სერიალებს არ ვუყურებ. იმიტომ კი არა, რომ ვტიპობ. არც იმიტომ, რომ HBO-სა რომელიმე Caracas TV-ს ნამუშევრის გარჩევა არ ვიცი. უბრალოდ, გურული ვარ და მოთმინება არ მყოფნის 100 სერიის განმავლობაში თვალი ვადევნო ერთ ამბავს. და ეს 100 რომ მორჩება, ველოდო შემდეგ 200 სერიას როდის გადაიღებენ. ამიტომ მხოლოდ იმ ტელეფილმებს ვნახულობ ხოლმე, სადაც ერთ ამბავს ყვებიან სწრაფად – ერთ, ორ… ჰა-და-ჰა სამ სერიაში. ჯერემი ბრეთის ჰოლმსიანა, დეივიდ სუშეს პუარო, ფითერ ფალქის კოლომბო… ჰოდა, არასდროს ვნახავდი სერიალს, რომელზეც ახლა აგერ ამ პოსტს ვწერ, რომარა ჩემი მეგობარი, რომელმაც პირველი სერია, შეიძლება ითქვას და არც მთლად მოვიტყუები – ძალით მაყურებინა.
ჩამითრია. ასე ავედევნე ნამდვილი დეტექტივების იტორიას, რომელიც მთელი 8 საათის განმავლობაში ვითარდება. რაკი სერიალების სპეციალისტად ვერ გამოვდგები, არც იმას დავიჟენ, რომ ეს სერიალი საუკეთესოა, რაც არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილადაა. ბერნარდ შოუ ამბობდა, კვერცხის დადება არ ვიცი, მაგრამ საღისა და ლაყეს გარჩევა კი შემიძლიაო.
ასე ვარ მეც. “ნამდვილი დეტექტივი” თავის ჟანრში ნამდვილი შედევრია. ეჭვიც არ შეგეპაროთ.
კინო კომპლექსური ხელოვნებაა. ასე ამბობენ. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვა, ფილმის შექმნას ბევრი სხვადასხვა ხელობის კაცი სჭირდება. True Detective-ში სულ ნარჩევ-ნარჩევი ხალხია შეკრებილი. ჯერ ვუდი ჰარელსონისა და მეთიუ მაქონაჰის დუეტი რად ღირს (სხვათა შორის, ორივე სამხრეთელია და სიუჟეტიც სამხრეთ შტატებში ვითარდება). არაჩვეულებრივია მხატვრისა და ოპერატორის ნამუშევარი. ნამდვილი დეტექტივების თავგადასავალი ხან 80-იანებში ვითარდება, ხან 90-იანებში, ხანაც 21 საუკუნეში გადმოვყავართ და სხვადასხვა ეპოქა კარგადაა ერთ ფილმში მოქცეული და სტილიზებული. კარგია საუნდთრექი. ნიკ პიცოლატოს სცენარი ისეთია, კაცი ინატრებ, ნეტავ წიგნად იყოს, რომ წავიკითხოო (მიუხედავად იტალიური წარმოშობისა, პიცოლატოც სამხრეთშტატელია და იქაურ ცხოვრებას კარგად იცნობს). და ამ ყველაფერს თავმოყრა ხომ უნდა და კერი ფუკუნაგას დიდი პლიუსი ჩემგან (ამ ჩემს პლიუსთან ერთად წელს მან “ემიც” მოიპოვა ).
True Detective, დიდი მიხვედრილობა არ უნდა და დეტექტივია. ცოტა მისტიკითა და რურარული მითოლოგიით შეზავებული დეტექტივი (ეს რურარული რა ჯანდაბააო… ურბანულის მეორეა რა – სოფლური, გლეხურად რომ ვთქვათ. ფილმის ამბები, ზემოთაც ვთქვი, სამხრეთ შტატებში ვითარდება ფერმერულ მეურნეობებს შორის და დიდი ქალაქებიდან შორს).
ამბის თხრობა ნელია, აუჩქარებელი. ასეთი დეტექტივი წასაკითხად ერთი სიამოვნებაა, მაგრამ საყურებლადაც არ ყოფილა ურიგო. კი, ზოგს მეტი დინამიზმი უყვარს, მუდმივი ექშენი, სირბილი, დევნა და სროლა, მაგრამ მე მიყვარს ეს “ნელი თხრობა”. ერთი რომ ნაღდია, ნამდვილი. მეორე რომ რჩება დრო სხვა რამე-რუმეების საჩვენებლად, რაც, თითქოს, მთავარი სიუჟეტური ხაზისგან შორს დგას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ყოვლისა, მთავარი პერსონაჟების ურთიერთობებს ვგულისხმობ. შემდეგ იმ პატარ-პატარა დეტალებს, რასაც ეპოქის სურნელი სდევს. ამათ გარეშე წიგნიც მშრალია და ფილმიც უინტერესო.
ამ წიგნებში მხოლოდ წმინდა დეტექტური საიდუმლოს ამოხსნა არ მიზიდავს (არც უმაგისობაა), გმირების ურთიერთობები, მათი ცხოვრება და დარდები დამნაშავის დევნაზე ნაკლებ საინტერესოდ არ ჩანს. ყველა პერსონაჟი ისეთია, რომ მათი ამბისთვის თვალის მიდევნება არ მოგეყირჭება. აბა ის დეტექტივი რა დეტექტივია, რომლის მთავარი გმირი უმარილო და უსახურია, სტაცებ ხელს, სხვა წიგნში გადასვამ და ვითომც არაფერიაო, არც რამ შეიცვლება? არადა, რამდენი წამიკითხავს ასეთი.
“მკვლელობა სკანდინავიური არომატით”
ჩემივე პოსტის ციტირება იყო… მაპატიეთ ეს პატარა ხულიგნობა, მაგრამ უკეთესად ვერ ვიტყოდი. და ყველაფერი, რაც შვედი მწრლის, ჰენინგ მანკელის კურტ ვალანდერზე დავწერე, ზუსტად შეესაბამება პიცოლატო-ფუკუნაგას ნამდვილ დეტექტივებს – ქოულსა და ჰართს (ყველას წარმოშობა აღვნიშნე და ფუკუნაგა დედით შვედია. ბარემ, ვიტყვი ამასაც. ალბათ, ბერგმანის ფილმებიც ნაყვარება და მანკელსაც კითხულობს ხოლმე. როგორ არ წაიკითხავს, აბა?
).
სხვა რა ვთქვა – თუ კარგი ფილმი და კარგი დეტექტივი გიყვართ და “ნამდვილი დეტექტივი” არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. არ ინანებთ, როგორც, აგერ, მე არ მინანია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
კიდევ ერთი სერიალი რომ გირჩიო, ამჯერად ძალდატანების გარეშე ხომ დამიჯერებ? :))
Broen http://filmix.net/serialy/35670-most-broen-the-bridge-serial-2011.html
აუცილებლად უნდა უყურო, იმიტომ რომ კარგი დეტექტივია და შვედურია და თან ორი დეტექტივი იძიებს მაგასაც – დანიელი კაცი და შვედი ქალი და ის შვედი შენ გგავს ხასიათით. :))) ისე ძალიან გგავს რომ უნდა ნახო და გამოგივა რომ სარკეში ჩაიხედე :)))
LikeLike
ეს იმაზე უარესი ყოფილა – number of episodes 20 :((
LikeLike
ორი სეზონია და იმიტომ. 10 სერიაა სეზონში.
სულ ორით მეტია ნამდვილ დეტექტივებზე :))
LikeLiked by 1 person
ჭეშმარიტად საუკეთესო სერიალია თავის ჟანრში, მეც მიყვარს ნელი თხრობა 🙂
ერთ რჩევას მეც მოგცემ, დეტექტივი არაა, მაგრამ თუ უყურებ არ ინანებ, თან ყველა სერიაში ცალკე ამბავი და თემაა, სულ 6 სერიაა 🙂 თანამედროვე ტექნოლოგიებზეა, მოკლედ რომ გითხრა 🙂
http://adjaranet.com/Movie/main?id=1000137&serie=1
LikeLiked by 1 person
რჩევებს ვიღებ, როგორც აზდაკი იტყოდა :))
საი-ფაი როგორ მიყვარს და საკულტო სთართრექი არ მაქვს ნანახი, სწორედ ამ დაუსრულებელი ამბის გამო 🙂
LikeLike
ჰოდა რომ გიყვარს მაგიტომაც 🙂 6 სერია თან საკმაოდ ცოტაა 🙂
LikeLiked by 1 person
ეს მართლა ძალიან კარგი იყო. 🙂 და ბევრი ალუზია ეძებნება ლიტერატურაში
LikeLiked by 1 person
ჰო მეფე ყვითლებში და რამე… პოსტის წერისას გამივიკვლიე ეგ საკითხი, თუმცა არ მაქვს წაკითხული ეგ წიგნები.
LikeLike
ფილმის შეფასებაში გეთანხმები, მაგრამ პოსტია ისეთი, პიცოლატოსაც შეშურდება 😉
LikeLiked by 1 person
აუცილებლად ვუყურებ. რა კაი რამე დაგიდია ეს. თან მე ხომ ფანი ვარ დეტექტივების ❤ გინდა საკითხავის და გინდა საყურებლის.
პ.ს. ისე აქ რა შუაშია მარა ახლა პირველად ვკითხულობ "ნათლიას" და ჭკუაზე არ ვარ, გადასარევი განსატვირთავი საშუალება ყოფილა. ეტყობა აქამდე იმიტომ რომ არ წამიკითხავს რომ სწორედ ახლა წამეკითხა 🙂 და არც ფილმი მაქვს ნანახი და როგორ ვემზადები არ იცი.. ნეტავ მომეწონოს.
ეგ შენი დეტექტივი უკვე რიგში მეორეა.
LikeLiked by 1 person
ვაიმე ნათლია როგორ არ გაქვს ნანახი
წიგნადაც არა უშავრს. პირველი ჯობია, მაგრამ მეორეც კარგია.
მაგრამ ფილმი თავში ურტყამს ორივე რომანს 🙂
LikeLike
“უბრალოდ, გურული ვარ და მოთმინება არ მყოფნის 100 სერიის განმავლობაში თვალი ვადევნო ერთ ამბავს.” ^_^
ჩემთვის სანიშნესავით არის ეს პოსტი: რას ვუყურო-მეთქი საღამოობით და აბა ვნახავ
LikeLiked by 1 person
http://www.imdb.com/title/tt1474684/ ესეც მოკლე-მოკლე სერიებია.
მე მაინცადამაინც არ მომეწონა, იმიტომ რომ დამნაშავე თავიდანვე ცნობილია და მე უფრო კლასიკური სტილის დეტექტივი მირჩევნია, მაგრამ თუ კოლომბო გევასება, იმავე სტილშია ესეც.
LikeLiked by 1 person
მადლობა. ნანახი მაქვს ეგ. 🙂
არის რა საშუალოდ.
კოლომბო გაცილებით ჯობია.
საერთოდ ჩვენთან კოლომბო ბევრს არ ახსოვს და გონია მარტივი და ბანძი სერიალი. მე მოგვიანებით ვნახე ხელახლა ინტერნეტში და ძალიან მაღალი დონეა, განსაკუთრებით პირველი ნაწილი. სფილბერგსაც კი აქვს სერია გადაღებული. 🙂
და ტან ძალიან მაგარი მსახიობები არიან გესთ-სთარებად. ზოგ სერიას მსახიობები ქაჩავენ ზუსტად. ერთია, სადაც დონალდ ფლიზენსი თამაშობს. აი, სპექტრის ხელმძღვანელი ბონდიანიდან – კატით როა. ძაან მაგარი კოლომბოს სერიაა სწორედ მსახიობების თამაშის ხარჯზე.
მოკლედ ლუთერს არა უშავრს, მარა კოლომბო გაცილებით ჯობია, იმჰო.
LikeLike
კოლომბოს ვერ ვიტანდი., ეს ვნახე გუშინ და ვერ მოვიხიბლე მაინცდამაინც. გგრუზავს, გითრევს, მაგრამ დეტექტივის ხიბლი სიაა, რომ ეჭვმიტანილი უნდა გყავდეს რა,
LikeLike