პრივეტიდან ყოფილა, დღეს ჩვენი კიევური თუ მიირთვით და თუ მოგეწონათო.

ჩემი ბავშვობის ბათუმში ცხრა კინო იყო. ახლა ერთია. აბაშიძეზე. “აპოლო”, ოდესღაც “ინტერნაციონალად” წოდებული. ბათუმში რომ ჩავდივარ, “აპოლოში” მივდივარ. სულერთია, რა გადის. ან რა მნიშვნელობა აქვს. რიტუალია. ბავშვობას ვიხსენებ.

ბათუმში “წიგნები ბათუმშია”, ყველაზე თბილი და შინაურული მაღაზია და გამომცემლობა ყველაზე მაგარი წიგნებით. სადაც არ უნდა დასეირნობდე, ერთხელ მაინც მოხვდები აბაშიძის სამოცში და გამორიცხულია, სულმა არ გძლიოს და არ შეიხედო და იქედან ხელცარიელი, უბრალოდ, ვერ გამოხვალ. გამორიცხულია.

ერთმა ძალიან კარგმა ბლოგერმა მითხრა, “დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა” არც პარიზზეა და არც ფულზე, ბათუმზეაო. სრული სიმართლეა.

ჩემი ნება რომ იყოს, ხვალვე დავკრავდი ფეხს, სადმე, ბულვართან ახლოს დავსახლდებოდი, დუმბაძეზე ან ნინოშვილზე და თბილისში თვეში ერთხელ თუ ჩამოვიდოდი.

იმიტომ, რომ ბათუმი ჩემი ქალაქია და ყოფილი ბათუმელი, მგონი, არც არსებობს.

Creative Commons License © Molly Bloom’s Day for Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

______

P.S.

გამოიცანი მელოდიაო – თამაში იყო ასეთი, თუ გახსოვთ. დღეს მსტუმრობს  ბლოგერი, რომლის კალმწერის ამოცნობა, ალბათ, სამ აბზაცში შეიძლება. ბლოგერი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ გესთ-პოსტით ქალაქზე, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ.

ყველას ჩვენი ბათუმი გვყავს. ასეთია ეს ქალაქი. ბათუმთან მეც ჩემი მოგონებები მაკავშირებს. ერთხელ იქნება და დავწერ, მანამ კი ვმასპინძლობ ნაღებიანი ყავის არომატის ბლოგის ავტორს, რომლისთვისაც ეს ქალაქი მშობლიურია.

აქვე, ვსარგებლობ იმ ამბით, რომ ბათუმი და ყავის კულტურა განუყოფელია და წინა პოსტის ვიდეოს პასუხსაც დავწერ – F.

გემრიელ დღეს გისურვებთ!

P.P.S.
და კიდევ ერთი – ამ პოსტში ნახსენებმა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” საქართველო სირცხვილს გადაარჩინა. იმიტომ რომ ერს, რომელსაც წიგნიერებასა და კულტურულობაზე აქვს პრეტენზია, ფილიფ დიქი არ ჰქონდეს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი, არც ვიცი, რა ჰქვია. 🙂 ჰოდა მათი წყალობით გვაქვს. და ახლახანს უკვე “უბიქი”-ც გამოუციათ.

Advertisements

17 thoughts on “ჩემი ბათუმი

  1. მოლიი ❤
    როგორ გამიხარდა! და როგორ მომენატრე ❤
    და კიდევ – გუნებაში უკვე წარმოვიდგინე ერთი უიქენდი, რომელსაც მეუღლესთან და უფროს ვაჟთან ერთად გავატარებ ამ გაზაფხულზე მოლის ბათუმში ^_^

    Like

  2. მეც როგორ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი… ❤
    და სრულიად ვეთანხმები ავტორს იმაში, რომ ბათუმი გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში უფრო მიმზიდველია. შემოდგომა-ზამთარში ისეთი მისტიკა და დრამა მოაქვს,ამ ჟანრის ყველა ფილმი და წიგნი გახსენდება, რაც კი გინახავს და წაგიკითხავს და ყველა პერსონაჟი ერთად ხარ, მერე სადღაც იკარგები რეალობასა და გამოგონილს შორის.
    ერთი სიამოვნებაა ბათუმში ბოდიალი. სულ ვწუხვარ, რომ იშვითად მიწევს ხოლმე ჩასვლა 😦
    ძალიან კარგი პოსტია, ოღონდ, უნდა ვაღიარო, არ მეყო.

    Liked by 1 person

  3. მეც იმათ ვეკუთვნი, ზაფხულის შვებულების დროს, რომ ჩავდივარ ხოლმე ბათუმში, მაგრამ დანარჩენ დროსაც მახსოვს. 🙂

    Like

    • იმ პოსტზე იმ ვიდეოს კომენტარებს ისევ არ ვაქვეყნებ 🙂 ლოგიკურია რატომაც – ისეთიც კითხულობს, ვისაც სხვა პოსტი არ უნახავს და პასუხის გამოცნობა უნდა. 🙂 ფერშტეინ?

      Like

  4. შენს ბლოგზე შენი თუ სხვისი პოსტი ყველა ერთმანეთზე უკეთესია 🙂

    ზღვისპირა ქალაქებს გამორჩეული ხიბლი აქვთ ხოლმე. ჯერ სანამ ჩახვალ, ზღვა რომ გამოჩნდება გზიდან. ❤

    Liked by 2 people

  5. მოლი ❤ ❤ რა კარგი ყოფილა ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ მოლის პოსტის წაკითხვა ❤ იმედია ამ კომენტარს წაიკითხავ მოლი, ძალიან მიყვარხარ და მომენატრე, მეც და თამისაც 🙂 ❤
    მეგი.

    Liked by 2 people

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s