ლიზა ფონსაგრივზ (Lisa Fonssagrives) – მოდის ბევრი ისტორიკოსის აზრით პირველია, ვისაც სუპერმოდელი შეგვიძლია ვუწოდოთ. წარმოშობით შვედია და მისი ნამდვილი სახელი და გვარია ლიზა ბირგიტა ბერნსტონ (Lisa Birgitta Bernstone). კარიერა 30-იანების ბოლოს დაიწყო, როდესაც პარიზში ბალეტის სასწავლად ჩასული ფოტოგრაფ ბილი მეივალდს გადაეყარა ლიფტში. 40-იანებში აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და კარიერაც იქ განაგრძო. პოზირებდა ისეთი ფოტოგრაფებისთვის, როგორებიც იყვნენ მენ რეი და უილიამ ქლეინი. ასევე ფერნან ფონსაგრივზი (ლიზას პირველი მეუღლე) და ირვინ ფენი (მეორე მეუღლე). მოდელის კარიერის დასრულების შემდეგ ასწავლიდა ცეკვას და მომხატვრ-მოქანდაკეობდა.
დოვიმა (Dovima/Dorothy Virginia Margaret Juba/Dorothy Horan) – ამერიკელი მოდელი, ვისი აღმასვლაც ლიზა ფონსაგრივზის მეუღლის, ირვინ ფენის მიერ ჟურნალ “ვოუგისთვის” გადაღებული ფოტოსესიით დაიწყო. მოგვიანებით მუშაობდა გენიოს რიჩარდ ავედონთან. 50-იანების მოდის ერთ-ერთი სიმბოლოა. მის ფოტოებს რომ უყურებ, ძნელად თუ წარმოიდგენ, რომ ეს ქალი ქრონიკული რევმატიზმით იყო დაავადებული და ბავშვობის რამდენიმე წელი, პრაქტიკულად, საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა. მოდელობის გარდა წარმატებული კინოკარიერაც ჰქონდა.
ვილემინა (Wilhelmina Behmenburg / Wilhelmina Cooper) 50-იანებისა და 60-იანების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰოლანდიელი მოდელია, მოღვაწეობდა აშშ-ში. ვილემინას ეკუთვნის დღემდე დაუძლეველი რეკორდი – 27 ქავერ-ფოტო Vogue-ში. სულ კი მისი ფოტო 255 ჟურნალის გარეკანს ამშვენებს. ის 180 სმ სიმაღლის იყო, სხეულის პარამეტრები კი – 96x60x91. ასე ამბობდა: ერთ-ერთი იშვიათი მოდელი ვარ, მართლაც ქალის აღნაგობა რომ აქვსო. ვერ შეედავები. კვირაში 1’000 დოლარიანი ჰონორარით ვილემინა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია (ცხადია, ინფლაციის გათვალისწინებით). სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა, 40 წლისა გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი.
აბა თვიგიზე (Twiggy) რა ვთქვა, გარდა იმისა, რაც სხვა პოსტებში უკვე დავწერე მასზე და გარდა იმისა, რომ ცალკე, პერსონალურ პოსტს იმსახურებს, რა თქმა უნდა. 60-იანების კერპი, ხატი და ლეგენდა, “1966 წლის სახე” და “1967 წლის ქალი ბრიტანეთში” გამხდარი, თითქოს, ჯერ ფორმირებადაუსრულებელი სხეულით, თვიგი ყველა დროის ყველაზე ცნობილი მოდელია.
ვერუშკა (Vera von Lehndorff) – გერმანელი არისტოკრატისა და ვერმახტის ოფიცრის, ჰიტლერზე 20 ივლისის თავდასხმის მონაწილის, ჰაინრიხ ფონ ლენდორფის შვილია. შეიძლება ითქვას, რომ ვერუშკა 60-იანების მოდის ინდუსტრიასა და ყველა სხვა მოდელს ზემოდან დაჰყურებს – მისი სიმაღლე 190 სმ-ია. იყო ივ სენ ლორანის ერთ-ერთი მუზა. პოზირებდა სალვადორ დალისთვის. მონაწილეობს მიქელანჯელო ანტონიონის ფილმში “Blow Up”… მეტი რა ქნას ამ ერთმა ქალმა?… ჰო და 71 წლის ასაკში კვლავ პოდიუმზე დაბრუნდა, როგორც ლონდონის მოდის კვირეულის საგანგებო სტუმარი – Ungaro-ს სახლის კოლექციის ჩვენების დროს. ვერუშკას კარიერის მანძილზე 800-ზე მეტი ქავერი აქვს, მისი ჰონორარი კი 10’000 დოლარით განისაზღვრებოდა. ამ პოსტის მკითხველთაგან ბევრმა, უთუოდ, თვალი მოჰკრა ვერუშკას ბონდიანის ფილმში “კაზინო როიალ”, არ კი ვიცი, იცნო კი. ასაკშიც ძალიან ელეგანტურია, ახალგაზრდა თუ როგორი ლამაზი იყო, კი ხედავთ.
ინგლისელი ჯინ შრიმფთონი (Jean Rosemary Shrimpton) – 60-იანების კიდევ ერთი სახეა, სვინგის ეპოქის სიმბოლო. მოდის ბევრი მკვლევარი სუპერმოდელების ეპოქას 60-იანებიდან ითვლის და მიიჩნევს, რომ პირველი სუპერმოდელი სწორედ შრიმფთონია. მას სამოდელო აკადემიაც დამთავრებული აქვს, ასე რომ დიპლომირებული მოდელია. “60-იანების ყველაზე ცნობადი ქალი”, “ეპოქის სიმბოლო”, “ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი”… რა ეპითეტებით არ ამკობდნენ ჯინ შრიმფთონს. ხშირად ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელსაც უწოდებენ (ინფლაციის გათვალისწინებით). მამაკაცები ჯინ შრიმფთონთან ვალში ვართ – სწორედ ის იყო მოკლე კაბის დაუღალავი პოპულარიზატორი და პროპაგანდისტი (იმ ამბავზე, თუ რა ფურორი მოახდინა შრიმფთონის მინიკაბამ 1965 წლის მელბურნის დოღის დროს – უკვე ვწერდი. ვიღას ახსოვდა ან ცხენები ან დედოფლის თასი – ყველა, გულშემატკივრებით დაწყებული და მოჯირითეებით დამთავრებული შრიმფთონს მისჩერებოდა)… და მოდამ მოკლე კაბებზე მსოფლიო დაიპყრო. მოდელობის გარდა შრიმფთონი მონაწილეობდა ფილმებში და სასტუმროების ბიზნესშიც სცადა ბედი. ყველგან წარმატება ჰქონდა.
როდესაც ამერიკელი ლოურენ ჰათონი (Mary Laurence/Lauren Hutton) სამოდელო კარიერას იწყებდა, მას ურჩევდნენ კბილები გაესწორებინა, მაგრამ ლოურენი არ დათანხმდა და მართალიც იყო – მეჩხერი კბილები, ბევრის აზრით, მას მომხიბლაობასა და გამორჩეულობას სძენდა. ჰათონს 20 ფოტო აქვს Vogue-ის ყდაზე და, თუკი ერთი ათწლეულის განმავლობაში გამომუშავებულ ჰონორარს დავთვლით, ბევრი ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელადაც მიიჩნევს… თუმცა, აგერ ამ პოსტიდანაც ჩანს, რომ ეს “ყველაზე მაღალანაზღაურებადი” მოდის ინდუსტრიაში (და მის გარეთაც) ვერ არის მთლად იოლად დასათვლელი ამბავი და სიზუსტეზე თავს ვერვინ დებს. არც ერთი გრამი ზედმეტი – ეს ლოურენ ჰათონზეა ნათქვამი. დღესაც შეუძლია იმ სამოსის ტარება, რაც 30 წლის წინ ეცვა. მოდელმა 50 წლის იუბილეც პოდიუმზე აღნიშნა – Calvin Klein-ის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. დღეს ბიზნეს-ვუმენია – საკუთარ კოსმეტიკურ ხაზს აწარმოებს.
70-იანების პოპ-კულტურის სახე, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მკერდის პატრონი, Sports Illustrated-ის ლეგენდარული ქავერ-გოგონა, ამერიკელი სუპერმოდელი შერილ თიგსი (Cheryl Rae Tiegs). მის სახელი და ფოტოები ამშვენებს Sports Illustrated Swimsuit Issue’s-ს დიდების დარბაზს, Men’s Health Magazine-ის ყველა დროის 100 ყველაზე მიმზიდველი ქალისა და People-ის 50 ყველაზე ლამაზი ადამიანის სიებს. ახლა TIME-ის სამ ქავერს, Elle-ის, Vogue-ის, Harper’s Bazaar-ისა და ბევრ სხვა ბალიათიშაურ ქავერს აღარ ჩამოვთვლი. ისეკი, რა დაგიმალოთ, ამ ქალის ასეთი პოპულარობა და ეპოქალურობა, პირადად ჩემთვის ვარსკვლავებით მოოჭვილ ცაზე და მორალურ კანონზე უფრო გასაოცარი ფენომენია.
დეივიდ ბოუი რომელი იყო? ააა… იმანის ქმარიო? ასე იტყვიან უბანში. სომალელი იმანი (Iman) პირველი შავკანიანი სუპერმოდელია. მკვეთრი ინდივიდუალობით გამოირჩევა, ისევე როგორც ინტელექტითა და სიტყვა-პასუხით. 5 ენას ფლობს. მის თაყვანისმცემელთა შორის არიან ფოტოგრაფები – რიჩარდ ავედონი, ჰელმუთ ნიუთონი, ენი ლეიბოვიცი და დიზაინერები – სენ-ლორანი, ვერსაჩე, ქელვინ ქლაინი და დონა ქარანი. მონაწილეობს ფილმებში, ვიდეო-თამაშების გმირია, ფილანტროპი, ბიზნეს-ვუმენი და ვინ მოთვლის კიდევ რა. უდავოდ და ეჭვგარეშედ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქალია. ალბათ, ბევრს გახსოვთ იმანი მაიქლ ჯექსონის კლიპში “Remember the Time”.
პავლინა პორისკოვა (Paulina Porizkova) – ჩეხი მოდელი და პირველი ქალი აღმოსავლეთ ევროპიდან, ვინც Sports Illustrated swimsuit issue-ის გარეკანზე მოხვდა. 3 წლის პავლინა ჩეხეთში ჩარჩა, როდესაც მისმა მშობლებმა რუსების ტანკებს გაასწრეს 68-ში (მამამისი წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო). მოგვიანებით მშობლებმა მისი გამოპარება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ – ამ დროს დედამისიც პოლიციამ დააპატიმრა. ბოლოს ტყვეობის ეპოპეაც დასრულდა და პორისკოვას შვედეთში გამგზავრების ნება დართეს. მისი სამოდელო კარიერა 80-იანებში დაიწყო. Sports Illustrated –ის გარდა პოზირებდა Vogue, Elle, Harper’s Bazaar, Playboy-სთვის. ისიც People-ის 50 ყველაზე ლამაზი ადამიანის სიაშია. პორისკოვას ფოტო ამშვენებს Cosmopolitan-ის 20 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ნომრის გარეკანს. ისევე როგორც Vogue-ის მილენიუმის გამოცემის გარეკანსაც. 1988 წელს კოსმეტიკურ ფირმა Estée Lauder-თან ხელმოწერილი 6 მილიონიანი კონტრაქტი სარეკორდოა იმ დროისთვის. გარდა იმისა, რომ მოდელი და მსახიობია, ახლა წიგნებსაც წერს. ამბობენ, არცთუ ურიგოს. ბავშვებისთვის.
ლეგენდა, სახელად ლინდა (Linda Evangelista) ჩემი პირადი გემოვნებითა და კლასიფიკაციით ყველა დროის ულამაზესი ქალია. მასზე ცალკე პოსტი მაქვს (ლეგენდა, სახელად ლინდა), აქ აღარაფერს დავწერ.
და ლეგენდა, სახელად სინდი (Cindy Crawford). 80-90-იანების (შესაძლოა) ყველაზე პოპულარული მოდელი, მესამე ნომრად დასახელებული VH1-ის 40 ულამაზეს 90-იანელს შორის, ერთ-ერთი ე.წ. მოდელთა სუპერლიგიდან – “დიდი ექვსეულიდან”. მაღალი, ლამაზი, სპორტული აღნაგობის. აერობიკის საკუთარ ტელე-გაკვეთილებსაც უძღვებოდა (ჩვენთანაც აჩვენებდნენ). Men’s Health Magazine-ის ყველა დროის 100 ყველაზე მიმზიდველ ქალს შორისაა, ისევე როგორც Maxim-ის ცხელ 100-ეულში. Playboy-ს ვერსიით მე-5-ეა მე-20 საუკუნის ყველაზე სექსუალურ ქალთა შორის (მერილინ მონრო, ჯეინ მეინსფილდი, რაქელ უელჩი, ბრიჟიტ ბარდო და სინდი… მე-6-ზე სოფია ლორენია). სინდის აქვს ლეგენდარული ფოტო-სესიები ჟურნალებისთვის Vogue, ELLE, Playboy, Cosmopolitan, Vogue, Harper’s Bazaar. რამდენი ქავერი აქვს, ვინ დათვლის (ამბობენ – 600-იო). 1995 წელს Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად გამოაცხადა.
და ლეგენდა სახელად კრისტი… ყიფშიძე? – მკითხავთ თქვენ. არა. ყიფშიძე არა. სხვა. ქრისთი თარლინგთონი (Christy Turlington), ამერიკელი მოდელი. კიდევ ერთი შესანიშნავი ექვსეულიდან. ლაგერფელდმა ასე თქვა მასზე: როდესაც ქრისთი შემოდის, ოთახი ნათდება-ო. მართლაც ძალიან ნათელი სახე აქვს, დიდი თვალები და ბავშვური, მიამიტი გამოხედვა. პოზირებდა ისეთი ფოტოგრაფებისთვის, როგორებიცაა ჰერბ რიცი, პეტერ ლინდბერგი. უთვალავი მოდის სახლის ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა და 500-მდე ქავერ-ფოტოსესია აქვს. ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია და PETA-ს აქციებში მონაწილეობს ხშირად.
და ლეგენდა, სახელად ნაომი (Naomi Campbell). ერთხელ ამ ბლოგზე წამომცდა, რომ იმ ეპოქის შავკანიანი მოდელებიდან თაირა ბენქსი უფრო მომწონს-მეთქი, რისთვისაც მწარე სიტყვები დავიმსახურე. თუმცა, სწორედ ნაომია ამ პოსტის ინსპირაცია, ახლა რომ კითხულობთ, ის და მისი შარშანდელი ფოტო-სესია თურქული Vogue-სთვის…
ნაომი, ქრისთი და ლინდა მეგობრობდნენ და ხშირად მონაწილეობდნენ ერთად ჩვენებებსა თუ სესიებში მათი ტრიო, მეტსახელად ტრინიტი, შიშის ზარს სცემდა დიზაინერებს. არ ვაჭარბებ – ნაომის ჭირვეული ხასიათი მოგონილი არაა (როცა წარსული რჩება ზმანებად), ბევრი მასთან მუშაობას თავს არიდებდა, მაგრამ სხვა ორი ამბობდა – ნაომი თუ არ იქნება, არც ჩვენ ვიქნებითო. ასე უთქვამთ, მაგალითად, დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანასთვის. ნაომი ინგლისელია და პირველი შავკანიანი მოდელი, ვინც ფრანგული Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა. აქაც ყოფილა პატარა შანტაჟი – ივ სენ-ლორანი უარს ამბობდა ჟურნალთან თანამშრომლობაზე, თუ ნაომის ფოტო გარეკანზე არ იქნებოდა. აი ასე, მართლაც არაჩვეულებრივი გარეგნობის წყალობითა და მეგობრების დახმარებით ნაომის სათვალავში უამრავი ჩვენება, ფოტო-სესია, ფილმი, სარეკლამო თუ მუსიკალური კლიპი მოგროვდა. ძალიან ლამაზია ჯექსონის კლიპში In the Closet. თავადაც აქვს გამოცემული ერთი აუდიო-ალბომი. გამორჩეული ფოტო-სესიები აქვს ენი ლეიბოვიცთან და სთივენ მეიზელთან. საუკუნის მიწურულს ყველას დაუმტკიცა რომ ისევ ის ნაომია ფოტოსესით ჟურნალისთვის Playboy.
ნადია აუერმანი (Nadja Auermann) გერმანელი მოდელი, რომელიც ვალენტინომ მარლენ დიტრიხს შეადარა. ნადიას აქვს ულამაზესი და ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ფეხები მსოფლიოში (გინესის რეკორდების წიგნშიც კია შეტანილი). ცივმა, სუსხიანმა გამოხედვამ და მშვენიერი სხეულის პარამეტრებმა ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფოტო-მოდელად აქცია. მისი უმდიდრესი პორტფოლიო ისეთი ფოტოგრაფების ნამუშევრებისგან შესდგება, როგორებიც არიან: მეიზელი, რიცი, ავედონი, ტესტინო, ნიუთონი, ქლეინი, ლინდბერგი, ტელერი… და ეს კიდევ არ არის სრული სია.
ელ მაქფერსონი (Elle Macpherson) ერთადერთია, ვინც Sports Illustrated-მა მისი Swimsuit Issue-ს გარეკანისთვის ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ გამოარჩია. ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ლამაზი ავსტრალიელი მოდელი. უნაკლო სხეულის გამო მას მეტსახელად… “სხეული” (The Body) შეარქვეს. აქვს არაჩვეულებრივი ფოტოსესია ჟურნალ Playboy-სთვის, მარქ ჯექობსის თხოვნით 45 წლის მაქფერსონი პოდიუმს დაუბრუნდა Louis Vuitton-ის კოლექციის წარსადგენად. ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდება თავის გარეგნობას და კვლავ ინარჩუნებს არაჩვეულებრივ ფორმებსა და სხეულს.
დაბოლოს, თაირა ბენქსი (Tyra Lynne Banks) შავკანიანი მოდელი ზურმუხტისფერი თვალებით, თვალის ლამაზი ჭრილით და უნაკლო მკერდით. ის იყო პირველი შავკანიანი ამერიკელი მოდელი, ვინც Sports Illustrated Swimsuit Issue-სა და GQ-ს გარეკანი დაამშვენა. რამდენიმე მოდის სახლთან თანამშრომლობდა, მაგრამ ყველაზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი Victoria’s Secret-თან თანამშრომლობა იყო, რაც 7 წელი გრძელდებოდა.
თაირა ბენქსის აქტიური სამოდელო კარიერა იმაზე ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდრე შეიძლებოდა. ბენქსმა მედია-ბიზნესში გადაინაცვლა, სადაც კვლავ მოდის ირგვლივ ტრიალებს – მისი სტუდია ამზადებს შოუს America’s Next Top Model. ჟურნალმა Time-მა რამდენჯერმე დაასახელა ყველაზე გავლენიანი ამერიკელების სიაში. ერთი წიგნი-ბესთსელერიც აქვს დაწერილი.
რა თქმა უნდა ამ პოსტში ბევრი მოდელი ვერ მოხვდა, მათ შორის “ეპოქალური” მოდელებიც. მაგალითად, დორიან ლი (Dorian Leigh) და ჯენის დიქერსონი (Janice Doreen Dickinson) ან ჯია კარანაჯი (Gia Carangi), ვინც ფილმებში ანჯელინა ჯოლისა და სინდი ქროუფორდს ჰყავთ განსახიერებული. კიდევ ტატიანა (Tatjana Patitz), კლაუდია (Claudia Schiffer) და სთეფანი (Stephanie Seymour)…
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ოჰოჰოო, არაჩვეულებრივი გამოფენა უნდა ერქვას ამ პოსტს.
ძველებიდან ვერა ყველას სჯობს.
მერე სინდი, ნაომი, კრისტი, რაღაცნაირების არიან, სრულყოფილები. ბევრს ვფიქრობდი, რით ვიწუნებ დღევანდელ მოდელებს და ბოლო მივხვდი, რომ თეძოებით. ლამაზი თეძოს გვარიანი ნაკლებობაა, აი წინა თაობას კი ყველაფერი ადგილზე აქვს.
LikeLiked by 2 people
თეძო იქეთ გავწიოთ და ჩემი ლატე შეაფასე, აბა. წინა პოსტში რომ დავამატე.
ვიზუალურად 🙂
LikeLike
ბევრი ვიცოდი, ზოგი – ვერა, აი, ჯინ შრიმფთონით კი განსაკუთრებულად მოვიხიბლე.
ფრიად ესთეტიური პოსტია, საინტერესოც და თვალისთვის ამოდ საცქერალი 🙂
LikeLiked by 1 person
Jean’s side-swept bangs! დღესაც ბუმია ასეთი ჩოლკის.
შარლოტ რემპლინგიც მოდელობდა თავის დროზე. ზუსტად ისეთი სტილი აქვს, მე რომ მომწონს. simple and never extremely feminine.
LikeLiked by 1 person
ეს ქალი ფეი დანავეი მეგონა 🙂 ლოურენ ჰათონი (Mary Laurence/Lauren Hutton) მაგრად გავს.
LikeLiked by 1 person
მეთქი, აბა ვინ შეამჩნევს :)))
მაგრამ ფეი ჯობია.
LikeLike
ძველებიდან მარტო თვიგი ვიცოდი სახელით და გვარით:) არაჩვეულებრივი ნაკრებია. 80-90-იანელები დღესაც შეუდარებელია ჩემთვის. ჩამოთვლილებთან ერთად კლაუდია შიფერიც:)
LikeLiked by 1 person
80-90-იანელები სხვა პლანეტაა. შეხედავ და შეგშურდება. 🙂
LikeLike
სინდი 50-ს გახდა
http://www.etonline.com/news/182824_cindy_crawford_celebrates_her_first_day_at_50_with_flawless_selfie/
LikeLike
ლინდა უკვეა 50-ის… არადა მათ შორის სინდი ყოველთვის ყველაზე უფროსი მეგონა 🙂
LikeLike