ორიოდ წლის წინ მსახიობმა რასელ ბრენდმა GQ Magazine-ის მამაკაცის დიზაინერთა წლის დაჯილდოებაზე სკანდალი მოაწყო… არა, ჩანგალი არვისთვის ჩაურტყამს, უბრალოდ სცენაზე ავიდა და განაცხადა, Hugo Boss-ის წარმომადგენლებს ვხედავ აქ და რა ჯილდოებს ელიან, ნამუსი დაუკარგავთ, მას შემდეგ, რაც SS-ის ფორმა შექმნეს აქ გამოსაჩენი ცხვირ-პირი არ აქვთო…
ჰუგო ბოსისა და ჰიმლერის მეგობრობის ამბავი ბევრჯერ მოგვისმენია ან წაგვიკითხავს. თუმცა ეს მხოლოდ ნახევარი სიმართლეა. კომპანია Hugo Boss ნამდვილად კერავდა ფორმებს SS-ისთვის, მაგრამ დიზაინერი ჰუგო ბოსი ამ ფორმების შემქმნელი არ ყოფილა. SS-ის ფორმებს, ისევე როგორც სხვა ატრიბუტიკას, თავისი ავტორი ყავს. დღეს უკვე ბევრისგან მივიწყებული… არცაა გასაკვირი. თუ ჰუგო ბოსი მუშაობდა SS-ისთვის, ეს ადამიანი თავად იყო SS. კარლ დიბიჩი (Karl Diebitsch) ვაფენ-სს-ის ობერფიურერი (მიახლოებით ბრიგადის გენერლის სამხედრო ჩინს უთანაბრდება), მხატვარი, სკულპტორი, დიზაინერი და ხელოვნების ისტორიკოსი, პროფესორი.
დიბიჩი პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, ფლოტის ოფიცერი და რკინის ჯვრის კავალერი იყო. ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში ლამის ჰიტლერთან ერთად გაწევრიანდა – 1920 წელს. 1933 წლიდან კი SS-ის წევრი გახდა და სათავეში ჩაუდგა ამ ორგანიზაციის ვიზუალური იმიჯის შექმნას. როგორც ზემოთაც ვთქვი, დიბიჩს ეკუთვნის SS-ის ფორმის დიზაინი. მანვე შექმნა სამხედრო რეგალიები SS-ისთვის, სხვადასხვა სახელობითი ჯილდოები, რომელსაც რაიხსფიურერი გადასცემდა ქვეშევრდომებს – ცეცხლსასროლი იარაღი, დაშნა, პორტსიგარა. დიბიჩმა შექმნა SS-ელის სააღლუმო ხმალიც.
- SS-ის ემბლემა, ორი მეხი გრაფიკოს ვალტერ ჰეკის (Walter Heck) შექმნილია.
დიბიჩს ეკუთვნის იმ გობელენის დიზაინი, რომელიც ჯერ რაიხსტაგში, შემდეგ კი ჰიმლერის კაბინეტში ეკიდა და დღეს აშშ-ში ინახება. დიბიჩი მიუნხენის კერამიკის ფაბრიკის მთავარი დიზაინერი, მოგვიანებით კი თანამფლობელიც იყო. მისი ნამუშევრები დღემდეა შემორჩენილი კერძო კოლექციებსა თუ სახელმწიფო საცავებში. ნაწილი ნაცისტური სიმბოლიკითაა დატვირთული, მაგრამ სრულიად უწყინარ ვაზებს, საფერფლეებსა თუ ცხოველების ქანდაკებებსაც კი მძიმე წარსულის დამღა ადევთ – დიბიჩის ფაბრიკა დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების შრომას იყენებდა. და ეს სულაც არ ყოფილა შინდლერის სიის ისტორია.
დიბიჩმა შექმნა არიული რასის კულტურის შემსწავლელი არქეოლოგიის ინსტიტუტის (Forschungsgemeinschaft Deutsches Ahnenerbe) ემბლემა. ხელმძღვანელობდა ხელოვნებისა და არქიტექტურის დეპარტამენტს, იყო რაიხის კულტურის სენატის წევრი.
არის რამდენიმე საფოსტო მარკის ავტორიც.
ინტერიერის დიზაინერიც იყო და რამდენიმე შენობის ფასადზეც უმუშავია, მაგალითად ერთ-ერთი უძველესი სამშენებლო-არქიტექტორული კომპანია Heinrich König & Co. KG-ს მიერ დამზადებული კვადლინბურგის ტაძრის სარკმელი კარლ დიბიჩის ესკიზებითაა შექმნილი.
1945 წლის შემდეგ დიბიჩის ისტორიაზე ინგლისურენოვანი ინტერნეტისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, შესაბამისად ვერც მე დავწერ. რაც ცხადია – დაღუპვასაც გადაურჩა და დაპატიმრებასაც. 60-იანებამდე თანამშრომლობდა კერამიკის ორ ფაბრიკასთან Porzellanfabrik Heinrich & Co. და C. M. Hutschenreuther AG – ამათგან პირველი კარგად იყო ცნობილი, მეორე კი მოდის ერთ-ერთი დამდგენიც კია ევროპაში. 1985 წელს გავიდა პენსიაში და ძირითადად ფერწერით იყო გატაცებული. გარდაიცვალა ფრიად სოლიდურ 86 წლის ასაკში.
ჰუგო ბოსი კი… მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მას ომით დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა მოუწია 100’000 მარკის ოდენობით. მისი მსახურება და დამსახურება ნაცისტური რეჟიმის წინაშე ერთობ გაბუქებულია. 1934-45 წლებში გერმანიაში წარმოებული უნიფორმების ყოველწლიურ კატალოგს გამოსცემდნენ Uniformen-Markt და, გაგიკვირდებათ, Hugo Boss-ს იქ ხსენების “პატივი” ერთხელაც არ ხვდა წილად. მაშინ, ალბათ, გულიც მოსდიოდა, სად ვარ მე, მე სად ვარო… მაგრამ ომის დასრულების შემდეგ ნამდვილად შვებით ამოისუნთქა. ბოსის ფაბრიკაში შრომის პირობები იდეალური არა, მაგრამ იქ მუშაობა გადარჩენის ტოლფასი იყო. ომის დასრულების შემდეგ, სასამართლო პროცესის დროს გამოჩნდნენ მოწმეები, ვინც ჰუგო ბოსმა სიკვდილისგან იხსნა, მაგალითად პოლონელი ქალი იოზეფა გისტერეკი, რომელიც ბოსის ფაბრიკის თერძი იყო, ერთხელ გზად მიმავალი პატრულმა დააპატიმრა. ჰუგო ბოსმა მოიკითხა მისი თანამშრომლის ბედი და იმდენი ქნა, სანამ პატიმრობიდან არ დაიხსნა და კვლავ ფაბრიკაში დააბრუნა.
ჰუგო ბოსი არ ყოფილა ჰიმლერის პირადი სტილისტი, როგორც ბევრი მიაწერდა. არც SS-ის ფორმის შექმნაში მიუღია მონაწილეობა… რომ ეთხოვათ, ალბათ, ვერც ამაზე იტყოდა უარს, მაგრამ არ სჭირდებოდათ – ჰიმლერს ყავდა კარლ დიბიჩი. აწ უკვე მივიწყებული გენია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
დიბიჩზე პოსტის დაწერა დიდი ხანია, რაც გადავწყვიტე. დავწერე კიდეც (თითქმის) და მეგდო დრაფტებში. შეიძლება, არც არასდროს გამომექვეყნებინა, რომარა 9 მაისი და ერმენეჯილდო ზენია. თავად იცის – რატომაც.
მესამე რეიხის არქეოლოგიაა საინტერესო თემა. თუ დაწერ მაგ თემაზეც პოსტს, სიამოვნებით წავიკითხავთ 😉
LikeLike
რუნები, გრაალი და ეგეთები? მართალი გითხრა არ ვარ მისტიციზმით დიდად გატაცებული და ეგეთი თემები ნაკლებად მაინტერესებს.
და არც მჯერა დიდად 🙂
LikeLike
წინასწარმეტყველების გჯერა ხანუსენზე რომ დაწერე პოსტი? :))
ესესის არქეოლოგია მაგარი თემაა. მეც ვუერთდები თხოვნას.
დაწერე. თუ გინდა ლინკებს გადმოგიყრი.
LikeLike
ჰანუსენი ნიჭიერი ადამიანი იყო და პიროვნება და ცხოვრება ჰქონდა ისეთი, გემრიელად გასაპოსტებელი. 🙂
ზოგადად მჩხიბავობა არ მაინტერესებს. თუნდაც მეცნიერულ კატეგორიაში აყვანილი. არ მჯერა მაგის. არც მისტიკური ამბების მჯერა. არც მაგიური რიტუალების. სხვა ამბავია, რომ რაღაც გაუგებარი რამეების თხრაში ბევრი მართლა ფასეული არტეფაკტი გამოთხარეს მესამე რაიხის ექსპედიციებმა. მაგრამ ეგ პროფესიონალი ისტორიკოსების და კულტურულოგების საქმეა. მე ვერ გავქაჩავ.
LikeLike
თან ინდიანა ჯონსიც გევასება. 🙂
LikeLiked by 1 person
კარგი პოსტია, მაგრამ SS სიმბოლო ორი მეხი არაა, არიული S რუნა არის სიტყვიდან Sieg – გამარჯვება. ჰეკმა უბრალოდ რუნები გამოიყენა და გამოვიდა ემბლემა.
LikeLike
ოკ მადლობა.
რუნები როა ვიცი, მაგრამ მეხს გავს 🙂
პოსტში დარჩეს როგორცაა, ასე იოლი მისახვედრია, რა ემბლემას ვგულისხმობ.
LikeLiked by 1 person
რა მაგარი პოსტია 🙂
აქამდე მეგონა, რომ ბოსმა შექმნა დიაზინი და აი, ეს ყველაფერი, რაც ჩამოთვალე. ეს რა მაგარი კარლი ჰყოლია ფიურერს, უყურე შენ 🙂
ნამდვილად უზადო ფორმა კი ჰქონდათ ისე მაგ მტარვალებს.
LikeLike
დიზაინის შედევრია ფორმა მთელი ატრიბუტიკით.
ისე, კიდევ ერთი შეცდომით დამკვიდრებული აზრია, რომ ესესის ძირითადი ფორმა იყო შავი. სინამდვილეში მთავარი ფორმა იყო თეთრი, მეორე ფორმა იყო შავი, რაც ფილმებში ჩანს ხოლმე ეგ და არაოფიციალური სამხედრო ფორმა იყო მწვანე და სხვა კამუფლიაჟური ფერის გააჩნია რა ფრონტზე იბრძოდნენ. ომი რომ დაიწყო, შემდეგ შემოვიდა ნაცრისფერი ფორმა შავის ნაცვლად.
LikeLike
აჰა. მუქი მწვანე ჰქონდათ საოცრება. თეთრი მგონი მხოლოდ უმაღლეს სამხედრო პირებს ეცვათ, არა?
LikeLike
მწვანე ვაფენ-ესესის ფორმა იყო, სამხედრო ნაწილების. ეგ ის ხალხია, ვინც ნიურნბერგში პატიმრობის დიდი ვადებს გადაურჩა დიდწილად. გენოციდში არ მონაწილეობდნენ და იბრძოდნენ ფრონტზე, თუმცა, ზოგიერთ ნაწილს მანდაც აქვს დიდი ცოდვები.
თეთრი ყველას ჰქონდა, საპარადო ფორმა იყო. მაგრამ არაპრაქტიკული იყო და უფრო შტაბში ვინც იყო იმათ ეცვათ ან ზეიმებზე.
სად იყო ამდენი ტაიდი და არიელი 🙂
LikeLiked by 1 person
თეთრი საპარადო ფორმა იყო და შავი ყოველდღიური.
ნაცრისფერი ფორმაც ქონდათ, ჰიმლერს და უმაღლეს სარდლობას ეცვათ ნაცრისფერი მუნდირები. წლების მიხედვითაც იცვლებოდა ფორმა. ომამდე სხვა ფორმა იყო და ომის დროს სს სამხედრო ნაწილები შეიქმნა იმათ სხვა ფორმები ქონდათ ნაცრისფერი და მწვანე. საჰაერო ნაწილებს კიდე ლურჯი
LikeLike
კი ეგრეა. ომის დროს მეტ-ნაკლებად უნიფიცირება მოხდა ფორმების. ვერმახტის თარგზე.
მაგრამ ეგ სხვა ამბავია – დიბიჩის დიზაინით იყო შავი და თეთრი.
კიდევ იყო სამეჯლისო ფორმა – რაღაც მუნდირსა და ფრაკს შორის. ოფიცრებისთვის. ეგეც დიბიჩის დიზაინით იყო.
LikeLike