შაბათის ანეკდოტი
ერთხელ ერთ ვინმე მგზავრს ერთ პატარა სოფელში შემოაღამდა. მოიკითხა რაბინის სახლი, დააკაკუნა და ეუბნება:
– რებე, გზად დამიგვიანდა და თქვენს სოფელში უნდა გავათიო ღამე, ეგერ განაპირას პატარა ქარვასლა როა, იქ დავდგები, მაგრამ მეშინია ფულის გამოჩენა, 2000 შეკელი მაქვს თან და, თუ არ შეწუხდებით, შემინახეთ დილამდე, წასვლისას შემოგივლით და გამოგართმევთ.
– რა შეწუხებაა, – პასუხობს რაბინი, – მაგრამ, თუ შეიძლება, მოითმინეთ, ახლა მეზობლებს გადავძახებ და, როგორც წესი და რიგია, მოწმეთა თანდასწრებით ჩავიბარებ ფულს.
– რებე, როგორ გეკადრებათ, გენდობით, – აღელდა მგზავრი, მაგრამ რაბინმა თავისი არ დაიშალა:
– ბენიამინ! სარა! მოიშე! – შეყარა მეზობლები, გამოართვა სტუმარს ფული და ეკითხება:
– მეზობლებო, ხომ ხედავთ და ადასტურებთ – ეგერ თქვენ თვალწინ ჩავიბარე ამ პატიოსანი კაცისგან 2000 შეკელი შესანახად, დილით მომაკითხავს და დავუბრუნებ.
– კიო, დავინახეთ, როგორ არ დავინახეთო, – მეზობლებმა.
უსურვეს ერთმანეთს ძილი ნებისა და დაიშალნენ.
გათენდა. რაბინის კარზე კაკუნია.
ის წუხანდელი კაცია ისევ.
– დილა მშვიდობისა, რებე.
– დილა მშვიდობისა.
– ფულის წასაღებად მოვედი, მადლობა და მეტს აღარ შეგაწუხებთო.
– რომელი ფულის? რეებს ამბობ, ხომ არაფერი დაგსიზმრებიაო.
მგზავრს ელდა ეცა.
– ბენიამინ! სარა! მოიშე! – უძახის, გუშინ ორი ათასი შეკელი რომ ჩავაბარე რებეს შესანახად, უარზეა და არ მიბრუნებსო.
– რა ორი ათასი შეკელი, – ჩვენ არაფერი დაგვინახავსო, – იმათ.
დაესხა რეტი საბრალოს, მოწყდა და გაიშხლართა ძირს.
რაბინი ცივ წყალს ასხურებს, ყურებს უზელს, ძლივს მოასულიერა.
ეუბნება:
– რა მოგივიდა, კაცო, ეგერ შენი ორი ათასი შეკელი და მშვიდობით იარეო.
– რებე, – უთხრა მგზავრმა, – ეს რა გამოცდა მომიწყე, რას მერჩოდიო.
– გამოცდა კიარა… შენ მაინც გეცოდინება აწი, რა ხალხში მიწევს ცხოვრებაო!
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.