ერთმა ქართველმა გაჭრა ფანჯარა ევროპაში, მეორემ კი დახურაო, – ასე ხუმრობდნენ ჩემს ბავშვობაში. მაგრამ იმ მეორე ქართველს საქართველოში დარჩა ერთი პატარა “ფორტოჩკა” დაუგმანავი. ამ შუკუმში თუ გაიხედავდი, იქედან ევროპული სტადიონები ჩანდა. და დიდი ევროპული ფეხბურთი. როდესაც ევროპაში ევროთასების დღე იყო, ჩვენი მამები და პაპები სხდებოდნენ მანქანებში და კოლონებად დაწყობილნი მიჰქროდნენ სოფელ პანტიანისკენ – იქ, არ ვიცი რა ეშმაკებით, მაგრამ ჩვეულებრივი საბჭოთა ტელევიზორი, ჩვეულებრივი საბჭოთა ანტენით სრულიადაც არასაბჭოთა თურქულ არხებს იჭერდა. ეს არხები კი დიდ ევროპულ ფეხბურთს აჩვენებდნენ. ამიტომ იკრიბებოდნენ იქ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები, ზოგს ანტენა მიჰქონდა, ზოგს ტელევიზორი, ზოგს ლუდი და ზოგს კიდევ სხვა რამ ფეხბურთსადალუდზემისაყოლებელი და უყურებდნენ დიდ ფეხბურთს.
მეც ვარ პანტიანის იმ საფეხბურთო საღამოების მონაწილე. ძალიან პატარა ვიყავი და ბუნდოვნად მახსოვს… მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან მიყვარდა ის დღეები და გულისფანცქალით ველოდებოდი. ჯერ ერთი, დიდების მარაქაში ვიყავი გარეული, მერე კიდევ იქ რაღაც განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. თავისუფალი. და სხვადასხვა გუნდის გულშემატკივრები ერთად უყურებდნენ ფეხბურთს. ემოციებით დატვირთულნი, მაგრამ – მშვიდობიანნი.
მამაჩემი მადრიდის “რეალს” გულშემატკივრობდა. 70-იანების “რეალი” ძალიან კარგი გუნდი იყო, მაგრამ მადრიდელთა, დღეს როგორც იტყვიან, ფანი მამაჩემი ფერენც პუშკაშის (Ferenc Puskás/Ferenc Purczeld Bíró ) გამო გახდა. საამისოდ ბევრი მიზეზი ჰქონდა. პუშკაში საოცარი ფეხბურთელი იყო, თეთრი პელე. უნგრეთის სრულიად ფეერიული “დიდი გუნდის” ლიდერი და, რაც მთავარია, თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი – ანტისტალინური მოძრაობის შემწე და მხარდამჭერი, უნგრული გაზაფხულის მონაწილე, დევნილი და იძულებით ემიგრანტი.
1956 წელს უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში სტუდენტური გამოსვლები დაიწყო. მალე მათ უფროსი ასაკის ადამიანებიც შეურთნენ. უნგრელები ითხოვდნენ საბჭოთა ჯარების გაყვანას უნგრეთიდან, უნგრეთის გასვლას ე.წ. ვარშავის ხელშეკრულებიდან (საბჭოთა ბლოკის ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება), დესტალინიზაციას, რეპრესირებულთა რეაბილიტაციას, დისიდენტთა ციხეებიდან გამოშვებას, ცენზურის გაუქმებას, თავისუფალ არჩევნებს… ბუდაპეშტში დემონსტრანტებმა დაანგრიეს სტალინის ძეგლი და ალყაში მოაქციეს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, პროფკავშირების, უნგრული “კგბ”-ს, მინისტრთა საბჭოს და სხვა შენობები. კომპარტიაში განხეთქილება მოხდა – რეფორმატორებმა ხალხის მხარდაჭერითა და საყოველთაო დაბნეულობით ისარგებლეს და ხმათა უმრავლესობით პრემიერ-მინისტრად იმრე ნადი (Imre Nagy) დაამტკიცეს. დადგა “უნგრული გაზაფხული” (მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შემოდგომაზე ხდებოდა). ახალმა პრემიერმა სწრაფი ტემპებით დაიწყო უნგრეთის დესოვეტიზაცია. მაგრამ არ დასცალდა. 4 ნოემბერს საბჭოთა ჯარებმა ბუდაპეშტი დაიკავეს. იმრე ნადის ხელისუფლება დაამხეს, ის თავად დააპატიმრეს და ღალატისა და კაპიტალიზმის რესტავრაციის ბრალდებით “გაასამართლეს” და ჩამოახრჩვეს.
ფერენც პუშკაშმა და რამდენიმე სხვა უნგრელმა ფეხბურთელმა საბჭოთა ოკუპაცია დაგმეს და კრემლიდან დასმულ ახალ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. პასუხად მათ მოქალაქეობა ჩამოართვეს. ორი წლის განმავლობაში პუშკაში სამშობლოსა და ფეხბურთის გარეშე იყო დარჩენილი. ფორმა დაკარგა და წონა აკრიფა. მიუხედავად ამისა, 1958 წელს მადრიდის “რეალმა” მას კონტრაქტი შესთავაზა. პუშკაში სამეფო კლუბში 9 წელი თამაშობდა. 5-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 3-ჯერ ჩემპიონთა თასი. ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი და ერთხელ – ესპანეთის თასი. 4-ჯერ იყო ესპანეთის ჩემპიონატისა და 3-ჯერ ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი. პუშკაშის სახელობისაა ჯილდო, რომელსაც ფიფა წლის ულამაზესი გოლის ავტორს გადასცემს. თავად პუშკაშს “რეალის” შემადგენლობაში სულ 242 გოლი აქვს გატანილი და 84 – უნგრეთის ნაკრების შემადგენლობაში. უნგრეთის ნაკრებთან ერთად მხოლოდ ერთ, 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 1954-ში მამაჩემი 15 წლის იყო. ეს იყო მისი პირველი შეხვედრა დიდ ფეხბურთთან და უნგრეთის ნაკრებმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, შთაბეჭდილება, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვა. იმ ჩემპიონატზე უნგრელებმა დაამარცხეს გერმანიის ნაკრები 8-3, ბრაზილია და ურუგვაი ერთნაირი ანგარიშით 4-2. ეს ორი შეხვედრა პუშკაშმა ტრამვის გამო გამოტოვა, მაგრამ ფინალში დაბრუნდა და გოლიც შეაგდო. თუმცა, გერმანელებმა რევანში აიღეს 3-2 და საბოლოოდ უნგრეთის დიდი გუნდი ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ფეხბურთის ბევრი მცოდნე მიიჩნევს, რომ უნგრეთის ის ნაკრები 1970 წლის ლეგენდარული ბრაზილიის ნაკრების ტოლფასი იყო. თავად პუშკაში მე-20 საუკუნის უდიდეს ფეხბურთელთა ფიფასეულ სიაში მე-6 ადგილზეა პელეს, კროიფის, ბეკენბაუერის, დი სტეფანოსა და მარადონას შემდეგ.
ფოტოზე: “რეალის” ოქროს სამეული – რაიმონ კოპა, ალფრედო დი სტეფანო, ფერენც პუშკაში
1963 წელს ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლონდონს მსოფლიოს ნაკრები ეწვია, რომლის შემადგენლობაში პუშკაშიც იყო. მსოფლიოს ნაკრებში მიშა მესხსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ საბჭოთა კავშირის ფედერაციამ არ გაუშვა. ამ ნაკრებში ლევ იაშინიც მიიწვიეს (რომელსაც გაშვებაზე პრობლემა, ცხადია, არ ჰქონია), ამიტომ საბჭოთა ტელევიზია მატჩს გადმოსცემდა, მაგრამ კომენტატორმა ნიკოლაი ოზეროვმა მოახერხა და ისე ჩაამთავრა რეპორტაჟი, რომ პუშკაშის გვარი ერთხელაც არ უხსენებია. 🙂 მადლობა ჩემს კარგ მეგობარსა და ფეხბურთის მოყვარულს (თუმცა, არა რეალის გულშემატკივარს) გოგის ამ ამბის შეხსენებისთვის.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S. ეს პოსტი ორშაბათამდე ვერ მოიცდის. 🙂 რეალის ყველა გულშემატკივარს გამარჯვებას ვულოცავ!