ლეგოლენდი

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, შვედეთის სამეფოში იყო ასეთი ბრძენთაბრძენი მეფე გილფი. ცხოვრობდა. მეფობდა. და მოიწყინა. არც ომი იყო სადმე, რომ ეომა. არც ლხინი იყო, კარგად რომ გამომთვრალიყო. ჰოკეის ჩემპიონატიც კი არ იყო, რომ ექომაგა, იმიტომ რომ ჯერ ჰოკეი არ გამოეგონათ.

ჰოდა, სად იყო და სად არა, მისი სამეფოს საზღვრებს მოადგა უმშვენიერესი ქალი, სახელად გეფიონი, რომელსაც არც სახლი ჰქონდა და არც კარი, ამიტომ თავის ოთხ შვილთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, ამბებს ყვებოდა, უკრავდა, ცეკვავდა, ერთი სიტყვით – მსახიობობდა და ამით ირჩენდა თავს.

ერთი დღე და ერთი ღამე უსმენდა ბრძენთაბრძენი მეფე გილფი გეფიონს, უსმენდა ამბებს შორეულ ქვეყნებსა და ბობოქარ ოკეანეებზე, მზიან ველებსა და თოვლიან მწვერვალებზე, უცნაურ ცხოველებსა და ფინველებზე და მოიხიბლა. ისე მოიხიბლა, რომ გადაწყვიტა გეფიონი თავისთან დაეტოვებინა (მისი ოთხი შვილითურთ – რასაც ბევრი მამაკაცი, დამეთანხმეთ, არ იზამდა) და უთხრა ბრძენთაბრძენმა მეფემ ქალს – ნუღარსად წახვალ, დარჩი ჩემთან, გეყო რაც აქეთ-იქეთ იწანწალეო. გეფიონი დათანხმდა, ჰკითხა – სად დამასახლებო. რახან მთელი დღე და ღამე შენი აქყოფნით დამატკბე, მეც ერთ დღესა და ღამეს გაძლევ – რამდენ მიწასაც დახნავ, ფეშქაშ იყოს – აგიშენებ სასახლეს და იცხოვრე იქო, – უთხრა ბრძენთაბრძენმა მეფე გილფიმ (თან წვერ-ულვაშში ჩაიცინა, ეს თხელი ქალი, თუნდაც, მისი ვაჟები მიეხმარონ, ერთ დღე-ღამეში განა იმდენ რა მიწას დახნავსო).

გეფიონმა კი ხელი ხელს შემოჰკრა და შვილები ოთხ ზორბა ნაიალაღარ ხარად აქცია, გასწიეს გუთანი და ბრძენთაბრძენი მეფე გილფის სამფლობელოს უშველებელი მხარე ჩამოაცალეს, მოზიდეს და პირდაპირ ზღვაში შეაცურეს. კარგა ვეება კუნძული გამოვიდა.

ეგ სადაური ბრძენთაბრძენი გამოდისო – მეტყვით. რა ვუყოთ მერე, ლამაზ ქალს რომელი ბრძენი არ დაუშტერებია. არც გილფი იყო პირველი და არც უკანასკნელი იქნება… თუმცა, პოსტი სულ სხვა რამეზეა. ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, გეტყვით – ეს პოსტი სკანდინავიის მარგალიტ ქალაქ კოპენჰაგენზეა, რომელიც სწორედ იმ ბრძენთაბრძენი მეფე გილფისგან აწაპნულ კუნძულზეა დღეს გაშენებული… .

Copenhagenთავზე თუ გადაუფრენთ – იქაური სახლები ლეგოს კონსტრუქტორით აგებული გეგონებათ – პატარა, კოხტა, ფერად-ფერადი და მიჯრით ერთმანეთს მიწყობილი. ისეთი ლამაზია, რომ იმ სვანისა არ იყოს ანეკდოტიდან, პილოტს შესძახებ – დაეშვი ერთი, თუ ძმა ხარ, ჩავიდე მინდაო…

ამ ლამაზ, ფერად-ფერად და მხიარულ სახლებში ცხოვრობენ მხიარული და ძალიან მხიარული ადამიანები. მასწავლებლები, ხაბაზები, ხარაზები, ინჟინრები, ექიმები, მწერლები და ბლოგერები. და კიდევ მეთევზეები. ესენი ყველაზე გულკეთილი ხალხია. მათ კუდფუმფულა კატები ყავთ სახლში, რომლებიც ფანჯრის რაფაზე სხედან და მდინარე ნიუჰავნის ტალღებს გაჰყურებენ – აბა, ჩვენი პატრონი თუ ბრუნდება ნათევზარითო.

კიდევ ასეთ სახლში ცხოვრობს იულე ნისე. თეთრწვერა და წითელჩაჩიანი ბერიკაცი, რომელიც თოვლის ბაბუას ჰგავს, თუმცა – ფუძის ანგელოზია. იულე ნისე და კატა მეგობრობენ. თუ მეთევზეს შეაგვიანდება, ან მეგობრებთან გადააყენებს ნავს ერთი-ორი ჭიქის წასაქცევად, ან მთელი ჯალაბობა სტუმრად წავა ბებიის მოსანახულებლად, მდინარის გადაღმა რომ ცხოვრობს ასეთსავე ფერად სახლში, კატის გამასპინძლება იულე ნისეზეა.

wooden catsNisse

კიდევ ამ სახლებში ცხოვრობენ კლოუნები. დანია სრულიად კლოუნთა თავშესაყარია. ყველა კლოუნი დიდი დანიელი კლოუნის შორეული შთამომავალია. სწორედ ამიტომ და სწორედ დანიაში, ქალაქ სვენბორგში იმართება კლოუნების მსოფლიო ფესტივალი.

ამ სახლებში მუდამ ელიან სტუმარს. ამ სახლებში მუდამ გიზგიზებს ბუხარი. მაგიდაზე დგას დოქით რძე და ჰაერში კი კრინგლისა და ბისკვიტის სუნი ტრიალებს. ამ სახლებში ყველას თავისი კუთხე აქვს, თავის გემოზე მოწყობილი. ამ სახლებში ბევრი მზის სხივი შემოდის. ამ სახლებში ბევრს კითხულობენ და ყველას აქვს “ქინდლი” – მამას, დედას, ბავშვებს, იულე ნისეს და კიდევ ერთს სტუმრისთვისაც ინახავენ.

readingcorner31readingcorner6

სხვათა შორის, დანიაში, ქალაქ ბილუნდში ლეგოლენდიც აქვთ – გასართობი პარკი, სადაც ყველა შენობა ლეგოს კონსტრუქტორითაა აგებული. იქ, სამწუხაროდ, არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან მომეწონებოდა.

Billund_Legoland

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

პოსტი სპეციალურად ფაიფურის ანგელოზის ბლოგისთვის დავწერე 2011 წელს, მაგრამ იმ ბლოგმაც საღათას ძილით დაიძნა ახლა, ამიტომ პოსტი გავაღვიძე.

მეკი 2014 წლამდე გემშვიდობებით.

***

ასევე საშობაო-საახალწლო განწყობისთვის:

Yule Nisse და სხვა ელფები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

14 thoughts on “ლეგოლენდი”

  1. ჰო მართლაც ძაან კარგია… დიდების ზღაპარივითაა.
    მე კი ვარ ნამყოფი კოპენჰაგენში, მაგრამ ძაან კარგად არ მახსოვს, არადა მე-9 კლასში კი ვიყავი. მაშინდელი შთაბეჭდილება იყო ასეთი: არნახულად ლამაზი ხალხი იყო და პირდაღებული ვუყურებდი ხოლმე, ჩემი ბებიის ტოლი ქალები შორტებით, ზურგჩანთებით და ბოტასებით რომ მოძრაობდნენ სრული შოკი მივიღე, ნუ ბამბაზიის ხალათიანი ბებიაჩემის მერე ადვილი წარმოსადგენი რეაქციაა, თან ჩემი პირველი გასვლა იყო მაშინ ევროპაში, ყველა იღიმებოდა, გარემო იყო ულამაზესი, ფერადი, ზღაპრული სკვერებით იყო ქალაქი გადავსებული და ჩემხელა გოგოები სულ როლიკებით დაგორაობდნენ ქუჩაში, მე შურით შევყურდებდი, იმიტომ რომ თან ძაან მომწონდა და თან მეშინოდა ამ ოხერი როლიკების და ვერასდროს ვერ ვდგებოდი, ვერც ახლა დავდგები რომ მომკლა, რაღას მშურდა ვერ ვხდები. მერე მახსოვს ჩვენმა იქაურმა მეგობარმა ულამაზესმა გოგომ (15 წლის იყო) პირდაპირ ჩვენს თვალწინ დაზასა თავისი ბოიფრენდი და რომ მივხვდით რაშიც იყო საქმე, ბოზი ეგო გადავწყვიტეთ და აღარ ვემეგობრებოდით მერე :))) მანდ ძაან ცნობილი ქუჩაა ბოჰემური ტიპების, მეგონა დაწერდი მაგაზეც, იქაც ვიყავით.
    სიამოვნებით წავიდოდი კიდევ.

    Like

    1. ქრისტიანიაზე ამბობ. გაგიკვირდება და მანდ შეიძლება იტქვას არ ვყოფილვარ. ისე, ავუარ ჩავუარე.
      საერთოდაც სულ დღენახევარი ვიყავი კოპენჰაგენში, ნორვეგიაში მივფრინავდი და გავჩერდი გზად. ანდერსენის ქალთევზამდეც კი ვერ მივაღწიე – კატერით უნდა მივსულიყავი და მაგარი სიცივე იყო.
      ქალაქში ვიბოდიალე და ეგეთი მასთ სი არქიტექტურა – ფრედერიკის ეკლესია, კოშკზე ავბობღდი მიუხედავად ქარისა და ხელოვნების მუზეუმში ვიყავი, სადაც როდენის კოლექცია აქვთ და სამეფო მუზეუმში კიდევ. გეფიონის შადრევანიც ვნახე. 🙂 და რავი, მეფის რეზიდენცია, მერია და საათი მაგათი ცნობილი და ეგეთები.
      ახლა წაიკითხავს ამას ვიღაცა და დეგენერატი ხარო იფიქრებს 🙂 მაგრამ ქრისტიანიაში ვერ შევაღწიე.

      ველოსიპედებზე იყო ბევრი. გორგოლაჭები მაინცადამაინც არ შემინიშნავს. ჩინელი სტუდენტობა იყო კიდევ ბევრი და დანიელი ქალები გარეგნობით აღმოჩნდნენ ბევრად იმაზე ნაკლები მე რომ მოველოდი.
      ნორვეგიელებთან შედარებაც არაა, იმჰო.

      Like

    1. კი 🙂 მაგრამ ლუდის მუზეუმში არა.
      იქ ყველა მუზეუმი კარლსბერგისაა, მგონი 🙂 ეგ ასპონსორებს და სულ ყველგან კარლსბერგი აწერია. 🙂
      ლეგო და კარლსბერგი – ეგაა დანიის სავაჭრო ნიშანი.
      ისე, ყველის მუზეუმიც აქვთ, მგონი და იქ კი წავიდოდი. დანიურ ყველზე მაქვს პოსტი. ძალიან მიყვარს მაქაური მწარე ყველი.

      Like

      1. დაწერე კაცო რამე, 1 თვეზე მეტი გავიდა ბოლო პოსტიდან (ეს გადმოკოპირებული გაქვს არ ითვლება)

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: