ჯაშუშთა თამაშები
1972 წელს აშშ სამხედრო ატაშემ ბონში მიიღო უცნაური წერილი, რომელშიც ვინმე, ვინც საკუთარ თავს წარადგენდა როგორც პატრიოტსა და ოფიცერს კომუნისტური ქვეყნიდან, გამოთქვამდა სურვილს გადაეცა ამერიკელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ითხოვდა შეხვედრას. ასეთი შეხვედრა მართლაც შედგა. ქალაქ ჰააგაში. და ადამიანი, რომელიც ამ შეხვედრაზე მივიდა, სულ მალე იქცა დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ პარტნიორად ვარშავის ბლოკში. მას კოდურ სახელად შეურჩიეს ჯექ სთრონგი, ხოლო ნამდვილი სახელი იყო რიშარდ ეჟი კუკლინსკი (Ryszard Jerzy Kukliński), პოლონეთის არმიის პოლკოვნიკი, გენერალური შტაბის სტრატეგიული თავდაცვის დაგეგმვის ცენტრის ანალიტიკოსი.
კუკლინსკის ხელი მიუწვდებოდა ზესაიდუმლო სამხედრო ინფორმაციაზე. ის იყო ერთ-ერთი, ვინც მონაწილეობდა ოპერაცია “დუნაის” დაგეგმვაში (საბჭოთა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების სამხედრო ნაწილების ინტერვენცია ჩეხოსლოვაკიაში, ე.წ. “პრაღის გაზაფხულის” სისხლიანი დასასრული), წარმოადგენდა პოლონეთის არმიას და ახორციელებდა ოპერატიულ კავშირს საბჭოთა გენერალურ შტაბთან.
სამხედრო კარიერა კუკლინსკიმ მამის ხსოვნის პატივსაცემად აირჩია. მამამისი პოლონელი კომუნისტი და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო და ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში დაასრულა სიცოცხლე. კუკლინსკის სწამდა მარქსისტული იდეალების და ჩეხოსლოვაკიაში დაწყებულ ლიბერალიზაციას დასავლური სპეცსამსახურების მიერ მომზადებულ ანტისახალხო შეთქმულებად მიიჩნევდა. სწორედ ამიტომ, როდესაც ოპერაცია “დუნაის” მომზადება დაიწყო, ისიც ჩაერთო საქმეში და თავისი წვლილიც შეიტანა, როგორც ფიქრობდა ჩეხი და სლოვაკი ხალხის გადარჩენის საქმეში, მაგრამ “დუნაი” არამხოლოდ “პრაღის გაზაფხულის” დასასრული იყო, ის აღმოჩნდა პოლკოვნიკ კუკლინსკის კომუნისტური იდეალების მსხვრევის დასაწყისიც. რიშარდ კუკლინსკი 2 წლის განმავლობაში ებრძოდა საკუთარ თავს და არვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ეს ბრძოლა, რომარა 1970 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები პოლონეთში და მათი სისხლიანი ჩახშობა სახალხო მილიციისა და არმიის მიერ.
ფოტოზე: პოლკოვნიკი კუკლინსკი (ცენტრში) სსრკ თავდაცვის მინისტრ, მარშალ უსტინოვთან (მარცხნივ) ერთად.
70-71 წლებში პოლკოვნიკმა კუკლინსკიმ რამდენჯერმე სცადა დაკავშირებოდა აშშ სამხედრო ხელმძღვანელობას ევროპაში, მაგრამ – ამაოდ. ამერიკელები ანონიმს ეჭვისთვალით უყურებდნენ და მტრული ბანაკის დაზვერვის პროვოკაცია ეგონათ. გადამწყვეტი ის ზემოთ ნახსენები წერილი გახდა (ამ შემთხვევაში ოფიციალური ვებ-გვერდისა და ახლახანს გამოსული ფილმის მონაცემებს ვენდობი, თორემ უფრო ადრეული თარიღებიც შემხვდა სხვადასხვა რესურსებზე). კუკლინსკიმ თავიდანვე განაცხადა უარი ანაზღაურებაზე, ამბობდა, რომ მისი სურვილია, მესამე მსოფლიო ომი ააცილოს სამყაროს და მილიონობით ადამიანი აღარ დაობლდეს ისე, როგორც ის დააობლა მეორე მსოფლიო ომმა. თავს მიიჩნევდა პოლონელ პატრიოტად, რომელიც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და საბჭოთა გენშტაბთან ურთიერთობამ დაარწმუნა, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობა ფიქციაა და საბჭოთა ჯარები მის ქვეყანაში სამოკავშირეო კიარა საოკუპაციო მიზნით იმყოფებიან… რიშარდ კუკლინსკი არ უწოდებდა თავს ჯაშუშს, ამბობდა, რომ ამერიკელების პარტნიორია. მის მიერ ამერიკელთათვის გადაცემული ინფორმაციის სრული მოცულობა და შინაარსი დღემდე გასაიდუმლოებულია. “კუკლინსკის მასალები” მიახლოებით 40’000 გვერდს მოიცავს და ეხება საბჭოთა და ვარშავის ბლოკის ჯარების დასავლეთ ბერლინსა და დასავლეთ გერმანიის მიმართულებით შეტევის სტრატეგიულ გეგმებს, მონაცემებს საბჭოთა ანტი-საჰაერო ბაზების შესახებ პოლონეთსა და აღმოსავლეთ გერმანიაში, ინფორმაციას საბჭოთა ჯარების მიერ ევროპაში გამოყენებული თანამგზავრული დაზვერვის საწინააღმდეგო მეთოდების შესახებ და დოკუმენტაციას უახლეს საბჭოურ სამხედრო ტექნოლოგიებზე. კუკლინსკის ფასი და მნიშვნელობა აშშ დაზვერვისთვის იმდენად დიდი იყო, რომ პრეზიდენტმა ქლინთონმა პრეზიდენტ კვასნევსკის ისიც კი განუცხადა, რომ სანამ პოლკოვნიკი კუკლინსკის მიმართ პოლონური სასამართლოს მიერ 1984 წელს გამოტანილი განაჩენი ძალაშია და ის არ არის გამართლებული და რეაბილიტირებული, აშშ მხარს ვერ დაუჭერს პოლონეთის გაწევრიანებას ნატოში.
ახლა კი, ვისაც ფილმ Jack Strong-ის ნახვა სურს, პოსტის კითხვა აქ უნდა შეწყვიტოს, თორემ დასფოილერდება მწარედ.
1984 წელს პოლკოვნიკ რიშარდ კუკლინსკის პოლონეთის სამხედრო ტრიბუნალმა სიკვდილი მიუსჯა, მაგრამ ამ დროს თავად განსასჯელი უკვე ამერიკაში იმყოფებოდა. 1981 წელს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ წარმატებით აამოქმედა ევაკუაციის გეგმა და ჯექ სთრონგი ცოლ-შვილთან ერთად საელჩოს ავტომობილით დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე გადაიყვანა, საიდანაც აშშ-ში გადააფრინა.
1995 წელს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. რიშარდ ეჟი კუკლინსკი პოლონეთს 1998 წელს ეწვია. 1999 წელს კი პოლონეთი აშშ-სა და სხვა დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდა…
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
პოლკოვნიკ კუკლინსკის რეაბილიტაციას ამდენი ხანი იმიტომ დასჭირდა, რომ ბევრი, უცხოეთის დაზვერვასთან თანამშრომლობის გამო, მოღალატედ მიიჩნევდა, მათ შორის იყო, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ლეხ ვალენსაც… ჩემი გადმოსახედიდან კი, პოლონეთის ინტერესებს ის ღალატობდა მაშინ, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში ინტერვენციის გეგმაზე მუშაობდა. მაგრამ ეს ცოდვა გამოისყიდა 70-იანებიდან მოყოლებული. სიცოცხლის რისკის ფასად.
Jack Strong (ფილმი)
მაგარი ისტორიაა 🙂
პოსტის კითხვა შეწყვიტეთ რა პონტია, სუპერ-სადისტური მოწოდებაა ლორდ.
ისე, სიამოვნებით ვიხილავდი მსგავს “მოღალატეებს” დღევანდელ ხელისუფლებაშიც და რაც შეიძლება ბევრს. მაგრამ სადაა…
LikeLike
რეებს წერ. გინდა ახლა ჭიკა შემომივარდეს ბლოგზე? 😦
LikeLiked by 1 person
უი ჭიკა მაგას ჯანდაბა
LikeLiked by 1 person
ნუ ღელავ, ვაიბერს ვერ უსმენენ 😉
LikeLike
ეგეთი მოღალატე იყო ალასანია და გაანეიტრალეს.
LikeLike
მოდი, ამ თემას ნუ გავაგრძელებთ, თორემ გაფეისბუქდება აქაურობა.
LikeLike
მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმში მოტივი არ იყო კარგად გაშლილი, შენი პოსტიდან მეტი დეტალები ჩანს. 😉 მაგრამ მაინც კარგი ფილმია.
LikeLike