არის ასეთი ფილმი “ცოფიანი ძაღლი და გლორია” რობერთ დე ნიროს, უმა თურმანისა და ბილ მიურეის მონაწილეობით. დე ნიროს გმირი პოლიციელია, რომელიც განგსტერების ბოსს (მიურეის) გადაარჩენს, ის კი მადლიერების ნიშნად უმა თურმანს უფეშქაშებს ერთი კვირით. მეორე დილით დე ნირო გამოძახებაზე გადის. წარმოიდგინეთ ბარი, სადაც კრიმინალური გარჩევა მოხდა. ირგვლივ სისხლის გუბეები დგას. კედელზე ტვინია მისხმული. იატაკზე ვიღაცის ფილტვი აგდია. დე ნირო კი მშვიდად გადაალაჯებს, მუსიკალურ ავტომატთან მიდის, მონეტას აგდებს და იქედან წამოსული სიმღერის ჰანგებს მხიარულად აყოლებს ხმას. ბედნიერია კაცი – წინა ღამე ხომ უმასთან გაატარა.
სიმღერა, რომლის ხასიათზეც უმა თურმანთან გატარებული ღამე მოგიყვანთ, ლუი პრიმას “ბოზი ბოზი ბაა” AKA Just A Gigolo.
ლუი პრიმა სიცილიელია. მართალია, თავად ნიუ ორლეანში დაიბადა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე სიცილიელად დარჩა. ყოველი კონცერტის დროს ამბობდა, იტალო-ამერიკელი ვარ, მადლობა მამას, მადლობა დედას და მშობლიურ სიცილიასო. მუსიკალური ოჯახიდან იყო, მისი დედ-მამაც უკრავდა და ძმაც, ამიტომ სულ პატარა იყო, მშობლებმა მუსიკის პედაგოგი რომ დაუქირავეს. უკრავდა ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე, საყვირზე. კლასიკურ მუსიკას გული ვერ დაუდო და მისი დიდი სეხნიის გზას გაჰყვა – ჯაზს უკრავდა. მეტადრე – სვინგს. 30-იანებში ამღერდა და გარდაცვალებამდე სცენაზე იდგა – მთელი 40 წელი.
პრიმა იყო დიდი შოუმენი, ჯამბაზი, იმპროვიზაციების მამა და მწარე ენის პატრონი. ლას ვეგასში მისი შოუ კვირაში 5-ჯერ იმართებოდა და, როგორც იგონებენ, თითოეული კონცერტი გამორჩეული იყო და წინას არა ჰგავდა. პრიმა იყო საკუთარი შოუს რეჟისორიც, მომღერალიც, მუსიკოსიც, ბენდლიდერიცა და სთენდ-აფ კომედიანტიც. ხშირად სტუმრობდა ტელე-სტუდიებს, პრეზიდენტ ქენედის პირადი მიწვევით მონაწილეობდა მის საინაგურაციო საღამოში. არაერთი მუსიკალური ჯილდო ჰქონდა, მათ შორის – გრემიც, 1966 წელს კი უოლთ დიზნის თხოვნით მაიმუნების მეფე გაახმოვანა “ჯუნგლების წიგნში”. შემდეგ კიდევ რამდენიმე კომპოზიცია ჩაწერა დიზნის სტუდიისთვის, მათ შორის – ვინი პუჰის თავგადასავლებისთვის.
თავადაც მიიწვიეს ფილმში. “უორნერ ბრაზერსი” 75’000-იან ჰონორარს სთავაზობდა. პრიმამ შორს დაიჭირა – 100’000 ნაკლებად ფეხს არ მოვიცვლიო და თან როლი თუ არ მომეწონა, ჩემებურად გადავწერო. იმათ უთხრეს – ეგეთ რამეს თვით ფრენკ სინატრაც კი არ ითხოვსო. არ ითხოვს და კისერიც უტეხია და თქვენც კარგად მეყოლეთო.
უცნაური კაცი იყო. შეეძლო, ერთ დღეს მთელი ჰონორარი ვეტერანთა ჰოსპიტლისთვის გადაერიცხა, მაგრამ სხვა დღეს კაპიკს ვერ გააგდებინებდი. ცოლს რომ გაშორდა, ადვოკატები სთავაზობდნენ წელიწადში 15’000-ზე მორიგებულიყვნენ მეუღლის სასარგებლოდ. პრიმა გაჯიუტდა – ცენტსაც ვერ მიიღებსო. იმდენი იდავა და იჩხუბა, სანამ 45’000-ზე დათანხმება არ მოუწია.
მიუხედავად უამრავი ჰიტისა, პრიმა მაინც არ მიიღო იმდროინდელმა ჯაზურმა ელიტამ. არ ვიცი – რატომ. სამ იტალო-ამერიკელ სვინგერსა და ვოკალისტს შორის – ბენეტი, სინატრა და პრიმა – ლუი ყველაზე დაჩაგრულია. ჯილდოებითაც. ალბომთა ტირაჟებითაც. დიდებითაც. აბა მისი ერთი გრემი რა მოსატანია, როცა ტონი ბენეტს 18 აქვს? ალბათ ძალიან ხშირად იგესლებოდა, მეტისმეტად ჯამბაზობდა და ზედმეტად ბევრს საუბრობდა საკუთარ თავზე. შესაძლოა იმის გამო, რომ მუდამ მხიარულსა და ენაკვიმატს, ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა (აკი სულ ამას ამბობდა – სიცილიელად დავრჩიო), ცოტა უჟმური და ცოტა შურისმგებელი. ერთხელ მეუღლეზე, ქელი სმითზე გულმოსული, კონცერტზე არ გამოცხადდა, არადა ბენდს უნდა გაძღოლოდა. მუსიკოსებს, ცოლებს, მეგობრებსა და ხელთათმანებს ხშირად იცვლიდა. მაგრამ განსაკუთრებით მაინც – ცოლებს. 5-ჯერ დაქორწინდა ოფიციალურად. ქელი მისი მე-4 ცოლი იყო. ქელი სმითისა და ლუი პრიმას ცოლ-ქმრობისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის წლები ყველაზე ნაყოფიერი იყო მუსიკოსისთვის. მათი ხმები და შესრულების მანერა არაჩვეულებრივად უხდებოდა ერთმანეთს.
მის საფლავზე ნიუ ორლეანში ანგელოზის ქანდაკება დგას. ანგელოზები ეჟვანზე უკრავენ ხოლმე, მაგრამ პრიმას ანგელოზი, რა თქმა უნდა, საყვირზე უკრავს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ზუსტად ის შემთხვევაა, როცა სიმღერები იცი და შემსრულებელი კი – არა. 🙂
მადლობა შენ ახლა მეცოდინება.
LikeLiked by 1 person
ჰო, ბევრია ეგეთი სიმღერა. 🙂
თითქოს მოგწონს და ცნობ, მაგრამ ისე ვერ წამოგიკიდა, რომ მოძებნო ვინაა და რაა 🙂
LikeLike
მეც ასე ვარ – სიმღერები ნაცნობი, შემსრულებელზე ახლა გავიგე:)
LikeLike