მაიმუნის პროცესი

ამბოხის თეორია

John T Scopesდღეს ჯაზს უკრავ, ხვალ კი სამშობლოს გაყიდიო – ასე ამბობდნენ საბჭოელ სტილიაგებზე. გასული საუკუნის 20-იანები ამერიკაში სწორედ ასე, ჯაზისა და თავისუფლების და იმავდროულად რელიგიურ-ფუნდამენტალისტური ჯგუფების მომძლავრების ეპოქად იქცა. ფუნდამენტალისტებს ასე ეგონათ, ქვეყანა საფრთხეშია და ჩვენ თუ არ დავიცავით, რა კაცები ვიქნებითო. ახალგაზრდები გადაჯიშების გზას დგანან და იმ ტრადიციებსა და ფასეულობებს ანგრევენ, რაზეც ოდითგანვე დგას ამერიკაო. ფუნდამენტალისტები  საქმის ხალხი იყო და დროს უქმად არ ფლანგავდნენ – დასხდნენ და კრეაციონისტული კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც დარვინიზმის სწავლებას კრძალავდა. ლოგიკა მარტივი იყო – თუ ადამიანი ღვთის შვილია, ჯაზის ჰანგებზე არ ატლინკავდება, ყველის ვაჭარივით არ გაიკრიჭება და შორტებს არ ჩაიცვამს მაიმუნიშვილივით. დაწერეს ეს კანონპროექტი და 2 შტატში კანონადაც დაამტკიცეს. კიდევ 15-ში განხილვა მიმდინარეობდა.

1925 წელს ჯერი თენესიზე მიდგა. ფუნდამენტალისტების ლიდერმა, ორგანიზაცია “მსოფლიოს ფუნდამენტალისტ ქრისტიანთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ ბათლერმა კრეაციონისტული კანონპროექტი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში გაიტანა და კენჭისყრაშიც იმარჯვა. გუბერნატორს ეს ამბავი გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ ვეტოს გამოყენება ვერ გაბედა და კანონს ხელი მოაწერა. მაშინ ავანსცენაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ამერიკის სამოქალაქო უფლებათა კავშირი” გამოვიდა – ასე თქვეს, თუ გამოჩნდება მასწავლებელი, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, ჩვენ დავიცავთო (ბათლერის კანონი დარვინიზმის პროპაგანდისთვის 100-500 დოლარიან ჯარიმას აწესებდა).  და აი, პატარა ქალაქ დეითონში, სადაც სულ 1800 მაცხოვრებელი იყო, გამოჩნდა ასეთი ჯორჯ რაფლეია, ნიუ იორქში დაბადებული კაცი, დეითონში რომ გამოეგზავნათ მაღაროს სამართავად. მას ადგილობრივ ჩინოვნიკთან, უოლთერ უაითთან, ვინც სკოლებისა და განათლების საქმეს უძღვებოდა, კამათი შეემთხვა ანტი-დარვინისტულ კანონზე და რაფლეიამ უთხრა – მოდი, პროცესი მოვაწყოთ და ვნახოთ ერთი, რა გამოგვივაო. რაფლეიამ და უაითმა მონახეს მასწავლებელი ჯონ სქოუფსი, ვინც დასთანხმდა სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო. სთენლი ქრემერის ფილმში “მოიმკი ქარიშხალს” უაითი მგზნებარე და იდეური დარვინისტია, სინამდვილეში კი ბიოლოგიც არ ყოფილა. დამხმარე პედაგოგად მუშაობდა სკოლაში და მეტწილად გეოლოგიას ასწავლიდა, თუმცა ერთი-ორჯერ ბიოლოგიის გაკვეთილიც ჰქონდა ჩატარებული. მან საჯაროდ აღიარა, რომ “ბათლერის კანონის” აკრძალვა დაარღვია და დარვინიზმის დებულებები გააცნო მოსწავლეებს (არადა, ახლა ვიცით, რომ ეს ამბავი განგებ დაიბრალა). შტატი იძულებული გახდა მის წინააღმდეგ სარჩელი შეეტანა სასამართლოში და, ოსტაპის თქმისა არ იყოს, პროცესიც დაიწყო – როგორც ვხედავთ, სასამართლო პროცესი, რომელსაც დღეს “მაიმუნის პროცესად” ვიცნობთ, დიდწილად დადგმული იყო, უფრო ზუსტად – ხელოვნურად პროვოცირებული, მაგრამ შედეგები კი ძალიან მნიშვნელოვანი დადგა… თუმცა ამაზე – ქვემოთ.

Clarence Darrow during the Scopes Trialრაფლეიამ პროცესზე მიიწვია ჟურნალისტები, მეცნიერები, და სხვა, დღეს როგორც ვიტყოდით, ფეისები – მათ შორის ჰერბერთ უელსიც, რომელმაც პასუხად მოსწერა, თქმა არ უნდა, დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი თქვენთან, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა ქალაქიდან მწერთ, ამერიკაა, მარსია თუ სად ჯანდაბაში ხართო. სქოუფსს რამდენიმე ადვოკატი დაუქირავეს, ერთ-ერთი საკო-ვანცეტის ადვოკატი ჰეიზიც იყო, მაგრამ მთავარი დამცველი ქლარენს დეროუ გახლდათ, ალბათ, ყველაზე ცნობილი ვექილი იმ დროს. შტატს ევოლუციონიზმის დაუღალავი კრიტიკოსი, პროკურორი უილიამ ჯენინგს ბრაიან უმცროსი წარმოადგენდა. ისიც არ იყო ჯაბანი – პრეზიდენტობის კანდიდატიც ყოფილა და სახელმწიფო მდივნადაც მოესწრო მუშაობა. დღეს კონსერვატორებად და რელიგიურ ჯგუფებთან ახლოს რესპუბლიკელები მოიაზრებიან, მაგრამ ბრაიანი დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

“მაიმუნის პროცესი” 1925 წლის 10 ივლისს გაიმართა. ძალიან უცნაური პროცესი იყო. ზემოთ, ეგერ, დადგმულიც ვუწოდე. ეს იყო პროცესი, სადაც ვექილების მიზანი იყო “ცუდად” დაეცვათ ბრალდებული, რომ მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა. ამერიკაში, მოგეხსენებათ, პრეცედენტული სამართალია – სამოქალაქო აქტივისტებს სურდათ საქმე უზენაეს სასამართლომდე მიეტანათ და იქ მოეპოვებინათ გამარჯვება, რაც ყველა შტატისთვის სავალდებულო გახდებოდა. სწორედ ამიტომ დეროუმ უარი თქვა საბოლოო სიტყვაზე და სთხოვა ნაფიც მსაჯულებს დაედანაშაულებინათ ბრალდებული. ასეც მოხდა – სქოუფსს 100 დოლარის გადახდა მიუსაჯეს.

William Jennings Bryan speaking during the Scopes Trialორი წლის შემდეგ საქმემ თენესის უმაღლეს სასამართლოში გადაინაცვლა. აქ ფუნდამენტალისტებმა ჭკუა იხმარეს – 4-მა მოსამართლემ (3-1-ის წინააღმდეგ) საქმე დაშალა: სქოუფსის 100-დოლარიანი ჯარიმა გააუქმა, მაგრამ ბრალდებული არ გაუმართლებია. ამ გადაწყვეტილებამ საქმის უმაღლეს სასამართლოში გასაჩივრების საშუალება მოსპო, რის გამოც კიდევ 2 შტატის კანონმდებლებმა იყოჩაღეს და კრეაციონისტული კანონი მიიღეს, მაგრამ “მაიმუნის პროცესის” მნიშვნელობა მაინც უდიდესი იყო – მოხდა გარდატეხა და კანონს პრაქტიკულად არსად უმუშავია, მათ შორის – არც თენესიში.

სქოუფსმა მასწავლებლობას თავი ანება და მუშაობა ნავთობკომპანიებში განაგრძო როგორც გეოლოგმა.

პროცესის პირველი მსხვერპლი კი გახდა პროკურორი ბათლერი, რომელიც “მაიმუნის პროცესიდან” 5 დღეში გარდაიცვალა დიაბეტით.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Monkey Trial

ლინკი ფილმზე:
“მოიმკი ქარიშხალს” (1960)
“მოიმკი ქარიშხალს” (1999)

Advertisements

One thought on “მაიმუნის პროცესი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s