How-To: ყავა და ყავადანი

როგორ მოვამზადოთ კლასიკური, გემრიელი იტალიური ყავა სახლში

  • ამ პოსტის პირველი ნაწილი თეორიული და უსარგებლო იქნება, მეორე კი პრაქტიკული და გამოსადეგი. ვისაც ზედმეტი ლაი-ლაი არ მოსწონს, და პირდაპირ ყავის მოდუღებაზე სურს გადასვლა, მეორე ნაწილზე გადაინაცვლოს. 🙂

Bialetti Moka Express Espresso Maker

ერთმა კაცმა თქვა – სანამ კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა, გურულები, ალბათ, მშივრები ისხდნენო – მჭადისა და ლობიოს სიყვარულს გულისხმობდა.

დღეს ალბათ ყველას გვაქვს სახლში ყავის მოსამზადებელი ელექტრო-აპარატი. ესპრესოს/კაპუჩინოს აპარატი. ნესპრესოს აპარატი. ფილტრიანი (ამერიკული გაფილტრული ყავის) აპარატი. რძის სათქვეფი…

გურულებთან რა შუაშიაო მკითხავთ და რას სვამდნენ იტალიელები ესპრესოს ელექტრო-აპარატის გამოგონებამდე? ესპრესოს სვამდნენ. მექანიკური დანადგარით მომზადებულ ესპრესოს. პირველი ასეთი აპარატი იტალიელმა გამომგონებელმა ანჯელო მორიონდომ (Angelo Moriondo) გამოიტანა გურმანთა სამსჯავროზე ტურინის 1884 წლის გამოფენაზე და 16 მაისს შესაბამისი საპატენტო მოწმობაც აიღო. მისი დანადგარი ტლანქი და მძიმე იყო, ესპრესოსთვის დღეს იდეალურად მიჩნეულ წყლის 9+ ბარის წნევასაც ვერ წარმოქმნიდა, მაგრამ სწორედ მორიონდოა ესპრესოს პირველი აპარატის გამომგონებელი, დაილოცოს მისი სახელი. თუმცა, ეს მორიონდო, ჩანს ცოტა უხიაგი კაცი იყო, დანადგარის წარმოება და გაყიდვა არც უცდია – თავისთან სამზარეულოში დადგა და ფაბრიკანტებს თუ კაფეს მფლობელებს უარით ისტუმრებდა ხოლმე. დაჯდებოდა ვერანდაზე, ფეხს ფეხზე გადაიდებდა, გაზეთს გაშლიდა, ესპრესოს წრუპავდა და გამვლელ-გამომვლელთ გულს უხეთქავდა – მე რაღაცა მაქვს და თქვენი თავი კი ჩაისაც წაუღიაო, პრინციპით… ამიტომ კარგა ხნის განმავლობაში მისი ღვაწლი ყავის გურმანთა წინაშე მივიწყებული იყო, ესპრესოს აპარატის შემქმნელად კი სხვა იტალიელი ინჟინერი, ლუიჯი ბეცერა (Luigi Bezzera) მიიჩნეოდა, ვინც 1901 წლის 18 ნოემბერს დააპატენტა მორიონდოს გამოგონების გაუმჯობესებული ვარიანტი, ფინანსისტ დეზიდერიო პავონის (Desiderio Pavoni) შეუამხანაგდა… და ესპრესომანიაც დაიწყო. სხვათა შორის, კომპანია La Pavoni დღემდე არსებობს, ისევე როგორც კომპანია Bezzera.

Bezzera - Pavoni espresso machine

აქედან მოყოლებული, ესპრესოს აპარატმა დიდი გზა და ბევრი ცვლილება გამოიარა, თავს არ შეგაწყენთ, მითუფრო რომ ეს პოსტი მინდა ისეთი მოკლე იყოს, ესპრესოს ფინჯანს სანამ ჩაათავებ, მანამ რომ შემოგეკითხება.

Smile

მხოლოდ კიდევ ერთი დანადგარი, უნდა, ვახსენო. ვინც არ იცის, ეგებ, გამოადგეს კიდეც. სახლის დანადგარია, კომპაქტური… დანადგარი რა – ყავადანია. მაგრამ საგანგებოდ იტალიური ყავის მოსახარში ყავადანი. ხშირად მარკირებულია, როგორც Espresso Pot (ესპრესოს ყავადანი), თუმცა მისმა შემქმენლმა, ინჟინერმა ლუიჯი დე პონტიმ (Luigi De Ponti) Moka Express უწოდა და ამ სახელით აწარმოებენ დღემდე.

Bialetti Moka Express

მოკას ყავადანი ესაა მარტივი გზა გემრიელი და არომატული იტალიური ყავის მოსახარშად. ყავა, რომელსაც ამ ყავადანით მოამზადებთ, რა თქმა უნდა ვერ არის ესპრესო (კანონიკურ ესპრესოს, ზემოთაც ვთქვი, წყლის 9 ბარი წნევა მაინც სჭირდება, Moka Express კი 2 ბარს წარმოქმნის, რაც არ არის საკმარისი), მაგრამ ეს მაინც ძალიან გემრიელი ყავაა. გამორჩეული. იმჰო, უფრო გემრიელი, ვიდრე იაფფასიანი ესპრესოს აპარატები ხარშავენ.

მიუხედავად იმისა, რომ მომზადება ძლიერ მარტივია – პატარა პრაქტიკა მაინც დაგჭირდებათ. თავად ყავის ჯიში/ხარისხის გარდა, წყლის მოცულობისა და ცეცხლის ალის შერჩევასაც აქვს მნიშვნელობა. რომ ორთქლის ოპტიმალური წნევა წარმოიქმნას და ყავადანმა ყავის მარცვალს ყავის სული ამოართვას.

Smile

  • რაკი ეს პოსტი ჰაუთუ პოსტია, ბარემ მოსახარში ყავის ბრენდსაც გავუწევ რეკომენდაციას – Julius Meinl-ს, რომელსაც თბილისში ყაზბეგის პროსპექტზე აქვს შოუ-რუმი.
  • საგანგებოდ ამ ტიპის ყავადანისთვის წარმოებული ყავა მარკირებულია, როგორც MOKA (Moka Coffee for Stovetop Coffeemakers) და ნაკლებ წმინდადაა დაფქვილი, ვიდრე ესპრესო, თუმცა მისი მოძებნა თბილისში ცოტა ჭირს, ამიტომ სტანდარტულ ესპრესოს ან ფილტრისთვის დაფქვილ ყავას ვიყენებ ხოლმე.

ყავადანის ტექნიკური მახასიათებლებით არ გადაგღლით, მაგრამ Moka Express-ში ყავის ნამდვილი გემო არ იკარგება, ყავადანის კონსტრუქცია გემოს კონცენტრირებისთვისაა მომართული და არა გასაფილტრად, შესარბილებლადა და გასაბნევად. კოხტა ქაფსაც აკეთებს (ალბათ, ამიტომ უძახიან ესპრესოს ყავადანს). მოკლედ, თუ მაგარი ყავა გიყვართ – ნამდვილად არ ინანებთ.

  • საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ პირველი, რასაც ადამიანი ფიქრობს ბიალეტის ყავადანის დანახვისას – იგივეა თუ არა ეს, რაც ჯეზვე? შეიძლება, ახლა თქვენც ეს იფიქრეთ. რა თქმა უნდა, არ არის იგივე. სხვა ყავას ხარშავს. ნალექის გარეშე და იმჰო, ბევრად უფრო ინტენსიური გემოთი, ვიდრე თურქული ყავაა.

გარდა იმისა, რომ ეს ყავადანი ყავის მომზადების კლასიკაა, დიზაინის შედევრადაც მიიჩნევენ და მსოფლიოს არაერთი მუზეუმის ექსპონატია, მათ შორის – ლონდონის დიზაინის მუზეუმისა. მე-20 საუკუნის საუკეთესო იტალიურ გამოგონებათა 10-ეულშიცააა და – გინესის რეკორდების წიგნშიც. მას ბიალეტის ყავადანად იცნობენ, რაკი ალფონსო ბიალეტი (Alfonso Bialetti) პირველი იყო, ვინც ეს ყავა გასინჯა, მოეწონა და გამომგონებლისგან წარმოების უფლებებიც შეიძინა (სხვა ვერსით თავად იყო ყავადანის იდეის ავტორი და ინიციატორი, ლუიჯი დე პონტიმ კი იდეა ტექნიკურად დაამუშავა). გასული საუკუნის 30-იანებში მოხდა ამბავი. პირველი ყავადანი კი 1933 წელს გამოიტანა გასაყიდად. მას შემდეგ სამასი მილიონი ცალია გაყიდული.

  • ამბობენ და მე არ დამითვლია, რომ 10-დან 9 იტალიურ ოჯახს აქვს შინ ბიალეტის ყავადანი. ტურინში კი ქალი ვერ გათხოვილა, თუ მზითვებში ბიალეტის ყავადანი არ გაატანეს… მოკლედ, ჩვენი ვეფხისტყაოსნის პონტია, უბრალოდ ვეფხისტყაოსანს შემოდებენ თაროზე და კაცს არ ახსენდება, გადაფურცლოს, ბიალეტის ყავადანს კი ყოველ დილით იყენებენ.
  • კომპანიის ულვაშა სიმბოლო ალფრედო ბიალეტის ვაჟი, რენატო ბიალეტია. მისი ჟესტი კი ყველა იტალიელისთვის კარგადაა ნაცნობი – ასე ითხოვენ ყავახანაში მეორე (მესამე… მეოთხე…) ჭიქა ესპრესოს.

პატენტს ვადა უკვე გაუვიდა და Moka Express-ს კომპანია Bialetti-ს გარდა ბევრი სხვა კომპანია აწარმოებს.

თავად “ბიალეტი” კლასიკური ყავადანის კიდევ რამდენიმე ვარიაციას გვთავაზობს – Brikka Express, Mukka Express, Break, Moka Crem… ძირითადი პრინციპი ერთია, მაგრამ სხვადასხვა ტიპის ფილტრი და რძის მადუღარა მეტი ქაფისა და რძის ქუდის (კაპუჩინოს) დამატების საშუალებას გვაძლევს. ლინკებს პოსტის ბოლოს დავდებ და გეცანით. მე თავად ესენი არ მაქვს, ამიტომ პირადი გამოცდილებით ვერაფერს ვიტყვი.

ისეკი, თუ ნდობაა ნდობა იყოს – ჩემი რჩევაა, ექსპერიმენტები Moka Express-ით დაიწყოთ.

Smile

თუნდაც, რომელიმე სხვა მწარმოებლის იაფი (მაგრამ არა იაფფასიანი) ანალოგით და თუ მოგეწონებათ, შემდეგ “ბიალეტითი” ჩაანაცვლებთ.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

გაითვალისწინეთ! როგორც Athena-მ დაწერა კომენტარში, ბიალეტის ყავადანი ზუსტად იმ რაოდენობის ყავას ხარშავს, რამდენზეც გათვლილია. 6-ფინჯნის მოცულობა თუ აქვს, 3 ფინჯანს ვერ მოამზადებთ ყავის კონტეინერი აუცილებლად ბოლომდე უნდა შეავსოთ და წყალიც ზუსტად ნიშნულამდე უნდა ჩაასხათ.

ცხადია, იგულისხმება ესპრესოს ფინჯანი.

s.c. Espresso Pot

Bialetti Moka Express

Bialetti Brikka

Bialetti Break

Bialetti Moka Crem

s.c. Capuccino Pot

Bialetti Mukka Express

კომპანიის საიტი: Bialetti Industrie S.p.A

P.P.S
How-to: ისმინე, ყავის მძებნელო

ყავა, ჩაი და მეფე გუსტავი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

27 thoughts on “How-To: ყავა და ყავადანი”

  1. ოფისში ვიყიდეთ მაგის ანალოგი ყავადანი 9-ჭიქის მოცულობის მხოლოდ ელექტრო-ვარიანტია და მიახლოებით ერთ თვეში დაიწვა 😦 შეიძლება ჩვენი ბრალოცაა – ძალიან ბევრ ყავას ვსვამდით. 🙂
    მართალი რომ გითხრა არც გემო ქონია მაინცადამაინც გამორჩეული. მაგრამ ბიალეტისა არ იყო და ალბათ შენ რომ ამბობ იმ იაფფასიან ანალოგს გადავეყარეთ.
    20 ლარი ღირდა სულ 🙂

    Like

    1. ბიალეტისაც აქვს ელექტრო.

      მოკლედ, მაიმუნობის ყიდვა არ ღირს 🙂 ორიგინალს ძალიანაც კარგი გემო აქვს. შემიძლია დაგპატიჟო დეგუსტაციისთვის. 😉

      Like

    2. ბარემ იმასაც გეტყვი, რომ გაზის ვარიანტი სჯობს, იმჰო. რა ტქმა უნდა ელექტრო უფრო მოსახერხებელია, მაგრამ გაზის (ან ელექტროქურაზე გასაცხელებელი) ჯობს, იმიტომ რომ ალის რეგულირება შეგიძლია და გემოც სხვა იქნება. 🙂 თუმცა, ეგ უკვე ძაან პი-გურმანული ამბავია და მაგის გამრჩევი ვინაა, მე ვერ გავქაჩავ. 🙂 მაგრამ მაინც თუ კლასიკაა – კლასიკა იყოს.

      Like

  2. დიდი მადლობა ინფორმატიული პოსტისთვის.
    ახლა კითხვა: ჰაეროვანი ყავის მოყვარულს Brikka–ს მიირჩევდი თუ Moka Crem-ს, საკუთარი გამოცდილებით?
    P.S.-ში პირველი ბმული (Bialetti Moka Express) არასწორადაა მითითებული, ვგონებ

    Like

    1. მადლობა, გავასწორე.

      საკუთარი გამოცდილებით როგორ გითხრა, როცა პირველი, კლასიკური ვარიანტი მაქვს მარტო. ბრიკა და კრემი მეტი ქაფის წარმოსაქმნელად არიან, რომ უფრო მიემსგავსოს ესპრესოს. გემო არ მგონია განსხვავებული იყოს, უბრალოდ – ვიზუალია. 🙂
      ბრიკას აქებენ ისე და მეც ვუტრიალებ ამაზონზე, მაგრამ ჯერ არ ვუკვეთავ. 🙂 უბრალოდ ის ბანდურა რაც აქვს ზემოთ – როგორც წერენ, თუ წყალის რაოდენობა და გაზი ზუსტად ვერ შეარჩიე იჭედება 🙂 მოკლედ ვერ აკეთებს ისეთ ქაფს, რაც საჭიროა. მოკლედ პრაქტიკის ამბავია რა. კლასიკური უფრო იოლი ვარიანტია.

      Liked by 1 person

    2. Brikka ყავა თავსახურში გაივლის და მეტი ქაფი კეთდება. ჩემს მეგობრებს აქვთ და კმაყოფილები არიან, Express-თან შედარებით უფრო მაღალ ცეცხლზე უნდა დადგათ და თუ მოუფრთხილდებით, კარგად მუშაობს და პრობლემებს არ შეგიქმნით.
      Moka Crem-ს ხელით სათქვეფი აქვს დამატებული და ქაფით ყველაზე მეტად გავს ესპრესოს. Moka Express-ში ძალიან ცოტა ქაფი კეთდება. მაგრამ გემოთი ვერ გაარჩევთ და ყველა გემრიელია.
      მე მქონდა Moka Express და მერე ვიყიდე Moka Crem. ჩემთვის Moka Express-ში ვირუღებ ყავას და Moka Crem-ით სტუმარი თუ მყავს ნამდვილ ესპრესოს ვუკეთებ. გამჭვირვალე შუშის ფინჯანში თუ ჩამოასხამთ უფრო ლამაზია ქაფით. 🙂

      Like

      1. მიმტკიცებენ რომ გამო მაინც განსხვავებულიაო 🙂 ბრიკაში წყლის წნევა ორჯერ მეტია და შესაბამისად უფრო მაგარი ყავა გამოდისო.
        ვინც ამას მეუბნება ერთი გადარეულუ ნეაპოლელია 🙂 დაეჯერება. თუმცა მაგათ რაღაც სხვა ყავის სახარში აქვთ და ის უფრო ევასებათ. 🙂 მაგრამ თუ მაინცდამაინც ბიალეტის ყიდულობთ ბრიკა უფრო მაგარი ყავაა და მოკა უფრო რბილიო. მოკლედ პირობითად ორმაგი ესპრესოა 🙂 ან ესპრესო და რისტრეტო როგორც განსხვავდება პირობითად ეგაა.

        Like

  3. ესპრესო არ ვიცი და კაპუჩინოს ფანი რომ ვარ მგონი მითქვამს შენთვის.
    ჩემი თავის გამკვირვებია ამდენ ხანს აპარატი რომ არ მაქვს სახლში, არადა არ მაქვს :/

    Like

    1. მეც კაპუჩინო მიყვარს. მაგრამ ესპრესო რომარა კაპუჩინოც ხომ არ გვექნებოდა. 🙂

      აპარატს რაც ეხება, 200 ლარზე იაფი რაცაა არც გაეკარო – 3 ბარ წნევაზეა ეგენი და არანაირ ესპრესოს არ აკეთებენ. 🙂 ნუ იმ კლასიკური გაგებით, რაცაა ესპრესო.

      თუმცა… ამაზონზე 60 დოლარადაც ნახავ 15-ბარიანს 🙂 რად გინდა. 120 ვოლტზეა 🙂 ბენჟამენა ფრანკლინს მოუკვდა პატრონი!

      Liked by 2 people

      1. 60 დოლარი + 20 დოლარი 110/220 კონვერტორი მაინც უფრო იაფია,აქ რომ იყიდო 🙂 350 ლარია საშუალოდ დელონგის ესპრესოს მადუღარა 15 ბარზე 350 ლარი ღირს საშუალოდ 🙂

        Liked by 1 person

      2. მასე იოლი რომ იყოს 🙂
        დათვლილი მაქვს ეგ. მაგრამ კომპაქტური კონვერტორები არის სამოგზაურო- მაქსიმუმ ნოუთბუქი მიუერთო და მობილური. ესპრესოსო აპარატი დაწვავს მაგას. 800-1000 ვატიანი უნდა და ეგ კიდე იმხელა ბანდურაა 🙂 ან სად დადგამ ან რაა. მოკლედ არ გამოვა ეგ ამბავი.

        Like

      3. კარგი პოსტია.
        კაპუჩინოს სახარშს რაც შეეხება, კაფეში ბარისტას მომზადებულ კაპუჩინოს სახლის პირობებში მაინც ვერ მოამზადებთ. ესპრესოს სჭირდება 9 ატმოსფერული წნევა და წყლის დუღილის ტემპერატურა არ უნდა იყოს 100 გრადუსი. იდეალურია 90-95 გრადუსი, რასაც იაფი აპარატები ვერ არეგულირებენ.
        კაპუჩინოს რძის სათქვეფად დამატებული აქვთ პანარელოს ტიპის, რაც ისეთ კაპუჩინოს ვერ ამზადებს, რაც კაფეშია.
        თუ კაპუჩინოს მოყვარული ხარ ნამდვილი კაპუჩინოს მომზადება მხოლოდ ავტომატური ხარშვის ყავის აპარატზე შეიძლება, რაც საშუალოდ 500 დოლარი ღირს. 🙂

        Liked by 1 person

      4. კი ბატონო, მართალი ხარ, მაგრამ ტექნიკის შემთხვევაში სულ ასეა – სადღაც უნდა გაჩერდე თორემ ოფცია-ოფციების დევნაში ასტრონომიულ თანხაზეც გახვალ სულ იოლად.
        მე ამ ცოტა ხნის წინ საშობაოდ ვათვალიერებდი ყავის აპარატებს, ორი მოდელი მქონდა მონიშნული ფილიფსი და დე ლონგი 15 ბარზე, რძის სათქვეფით და რამდენიმე სხვა ოფციით. ნახევრად-ავტომატური. 500-ლარამდეა.

        ახლა რომ გავგიჟდე უცებ და 2000 ლარიანი სახარში ვიყიდო, მერე იმას 30-ლარიან ყავასაც ვერ ვაკადრებ და 3-ლარიან რძეს 🙂 მერე სადღაც ჰიმალაის მწვერვალებიდან მომიწევს ყავის გამოწერა და ჰოლანდიელი ძროხა უნდა ჩამოვიყვანო, დავაბა აივანზე, ტავად მოვწველო დილით და ის რძე ჩავასხა :)))

        Like

      5. ისე გამოგდით, ვითომ თავად მარტო 500-დოლარიან კაპუჩინოს სვამთ :))
        მე მაქვს დელონგის მადუღარა და მშვენივრად ვამზადებ სახლში კაპუჩინოს არც 500 ლარი გადამიხდია და არც 1000… 200 ლარი ღირდა სულ და ავტომატური კაპუჩინატორი აქვს.
        ხანდახან გამოიღეთ ხოლმე პეროები რაააა….

        Like

      6. რატომ გვიბრაზდები? :))

        ვიცი ეგ დელონგი. კი თავის ფასად გადასარევი რამეა. სხვათა შორის არის კიდევ მაგ ფასად Simbo – თურქულია და არა იტალიური, თან 15 ბარზეა და გემრიელ ყავას ამზადებს ისიც. შენი დელონგისგან ვერ გაარჩევ. რა ვქნათ ახლა? 🙂
        არ ვიცი ვიზე ამბობ, 500 დოლარი მე არ მიხსენებია, მაგრამ ვინც დაწერა, მართალს ამბობს. რა კუთხითაც დაწერა იმ ვარიანტში.
        მე რაც დავწერე ესეც სიმართლეა. ესპრესოსს სჭირდება 9 ბარი წნევა, სხვა ვარიანტში არ ითვლება ეგ ესპრესო ესპრესოდ და გემრიელია თუ არა ეს სხვა საქმეა.
        ზოგს შეიძლება ცომიანი პიცა უფრო უყვარს, მაგრამ პიცა თხელია 🙂

        მე რასაც ვსვამ კი დავწერე 🙂 მეტწილად ვსვამ ამერიკულ ყავას (ფილტრის) და ვსვამ მოკას – ბიალეტის. ზოგჯერ ბლენდერში რძეს ვთქვეფ და ვითომ კაპუჩინო გამომდის 🙂 მარა კაფეში რასაც ვსვამ იმას არ ჯობია და 300 პეროც რომ გამოვიღო ეგრეა და რა ვქნა.

        ჰოდა, მაგ შენ კაპუჩინოს ეგ კაპუცინი რამდენ ხანს მიყვება? 🙂 30 წამს. და კაფეში გეპეის სტუდენტია თუ ჰარვარდდამთავრებული – უკეთესი აპარატი აქვთ ფაქტია და სანამ ბოლო ყლუპს არ მოწრუპავ მანამ აქვს ის ქაფი.

        და ახლა მეტი ესპრესოს აპარატი არ ახსენოთ არავინ, თორემ ყველას გავუშვებ თრაშში 🙂 არ გამოვაქვეყნებ მაინც!

        Like

      7. ან ბარისტა სად ნახეთ საქართველოში? :))) გამაცინეთ მართლა.
        სულ ესპრესოს აკადემია დამთავრებულები არ აყავდეთ სამუშაოდ. ჩვეულებრივი გეპეის სტუდენტები არიან სანამ მშენებლობები გაჩერებულია მუშაობენ კაფეში.

        Like

      8. ნწუ. ტექნიკური უნივერსიტეტია ეგ 🙂 და ესპრესოს აკადემიის ფილიალიც აქვთ რომ იცოდე.
        🙂

        Like

    2. მოხარშავ ბიალეტიში ყავას, მერე ათქვეფ რძეს http://www.amazon.com/dp/B017TONBF0?psc=1 და კაპუჩინოც მზადაა 🙂 და მიართმევ საწოლში.
      თან სად ახლა ხელით რომ მოამზადებ და სად რაღაც უსულგული დელონგის აპარატი რომ ჩამოწურავს :/
      უფრო დაგიფასებენ 🙂

      Liked by 1 person

  4. შენ გაიხარე, ავტორო! დანიის სახლში ვნახეთ მე და ჩემმა მეუღლემ ეს ყავადანი და ვერ გავიგეთ რაში გამომადგებოდა და არ ვიყიდე 🙂 35 ლარი ღირს. კონსულტანტს ვკითხე და ესპრესოს მოსახარშიაო, მაგრამ მაინც ეჭვი შემეპარა თუ ვარგა და არ ვიყიდე.
    თურქულ ყავას ძალიან გვიყვარს ოჯახში და ახლა ამასაც გავსინჯავთ.
    ვიყიდი და დავწერ თუ გაამართლებს.

    Liked by 1 person

  5. პოსტში თუ ჩაამატებ კარგი იქნება, რომ ყიდვისას უნდა გაითვალისწინონ, რამდენი ადამიანი დალევს ყავას, იმიტომ რომ ბიალეტი ზუსტად იმ რაოდენობის ყავას ხარშავს, რამდენზეც გათვლილია. 6-ფინჯნის მოცულობა თუ აქვს, 3 ფინჯანს ვერ მოამზადებთ ყავის კონტეინერი აუცილებლად ბოლომდე უნდა შეავსოთ და წყალიც ზუსტად ნიშნულამდე უნდა ჩაასხათ.

    Liked by 1 person

  6. ორი ადამიანისთვის რა მოცულობის ყავადანი იქნება ოპტიმალური? 3-კაციანზე გათვლილი?
    რა მოცულობის ყავას ხარშავს ხომ არ იცით?
    მადლობა.

    Like

    1. მე 6-ფინჯნიანი ვერსია მაქვს და 250 მლ მიახლოებით.
      თუ კლასიკურ ესპრესოს სვამთ – მაგარს და პატარა ჭიქაში, მაშინ 3-ფინჯნიანი უნდა იყიდოთ.
      6-ფინჯნიანი საშუალებას მოგცემს ესპრესოც მოამზადო (მაგრამ თქვენ ორნი რომ დალევთ კიდევ დაგრჩება ან 2-2 ჭიქა დალიოთ ან მეზობელს გადააწოდო ან გადაღვარო) :)) მაგრამ ასევე შეძლებ 2 ფინჯანი ამერიკანო მოამზადო.

      აი ზემოთ ათენას კომენტარიც ნახე. პოსტშიც დავამატებ.

      Like

  7. გამარჯობათ , და ვინმემ ხომ არ იცით თბილისში სად შეიძლება ვნახო მოკას მადუღარა 3-იანი ? ბიალეტისაც რო არ იყოს.

    Like

  8. რამდენჯერ მოვხარშე ყავა, ძალიან მწარე გამომივიდა. იგივე ყავა ჯეზვეში არ არის ასეთი მწარე. 3-ფინჯნიანი მაქვს, იტალიიდან ჩამოტანილია. მას მერე კარადაში დევს და არ ვიყენებ. შეიძლება რაღაცას სწორედ ვერ ვაკეთებ, აღარ ვიცი. 😦 მაგრამ როგორც ვიდეოში ხარშავს ეგრე ვაკეთებდი მეც.

    Like

    1. თურქულ ყავას ხარშავ? არ გამოდგება ეგ. თურქული ყავა ყველაზე წმინდადაა დაფქვილი – ესპრესოზე წმინდადაც კი, ბიალეტი კიდევ ვერ წარმოქმნის საკმარისად მაღალ წნევას, ამიტომ წყალი ნელა გავა მაგ დაფქვილში და, ბუნებრივია, წალიან მწარე გამოვა პლუს თავად ყავაც მოასწრებს დაწვას, იმიტომ რომ დიდხანს მოიხარშება.

      რამდენიმე ვარიანტია:
      1. სხვა დაფქვილი სცადე, უფრო უხეშად დაფქვილი. ილის აქვს საგანგებო MOKA coffee – კარფურში იყიდება. ძვირია, მაგრამ ძალიან კარგი ყავაა.
      2. დაბალ ცეცხლზე მოხარშე და ა.შ. აი აქ მიწერია მაგაზე http://wp.me/pBTza-3gP
      3. 100% არაბიკა სცადე – თურქულის კუპაჟი ხშირად რობუსტაა, რობუსტა კიდევ ზოგადად მწარე ყავაა.
      4. Dark roast თუ ყიდულობ, ეგეც უფრო მწარეა ზოგადად – Medium (Vienna) Roast სცადე.
      5. თუ არაფერმა უშველა – ე.ი. უბრალოდ მოკა შენი ყავა არაა რა. 🙂 მე მაგალითად თურქული არ მიყვარს.

      გუდლაქ!

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: