ყველაფერი გენიალური – მარტივია.
ჭკვიანი კაცი.
არ ვიცი, რას ჩავიცვამდი ზაფხულში, გასული საუკუნის 20-იან წლებში რენე ლაკოსტს პოლო რომ არ გამოეგონებინა. ალბათ – ვერაფერს. 🙂 პოლო არის ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური სამოსი, რაც არსებობს, რომელიც უხდება ყველას და ყველაფერს. ამაზე დემოკრატიული ტანსაცმელი ერთი-ორი და მორჩა. გინდა ამოჩაჩული ჩაიცვი, გინდა – ჩატანებული. გინდა დაჭმუჭნული, დაგინდ – გაწკეპილი. გინდა ჯინსზე, გინდა ველვეტზე, გინდა – სხვა შარვალზე. გინდა ბრიჯზე. გინდა – შორტზე. გინდა პიჯაკი მოიცვი ზედ, გინდა – კარდიგანი, გინდა – სვიტერი. მარტივი სამოსია და ამავე დროს რა ფანტაზიის გაქანებას გაძლევს. იმხელა გაქანებას, რომ პოლო ხელოვნების ნიმუშადაც იქცა. სხვა კომპანიებმაც გამოიდეს თავი, მაგრამ მეტადრე მაინც “ლაკოსტის” ხელში.
კრისტოფ ლემერმა ახლახანს ბოლო ჩვენება გამართა Hermes-ის ლეიბლის ქვეშ. არ ვიცი, რა მიიტანა ლემერმა “ერმეში”, ნამდვილად არ დავინტერესებულვარ და არც ამის მიზეზი მქონია, მაგრამ “ლაკოსტმა” მის ხელში ცვლილებები ნამდვილად განიცადა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ბოლო-ბოლო მთელი 10 წელი იყო “ლაკოსტის” კრეატიული დირექტორი. ამ წლების განმავლობაში ფრანგული ბრენდი და მისი პოლო, ალბათ, გახდა კიდევ უფრო ფერადი და მრავალფეროვანი, ვიდრე იყო მანამდე და ნამდვილად უფრო ძვირი.
პირველი, შეიძლება, იმდენად შესამჩნევი არც იყოს, ამიტომ დავწერე “ალბათ” – რაც “ლაკოსტის” მომხმარებელი ვარ, პოლოთა უფეროვნობას ის არასდროს უჩიოდა, მეორე კი სრულიად აშკარაა და იოლად დაეტყო ჯიბეს.
წერდნენ, რომ ლემერმა “ლაკოსტი” სპორტულიდან ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია და ხელი შეუწყო მის გაახალგაზრდავებას, თუმცა, ნიანგიანი პოლო ყოველთვის იყო ფრეფი-სტილის ორგანული ნაწილი და გაყიდვების დინამიკით თუ ვიმსჯელებთ, ეს პოზიციები იშვიათად თუ დაუთმია. არამხოლოდ პოლო, ცხადია, მაგრამ “ლაკოსტისთვის” პოლო ყოველთვის რჩებოდა ბრენდის ერთგვარ სავაჭრო ნიშნად. ამბობ პოლოს, გულისხმობ “ლაკოსტს”. და – პირიქით. მომიტევოს რალფ ლორენმა.
ლემერის სურვილით “ლაკოსტმა” სხვადასხვა დიზაინერთან/ბრენდებთან დაიწყო თანამშრომლობა საგანგებო კოლექციების შექმნის მიზნით. ასეთი თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგა და ის წარმატებით გრძელდება. უმრავლეს შემთხვევაში ამგვარი თანამშრომლობის შედეგია განსხვავებული და გამორჩეული დიზაინის პოლოები – როგორც ვთქვი, პოლო დღემდე რჩება “ლაკოსტის” ყველაზე გაყიდვად სამოსად. იმ სამოსად, რაც “ლაკოსტის” სიმბოლოა, მისი მოგონილია, მისი შემოტანილია ბაზარზე, მის მიერაა დამკვიდრებული მოდაში. პოლო არის ის, რაშიც “ლაკოსტი” იყო, არის და მუდამ უნდა იყოს პირველი.
განსაკუთრებით კარგი კოლექცია, იმჰო, გამოუვიდათ ბრაზილიელ დიზაინერებს ფერნანდო და უმბერტო კამპანას (Fernando & Humberto Campana). ჩანს, კომპანიის მესვეურნიც ამ აზრისა არიან, რაკი ძმებთან თანამშრომლობას მოგვიანებით ხელახლა დაუბრუნდნენ. ძალიან კარგი იყო მხატვარ და დიზაინერ მიკა ლიდბერგთან (Micah Lidberg) კოოპერირება, რომელმაც თავისი ნახატები მაისურებზე გადაიტანა და “ლაკოსტის” პოლო ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებად აქცია (თუმცა, რამდენად ჩაიცმევა ჩვენში არ ვიცი ). ამის საპირისპიროდ, სრულიად შავი პოლო, შავი ნიანგის ლოგოთი, სპეციალურად ქართველებისთვის, შექმნა SOTO Berlin-მა (Le Berlinois ლეიბლი). ლიდბერგის მსგავსად თავისი ნახატები პოლოზე დაიტანა ანიმატორმა ოსამუ ტეზუკამ (Osamu Tezuka). და წელს უკვე “ლაკოსტის” პოლოზე ფერებისა და ჯუნგლების აფეთქებაა მხატვარ კუსტაა საკსისგან (Kustaa Saksi).
მიუხედავად იმისა, რომ 80-ს გადააბიჯა, ბრენდი ცდილობს, დარჩეს ახალგაზრდა, გამოიყურებოდეს ახალგაზრდად და გრძნობდეს თავს ენერგიით სავსე. რაკი პრაქტიკულად აღარ დარჩა ფერი, რომლის პოლოც “ლაკოსტს” არ შეუკერავს, ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი ფილიპე ოლივეირა ბაპტისტა შეეცადა (როგორც თავად ამბობს) თითო ფერის ირგვლივ რაღაც ისტორიის შექმნას. მიუხედავად სიმარტივისა, პოლო დიდ შესაძლებლობებს გაძლევს. შეგიძლია, გამოიყენო ერთდროულად რამდენიმე ფერი. შემოიტანო ახალი დეტალები. სიახლე. მაგრამ – ზომიერად. ისე არა, როგორც მიკა ლიდბერგმა ან კუსტაა საკსიმ გააკეთეს. ის ექსკლუზივია. ეს კი – ყოველდღიური ცხოვრება.
- ერთმა მზაკვარმა დედაბერმა ერთ კეთილ ნიანგს უთხრა – რა კარგია, მწვანე რომ ხარ, თუკი ბალახში დაიმალები, ვერვინ შეგამჩნევსო.
ძველი ამბავია. არ გეხსომებათ… ის დედაბერი ისეთი ახტაჯანა ვინმე იყო, ასაკს სულ არ ეპუებოდა და, ალბათ, პოლოსაც სიამოვნებით ჩაიცვამდა, სხვა დრო რომ ყოფილიყო.
ბოლო ხანებია, “ლაკოსტის” კოლექციაში იმატა სამოსმა, რომელზეც ნიანგი დატანილი არაა. ბრენდი ცდილობს, იმდენად მრავალფეროვანი გახდეს, რომ თავიდან ფეხებამდე მასში გამოეწყოთ და, ბაპტისტას თქმით, “თუკი თავიდან ფეხებამდე “ლაკოსტში” გამოეწყობით, ალბათ, არ მოისურვებთ, ტანზე 10 ნიანგი ატაროთ”. ლოგიკურია. ვერ შეედავები.
მაგრამ ეს სიახლე ჯერ პოლოს არ შეხებია.
და – ძალიანაც კარგი.
მითუფრო, რომ ნიანგი ძალიან უხდება პოლოს და თან ვითომ ხომ არაფერია, ერთი პატარა ლოგოა, მაგრამ ნიჭიერი ადამიანის ფანქრქვეშ რამხელა ტრანსფორმაცია შეუძლია. ის, რაც გრაფიკოსმა ფითერ სავილმა (Peter Saville) გააკეთა, მიკრო-შედევრია. 80 ნიანგი. 80 მიკრო-შედევრი. 80 პოლო.
სავილი პირველი აღმოჩნდა, ვინც ყურადღება მიაპყრო არა პოლოს, არამედ –ლოგოს. და ვინც მისი შეცვლა გაბედა. და ვისაც ამის უფლება მისცეს. ალბათ იმიტომ, რომ – სავილია. როგორც იგონებს, კომპანიაში თავდაპირველად ასე უთხრეს – აჰა შენ პოლო, გააკეთე რაც მოგესურვება, ოღონდ ლოგოს არ ახლო ხელი. მაგრამ ყველაზე საინტერესო, ხომ სწორედ ლოგოსთან წათამაშება იყო.
რა დროს პოლოა, ზამთარი მოგვადგა კარსო… ჰო, ეგრეა. პოსტი დიდხანს იყო დრაფტებში და ძალიან დააგვიანდა, მაგრამ შემდეგ ორშაბათს რა პოსტიც იქნება, ის ამის ერთგვარი გაგრძელებაა და სადღა უნდა გადამედო. არდაპოსტვა არ შეიძლებოდა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
თუ ამდენი დრაფტი გაქვს, ორშაბათს რას ელოდები? სხვა დღეებშიც გამოაქვეყნე ხოლმე. მაშინ პოლოებზე პოსტი იქნება ზაფხულში და პალტოებზე პოსტი – ზამთარში. 😉
LikeLiked by 1 person
ოპტიმალური ტემპი მიკავია ახლა.
დრაფტების სიმრავლე კიდევ კაია. იმდენი მაქვს ახლა, რომ წლის ბოლომდე მეყოფა დასაპოსტად :)))
LikeLike
დაჭმუჭნული რატო უნდა ჩაიცვა საერთოდ რამე?
ვერ ვიტან დაჭმუჭნული რომ აცვიათ ხოლმე. ბომჟებს გვანან 🙂
LikeLiked by 1 person
ეს პოსტო ალკსოატზეა თუ პოლოზე? U.S. Polo Assn მე ეს უნდა ვიყიდო–კაი ტიპი ჩანს
LikeLike
“ლაკოსტის” პოლოზე. 🙂
US Polo არაა ცუდი ფირმა. ამაზონიდან გამოიწერე. უფრო იაფია.
აქ რომ არის მაგათი მაღაზია ეგ თურქული ლიცენზიის მფლობელია. მაგას, კაშარელს და პიერ კარდენს ერთი თურქული ჯგუფი კერავს.
LikeLike
მართლა უნივერსალური სამოსია, გეთანხმები და ძალიან მომწონს, მამაკაცებზე. იმდენად მიყვარს, რომ რამდენჯერმე ვცადე მეც მომერგო, იქნებ ჯინსზე ვიხმარო მეთქი, მაგრამ შანსი არაა. არაფრით არ ჯდება არც ჩემს სილუეტში და არც სტილში 🙂 ჰოდა ღმერთმა სულ სიკეთეში მოგახმაროთ.
LikeLike
ჯინსზე კაი იქნება.
და შენს სილუეტს როგორ არ მოუხდება :)) შანსი არაა
LikeLike