დანამდვილებით არვინ იცის, თუ ვის მოაფიქრდა პირველს ყავის მარცვლებიდან უგემრიელესი სითხის მოხარშვა. ამბავი ეთიოპელ მწყემსზე, ქალდიზე, რომელმაც პირველმა შენიშნა ამ მცენარის მატონიზირებელი და მარგებელი ეფექტი, ალბათ, გვიანშეთხზული ლეგენდაა. სხვა გადმოცემა ყავის მოხარშვის იდეას შეიხ ომარს მიაწერს. შემდეგ ყავის მომგონთა რიგში კიდევ რამდენიმე პირი დგას და ნამდვილობას ჩემულობს… მაგრამ ის კია ცნობილი, თუ სად და როდის გაჩნდა პირველი ყავახანა – კონსტანტინოპოლში, მე-16 საუკუნის შუაწელს, სულთან სულეიმანის დროს.
ევროპაში ყავა ვენეციელმა ვაჭრებმა შემოიტანეს აფრიკიდან. რომაელებმა კი, არ ვიცი ვენეციელებთან ქიშპობისა და შურის გამო, თუ სხვა რამ მიზეზით, ყავის აკრძალვა მოიფიქრეს და იქაურმა სწავლულმა კაცებმა პაპ კლემენტს “მუსლიმური სასმელის” ასაკრძალად პეტიციითაც მიმართეს… მაგრამ პაპი კლემენტი გემოვნებიანი კაცი აღმოჩნდა, დაილოცოს მისი სახელი, ყავა გასინჯა, მოეწონა და 1600 წელს კურთხევაც მისცა. აქედან იწყება ყავის ევროპული დიდებაც… რომაელებმა, ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, ჭკუა იხმარეს და პირველი ევროპული ყავახანაც სწორედ მარადიულ ქალაქში, 1645 წელს გაიხსნა…
მიუხედავად პაპის კურთხევისა, ყავათმებრძოლთ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. ყველაზე საარაკო ამბავი შვედეთში მოხდა, როდესაც მეფე გუსტავ მესამემ შვედ სწავლულ კაცთა შეგონებით 1746 წელს ყავის “გადამეტებული” სმა სამეფო ედიქტით აკრძალა. ეს “გადამეტებული” რა იყო არ ვიცი. ჩანს, არც გუსტავმა იცოდა და საზღვრების დასადგენად სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება ბრძანა. ორ სიკვდილმისჯილს განაჩენი ყავისა და ჩაის სმით შეუცვალეს. მეტი სიზუსტისთვის ცდისპირნი ერთი ასაკისა შეარჩიეს. მეტიც – ძმები. და კიდევ მეტი – ტყუპისცალნი. ერთს დღეში სამ ფინჯან ყავას ასმევდნენ, მეორეს კი – ჩაის. მათ ჯანმრთელობას კი ექიმები აკვირდებოდნენ… აკვირდებოდნენ. აკვირდებოდნენ… დიდხანს აკვირდებოდნენ… ძალიან დიდხანს.
იმიტომ რომ მან, ვინც ჩაის სვამდა 83 წლამდე იცოცხლა და მისმა ყავისმსმელმა ტყუპისცალმა – კიდევ მეტი…
ასე დასრულდა დიდი სტოკჰოლმური ჯახი ყავა vs. სწავლული კაცები. გუსტავ მესამეს სხვა არაფერი დარჩენოდა და ამკრძალავი ედიქტი გააუქმა… თუმცა, რა ეშმაკად არ ვიცი და მისმა მემკვიდრემ, ისიც გუსტავი იყო, რიგით მეოთხე, ტახტზე ასვლა ძლივს მოასწრო, რომ ყავა ისევ აკრძალა.
დღეს, როდესაც სტატისტიკის თანახმად, შვედეთი მსოფლიოში ყველაზე ყავისმსელი ქვეყანაა, ალბათ ორივე გუსტავი საფლავში ტრიალებს. ერთი წაღმა, მეორე – უკუღმა.
დაბოლოს, კიდევ ერთი ადამიანი უნდა ვახსენოთ მადლით – ლვოველი პოლონელი ვაჭარი ერჟი ფრანციშეკ კულჩიცკი (Jerzy Franciszek Kulczycki), ვინც თურქების მიერ ალყაშემორტყმული ვენიდან მოკავშირეებთან დახმარების თხოვნის უსტარი მიიტანა. ამ დამსახურებისთვის, თურქების დამარცხების შემდეგ, კულჩიცკის ქალაქის მესვეურებმა ფულადი ჯილდო გადასცეს. კიდევ საბრძოლო ალაფადანაც ერგებოდა წილი და 300 ტომარა ყავის მარცვლები აირჩია. ასე იქცა ერჟი ფრანციშეკ კულჩიცკი ევროპელ ყავის მაგნატად. მისი განსაკუთრებული დამსახურება მაინც ისაა რომ, კარგი კულინარული ალღოს მქონემ, თურქული ყავის ევროპულ გემოზე
დაყენება მოახერხა – რძის დამატება დაიწყო. ასე გაჩნდა სახელგანთქმული “ყავა ვენურად”. სწორედ კულჩიცკის უნდა ვუმადლოდეთ ლატეს, კაპუჩინოს, მოკას დაბადებას… ეს ყველაფერი მოგვიანებით და მის გარეშე მოხდა, მაგრამ მთავარი ხომ რძისა და ყავის დამეგობრება იყო. შემდეგ კი, როგორც იტყვიან, უკვე ტექნიკის ამბავია. კულჩიცკის ყავახანას Hof zur Blauen Flasche (სახლი ლურჯი ბოთლის ქვეშ) ერქვა. დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ პირველი ევროპელი ყავის მაგისტრის სახელი უკვდავყოფილია ქუჩით ვენაში, ქანდაკებით, ყავის ფესტივალით, რომელიც ოქტომბერში იმართება და, რაც მთავარია, ჩვენი მადლიერი გულებით… თუ კუჭებით.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
კაპუჩინო და ლატე ჩემი სასმელია. ახლა მეცოდინება, ვინ მოვიხსენიო ლოცვებში :))
კრუასანიც ვენაში გაჩნდა, თუ არ მეშლება და დიდი თურქობის შედეგია ეგეც.
LikeLike
არის ეგ ვერსიაც, თუმცა კრუასანი ფრანგების მოგონილია. ახლა უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს 🙂 მოუგეს პროცესი სხვა კონკურენტებს.
LikeLike
ჩვენი ვენა ზესტაფონია. ყავახანების დედაქალაქი. 😉
LikeLike
ყავაზეც იგივე ამბავი ყოფილა ატეხილი, რაც ლუდზეა 🙂
LikeLike
ყავა, ვენა და იულიუს მეინლსაც ახსენებდი მეგონა 😉
LikeLike
კომენტარებს რა ჭირს ამ ბლოგზე? ახალ პოსტებზე ვერ ვოვებ კომენტარს და აქ რაც დავწერე არ ჩანს
LikeLike
აქ არ ვიყავი იმ ორშაბათს ეს პოსტი რომ გამოქვეყნდა, და გადამავიწყდა კომენტარების გადამოწმება 😦 მეა კულპა.
ახალ პოსტებზე დახურულია კომენტარები. ასეთი პოსტებია. უკომენტარო. 🙂 მერე გავხსნი მომავალში.
LikeLike