თანამედროვე ფოტოგრაფი, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ? მე თავად!
ბანი იგერი. საუბარი იორდან ტოდოროვთან, “ფლეიბოი”, დეკემბერი, 2014
ამბობენ, რომ პირველი ფოტოები “ფლეიბოისთვის” მას თავად ჰიუ ჰეფნერმა გადაუღო.
ამბობენ, რომ სწორედ მის საპატივცემულოდ ჰქვიათ “ფლეიბოის” გოგონებს “ბაჭიები”.
ამბობენ, რომ სწორედ მან შეარჩია ჟურნალისთვის პირველი “წლის გოგონა”.
ამბობენ, რომ მან მოიფიქრა სელფი.
ამბობენ, რომ მან აქცია ბეთი ფეიჯი ვარსკვლავად.
ამბობენ, რომ… ამბობენ კიარა, თავად ამბობს, რომ აისრულა ყველა ოცნება ერთის გარდა – მისი იდეალის, მერილინ მონროს ფოტოსესიის გადაღება ვერ მოასწრო.
ამბობენ, რომ… ვინ მოთვლის, რას აღარ ამბობენ. ბანი იგერზე (Bunny Yeager) მოდელსა და ფოტოგრაფზე. ყველაზე ცნობილ ქალ-ფოტოგრაფზე “ფლეიბოის” ისტორიაში.
ბევრი რამ ბანი იგერის ცხოვრებაში შემთხვევითობის წყალობით მოხდა. შემთხვევითობის და უსახსრობის. მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო-მოდელი გახდა, მაგრამ ფოტო-მოდელის კარიერაზე არასდროს უფიქრია. პირველი ფოტოებისთვის კი იმიტომ მიაკითხა სტუდიებს, რომ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღება და ფულადი ჯილდოს მოგება სურდა, იქ კი განაცხადთან ერთად ფოტოები მოსთხოვეს. მისი დროის ლეგენდარულ ფოტოგრაფად იქცა, მაგრამ არც პროფესიონალი ფოტოგრაფის კარიერაზე უოცნებია – უბრალოდ ერთხელაც დათვალა და ავტოპორტრეტის გადაღება უფრო იაფი დაუჯდებოდა, ვიდრე ფოტოგრაფების ქირაობა პორტფოლიოსთვის… ბანი იგერი, საერთოდ, ძალიან დინჯი და გონიერი გოგონა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებზე ძალიან თავქარიანს ჰგავს. სულ მალე მიხვდა, რომ ამ საქმის დიდი ნიჭი ჰქონდა. და საკუთარის გარდა მეგობარი მოდელების ფოტო-პორტფოლიოების შექმნაც დაიწყო. მისი, როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფის დაბადების წლად 1954 ითვლება (ბანი ამ დროს 25 წლის იყო), როდესაც ჟურნალ Eye-ს მარტის ნომერში მოდელ მარია სთინგერის ფოტოები დაიბეჭდა. ეს ფოტოები ბანი იგერის გადაღებული იყო და ძალიან მოეწონა ბეთი ფეიჯს. ბეთისა და ბანის თანამშრომლობის შედეგად 1000-ზე მეტი ფოტო გვაქვს. ამ ფოტოთაგან რამდენიმე ნამდვილი მარგალიტია ბეთი ფეიჯის უთვალავ ფოტოს შორის. უცნაურია, მაგრამ ბანი იგერს თავიდან წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ვის უღებდა.
ეს ამბავი კონკიას ამბავსა ჰგავს. თან – ერთბაშად სამი კონკიისა. ბეთი ფეიჯი დღესაა ფინ-აფის დედოფალი და ლეგენდა, თორემ 54-ში ის-ის იყო პოპულარობას შეეთამაშა. იგერიც დამწყები ფოტოგრაფი იყო და, კაცმა რომ თქვას, თავი ჯერ ფოტოგრაფიც არ ეგონა, უბრალოდ ფული სჭირდებოდა, კამერას აჩხაკუნებდა და, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, უპრაკუნოდ აგზავნიდა აქეთ-იქეთ ჟურნალებში ფოტოებს – ეგებადა ვინმეს შევასაღო და ცოტა ჰონორარს გამოვკრა ხელიო. 10-დან 9 შემთხვევაში, როგორც იგონებს, უარი მოსდიოდა. ერთი Еye-მ მოუწონა ნახელავი და მეორე – Playboy-მ. და ეს “ფლეიბოიც” დღესაა რომ ფლეიბოობს, თორემ 54-ში სულ ერთი წლის წინ დაარსებული ჟურნალი იყო. ასე შეიყარა სამი კონკია… (ან ორი კონკია და ერთი მაწანწალა – ჰიუ ჰეფნერი) და აიხდინა ამერიკული ოცნება.
ბეთი ფეიჯის საშობაო ფოტო, რომელიც ბანი იგერმა გადაიღო და ჰეფნერმა მისი ჟურნალის 1955 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა სამივესთვის საეტაპოა. ამ ნომრის გაყიდვებმა ყველა რეკორდი დაამხო. იგერს “ფლეიბოიში” ფოტოგრაფის კონტრაქტი შეთავაზეს, ბეთი ფეიჯს წინადადება წინადადებაზე მოსდიოდა და ამავე წელს მან “მის ფინ-აფის” ტიტულიც მოიპოვა. ფოტო კი… ეს ფოტო “ფლეიბოის” ფოტოთაგან ერთი ყველაზე ცნობილთაგანია, ჟანრის კლასიკა, რომელიც მოგვიანებით რამდენიმე მოდელმა დაარიმეიქა.
1956 წელს “ფლეიბოიში” დაიბეჭდა ჟურნალისთვის კიდევ ერთი “საეტაპო” ნამუშევარი – მოდელ ლიზა უინთერზის ფოტო. მოგვიანებით სწორედ ლიზა გახდა ჟურნალის ისტორიაში პირველი “წლის გოგო”. რა თქმა უნდა, ეს ფოტო ბანი იგერმა გადაიღო. და ლიზაც სწორედ ბანიმ აღმოაჩინა. ქუჩაში, ავტობუსის გაჩერებაზე.
კიდევ ერთი ლეგენდარული ფოტო. ვისაც ბონდიანა უყვარს ან ჩემი პოსტები ბონდიანაზე – ნამდვილად ეცოდინება.
ურსულა ანდრესი ფილმიდან “დოქტორი ნო”… ფოტოს ავტორი – ბანი იგერი. კადრიც მისი დადგმულია – ყველაზე ცნობილი კადრი ბონდიანის ისტორიაში. თუკი აქამდე ვერ დაგარწმუნეთ, თუ რა ნიჭის ადამიანთან გვაქვს საქმე, ახლა, მგონი, ეჭვები აღარ დაგრჩათ! (ბანიმ თავადაც გაიელვა რამდენიმე ფილმში, თუმცა როგორც მსახიობს დიდი კვალი არ დაუტოვებია).
“ფლეიბოის” გარდა სხვა ჟურნალებთანაც თანამშრომლობდა: Cosmopolitan, Esquire. უღებდა მამაკაცებსაც, მათ შორის ნიუ-ს. მაგრამ, ცხადია, პირველ ყოვლისა მაინც “ფლეიბოის” ფოტოგრაფია. და ასე შემორჩა ისტორიას. 1992 წლის დეკემბრის “ფლეიბოი” ჰიუ ჰეფნერმა მის ყველაზე ცნობილ ქალ-ფოტოგრაფს მიუძღვნა. ამ ნომერში ბანი იგერის მშვენიერი ნამუშევრების მშვენიერი რეტროსპექტივაა. თუმცა, თავად ბანი იმხანად უკვე აღარ მუშაობდა ჟურნალში. 60-იანების ბოლოდან მოყოლებული თითქმის აღარ იღებდა ფოტოებს, ძირითადად მასტერ-კლასებს მართავდა და წიგნებზე მუშაობდა. ბევრი წიგნის ავტორია. როგორ უნდა გადაუღოთ ფოტო ქალს? წაიკითხეთ “ქალის სხეულის ფოტოგრაფია” (Photographing the Female Figure, 1957). როგორ უნდა გადაიღოთ სელფი? ამისთვის უნდა წაიკითხოთ “როგორ ვიღებდი ავტოპორტრეტებს” (How I Photograph Myself, 1964)… ჩვენებური მწერალი და ნამინისტრალი კაცი ვიცი, ვისაც ნამდვილად აქვს წაკითხული. ერთი წიგნი იმაზეც აქვს, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ქალმა წერწეტი სხეული და წონა ყველა ასაკში (The Amazing 600 Calorie Model’s Diet, 1980).
90-იანებში ამერიკისა და ევროპის პრესტიჟულმა მუზეუმებმა, როგორც იყო, გაუღეს კარი ბანი იგერის ნამუშევრებს. დღეს უკვე აღარვინ დავობს, რომ ფოტოგრაფია ხელოვნებაა და ფინ-აფი და ნიუ – მისი განუყოფელი ნაწილი. და რაკი ასეა, ბანი იგერი მართალია, როდესაც ამბობს:
ჩემი სახელი ისტორიაში დარჩება. არვინ მეგულება ჩემი მსგავსი, ამიტომ, ვფიქრობ, ისტორიის ნაწილად ვიქცევი.”საუბარი იორდან ტოდოროვთან, “ფლეიბოი”, 2014
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
პირველ ფოტოზე როგორ გავს მონროს. 🙂 ნიჭიერთან ერთად ლამაზი ქალიც ყოფილა.
LikeLiked by 1 person
ბოლო ფოტოზე არ გავს რო? 🙂
მართლაც ლამაზი ქალი იყო ნამეტნავად. პოსტის დაწერაც რომ გაგეხარდება, ისეთი 🙂
LikeLike
ლამაზი ბაჭიაა, მაგრამ მე მონროს ვერ მივამსგავსე. 🙂
LikeLiked by 1 person
ვარცხნილობის ამბავია 🙂
LikeLike
ფლეიბოის სიმბოლოა ბაჭია და ფლეიბოის მოდელებს ამიტომ ქვია ბაჭიები
LikeLike
❤
LikeLiked by 1 person
ფლეიბოიში თუ ქალი ფოტოგრაფებიც მუშაობდნენ, არ წარმომედგინა. რა საინტერესო ადამიანი ყოფილა ამასთან.
LikeLike
მამაკაცები მეტია, მაგრამ ქალებიც არიან, როგორც ხედავ. ქალს უფრო ობიექტური თვალი აქვს და ცივი გონება ამ დროს 🙂 მამაკაცს ემოციებმა შეიძლება ხელი შეუშალოს კარგი კადრის დაყენებაში :))
LikeLike
მაგარი ვინმეა 🙂
ჰგავს კი არა მონროს ორეულია ჩემს თვალში. უბრალოდ ტანი კიდევ უფრო დახვეწილი აქვს, მონრო უფრო ფუმფულა იყო.
მაგარი ქალია და მაგარი პოსტია ❤
LikeLiked by 1 person
უნდა გამოვტყდე და ასეთი პოსტების დაწერა განსაკუთრებით მიყვარს. საინტერესო ადამიანს რომ აღმოვაჩენ ხოლმე.
LikeLiked by 1 person
მონროზე სხვაგანაც დავწერე… სხვა კომენტარის პასუხად, მგონი ბიბიზე… მოკლედ რა თქმა უნდა, მონროს ჰქონდა მრგვალი ფორმები, მაგრამ წელი წვრილი ჰქონდა და საერთოდ უფრო ფუმფულა ჩანდა, ვიდრე იყო. სიმაღლის გამო.
დაბალი იყო და მისი ფორმების გამო ამ დროს ვიზუალურად ტყუვდები რომ უყურებ.
LikeLike