“ალმასები მარადიულია!” – ეს არის კომპანია “დე ბირსის” ცნობილი სლოგანი. ამის მსგავსად, იუველირი დანიელ სვაროვსკი (Daniel Swarovski) ამბობდა, რომ ბროლია მარადიული. ეს არცაა გასაკვირი – ის ხომ ბოჰემიიდან იყო, ბოჰემია კი შუშისა და ბროლის დამუშავებით იყო ოდითგან ცნობილი. შუშის არტელი ჰქონდა დანიელის მამასაც. მაგრამ დანიელ სვაროვსკიმ ბროლისგან საიუველირო ნაკეთობათა დამზადება განიზრახა… და, სხვა ბოჰემიელი ოსტატებისგან განსხვავებით, წარმატებით მოახერხა კიდეც. იდეა არახალია, თუმცა, ძვირფას თვლებთან შედარებით, მთის ბროლი მყიფეა და იოლად მსხვრევადი. მისი დაწახნაგვა რთულია. სწორედ აქ მოახდინა რევოლუცია სვაროვსკიმ, როდესაც სპეციალური დაზგა შექმნა. ამ დაზგის მეშვეობით ბოჰემიელმა იუველირმა მანამდე არნახული სიზუსტით მოახერხა ბროლის კრისტალის დამუშავება. კიდევ ერთი გამოგონება, რაც დანიელ სვაროვსკის ეკუთვნის, არის სითხე, რომელსაც ის ბროლის გაპრიალებისას იყენებდა, იმ მიზნით, რომ კრისტალს გამჭვირვალობა და ბზვინვარება შეენარჩუნებინა.
ამგვარად აღჭურვილი იუველირი ბოჰემიიდან ტიროლში გადაბარგდა (ჩეხების სამწუხაროდა და ავსტრიელების გულის გასახარად) და პარიზელი ბანკირის, არმან კოსმანის დახმარებით საკუთარი წარმოებაც იქ გამართა. კომპანიას A. Kosman, Daniel Swartz & Co. დაარქვეს (შვარცი სვაროვსკის ნამდვილი გვარია) და სვაროვსკის კრისტალების დიდების ისტორიაც დაიწყო.
“სვაროვსკი” სვაროვსკების ოჯახური ბიზნესი იყო და, დიდწილად, დღესაც ასეთად რჩება. დანიელის გარდა კომპანიის მართვასა და კოლექციის შექმნაში მონაწილეობდნენ მისი მეუღლე, მარია, სიძე, ფრანც ვეისი, შვილები და შვილიშვილები.
ბროლის იმპერია, რომელსაც ამჟამად უკვე Swarovski AG ჰქვია და 120 წლისაა, აწარმოებს მსოფლიოში სახელგანთქმულ საიუველირო ნაკეთობებს კრისტალისგან (მთის ბროლისგან). ეს არის სამკაული, მინიატურული სკულპტურები (ფიგურები), ბინის დეკორი, საათები, სხვადასხვა ტიპის აქსესუარები, სანათები და განათების სისტემები, ოპტიკური ხელსაწყოები, ბროლის დამამუშავებელი დაზგები…
საიუველირო ნაკეთობათა მწარმოებელი პრაქტიკულად ყველა კომპანია, თუკი საქმე ბროლის ნაკეთობებს ეხება, “სვაროვსკის” კრისტალებს იყენებს. ცხადია ამის მიზეზი არა(მხოლოდ) სვაროვსკის იუველირთა მაღალი ოსტატობა ან ბროლის კრისტალის ხარისხია – კარგი იუველირები ბევრია და არც ბროლის საბადოები აქვს “სვაროვსკის” შემოღობილი – მთავარი მიზეზი ქვის დამუშავების უნიკალური ტექნოლოგიაა. როგორც ზემოთაც ვთქვი, დანიელ სვაროვსკის დაზგით (რომელიც წლების განმავლობაში მან და მისმა შთამომავლებმა რამდენჯერმე დახვეწეს და გააუმჯობესეს) კრისტალის გამორჩეული სიზუსტით დაწახნაგებაა შესაძლებელი – ბოლო თაობის დანადგარით გვერდითი წახნაგების რაოდენობა 14-ს აღწევს. მეორე მიზეზი ის ემულსიაა, რომელიც კრისტალს ბზვინვარებას უნარჩუნებს და ამღვრევისგან იცავს და რომლის შემადგენლობა კომპანიის ერთ-ერთი საიდუმლოებაა და კოკა-კოლას ფორმულასავით უფრთხილდებიან.
ცხადია, სხვა კომპანიის მიერ “სვაროვსკის” კრისტალებით წარმოებულ ნაკეთობებს, ისევ “სვაროვსკის” სვაროვსკი სჯობს. იმჰო. როგორც იტყვიან, ნიჭი და ტრადიციაც ჯერ არვის წაუშლია – სწორედ “სვაროვსკის” სამკაულს იყენებენ მოდის სახლები. პირველი მათგან კოკო შანელი იყო. დანიელ სვაროვსკის შვილიშვილი, მანფრედი კი თვით კრისტიან დიორმა მიიწვია თავისთან კოლექციაზე სამუშაოდ… “სვაროვსკის” თვლებით დაფარულ სმართფონებზე, ნოუთბუქებზე, აბაზანებზე და, ასე განსაჯეთ და, ავტომობილებზე არაფერს დავწერ… ადამიანის სიხარბესა და სიგიჟეს კიდეზღვარი არ აქვს.
მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ბროლის კრისტალიც, რა გასაკვირია რომ, სწორედ “სვაროვსკის” იუველირების დაწახნაგებულია – ამ მეორის ბზვინვარებით რომ დატკბეთ, მიკროსკოპი დაგჭირდებათ.
ზემოთ კოკო შანელთან თანამშრომლობა ვახსენე და მასა და დანიელ სვაროვსკის სხვაც ჰქონდათ საერთო – მაგალითად, ნაცისტებთან თანამშრომლობა. გასაკვირია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ში სვაროვსკი დიდი წარმატებით ვაჭრობდა, მიუხედავად იმისა, რომ ანშლუსირებული ავსტრია ფორმალურად გერმანიის მხარეს იბრძოდა და თავად დანიელი კი ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი იყო.
ერთი რამ ჰიტლერსა და სვაროვსკისაც ჰქონდათ საერთო. ავსტრიელობის გარდა. ჰიტლერი, როგორც ცნობილია, მხატვრობას აპირებდა და მსოფლიოს დაპყრობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამხატვრო აკადემიიდან გამოაბუნძულეს – უნიჭო ხარო. დანიელ სვაროვსკის მუსიკოსობა სურდა და ვიოლინოს დასაუფლებლად მუსიკალურ სასწავლებელსაც მიაკითხა, მაგრამ იქ… არა, არ დაიწუნეს, უბრალოდ გზად ელექტრო ხელსაწყოების მსოფლიო გამოფენაზე შეიარა და ედისონის გამოგონებების ხილვამ ტექნიკის თანამედროვე მიღწევების გამოყენებით ბროლის დაზგური დამუშავების იდეა შთააგონა.
სვაროვსკის კრისტალებზე არა და მის ბიოგრაფიაში სხვა ლაქებიც არის… მაგრამ ახლა ამაზე არაფერს დავწერ. თუ სურვილი გაქვთ, უჩემოდაც მოიძიებთ.
თავის ნაკეთობებზე კი კომპანია “სვაროვსკი” სამუდამო გარანტიას გასცემს – თუ, ვთქვათ, “სვაროვსკის” სამკაული შეიძინეთ, დარწმუნებულები იყავით, რომ კრისტალი არ აიმღვრევა, ბზვინვარებას არ დაკარგავს, არ გატყდება (ახლა მაინცდამაინც ჩაქუჩს ნუ ჩასცხებთ) და ბუდიდან არ ამოვარდება.
იმ 2’350 მაღაზიას შორის, რომელსაც კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის დათვლით “სვაროვსკის” ნაკეთობებით ვაჭრობის უფლება აქვს, ერთი თბილისშიცაა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
სხვათა შორის, ამ კომპანიის სახელწოდება და მისი დამფუძნებლის გვარი გამოითქმის, როგორც სვოროფსკი… მაგრამ ბლოგის ტრადიციას ვუღალატე ამჯერად და პოსტში ისე დავამახინჯე, როგორც დამახინჯებით გამოვთქვამთ.
Daniel Swarovski Biography: Crystal Stones That Shine Like Diamonds
ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ, თუ რატომ არის სვაროვსკი ყველაზე ცნობილი ბროლში. კარგი იუველირი მეგონა და გამომგონებელიც თუ იყო, არ ვიცოდი.
თბილისის მაღაზია, მგონი, საკმაოდ ძვირია და ისეთი მდიდარი არჩევანიც არ აქვთ, რაც სხვაგან მინახავს.
LikeLike
არჩევანი ჰო, ფასები – ევროპულის სმგავსია და ამერიკულზე იაფი.
მაგრამ რაც ლარსს ემართება მის ფონზე ეს სხვაობაც იშლება. თუ კიდევ არ გააძვირეს აქაც. 🙂
LikeLike
ბოდიში მომითხოვია თქვენთან და ლოპესი რა შუაშია? :)))
LikeLike
დააკვირდი კარგად და მიხვდები რა შვაშიცაა.
LikeLike
<3<3
LikeLiked by 1 person
რიანას კაბაც სვაროვსკის არ იყო? :დ

LikeLiked by 1 person
ქუდიც 🙂
LikeLiked by 1 person
მიყვარს ეს ბრენდი.
როგორც წესი ძალიან ლამაზი ნივთები აქვს, ოღონდ ნამდვილად არ ღირს საქართველოში შერჩევა, ფაქტიურად სულ ცარიელი აქვთ მაღაზია.
არ ვიცი ადრეც იყო და მე ვერ ვამჩნევდი თუ ახლახანს დაიწყეს გამოშვება, ულამაზესი შავ კრისტალიანი საათები აქვთ. ჰოდა კი ვიჩუქე ერთი ცალი ცოტა ხნის წინ 🙂 ისეთი ლამაზია, ლამისაა პუნქტუალური გავხდე მაგისი ხათრით 🙂
კარგი პოსტია ლორდ ❤
LikeLike
ჰო, ონლაინ შედარებაც არაა იმხელა არჩევანია. მაგრამ ახლახანს რომ ვეძებდი რაღაცას, კი გითხარი და ავარჩიე მაინც.
LikeLike
უი რა შეარჩიე მართლა? 🙂 თუ საიდუმლო არაა
LikeLike
დედაჩემს უყვარს სვაროვსკის თვლები : )))))
LikeLike