პატრიარქის საკითხავი

Jean-Christophe Grangeჩემმა ფრანგმა მეგობარმა მკითხა ერთხელ, გრანჟე თუ წაგიკითხავსო. გაგონილიც არა მქონდა.  თრილერები გიყვარს და გრანჟე როგორ არ იციო? გაუკვირდა. ცოტა გულიც მოუვიდა. ისე, როგორც მხოლოდ ფრანგებმა იციან გულმოსვლა, როცა რამე ფრანგულის ვერდაფასებაში გამოგიჭერენ. 🙂 თბილისში იყო ჩამოსული (მეგობარი, ცხადია, არა – გრანჟე) და წიგნიც მაჩვენა. ახლა არ მახსოვს, რომელი რომანი იყო. იმდენი ფრანგული მე არ ვიცი, წიგნი გამომერთმია და ისეკი დავიმახსოვრე გვარი. ჩემთვის. მაშინ არც ქინდლი მქონდა და არც არაფერი, მამა-პაპურად წიგნების მაღაზიებში ვყიდულობდი წიგნებს. გრანჟე ვერ ვნახე. ჰოდა, თავიც დავანებე. ჩაიარა.

შემდეგ მეთიუ კასოვიცმა გადაიღო “მეწამული მდინარეები” და რას ვხედავ ტიტრებში – “ჟან-კრისტოფ გრანჟეს რომანის მიხედვით”… ფილმი ძალიან მომეწონა. კარგად გამართული დეტექტივია. თან ჟან რენო და ვენსან კასელი თამაშობენ. მერე ვნახე პიტოფის ფილმი “ვიდოკი”. არაჩვეულებრივად გადაღებული. გენიალური ჟერარ დეპარდიეთი მთავარ როლში. სცენარის ავტორი – ჟან-კრისტოფ გრანჟე. მერე კიდევ “მგლების იმპერია”. ესეც გრანჟეს რომანის ეკრანიზაცია აღმოჩნდა… ამასობაში ქინდლმაც მომისწრო და გრანჟეებიც ჩამოვქაჩე…

ჟან-კრისტოფ გრანჟე (Jean-Christophe Grangé) ძალიან კარგი მწერალია. სიუჟეტის ჩახლართვის მამა. ისე ჩახლართავს ხოლმე, რომ ზოგჯერ განხლართვაც უჭირს. 🙂 მისი წიგნები ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წასაკითხია, რაც არსებობს. წამითაც რომ არ მოგწყინდება ისეთია. რომ ვერ მოწყდები. ტყუილად ხომ არ უწოდებენ “ფრანგ ქინგს”, მაგრამ თავად მწერალს ეს ეპითეტი არ ეპიტნავება დიდად. ის პირველი გრანჟეა და არა მეორე სთივენ ქინგი… და თუ Kingობაზე დათანხმდება, მხოლოდ მეფობის ამბავში. მაშინაც კი, როდესაც მისი წიგნების ფინალი (ყოველთვის არა – ზოგჯერ) სიუჟეტთან შედარებით სუსტია. ან ნაკლებლოგიკური მოგეჩვენება კაცს. მაშინაც კი იმდენად არამოსაწყენი საკითხავია და იმდენად “მოაქვს”, რომ ამ გაწბილებასაც პატიობ.

გეხსომებათ, ქონან დოილის დეტექტივები იწყება ასე – ჰოლმსი და უოთსონი სხედან ბეიქერ სთრითზე, სვამენ ჩაის, კითხულობენ “თაიმსს”, ამ დროს მოდის სტუმარი და მოაქვს დანაშაულის ამბავი. გრანჟეს რომანებიც პრაქტიკულად ერთნაირად იწყება ყველა – პოულობენ მოკლულის გვამს, მოდის პოლიცია, იწყება დანაშაულის ადგილის დათვალიერება და სამხილების ამოღება…  თუმცა, მწერალს მრავალფეროვნება უყვარს. ბევრი რომანი არ აქვს – სულ რაღაც 10, მაგრამ ამ ათეულში კლასიკური დეტექტივის მოყვარულიც ნახავს საკბილოს, ვისაც თრილერები ურჩევნია – ისიც, საშინელებათა ჟანრის მოყვარულიც, მისტიკის, ფენტეზის… ვინ აღარ. გრანჟე წლების მანძილზე ჟურნალისტობდა და, სხვა გამოცემათა გვერდით, “ნეშენალ ჯიოგრაფიქისთვისაც” წერდა – მთელი მსოფლიო შემოვლილი აქვს. ლეგენდები, მითები, ზღაპრები, გადმოცემები მისი სტიქიაა. ისევე როგორც საიდუმლო ორგანიზაციები, რელიგიური სექტები, ტერორისტული დაჯგუფებები, სპეცსამსახურები და კორუმპირებული ჩინოვნიკები. მას უყვარს თავის ნაწარმოებებში კულტურათა შეჯახება, სადაც სიმშვიდეა და ჰარმონია, იქ გრანჟეს გმირებს არაფერი ესაქმებათ. ისინი ეძებენ თავგადასავლებს. რაც ბანალურია და მარტივი, გრანჟესთვის მოსაწყენია. ყოველთვის პოულობს რაღაცას, რითიც გაგაკვირვებს.

ესეც ჟურნალისტის თვალია, ალბათ – მცირე დეტალების შემჩნევა. ქონან დოილთან, გახსოვთ, ყოველ დეტალს მნიშვნელობა აქვს. ბოლოს თითეული მათგანი თავის ადგილს ჰპოვებს ჰოლმსის მიერ აგებულ ლოგიკურ ჯაჭვში… გრანჟესთანაც ასეა და არც არის ასე. ზოგი დეტალი საქმის გახსნისთვის მნიშვნელოვანია, ზოგი კი ავტორის სიმპათიების წყალობით მოხვდა რომანში. მისი საყვარელი პარიზული უბნები, სასმელი, საჭმელი – მწერალი პოულობს ადგილს, რომ ეს ყველაფერი რომანებში “ჩააკვეხოს”. 🙂 და, რათქმაუნდა, “ლაკოსტი”. მწვანე ნიანგი, რომელიც მეც ძალიან მიყვარს და გრანჟესაც. თითქმის ყოველ მის ნაწარმოებშია პერსონაჟი, რომელსაც “ლაკოსტის” მაისური აცვია, ან გარდერობში უკიდია მაინც. მგონი, “ლაკოსტიანი” გმირი გრანჟესთვის იგივეა, რაც ლეონოვი იყო დანელიასთვის. 🙂

დანელია ვახსენე და რუსეთში გრანჟეს პროპაგანდისტი ბორის აკუნინია. ქართული წარმოშობის რუს მწერალს “ინოსტრანნაია ლიტერატურა”-სთან ერთად დაფუძნებული აქვს წიგნების სერია “მოწყენილობის წამალი”. სწორედ აქ შედგა გრანჟეს დებიუტიც რუსულ ენაზე და დღეს ათივე რომანი თარგმნილი აქვთ (ინგლისურად – მხოლოდ 4-ია).

მისი ბოლო დეტექტივი, “კაიკენი” სუროგაციის თემას ეხება. იმ ეთიკურ თუKaiken არაეთიკურ პრობლემებს, რაც ამ ამბავთანაა კავშირში. ამ წიგნის გავლენის ქვეშ იყო, უწმინდესი რომ საშობაო ეპისტოლეს წერდა.

სხვებს კი, ვისაც გრანჟე ჯერ არ წაუკითხავს და ნაცნობობის გაბმა სურს, გირჩევთ:

თუ კლასიკური, პოლიციური დეტექტივი გიყვართ, “მეწამული მდინარეებით” (Les rivieres pourpres) დაიწყოთ. კლასიკური დეტექტივია “წეროების გადაფრენაც” (Le vol des cigognes) – ორივე კარგია, მაგრამ პირველი უფრო მომწონს.

თუ ფსიქოლოგიური თრილერი გირჩევნიათ, “შავი ხაზი” (La ligne noire) არის ძალიან მაგრად დაწერილი. ჟურნალისტზეა, რომელიც სერიულ მკვლელობებს იკვლევს. ფინალიც არაჩვეულებრივი აქვს.

მწუხრის შეფიცულები” (Le serment des limbes) არის მისტიკური თრილერი. რელიგიურ ფანატიკოსებსა და სექტებზეა. მიხვეულ-მოხვეულებში, ეგებ, დენ ბრაუნიც გაგახსენოთ, მაგრამ გაცილებით უკეთესია, იმჰო.

მგლების იმპერია” (L’Empire des loups), ალბათ, გრანჟეს ყველაზე პოპულარული რომანია. სპეც-სამსახურებსა და ტერორისტულ დაჯგუფებებზეა. ნამდვილად ძალიან კარგი წასაკითხია. თუ ფილმი გაქვთ ნანახი – სცენარი მნიშვნელოვნად განსხვავდება წიგნისგან. საიდუმლო ორგანიზაციებზეა “მიზერერეც” (Miserere). ცუდი არაა, თუმცა ფინალი ბანალური მეჩვენა.

მგზავრი” (Le passager) არის დეტექტივი მშვენივრად შეზავებული ანტიკური მითებით. ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება და მაგრად გითრევს, მაგრამ ფინალი, იმჰო, სუსტია.

ქვის საძმო“-სა (Le Concile de pierre) და “გარდაცვლილთა ტყე”-ში (La forêt des mânes) მწერალი მრავალ ქვეყანას შემოგატარებთ და სხვადასხვა კულტურასთან შეგაჯახებთ: ტაილანდი და მონღოლეთი, გვატემალა და არგენტინა. მითები და გადმოცემები. ფსიქოანალიზი და მაგიური რიტუალები. მისტიკა და ფენტეზი. არ მომეწონა. პირველი იმდენად არ მომეწონა, რომ “ქინდლის” ბიბლიოთეკიდანაც წავშალე და ამ პოსტის წერისას, თავდაპირველად, გამომრჩა კიდეც. 🙂

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ჟან-კრისტოფ გრანჟეს რომანები ი-რიდინგზე (რუსულად)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

12 thoughts on “პატრიარქის საკითხავი”

  1. ფილმები ნანახი მაქვს: „ვიდოკი” მომეწონა, „მეწამული მდინარეები” პირველი ფილმი კარგია, მეორე ისე რა, თან კასელიც არ თამაშობს მეორე ნაწილში. „მგლების იმპერია” არ მომეწონა ახლახანს კიდევ „მიზერერეც” ატვირთეს ოლმუვისზე. ავტორი ვინ იყო, ყურადღება კი არ მიმიქცევია. მადლობა. 🙂 „წეროების გადაფრენას” გადმოვწერ და გეტყვი მერე თუ მომეწონა.

    Like

    1. ვნახე “მიზერერე” მადლობა.

      3 ქულა ხუთიდან, აი, კარგი სამიანი ჩემს დროს ამბობდნენ ხოლმე მასწავლებლები. 🙂 და 0.5 ქულა კიდევ დეპარდიესთვის.

      წიგნი ჯობია. 🙂

      Like

  2. @მოლი ბლუმი
    არცოდნა არცოდვაა ცოდნა კი იარაღია 🙂

    @ანი
    მეორე ფილმი წოგნის მიხედვით არაა, უბრალოდ პირველის წარმატების შემდეგ ბესონმა და გრანჟემ დაწერეს სცენარი სიქუელისთვის.
    დიდი ვერაფერია კი, პირველი გაცილებით სჯობს, ცხადია.

    მიზერერეს მოვძებნი, რა გადაიღეს ერთი ვნახო აბა 🙂

    Like

  3. ლეგენდები, მითები, ზღაპრები, გადმოცემები მისი სტიქიაა. ისევე როგორც საიდუმლო ორგანიზაციები, რელიგიური სექტები, ტერორისტული დაჯგუფებები, სპეცსამსახურები და კორუმპირებული ჩინოვნიკები- აი ამიტომ არის მაგარი ამეებზე რომ წერს.

    შენ ხარ ჩემი გრანჟელოლოგი :დ ნუ მე ბოლოსდაბოლოს შავი ხაზი დავიწყე და როგორც იცი გაჩხერილი ვარ :დ ფილმები “მიზერერეს” გარდა ყველა ნანახი მაქვს (წავედი მოვძებნო) და ქართულად ვის ვათარგმნინოთ? :დ კი არ იციან რომ მაგრად გაეყიდებათ მაგის წიგნები.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: