ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეძვრებით ინტერნეტში და ეჭვშეპარვით დაგუგლავთ იქ აღწერილ ამბებს – მართალია თუ არა. იმდენად შემზარავია ეს ამბები. იმდენად დაუჯერებელია. დაუჯერებელია, რომ მას შემდეგ, რაც ნიურნბერგის ტრიბუნალმა ფაშისტურ კანონებს განაჩენი გამოუტანა, კიდევ ლამის 20 წლის განმავლობაში ეს კანონები კვლავ მოქმედებდნენ. ევროპული სახელმწიფო კვლავ ანადგურებდა ადამიანებს ამ კანონების ძალით. ღიად. ხელისუფლების განჩინებით. სასამართლოს დადგენილებით. ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მხარდაჭერითა და საზოგადოების მორცხვი მდუმარებით. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა დანიაში, ურთიერთობა ჰქონია დანიელებთან, შეძრწუნდება, რომ ეს ამბები სწორედ ამ ლამაზ ქვეყანაში ხდებოდა. და ვერ დაიჯერებს. მაგრამ იუსი ადლერ-ოლსენმა კარგად იცის, რასაც აღწერს. პირველწყაროდან. საკუთარი თვალით ნანახით და მამის მონათხრობიდან იცის. მამამისი ექიმი იყო, ფსიქიატრი. ამ ამბების თვითმხილველი. ნაწილობრივ – მონაწილე, ნაწილობრივ ის, ვინც “მორცხვად დუმდა”. თუმცა, მხოლოდ იუსი ადლერ-ოლსენის მამა არ დუმდა მორცხვად – როგორც ზემოთაც ვთქვი დუმდა ყველა ან – თითქმის ყველა. და დღესაც, ადენი წლის შემდეგ, დანიელებს არ უყვართ იმ ამბების გახსენება, მითუფრო – უცხო ყურის გასაგონად. მაგრამ იუსი ადლერ-ოლსენს დუმილი არ უყვარს. მან დაწერა ამბებზე, რაზეც საუბარს ერიდებოდნენ. და გამოსცა წიგნი უამრავ ენაზე. ინგლისურ თარგმანში კი სახელად დაარქვა “ბრალი” (Guilt).
მინდა, კიდევ მეტი ვთქვა ამ რომანში აღწერილ ამბებზე (მითუფრო რომ ბევრი რამ ქართველებისთვისაც იქნება ნაცნობი), მაგრამ ნება არ მაქვს – სხვა შემთხვევაში იძულებული გავხდები დაგასფოილეროთ, “ბრალი” კი დეტექტივია. და დეტექტივის მიმოხილვას თუ წერ, მკითხველის დასფოილერებაც დიდი ბრალია…
- აქვე მინდა პოსტის მკითხველებს (ვისაც წიგნიც წაკითხული აქვს) ვთხოვო – ნურაფერს დაწერთ კომენტარში ისეთს, რაც სხვისთვის სფოილერად იქცევა!
თავად ავტორზე გეტყვით – იუსი ადლერ-ოლსენი (Carl Valdemar Jussi Henry Adler-Olsen) დანიელი მწერალი, მუსიკოსი, რედაქტორი და გამომცემელია. განათლებით – სოციოლოგი და ექიმი. სწავლობდა პოლიტოლოგიასა და ფილმის რეჟისურასაც. მისი წიგნებიდან ყველაზე წარმატებულია დეტექტივების ციკლი კოპენჰაგენის პოლიციის განყოფილება Q-ზე, რომელიც ძველ, გაუხსნელ, დამტვერილ და ჩაქაღალდებულ საქმეებს იძიებს. “ბრალი” სერიის მე-4 რომანია. პოსტის ბოლოს ჩამოვთვლი ქრონოლოგიით და ლინკებსაც დავდებ.
განყოფილება Q – ესაა სამი უცნაური ადამიანი: პოლიციის კომისარი კარლ მერკი, რომელიც მკვლელობების სამძებროდან Q-ში გადაიყვანეს მას შემდეგ რაც სერიულმა მკვლელმა სამშენებლო პისტოლეტით დაჭრა თავში. მისი ასისტენტი, ვისი არც სახელი ვიცით, არც ბიოგრაფია, არც მისამართი და არც ის – როგორ და რატომ მოხვდა ჯერ დანიაში და შემდეგ – პოლიციაში. ამბობს, რომ სირიელია და თავს ჰაფეზ ასადს უწოდებს, თუმცა, თავად მერკს (და ჩვენც – მკითხველებს) ამ ცნობების ნამდვილობაში ეჭვი ეპარება. მდივანი სახელად როზა, რომელიც გარეგნობით გოთს ჰგავს და განყოფილება Q-ში “შეტენეს” მას შემდეგ, რაც პოლიციურ კორპორატივზე ორგია მოაწყო და კიდევ მისი უფროსის მანქანა დალეწა. კარლ მერკს ძველი საქმეების გამოძიების პარალელურად კოლეგებთან ურთიერთობების აწყობაც უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ადლერ-ოლსენის დეტექტივებში აღწერილი საქმეები მძიმეა, ნაწარმოებები ფრთხილი იუმორითაა შემსუბუქებული… ამ მხრივ გამონაკლისი ისევ და ისევ ბოლო, მე-4 წიგნია, სადაც ტრადიციული თხრობის მანერა სახეცვლილია და ნაკლებია სიმსუბუქეც.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
იუსი ადლერ-ოლსენის “განყოფილება Q”:
1. Kvinden i buret/Mercy
2. Fasandræberne/Disgrace
3. Flaskepost fra P/Redemption
4. Journal 64/Guilt
5. Marco Effekten/The Marco Effect
6. Den Grænseløse/The Hanging Girl
ელექტრონულ ბიბლიოთეკა e-reading-ზე
პირველი რომანის ეკრანიზაცია (ფილმს არა უშავრს რა, თუმცა წიგნის გამოშიგნული ვარიანტია და წარმოდგენას ვერ შეგიქმნით. (ჯერ) წაკითხვა სჯობს, იმჰო ).
P.P.S.
სფოილერი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ნაციონალ-სოციალისტური პარტია დანიაში ლეგალურად არსებობს და არჩევნებშიც მონაწილეობს. თუმცა, მისი რეიტინგი 1%-ს ვერ ცდება.
მეოთხე წიგნით დავიწყო კითხვა? 🙂
სკანდინავიური დეტექტივი კი უკვე ცალკე ჟანრად ჩამოყალიბდა.
LikeLike
ყოველი წიგნი დამოუკიდებელი ქეისია, მაგრამ თავიდან დაწყება ჯობს 🙂
კარგადაა დაწერილი. უცებ მიხვალ მე-4-მდე 🙂
LikeLike
Peter Hoeg aris danieli mcerali tu gaqvt cakithuli? Msgavs temebs eheba da kargi mceralia.
Erti deteqtivic aqvs dacerili – Smilla’s Sense of Snow kvelaze popularuli tanamedrove daniuri cignia.
LikeLiked by 1 person
წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ჩამოქაჩული მაქვს და დასაწყობებული 🙂 თავის დროს ელოდება. ახლა სხვა ავტორს ვკითხულობ. ასევე სკანდინავიელს.
LikeLike
კარგი სკანდინავიური სერიალი გირჩიო? :))
LikeLike
ისეთს რას მირჩევ, რაც აქამდე არ გითქვამს? :)) დაფქვი უკვე კარგახანია თურამე იცოდი.
LikeLike
:))) ეს არ მითქვამს. მე თვითონ დღეს დავიწყე ყურება :))
LikeLike
თუ დღეს დაიწყე ყურება, რა იცი კარგია თუ ცუდი? ჯერ გადი ბოლოში…
ჰო კაი, ჯანდაბას, გამოუშვი რომელია :))
LikeLike
ეს უფრო განომონაკლისს აღწერს, რამაც შთაბეჭდილება დატოვა. ახლა ერთ პოსტში დანიელების ბედნიერება ინატრეს და რა გამახსენდა:
დანია მართლაც ყველაზე ბედნიერ ქვეყნებშია. თუმცა, ეს ათი თავადის კაცის კი არა, დანიის მთელი მოსახლეობის დამსახურება არის: ჰიტლერის დროს, იქვე დანიის მოსახლეობა ერთსულოვნად მალავდა ყველა დევნილს, დღევანდელი ბედნიერი თაობის მშობლებმა მკვლელობისა და ძალადობისგან გადაარჩინეს 95%, რომელიც იმ დროს ქვეყანაში იმყოფებოდა. წლების განმავლობაში, დანიის მოქალაქეები ყოველღამე მორიგეობით კვებავდნენ და დარაჯობდნენ ათასობით უცხო რეპრესირებულს, რომ ვინმეს არ დაეხოცა, წლების განმავლობაში სამშვიდობოზე გაყავდათ.
არსებობს ასეთი, დისტანციური ძალაუფლების საზომი, რომლითაც მოწმდება, ადამიანები მხოლოდ წოდების გამო ვინმეს რომელ ქვეყანაში რამდენად ემხრობიან. დანიელებს მხოლოდ თანამდებობის, სქესის, წოდებისა და ქონების გამო სიმპატიის გამოხატვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ მსოფლიოში და თაყვანის-ცემა საერთოდ არ ახასიათებთ, ძალაუფლება არ აშტერებთ. ისინი აფასებენ მხოლოდ მათ წოდებრივ მდგომარეობას, ვინც მოქალაქეების სიცოცხლისა და კარგად ყოფნისთვის მუშაობს. დღევანდელი დანიელების ბედნიერების მთავარ წინაპირობად სწორედ ეს ორი ფაქტორი სახელდება. ქვეყანა მთელი მოსახლეობის, მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვით დღეს პირველ ადგილზეა. დანიიდამ გიყურეფთო 😍
LikeLike