ეს გამოსახულება, ალბათ, ბევრს გეცნოთ, უთუოდ ბევრჯერ მოგიკრავთ თვალი – საფრანგეთის მთავრობის ლოგოა: ახალგაზრდა ქალის პროფილი დროშის ფონზე. ქალი თავისუფლების ქალღმერთია, საფრანგეთის რესპუბლიკის ალეგორიული სიმბოლო, მარიანა ჰქვია და ქაღალდზე პირველად ჟან-მიშელ მორომ (Jean-Michel Moreau) გამოსახა 1775 წელს, როდესაც ვოლტერის პოემა “ანრიადა” დაასურათა. მისეული მარიანა, სინამდვილეში, თავისუფლების რომაული ქალღმერთი, ფერონიაა, მაგრამ სწორედ ეს ნახატი იქცა ნანინ ვალას (Nanine Vallain) “თავისუფლების ქალღმერთის” შთაგონების წყაროდ. შემდეგ იყო ეჟენ დელაკრუას (Eugene Delacroix) ცნობილი “თავისუფლება” და რამდენიმე სხვა ფერმწერისა თუ სკულპტორის ნამუშევარი.
ამ ყველას ბევრი აქვს საერთო, მაგრამ მეტი მაინც – განსხვავება, თუმცა 1880 წელს, როდესაც პარიზის მერიის შენობაში მარიანას ქანდაკება გამოფინეს, საფრანგეთის სიმბოლომ მეტ-ნაკლებად კანონიკური სახე შეიძინა – ეს არის ახალგაზრდა ქალი ფიგიურ ქუდში. დედაქალაქის ინიციატივა სხვებმაც მოიწონეს და მალე საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის მუნიციპალიტეტებიც დაამშვენა იქაურმა მარიანებმა.
რატომ ჰქვია საფრანგეთის სიმბოლოს მაინცდამაინც მარიანა? რამდენიმე ვერსია რომელსამე კონკრეტულ მარიანაზეც მიუთითებს, მაგრამ დღეს ისტორიკოსთა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ეს უბრალოდ ორი ყველაზე გავრცელებული ფრანგული სახელის მარის და ანის კრებითია. რესპუბლიკელები ამბობდნენ, რომ ისინი ფრანგი ხალხის – ანუ მარის და ანის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ (ამაზე გამახსენდა, ლენინი ამბობდა, იმისთვის ვიბრძვი, რომ ნებისმიერმა “კუხარკამ” შეძლოს სახელმწიფოს მართვაო და, აგერ, კი აუსრულდა საქართველოში).
მარიანას ყველა იფიცებდა, ვისაცკი არ დაეზარა, მათ შორის ისინიც, ვინც თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის იდეებს სულაც არ იზიარებდა – მაგალითად, გერმანელი ნაცისტი ოკუპანტები და ვიშის კოლაბორაციონისტები.
ალბათ, ასეა დღესაც. სიმბოლოების გამოყენება ხომ უფრო იოლია, ვიდრე იმ იდეების გაზიარება, რასაც ეს სიმბოლოები გამოხატავენ. და ასეა, ალბათ, არამხოლოდ საფრანგეთში. რაღა შორს წავიდეთ – ილია ჭავჭავაძის პორტრეტებით ჩვენთან ხშირად ისეთი ხალხი გამოდის, უმალ წიწამურში რომ ჩასაფრდებოდნენ…. მაგრამ ეს იქეთ იყოს.
დღეს მარიანას გამოსახულებას საფრანგეთში ნახავთ ყველგან – სუვენირებსა თუ საფოსტო მარკებზე, დროშებსა თუ მაისურებზე, ადმინისტრაციული შენობების დარბაზებსა თუ დერეფნებში, საიუბილეო მონეტებსა და ევრო-ცენტებზე. მისი სახე ალეგორიულია და კონკრეტული მოდელი არ ჰყავს, თუმცა რამდენიმე ფრანგ ქალბატონს გამორჩეული პატივი ხვდა წილად – გამხდარიყო მარიანა. ეს პატივი პირველს, რა გასაკვირია და, ბრიჟიტ ბარდოს ერგო. ალბათ, ყველაზე სახელგანთქმულ, მსოფლიოში ყველაზე ცნობადსა და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფრანგ ქალს… ეგებ – ყველაზე ლამაზსაც. ის 1969 წელს პოზირებდა ფიგიურ ქუდში მარიანას კანონიკური ქანდაკებისთვის. 10 წლის შემდეგ, 1978 წელს მარიანა მომღერალ მირეი მატიოსგან გამოაქანდაკეს. 1985 წელს მარიანა გახდა მსახიობი კატრინ დენიოვი, 1989 წელს კი ფრანგი დიზაინერი და პარფიუმერი ინეს დე ლა ფრესანჟი, რომელსაც ეგებ ყველაზე ლამაზი ქალი არც ეთქმოდეს, მაგრამ დახვეწილობისა და გემოვნების სიმბოლოდ მიიჩნევენ. 2000 წელს მარიანასთვის პოზირებდა ლეტისია კასტა, 2003 წელს კი ჟურნალისტი ეველინ ტომა. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, იმის გარდა რომ პოპულარული თოქ-შოუ მიყავს. ამ არჩევანს საფრანგეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა (აქვე ვიტყვი რომ, თუ ვინ გახდება მარიანას სახე, ქალაქების მერები წყვეტენ კენჭისყრით). შორიდან შეფასება ძნელია. ერთია ცხადი, ეველინ ტომა უკვე იმით განსხვავდება წინამორბედებისგან, რომ ყველაზე “ლოკალური” მარიანაა მათ შორის – საფრანგეთს გარეთ ცოტა თუ იცნობს. და მისი შერჩევისას გარეგნობა გადამწყვეტი ნამდვილად არ ყოფილა.
ბრიჟიტ ბარდოსა და მირეი მატიოს მარიანების ავტორი, ფრანგი სკულპტორი ალენ გურდონია, დენიოვისა – მირეი პოლსკა, კასტა სკულპტორ მარი-პოლ დევილ-შაბროლისთვის პოზირებდა. ეველინ ტომას მარიანა დანიელ დრუემ გამოაქანდაკა. ფრესანჟის ამბავს არ გიმალავთ, უბრალოდ არ ვიცი.
- ზოგან კიდევ რამდენიმე მარიანას ასახელებენ – მათ შორის მსახიობებს მიშელ მორგანსა და სოფი მარსოს, მაგრამ ისინი არაკანონიკური მარიანები ჩანან. აპოკრიფები.
ბევრ სკულპტორს გასჩენია სურვილი, ესა თუ ის ლამაზი და წარმატებული ქალი მარიანად ექცია. ჩემთვის რომ ეკითხათ, იზაბელ აჯანის დავასახელებდი. და კიდევ მიშელ მერსიეს, მითუფრო რომ მერსიესგან კარგი მარიანა დადგებოდა – ემპირიულადაა დამტკიცებული, რომ გამორჩეული სწორედ ის მარიანებია, რომელთაც ლამაზი მკერდი აქვთ. ბოლო-ბოლო ასეთია დელაკრუასეული ტრადიციაც.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
რა თქმა უნდა მარიანი უფრო სწორია და არა მარიანა. ეს ისე, ჭეშმარიტებისთვის.
P.S.
შენიშნეს, რომ ვოლტერის პოემას “ჰენრიადა” ჰქვია და არა “ანრიადა”… არ ვიცი, ქართულად როგორაა თარგმნილი, მაგრამ სწორედაც რომ “ანრიადაა” სწორი. პოემა საფრანგეთის მეფე, ანრი IV-ზეა, შესაბამისად, სათაურიც “ანრიადაა” სწორედ და არა ჰენრიადა, ჰენრიხიადა და სხვა ამგვარნი…
კატრინ დენევის მარიანა არ გავს. დაუსრულებელი ვარიანტი ხომ არაა?
გუგლით ასეთიც ვნახე http://www.aussieinfrance.com/wp-content/uploads/catherine_deneuve.jpg
LikeLike
არც მე მომწონს, მაგრამ ნამდვილად ეგაა 🙂
ეგ ფოტო მეც ვნახე, მაგრამ არაკანონიკური ვერსიაა, ალბათ, ეგეც. თუმცა უფრო ლამაზია კანონიკურზე :))
LikeLike
ჟანის და ჟაკის თავისუფლებისთვის არ იბრძოდნენ? 🙂 მგონი, თავისუფლების ქალღმერთი აიღეს და გააფრანგეს და მერე მოუძებნეს რაღაცა ლეგენდა საფრანგეთის ისტორიიდან.
LikeLike
ეგ კითხვა მეც გამიჩნდა 🙂
მაგრამ ლოგიკური ახსნაც მოვუფიქრე – ეს სიმბოლო რევოლუციის დროს გაჩნდა. რაკი ბარიკადებზე მეტწილად მამაკაცები იყვნენ, ქალებისთვის ვებრძვითო რა 🙂 რაღაც ეგ პონტია.
LikeLike
ლეტიცია ყველაზე უფრო მარიანაა ❤ სხვათაშორის ამ თემას მეც შევეხე OK!-ს ნოემბერის ნომერში, ლეტიციაზე სტატიაში. საფრანგეთი რომ დატოვა დიდი ამბები იყო, რას ქვია, ქალი მარიანაა და სამშობლოდან წავიდაო?! მერე ფრანგი მაღალჩინოსნები ოფიციალურ განცხადებებს აკეთებდნენ ჟურნალისტებთან, პასუხი მოსთხოვა ხალხმა. თვითონ ლეტიციამ, დამანებეთ თავი, ჩემი ბოიფრენდი ცხოვრობს ნიუ-იორკში და მაგიტომ გადავედი, მენატრებოდა, მაღალი გადასახადები არაფერ შუაშიაო. მოკლედ მაგარი ამბები იყო.
დენევი ძალიან ცივი ქალია. ისედაც ქანდაკებაა და ქანდაკების გამოქანდაკება რა ბედენაცაა აგერ სახეზეა.
LikeLiked by 1 person
ბებე სჯობს. ქანდაკებადაც უფრო მაგარია.
თუმცა, ლეტისიაც რომ ძალიან ლამაზი ქალია, მაგას წყალი არ გაუვა.
LikeLike