დიდების ხუთი წუთი

ხშირად ხდება ასე. სიმღერა გეცნობა, მომღერალს – ვერ იხსენებ. რადიოს ფენომენს ვეძახი ამ ამბავს. რადიოს ნონ-სტოპის ბრალია. თან ამ მუსიკოსთაგან ბევრის დიდების წუთებმა უკვე ჩაიარა და ისინი თითო სიმღერითღა შემორჩნენ ფლეილისტებს.

მოდი, ექსპერიმენტი ჩავატაროთ. მე ასეთ სიმღერებს შეგახსენებთ, თქვენ კი შემსრულებლის სხვა პოპულარული სიმღერ(ები)ა გაიხსენეთ. ::

დავიწყებ – ამით.

ფრანგი მომღერალი ფსევდონიმით დიზირლესი (Desireless) ბევრს, ალბათ ცოცხალიც აღარ ჰგონია, თუმცა კვლავ მართავს კონცერტებს და ალბომებსაც გამოსცემს. მაგრამ მეეჭვება ვინმემ, თუნდაც მის მშობლიურ საფრანგეთში გაიხსენოს, რას მღერის… იმ ერთი სიმღერის გარდა.

Voyage, Voyage 1986 წელს დაწერა დიუბუა-რივას ტანდემმა. იმ წლის დიზირლესის ალბომშია შესული და ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა (საკუთარ მუსიკალურ გემოვნებას რომ პატივს სცემს იმ) ქვეყნის ტოპ-ლისტი მოიარა. დღემდე გადასცემენ რადიოსადგურები, მათ შორის – ჩვენთანაც. ბევრი ქავერ-ვერსიაც არსებობს. ცინცხალ-ცინცხალიც. მოკლედ, სიმღერა ცოცხალია, შემსრულებლის სახელი კი ცოტას თუ ახსოვს. აწი – გეცოდინებათ. 🙂

ჯგუფზე მამას ენდ ფაფას (The Mamas & The Papas) მთელი პოსტი მაქვს დაწერილი. გასული საუკუნეების 60-იანების ძალიან პოპულარული ფოლკ-როკ ჯგუფი იყო… იყო, იმიტომ რომ დღეს მათ ჩანაწერებს იშვიათად გაიგონებთ, გარდა სიმღერისა Dream a Little Dream of Me, თუმცა ქავერები კი ჩნდება. მაგალითად, California Dreamin’, რომელიც სულ ახლახან ჩაწერა სიამ, სწორედ მამას ენდ ფაფას რეპერტუარიდანაა.

“დრიმ ე ლითლ” გერმანელ-ამერიკელი პოეტის გუს კანის ლექსზე დაწერეს კომპოზიტორებმა ანდრემ და შვანდტმა. ჯერკიდევ 1931 წელს. სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე გამღერებულ-გადამღერებული და გაქავერებულ-გადმოქავერებულია. ვის არ შეუსრულებია. ლუის და ელას. დორის დეის. ნათ ქინგ ქოულს. დღემდე ასრულებენ. მაგრამ The Mamas & The Papas-ის 1968 წელს ჩაწერილი ვერსია არის, იმჰო, საუკეთესო.

Venus – კიდევ ერთი ძალიან ცნობილი სიმღერა, რომელმაც 1970 წელს ააფეთქა მსოფლიოს ჩარტები. შოქინგ ბლუს (Shocking Blue) დამფუძნებელმა, ვან ლეუვენმა დაწერა. ამ ჰოლანდიურ ჯგუფზე ცალკე პოსტი მაქვს და აქ აღარ გავაგრძელებ. ვიტყვი მხოლოდ, რომ ბევრი კარგი სიმღერა ჰქონდათ, მაგრამ დღეს, ალბათ, მხოლოდ ეს ერთი ეცნობა ბევრს. სიმღერის პოპულარობას მრავალი ქავერ-ვერსიაც ადასტურებს. ერთი ქავერი ჯეი ლოსიცაა.

I Will Survive ყველა დროის ყველაზე ცნობილი დისკო-ჰიტია. ფერენმა და ფექარისმა დაწერეს 1978 წელს გლორია გეინორისთვის (Gloria Gaynor). ტოპ-ჩარტებში გეინორის სხვა სიმღერებიც მოხვედრილა, მაგრამ ვიღას ახსოვს… აი “მე გადავრჩები” კი მართლაც გადარჩა. არ ვიცი, რა ფენომენია – დღეს უკვე ხომ დისკოც აღარაა ცოცხალი, მაგრამ ამ სიმღერას კვლავ ატრიალებენ.

ეს სიმღერა ძელზე ყველა მოცეკვავემ იცის. 🙂 სემ ბრაუნმა (Sam Brown) დაწერა 1988 წელს სათონთან და ბროუდისთან ერთად და იმავე წელს გამოსცა კიდეც სინგლად. Stop! გაჩარტდა და დღემდე მოკრავთ ყურს რადიოსა თუ ფილმებში.

სემ ბრაუნს ბევრი სიმღერა და ლექსი აქვს თავისთვის თუ სხვისთვის დაწერილიც. მაგალითად ჯონ ლორდმა (დიახ, სწორედ “იმ” ჯონ ლორდმა) მთელი ალბომი გამოსცა, სადაც ყველა ტექსტის ავტორი სემ ბრაუნია.

ინგრიდი (In-Grid) აქამდე ფრანგი მეგონა. თურმე – იტალიელია. Tu es foutu (რაც შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც “შენ ხარ მო***ლი”) 2003 წელს დაწერა მარკო სონჩინისთან ერთად და სინგლად გამოსცა. ძალიან პოპულარული სიმღერა იყო ბევრგან და ჩვენთანაც გაუთავებლად ატრიალებდნენ.

სიმღერა, რომელსაც Lady Marmalade ჰქვია და გვეკითხება Voulez-vous coucher avec moi (ce soir)? (გსურს თუ არა ამაღამ ჩენმთან დაწოლაო) ორმა ამერიკელმა ქრიუმ და ნოლანმა შეთხზეს 1974 წელს და გოგონების ტრიომ Labelle ჩაწერა. ჯგუფის მთავარი ხმა ფათი ლაბელი იყო, ბექში კი ნონა ჰენდრიქსი მღეროდა – ჯიმის ყვავიჩხიკვიმამიდაბიძაშვილი. დღეს “მარმელადის” ქავერ-ვერსიები უფრო პოპულარულია, განსაკუთრებით – ფილმიდან “მულენ რუჟი”.

თონი ბრექსთონი (Toni Braxton) 90-იანების ვარსკვლავია. პირადად მე მისი კიდევ მინიმუმ ერთი სიმღერა ვიცი, 🙂 მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის დაშაქრული ბალადები არასდროს მომწონდა და არც ვუსმენდი, მაგრამ ლამაზი ქალია და იყოს სიაში.

Un-Break My Heart ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა დაიან უორენმა დაწერა. ბრექსთონს სიმღერა არ მოსწონდა, მაგრამ პროდიუსერებმა დაარწმუნეს – შენზეა ზედგამოჭრილიო. 1996 წელს ჩაწერა და – ენდე.

Kalimba de Luna ის შემთხვევაა, როცა ერთმა იტალიელმა მუსიკოსმა, ტონი ესპოზიტომ (Tony Esposito) 1984 წელს დაწერა სიმღერა, რომელიც ბევრად უფრო ცნობილი გახდა სხვისი შესრულებით. განსაკუთრებით – ბონი ემის ვარიანტი. მაგრამ ბონი ემის ბევრი სხვა სიმღერაც მოგვისმენია და დღესაც ისმის, ესპოზიტოსი კი – არა. ამ ერთის გარდა.

ტანიტა ტიკარამი (Tanita Tikaram) გერმანელი მუსიკოსია, Twist in My Sobriety კი მისი 1988 წლის დებიუტი და ყველაზე დიდი ჰიტი. სიმღერა იმდენად პოპულარული იყო, რომ სინგლის გამოცემიდან მეორე წელსვე თვით ლაიზა მინელიმ გააქავერა. სულ ბოლო ცნობილი ქავერი კი აგერ შარშან კარენ სოუზას ეკუთვნის.

შვედები ხშირად ახერხებენ ევროპისა და მსოფლიოს მუსიკალური ჩარტების დაპყრობას. The Final Countdown 25 ქვეყანაში გაჰიტდა. 1986 წელს დაწერა ჯოი ტემპესტმა, შეასრულა თავად და მისმა ჯგუფმა რომელსაც ერქვა ევროპა (Europe).

მელომანებმა, ეგებ, ნორვეგიული ჯგუფის ა-ჰა (A-Ha) სხვა პოპულარული სიმღერებიც გაიხსენონ, კი ჰქონიათ ერთი-ორი, მაგრამ მე – გამიჭირდება. Take On Me კი მშვენივრად მახსოვს. 1984 წელს გამოსცეს და ავტორებად ტრიოს სამივე წევრია მითითებული… მათ კი იმდენად რთული გვარები აქვთ, აქ ნუ დამამტვრევინებთ კლავიატურას. 🙂

სიმღერა, რომელიც ძალიან მიყვარს. და არაჩვეულებრივია ფილმიც, სადაც ჟღერს. Raindrops Keep Fallin’ on My Head დეივიდმა და ბაქარაქმა სპეციალურად დაწერეს ჯორჯ როი ჰილის 1969 წლის ვესტერნისთვის Butch Cassidy and the Sundance Kid. ასრულებს ბი ჯეი თომასი (B. J. Thomas).

იგლზ (Eagles) 70-იანების ცნობილი ჯგუფი იყო. შემდეგ დაიშალნენ, ისევ აიკრიბნენ და დღესაც მართავენ კონცერტებს, მაგრამ 1977 წლის Hotel California მათი ერთადერთი მეგა-ჰიტია, რომელიც ყველამ იცის, ყველას მოუსმენია ერთხელ მაინც, დღემდე ტრიალებს რადიო თუ ინტერნეტტალღებზე და ქავერებიც ბევრია.

თუ იგლზის ხსენება პატარა ხულიგნობა იყო, ახლა ძველი როკერები (თუკი ასეთები ჩემს ბლოგს კიდევ შემორჩნენ მკითხველებად) მეტყვიან – ხომ არ გასულელებულხარ, რაის ენიმალზიო… ჰო, ჯგუფ ენიმალზს (The Animals) ერთი ჰიტის ჯგუფს ვერ უწოდებ. პირადად მე აუდიოთეკაში მათი რამდენიმე ათეული სიმღერა მაქვს… თუმცა, ასეა ჩემი აუდიოთეკისა და შოქინგ ბლუსა თუ მამას ენდ ფაფაზის ამბავიც – მათი კომპოზიციებიც ბევრი მაქვს… ბევრისთვის კი ენიმალზი ამ ერთი სიმღერითაა ცნობილი. ცნობილი რა… ჯგუფი – უცნობია. სიმღერაა ცნობილი. 🙂
The House of the Rising Sun ენიმალზმა 1964 წელს შეასრულა პირველად. ეს სიმღერა ერთი იშვიათგანია ამგვარად გაჰიტებულთა შორის, ვისი ავტორიც უცნობია. როგორც ასეთ დროს ამბობენ – ტექსტი და მუსიკა: ხალხური. ენიმალზამდეც და ენიმალზის შემდეგაც ბევრს უმღერია, მათ შორის ბობ დილანსა და ნინა სიმოუნს, ბონ ჯოვისა და ჯიმი ჰენდრიქსს, დორზსა და თრეისი ჩეფმენს… მაგრამ ასე კარგად – არვის. სიმღერა რომ ვიცოდე, პირველი, რასაც ვიმღერდი, რაიზინგ სანი იქნებოდა. უთუოდ.
🙂

როკერებმა რომ არ დამძრახონ ენიმალზისეულ კიდევ ერთ ვერსიას დავამატებ – ახალს. და ამით შევახსენებ ყველას, რომ ერიქ ბარდონი ცოცხალია. და – როკენროლიც.


ბობი მაქფერინი (Bobby McFerrin) ძალიან ცნობილი და პატივცემული მუსიკოსია. პრიზებით დამშვენებული. მაგრამ თუ ჯაზს მაინცდამაინც არ ეტანებით (ასეთები კი უმრავლესობაა) მაშინ ის ერთი სიმღერის შემსრულებლის კლასიკური ვარიანტია. თუარადა, გაიხსენეთ სხვა. 🙂 Don’t Worry, Be Happy ბობიმ 1988 წელს დაწერა.

ეთნო მუსიკა, ეთნო-ჯაზი, ფოლკ-როკი ძალიან მიყვარს. აფრიკული – მითუფრო. ამიტომ ისუ ნ’დურის (Youssou N’Dour) ჩანაწერები დღეს უკვე ბევრი მაქვს მოსმენილი, თუმცა როდესაც მისი და ნენე ჩერის (Neneh Cherry) კლიპი ვნახე პირველად, წარმოდგენა არ მქონდა, ან ერთი ვინ იყო, ან – მეორე. 7 seconds ამ ორმა მუსიკოსმა დაწერა მათი 1994 წლის სინგლისთვის მაქვეისა და ჯონი დოლართან ერთად.

Sadeness (Part I) გერმანული ენიგმას (Enigma) 1990 წლის კომპოზიციაა. ავტორები არიან კრეტუ-გრეგორიანი-ფაირშტეინი. სოლისტი კი – სანდრა (სინამდვილეში ზანდრა ჰქვია, მაგრამ გერმანიის გარეთ სანდრად იცნობენ). 80-იანების დისკოს ვარსკვლავი იყო. შემდეგ სცენიდან გაქრა, სტილი შეიცვალა და ენიგმაში გამოჩნდა. კაცმა რომ თქვას, ენიგმას რამდენიმე ჰიტი აქვს, ბოლო-ბოლო სერიალ ნიკიტასა და ფილმ მატრიცაშია მათი კომპოზიციები, მაგრამ არ მგონია ახლა უცებ გაიხსენოთ, ამიტომ იყოს ამ პოსტში (სადაც ენიმალზი არ დავინდე…)… 🙂 თან კლიპში ძალიან ლამაზი ფრანგი მოდელი კატი ტასტეა.

Walk Like an Egyptian ჯგუფ ბანგლზის (The Bangles) ჰიტია. სთერნბეგრმა დაწერა 1984 წელს, იარა-იარა და ბოლოს ბანგლზის პროდიუსერის ხელში მოხვდა. მათ 86 წლის ალბომშია შესული და მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ჩარტის სათავეებში მოექცა. ამავე ალბომში კიდევ ერთი პოპულარული სიმღერაა, მოგვიანებით კი ბანგლზმა მესამე დიდი ჰიტიც დაიმატა… მაგრამ დღეს იმ ძველეგვიპტურით უფრო გაიხსენებენ ხოლმე… ისე კი ჯგუფი ცოცხალია და კონცერტებსაც მართავს. ეგაა რომ სოლისტი გამოცვალეს.

დიახ, რეპსაც ვუსმენდი. ხანდახან ახლაც ვუსმენ. 🙂 თუმცა, რაკი რეპისა და ჰიპ-ჰოპის დიდი მცოდნე ვერ ვარ, ბევრი იქნება მუსიკოსი ამ ჟანრში, რომლის მხოლოდ ერთი სიმღერა ვიცი მე, სხვისთვის კი ბევრია ცნობილი. მაგრამ სნოუს (Snow) შემთხვევაში, მგონი, არ ვცდები – ის მართლაც ერთი განარეპის კაცია. მაგიერ – რა განარეპის. 1993 წლის Informer იმ წლის მეგა-ჰიტი იყო. შემდეგ კი – მსგავსი ვერაფერი. თან – არც მოუკლავთ. 🙂 ცოცხალია და ისევ მღერის.

ეს კი 1981 წლის შედევრია. თუკი 80-იანებს მოესწარით – მოსმენილი გექნებათ. ყველგან ჟღერდა. პირადად მე ქობულეთის პლიაჟებიდან მახსოვს. 😉 შემსრულებელი არ ვიცოდი დღემდე, აგერ საგანგებოდ ამ პოსტისთვის მოვიძიე. გერმანული ჯგუფი ტრიო (Trio). კომპოზიციის სახელზე ბევრი არ უმტვრევიათ თავი. Da, da, da. არც – მუსიკაზე, მაგრამ კი გაჰიტდა და. 🙂 25-60-60.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ეჭვი არ შეგეპაროთ რომ სხვაც ბევრი მახსენდება. ლამბადები და მაკარენები. კეტჩუპები. მეხუთე მამბო. ლაიფ ის ლაიფი, ლედი ინ რედი და კიდევ ათასი უბედურება.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

6 thoughts on “დიდების ხუთი წუთი”

    1. ზეპელინებთან არ არის ეგეთი სხვაობა 🙂 ქაშმირი მაგალითად ასევე ყველას აქვს მოსმენილი, როკი სულ რომ არ უყვარს იმათაც.
      ენიმალზთან მაინც ძალიან დიდი გეფია რაიზინგ სანის და სხვა სიმღერების პოპულარობას შორის.

      ისეკი პირობითია მაინც ყველა ამ ტიპის პოსტი 🙂 ძალიან სერიოზულადაც ნუ მიიღებ კაცო

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: