ასე იყო თუ ისე იყო, დღესუკვე ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნის, “სამი მუშკეტერის” წაკითხვა არ მინდოდა. ფილმები მქონდა ნანახი და ვიცოდი შინაარსი. “გრაფი მონტე კრისტო” წაკითხული მქონდა და არ მომეწონას ვერ ვიტყვი, მაგრამ ისე ვერ გადავრეულვარ, როგორც ბევრი ჩემს თაობაში. იმხანად ჰერბერთ უელსი აღმოვაჩინე და წიგნს წიგნზე ვყლაპავდი (ფანტასტიკა რომ ძალიან მიყვარს – აგერ, ბლოგერული ნიკიდან და ავატარიდანაც ჩანს)… რაღა გავაგრძელო და დიუმას თავი არა მქონდა.
მამაჩემი არასდროს ცდილობდა, მისი გემოვნება მოეხვია თავს. ანკი რა აზრი ჰქონდა – თუ ვინმე დაჟინებით მირჩევდა რამე წიგნი წამეკითხა, ფილმი მენახა ან მუსიკა მომესმინა, ცოცხალი თავით არ გავაკეთებდი. ასეთი ვიყავი. წინააღმდეგობის ეშმა მეჯდა თავში… არც იმჯერზე ცდილა, მაგრამ, მახსოვს, ერთი ამბავი მომიყვა დიუმაზე, რომელსაც ანდრე მორუა იგონებს: დიუმა შვილი დიუმა მამას ეწვია და ხედავს – ზის და გულამოთქმით ქვითინებს. “რა დაგემართაო”, – ეკითხება. “პორთოსი დაიღუპაო, – პასუხობს, – იძულებული გავხდი, პორთოსი მომეკლაო.”
მაშინ, მახსოვს, გამიკვირდა, – რას ქვია იძულებული გახდა, მისი წიგნია და ნუ მოკლავდა-მეთქი. ბევრად გვიან მივხვდი, კარგი მწერალი თავისი პერსონაჟების ბატონ-პატრონი არაა ყოველთვის, თხრობას თავისი ლოგიკა აქვს და ვერ დაარღვევს… კიდევ ბაბუა დიუმაზე მომიყვა, სახელგანთქმული “შავი ლეგიონის” ერთ-ერთ მეთაურზე, ნაპოლეონის ეგვიპტის კამპანიის მონაწილესა და პირამიდებთან ბრძოლის გმირზე (ეს ბრძოლაა ფილმ “მამლუქიდან” რომ მახსოვდა). საქართველოში დღეს მონარქისტობაა მოდაში, მე კი მაშინ უკვე ბონაპარტისტი ვიყავი და ამ ამბებმა ძალიან დამაინტერესა. მოკლედ, რაღა დავმალო და, ანკესზე წამოვეგე, ჰერბერთ უელსი დროებით გვერდზე გადავდე და ჯერ მორუას “სამი დიუმა” გადავათვალიერე (პირველი ორი ნაწილი მხოლოდ – ბაბუა და მამა ალექსანდრ დიუმებზე) და მერმე “სამი მუშკეტერის” დროც დადგა… შემდეგ მივაყოლე “ოცი წლის შემდეგ”, “ათი წლის შემდეგ” და მივხვდი, თუ რატომ მოთქვამდა ავტორი ასე მწარედ პორთოსის ბედს. დიუმას ბევრი სხვა წიგნიც წავიკითხე, რომანებიც, მოთხრობებიც და ზღაპრებიც. არაჩვეულებრივია “დედოფალი მარგო”, “გრაფინია დე მონსორო”, მაგრამ “სამი მუშკეტერი” მაინც შედევრია და ყველაზე დიდი წიგნი, რაცკი ოდესმე წამიკითხავს.
პარიზში ერთი ადგილია – სამი დიუმას მოედანს უძახიან. სინამდვილეში ასე არ ჰქვია, მაგრამ ყველამ ამ სახელით იცის. იქ, ერთმანეთის შორიახლოს, სამი დიუმას მონუმენტი დგას, ბაბუის, მამისა და შვილის: გენერალ ალექსანდრე დიუმასი, მწერალ ალექსანდრე დიუმასი და აკადემიკოს ალექსანდრე დიუმასი, ვინც დაწერა “ქალი კამელიებით”, რომელიც არ წამიკითხავს და არც წავიკითხავ. იმიტომ რომ წაუკითხავადაც ვიცი, რომ ბორინგული წიგნია.
კიდევ მაასტრიხტში ვარ ნამყოფი, სადაც დაიღუპა და დასაფლავებულია დ’არტანიანი. იმ ბრძოლაში ფრანგებმა იმარჯვეს, დ’არტანიანი კი მარშალი გახდა, მაგრამ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. დ’არტანიანი რეალური პიროვნებაა, მართლა ჩამოვიდა გასკონიიდან პარიზში, შესანიშნავი სამხედრო კარიერა ჰქონდა, მართლაც მიაღწია მუშკეტერების კაპიტნობას და საფრანგეთის მარშლობასაც და მაასტრიხტის აღების დროს დაეცა ბრძოლის ველზე… თუმცა, დ’არტანიანის ძეგლი, ქალაქის პარკში რომ დგას, მისი საგმირო წარსულის კიარა, დიუმას გენიალურობის დამსახურებაა – ნამდვილი დ’არტანიანი მაასტრიხტელებისთვის მტერი იყო და დამპყრობელი, დიუმას დ’არტანიანი კი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟია. მას ცალი ხელთათმანი უგდია ფერხთ, მეორე, ჩანს, ვიღაცისთვის უსვრია და დუელში გამოუწვევია, დაშნა გაუშიშვლებია და, ცოტაც, ორთაბრძოლაში უნდა ჩაებას…
რომანში “ვიკონტი დე ბრაჟელონი ანუ 10 წლის შემდეგ” ერთი ადგილია, სადაც ჩემი ორი უსაყვარლესი ავტორი – დიუმა და ქონან დოილი და ორი ლიტერატურული პერსონაჟი – დ’არტანიანი და ჰოლმსი ხვდებიან ერთმანეთს. აი, ეს ადგილიც (თარგმანი ჩემია, შემოკლებით):
მეფემ თავი ასწია და დ’არტანიანი დაინახა.
– აბა, ჩემო ბატონო, რა გამოიკვლიეთ?
– ახლავე მოგახსენებთ… ამინდშიც გამიმართლა, დილით წვიმდა და…
– საქმეზე ისაუბრეთ, დ’არტანიან!
– სწორედ საქმეზე მოგახსნებთ. თქვენ მიბრძანეთ, რომ მდელოზე მკვდარი ცხენი წევს, ამიტომ, პირველ ყოვლისა, გზები დავათვალიერე. იქ ოთხი გზა კვეთს ერთმანეთს, ერთზე ნათლად აღიბეჭდა ოთხი ნალის კვალი. ორი მხედარი მიყვებოდა ამ გზას, მათგან ერთს მეტისმეტად მიეჩქარებოდა – მისი ცხენის კვალი ნახევარი ტანით უსწრებს მეორეს… გზის გასაყარს რომ მიაწიეს, შეჩერდნენ, ალბათ, დუელის პირობებს ათანხმებდნენ. ერთი მხედარი საუბრობდა, მეორე კი უსმენდა – მისი ცხენი ფლოქვებით თხრიდა მიწას, ჩანს, მხედარმა აღვირი მიუშვა და მთელი გულისყური თანამგზავრისკენ ჰქონდა.
– დუელი შედგა? – ჰკითხა ლუდოვიკომ.
– ეჭვგარეშეა. ის, ვინც უსმენდა ადგილზე დარჩა მეორემ კი მდელო გადაკვეთა და ცხენი მოატრიალა. მაშინ, ვინც ადგილზე დარჩა, ბედაურს დეზები კრა, და მეტოქის შესახვედრად გააგელვა, თუმცა, იმან ხერხი იხმარა, გვერდი უქცია და მდელოს კიდეს გაჰყვა, სადაც ტყე იწყება…
– მათი ვინაობა არ იცით?
– არ ვიცი, თქვენო უდიდებულესობავ… თუმცა, ის, ვინც ტყის პირს გაჰყვა, შავ ცხენზე იჯდა.
– ეგ საიდანღა გაიგეთ?
– სულ იოლად – რამდენიმე ძუა ვნახე ეკალბარდზე შერჩენილი.
– განაგრძეთ.
– მეორე ცხენი კი მდელოზეა, როგორც თავად ბრძანეთ – მოკლული. საფეთქელში მოხვედრია ტყვია.
– თოფისაა თუ დამბაჩის?
– დამბაჩის და იარამ იმ მხედრის ტაქტიკა გამიმხილა, ვინც ესროლა. ჩანს, ტყის პირს გაჰყვა და მეტოქეს ფლანგიდან მოუარა. მის კვალს მივაგენი – კარგად ჩანს, ბალახია გაქელილი. გასროლა მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელი იყო.
– რატომ ფიქრობთ?
– ასე რომ არა, ცხენიდან გადმოხტომას მოასწრებდა, ის კი ბედაურმა ქვეშ მოიყოლა. ამხელა სიმძიმისგან დეზი მიწაში ჩაეფლო ღრმად და მხედარმა ძლივს მოახერხა თავის დახსნა. ეს კვალიც კარგად ჩანს.
– შემდეგ რა მოხდა?
– წამოდგა და მეტოქისკენ გაემართა. პოზიცია შეარჩია – მისმა ჩექმებმა აქაც კარგად შესამჩნევი ნაკვალევი დატოვეს, დაუმიზნა და ესროლა… მაგრამ დააცილა.
– რა იცით?
– ტყვიით გახვრეტილი შლიაპა ვნახე.
– სამხილი გიპოვნიათ! – შესძახა მეფემ.
– სამხილად არ გამოდგება – არც ინიციალები აქვს, არც ღერბი. არაფრითაა გამორჩეული. წითელი ბუმბული აქვს, როგორც ათასს სხვას.
– შლიაპის პატრონმა თუ ისროლა ხელმეორედ?
– ეჭვგარეშეა, რომ ორჯერ გაისროლა – სასაფანტეს მივაგენი, მაგრამ ეს მეორე სროლაც გააცუდა, მხოლოდ ბუმბული გადატეხა მეტოქის ქუდიდან და ტყვია მდელოს საპირისპირო მხარეს ხეში ჩარჩა.
– აბა, მხედარი ტყვიის გარეშე დარჩენილა, როდესაც მის მეტოქეს კიდევ ჰქონდა ტყვია მჭიდში?
– არა, ასე არ არის. სანამ ის, ცხენმოკლული, თავს გაითავისუფლებდა და ფეხზე წამოდგებოდა, მეტოქემ დამბაჩის გადატენა მოასწრო, ძალიან კი ჩქარობდა, ხელი უკანკალებდა…
– რატომ ფიქრობთ?
– ნახევარი საფანტი ძირს დაეყარა და ზუმბაც დაუვარდა სიჩქარეში.
– თქვენ მე მანცვიფრებთ, ბატონო დ’არტანიან.
– სულ ოდნავი დაკვირვების საქმეა, თქვენო უდიდებულესობავ. ნებისმიერი, ვისაც კი გააგზავნიდით ამბის დასაზვერად, იგივეს გეტყოდათ.
– გისმენთ და მთელი სურათი თვალწინ წარმომიდგა! – უთხრა აღფრთოვანებულმა მეფემ.
– შევეცადე გონებაში აღმედგინა, თუ რა მოხდა, შესაძლოა, მცირედ ვცდებოდე.
– კარგით, ახლა ცხენმოკლულ მხედარს დავუბრუნდეთ, სანამ ის ხელმეორედ უმიზნებდა…
– მეტოქემ დაასწრო და ესროლა…
– და გასროლა ზუსტი იყო?
– ტყვია ჯერ მარჯვენა ხელში მოხვდა, შემდეგ კი რიკოშეტით – მკერდში.
– როგორ დაადგინეთ?
– არ იყო ძნელი – მის დამბაჩას მივაგენი. ტარი დასისხლიანებულია, ზედ კი ნატყვიარი აქვს, ბეჭდის ნამსხვრევიც ვნახე. ტყვიამ ორი თითი წააცალა, – არათითი და ნეკა.
– მკერდში რიკოშეტზე რაღას მეტყვით?
– მდელოზე სისხლის ორი გუბეა. ერთ გუბესთან ბალახია ფესვებიანად მოგლეჯილი – უეჭველია, დაჭრილის ხელით. მეორე გუბესთან გულაღმა ძირს დაცემული სხეულის კვალი იკვეთება. გუბეებს შორის მანძილი ადასტურებს, რომ ტყვია სწორედ მკერდში მოხვდა.
– საბრალო დე გიში! – აღმოხდა ლუდოვიკოს.
– მაშ, მართლა დე გიში იყო?.. მეც ამას ვეჭვობდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი და ვერ შეგკადრეთ.
– ეჭვი რატომღა გაგიჩნდათ?
– მოკლული ცხენის აკაზმულობაზე ღერბი ამოვიცანი.
– როგორ ფიქრობთ, დე გიშის იარა რამდენად მძიმეა?
– ძალიან მძიმე. ის წაიქცა და დიდხანს იწვა გაუნძრევლად, თუმცა, გადარჩა. მოგვიანებით ორი მეგობრის დახმარებით შეძლო ფეხზე წამოდგომა და იქაურობას გაეცალა.
– შეხვდით მათ?
– არა, მაგრამ ნაფეხურებს მივაგენი. სამი ადამიანის – ვინც შუაში მიდიოდა, ძლივს მიათრევდა ფეხებს და სისხლის კვალიც სდევს.
– ახლა, როცა ამდენი მომიყევით, ისიც მითხარით, ვინ იყო დე გიშის მეტოქე.
– ეს კი აღარ ვიცი.
– როგორ არ იცით, როცა ყველაფერს ხედავთ?
– შეიძლება კი ვხედავ ბევრს, მაგრამ ყველაფერს არ ვამბობ. რახან იმ ადამიანის ბედი იყო, რომ გადარჩა და მიიმალა, თქვენს უდიდებულესობას ნებას ვთხოვ, მისი ვინაობის გამხელას ნუ მაიძულებს.
– ნებისმიერი დუელიანტი დამნაშავეა, ბატონო დ’არტანიან!
– ჩემს თვალში კი – არა. ვინც კარგად და მამაცურად იბრძვის, ღირსეული ადამიანია. ალბათ, არ დამეთანხმებით, მაგრამ სხვას არც ველი – თქვენ ხომ მონარქი ხართ, – დარტანიანმა თავი დაუკრა.
– რა იცით, რომ ის ორი ადამიანი დუელს არ შესწრებია და მოგვიანებით მივიდა?
– ზუსტად ვიცი. აკი მოგახსენეთ, დილით წვიმდა, ორთაბრძოლის დროს ცა მოიწმენდილი იყო, მაგრამ მიწა ჯერ არ გამომშრალიყო და ნაკვალევები კარგად ჩანს, იმ ორის ნაფეხურები კი ისეთი მკვეთრი აღარაა, გამოდის რომ, მიწამ შეშრობა მოასწრო.
– ბატონო დ’არტანიან, თქვენ ყველაზე მარჯვე ადამიანი ხარ სამეფოში!
– კარდინალები რიშელიე და მაზარინიც ამას მეუბნებოდნენ.
ალექსანდრე დიუმა, “ვიკონტი დე ბრაჟელონი”, ტომი 2, თავი XXIII: “როგორ აღასრულა დ’არტანიანმა მეფის დავალება”
დიუმას სამი დიდი გატაცება ჰქონდა – ქალები, საჭმელი და ორდენები. დიდი გურმანი და გამორჩეული მზარეული, კულინარიულ ენციკლოპედიასაც წერდა, მაგრამ დასრულება ვერ მოასწრო. საქართველოში მოგზაურობისას მწერალი ქართულმა სამზარეულომ გულგრილი არ დატოვა. მწვადი მოსწონებია განსაკუთრებით და თავადაც შეუწვავს (შამფურის ნაცვლად პირდაპირ კარაბინის ზუმბაზე წამოუცვამს ხორცი). ქართველი ქალების სილამაზეს მოუხიბლავს. იშვიათია, რომ ქართველ ქალს ზედმეტი წონა ჰქონდესო, ამბობს, თუმცა ფერ-უმარილის მოხმარებაში კი აჭარბებენო. მეტადრე მეგრელები მოსწონებია, თუ შავი ფერის თმა აქვთ, თვალები აქვთ ცისფერი და თუ ღია ფერის თმა – თვალები აქვთ შავი და ისე აკვესებენ, გული გადაგიქანდებაო, – წერს.
თუ დავუჯერებთ, იმდროინდელ ქართველობას თალხზე მეტად ფერადოვანი ტანსაცმელი ჰყვარებია – ბროწეულისფერი ჩოხა ცისფერ სარჩულზე, ოქროთი გაწყობილი, თეთრი ატლასის ახალუხი და ხმელი ფოთლის ფერი შარვალი – ასე გამოწყობილი შეგებებია მწერალს ერთი ჩვენებური თავადი.
თბილისში ყოფნისას, ქართველებს სმაში გაჯიბრებია და უჯობნია კიდეც, რის დასტურად მასპინძლებს იქვე საგანგებო სიგელიც შეუდგენიათ და მოქეიფე მწერლისთვის გადაუციათ. დიუმას, ეგებ არც უნდა ვენდოთ, მაგრამ ამ ამბავს აკაკიც იგონებს. “ცისკრის” რედაქტორსა და გამომცემელს, ივანე კერესელიძეს უფიქრია, ეს “ფრანცუზი” უნდა “შევაშინოო” და ვეება ყანწით ალავერდს გადასულა. როგორც აკაკი ამბობს, ყანწში სამი ბოთლი ჩადიოდა, თურმე. დიუმას ყანწიც გამოუცლია და სამი “სტაქანი” ღვინოც დაუყოლებია. აქ უკვე კერესელიძეს შეშინებია თავად და თითი მოუკაკვავს. მერმე დამჯდარა და ნიკოლოზ ჭავჭავაძესთან ერთად ქაღალდები შეუდგენია, ალექსანდრე დიუმამ ქართველებზე მეტი დალია, რასაც ვადასტურებთო. დიუმა წერს, სხვებმაც მომცეს საბუთი, ზოგმა რუსულად დამიწერა, ზოგმა ქართულად და ზოგმა – პოლონურად. ყველა შენახული მაქვს და თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, მოდით და გაჩვენებთო.
დიუმა კარგა ხანს ცდილობდა პოლონური წმინდა სტანისლავის ორდენის მიღებას, მაგრამ ნიკოლოზ პირველმა ბრილიანტიანი ბეჭედი აკმარა. დიუმამ არ იკმარა და “ფარიკაობის მასწავლებლით” გადაუხადა სამაგიერო. მოგვიანებით, უკვე ალექსანდრე მეორის მეფობის დროს რუსეთში მოგზაურობისას, ხელახლა სცადა, მაგრამ ორდენი კვლავ ვერ გამოსტყუა. ასე რომ ქართველების მიერ გაცემული სიგელი მის მიერ რუსეთის იმპერიიდან წაღებული ერთადერთი ჯილდო აღმოჩნდა. 🙂 ეგებ ეს მიზეზია ან, ეგებ, მართლაც ვიმსახურებდით, მაგრამ დიუმა ქართველებს ნაკლს რომ ვერ მოუძებნი, ისეთ ხალხს გვიწოდებს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ალექსანდრ დიუმა. “კავკასია” (რუსულად)
***
ასევე:
მუშკეტერები
ვრცელი პოსტი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ❤
დანტესმა რა დაგიშავა მაგასაც არ გკითხავ.
LikeLike
მოვიხიბლე 🙂
“ვიკონტი დე ბრაჟელონი”-ს მხოლოდ შუა ნაწილი მაქვს წაკითხული, დანარჩენები არ ჩამივარდა ხელში და ახლა, მგონი, ის დროა, ელექტრონული ვერსია მოვქექო.
LikeLike
კარგია, ორდენი რომ არ მისცეს, თორემ დაწერდა რუსეთზე პანეგირიკს და შენ ამას ვერ გადაიტანდი. 🙂
LikeLike
პანეგირიკს არა იმას კიდე 🙂
ისე, ნიკოლოზ პირველი დიდი ნაგავი იყო, მაგრამ დეკაბრისტები მასზე უარესი. თუმცა, რომანი ერთ ფრანგ ქალზეა და სიყვარულზე. დანარჩენი ანტურაჟია.
@tamara
ბრაჟელონი ყვლაზე სუსტია მაგ სამიდან. იმჰო. და ახლა არ ვიცი რამდენად მოგეწონება. 🙂
@ანი
არ მკითხე, მაგრამ მაინც გიპასუხებ. 🙂
წიგნი მშვენიერია. უბრალოდ იცხოვრო შურისძიებისთვის სულ სხვაა და მუშკეტერები სულ სხვა. ფარდობითია ყველაფერი.
თუმცა, დიუმა ცხადია მიხვდა ამას და ამიტომ ბოლოს სიყვარულის ჰეფიენდური ისტორიით გაანეიტრალასავით. 🙂
LikeLike
მადლობა რომ ჩემს არდასმულ კითხვას უპასუხე :))
დანტესი ტრაგიკული გმირია და ეგ არის მისი ტრაგედია, რომ შურისძიებისთვის უწევს ცხოვრება, მაგრამ, როგორც დაწერე, მაქსიმილიან მორელის და ვალენტინას სიყვარული ანეიტრალებს მის ცოდვებს. მერე კიდევ ქონებაზე უარს ამბობს და მათ უტოვებს ყველაფერს და დანგლარსაც აპატიებს და გაანთავისუფლებს.
დანტესი არაა შაბლონურად დახატული პერსონაჟი. მუშკეტერებს არც მე მირჩევნია, მაგრამ არაჩვეულებრივი წიგნია ეგეც. ❤
LikeLike
აუ რა კარგი პოსტია არ იცი 🙂 უფრო სწორად იცი.
არც მეგონა ამდენი საერთო თუ გვქონდა. დიუმას და არტურს ვგულისხმობ.
და მონტე-კრისტოს რაც შეეხება, აი მიკვირს და გამკვირვებია, როგორ არ შეჯექი! ეგ იყო ჩემი ნარკოტიკი რამდენიმე წლის მანძილზე, აი მუშკეტერებს რომ მოვრჩი, მერე მაგაზე გადავედი. ფაქტიურად ზეპირად ვიცოდი და რამდენჯერ მაქვს წაკითხული მართლა თვლა მაქვს დაკარგული. მუშკეტერებზე კიდევ ერტი კარგი ამბავი შემემთხვა, მთავარი პირველი ტომი რომ წავიკითხე ასჯერ და ასმეერთეზე მივდიოდი, დედაჩემმა რას იტანჯები შვილო მაგას გაგრძელებაც აქვს და ახლა გადაერთე იმათზეო და ახლაც კი მახსოვს ის ნეტარება, რომ წარმოვიდგინე რომ ბუნებაში კიდევ არსებობს მუშკეტერები, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს!! 🙂 აი რაღაცა მაზოხისტური სიამოვნებით ვიზოგავდი მერე :)))
მოკლედ, ეს ის წიგნებია, რომლებიც ჩემი ცხოვრების ერთ ეტაპს ძალიან საინტერესოს ხდიდნენ, მივსებდნენ და ჩემი ნამდვილი მეგობრები იყვნენ. (ახლა მიკვირს ისე, ერთ შვილს მაინც ალექსანდრე როგორ არ დავარქვი რა..)
და დიუმას რაც შეეხება, რაღაცა არ მჯერა ახლა შენ რასაც წერ ალექსას შეხედულებაზე ქართველებზე, აშკარად დაგოიმების სუნი მცემს!
LikeLike
მოგონებების წიგნი წაიკითხე და ნახავ. 🙂
სხვათა შორის ძალიან საინტერესო წასაკითხია.
ისე, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა ეუბნება მეორეს, რომ მოსალოცი ხარო – ეგ წიგნი რომ არ გაქვს წაკითხულიო, დიდი სიამოვნება გელის წინო… სერვანტესზე ამბობს თუ ვარგას ლიოსაზე არ მახსოვს ახლა. მაგრამ დიუმაზე უფრო სიმართლეა. 🙂
LikeLike
მონტე-კრისტოზე მეც გკითხავდი, მაგრამ არც მე შეგეკითხები. სწორედ ის თაობა ვარ, ვინც მაგ წიგნზე აფანატებდა. რუსული მონტე-კრისტოც ფილმიც ძალიან კარგია განსხვავებით რუსული სამი მუშკეტერისგან. კიდევ უკეთესია ფრანგული ფილმი, სადაც დანტესს დეპარდიე თამაშობს და მერსედესს ორნელა მუტი. ახალგაზრდა დანტესის როლში დეპარდიეს შვილი. არაჩვეულებრივი ფილმია.
პოსტიც არაჩვეულებრივია და სამი მუშკეტერი მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ცოტა გამიკვირდა მონტე-კრისტო რომ არ მოგეწონა ისე ძალიან.
LikeLike
დიუმაც ძალიან კარგად ითამაშა მაგან “სხვა დიუმაში”. ცოტა გამოშტერებული კაცია კია ეს დეპარდიე, მაგრამ გენიალური მსახიობია.
პოსტის სათაურიც მაგ ფილმის პონტშია 🙂
LikeLike
მე ახალი წაკითხული მაქვს სამი მუშკეტერი და ახლა გაგრძელებას ვკითხულობ და ძალიან მომწონს.
დიუმას სხვა ნაწარმოებები არ მაქვს ჯერ წაკითხული
LikeLike
ჰოდა მოსალოცად გქონია საქმე… თუმცა ყველაზე კარგი უკვე წაგიკითხავს, მაგრამ “დედოფალი მარგო“ და ეგ ტრილოგია მთლიანად კარგია ძაან.
LikeLike
მონტე ქრისტო საშუალოა რა. არც იქით არც აქეთ
3 მუშკეტერი ძალიან მიყვარს, აი გარძელებები ისე ძალიან არა 20 წლის შემდეგ პრიკოლია, . 10 წლის მერე არის კოშმარი. 3 მუშკეტერში ათოსი იყო გენიალური –ჩემი კუმირი. აი შემდეგ კი ეს დიდებული ლოთი პოფიგისტი რარაც სიწმინდის ეტალონი ხდება და მერე და მერე პორთოსის ფანი ვხდები
ისე პორთოსის ანდერძი ხალტურაა :დ
LikeLike
თაკოსი არ იყოს ახლა ჩემი ჯერია, გამიკვირდეს ისე დაემთხვა გემოვნება 🙂 თუმცა ბრაჟელონის მიმართ ასე ძაან მკაცრი არ ვიქნები, მაგრამ ციკლში ყველაზე სუსტია უდავოდ. ათოსზეც დაემთხვა. მეც დამევასა თავიდან ძაან დასტო და ჯიგარი ტიპი იყო 🙂 მაგრამ ბოლოს მაგრად გადაუვიდა ხასიათში და ყველაზე ალალი და კაი ტიპი პორთოსი გამოჩნდა.
LikeLike
ჰეჰ. ტავიდან რა უჭირდა ამ ბრაჟელოს, მაგრამ მერე რომ გაუტიეს იმ ფონტენებლოს ამბებს აი მანდ ცუდად გავხდი, თორემ მანამდე იყო სახალისო. ფუკეც ყალბი იყო მამენტ მანდ. ათოსი 3 მუშკეტერში სასწაულია, სასმელზეცქ ალებზეც რჩევებზეც. მაგის გამოსვლა სარდაფიდან იყო ჩემი საყვარელი ეპიზოდი . მამნეტ სენ-ჟერვეს სადილიც :))
LikeLike
ზოგადად ჯერ რომ იშლებიან და აღარ არიან ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის გაგრძელებაში ეგ ტეხავდა და ბოლო ნაწილში კიდევ ნაკლებადაც ჩანან და ბრაჟელონი და ახალი ტიპების ირგვლივაა ამბები – და ეგ იყო ჩემთვის ნაკლებად საინტერესო უკვე.
LikeLike
გეთანხმებით, მეც დამავიწყდა დამეწერა რომ 20 წლის შემდეგ გაცილებით ჯობია 10–ს, თუმცა პირველი წიგნი საუკეთესოა. და ამ სამ მუშკეტერზე რომ ჩაიციკლეთ, ჩემი დარტანიანი რატომ დაგვიწყდათ ვერ გევიგე?! 😦 ყველაზე ქარიზმატული და მომხიბლავი საბოლოო ჯამში დარტანიანი იყო, არადა სულ პირველად რომ გამოჩნდა მაგრად არ მომეწონა, მეთქი ვინაა ეს მეტიჩარა გასკონელი. ისე არამისი ძაან პროვოკაციული და საყვარელია. და საერთოდაც ოთხივე მიყვარს ❤ 🙂
LikeLike
დ’არტანიანი(ც) თავისთავად. ცალკე ფენომენია ეგა. იმიტომ ჰქვია “სამი მუშკეტერი”.
მაგრამ პორთოსი, როგორც ყველაზე გურმანი, ბაქია და თან ალალი დიუმაა ფაქტიურად. გარეგნობითაც ჰგავს.
მერე კიდევ ეგ რჩება მხოლოდ იმ ახალგაზრდული იდეალების ერთგული მეგობრობაში. სხვები არა. ათოსი გარეკავს, არამისი გაჩათლახდება და დ’არტანიანი ძაან სახელმწიფოებრივი აზროვნება, მეფის ერთგულება და რამე. 🙂 იმ ახალგაზრდულ ავანტიურიზმს ღალატობს და პორთოსი ბოლომდე ეგეთი რჩება.
***
სხვათა შორის, ადრე დავწერე, “ხმაურსა და მძვინვარებაზე” – 5 საყვარელი ნაწარმოები-მეთქი. ეს მეოთხეა, რომელზეც დავწერე და მე-5-ზე პოსტი დრაფტებში მაქვს-თქო. აი ეს პოსტია ის მეხუთე.
ასე რომ, თიბისის ინსპირაცია არაა პოსტი. :))
LikeLike
კარგი, მჯერა და აჰა, თითს ვკაკვავ (შენ კი ვერ ხედავ მარა მაინც ).
ახლა იცი რა გამახსენდა? ბენდუქიძის რეალითი შოუ რომ იყო და კასტინგზე რომ მოთხოვა ხალხს, 3 მუშკეტერი 3 წინადადებით მომიყევითო და 90% გაჩუმდა 😦 იცი, როგორ მეწყინა? ხალხმა თურემ 3 მუშკეტერი არ იცის…
LikeLike
საქართველოზე არ მქონდა წაკითხული და გადმოვქაჩე ლინკიდან.
მადლობა.
LikeLike
Картина кисти Левитана – “три Дюма”.
Дюма-отец посылает Дюма-сына к Дюма-матери.
LikeLike
მამაჩემმა დამაწყებინა “გრაფი მონტე კრისტო” და “სამი მუშკეტერი”, ასე რომ მშობლების გემოვნებაზე არასდროს დამიწუწუნია ^_^
მევასება შარლ დარტანიანი..
მართლა, გახარო, საფარიკაო ხმალი ვიყიდე ^_^
LikeLike
რაპირისტი ხარ თუ შპაგისტი?
LikeLike
ხმალისტი ^_^
ელექტრო ვიყიდე, დამრჩა მუზარადი და ჟაკეტი, უწყვეტი ვარჯიში და იქნებ მოყვარულთა ჩემპიონატზე გავიდე ხოლმე… აუ რუსებს რა ჩემპიონატები აქვთ, გავგიჟდი, ჩვენთანაც იყოს რა იქნება ეგრე 😦
LikeLike
ჰოდა კიდო, დანტესი იყო ჩემი ბავშვობის სიყვარული. არც ვიცი რამდენჯერ მაქვს წაკითხული, დაჟე დიალოგები მახსოვს. მუშკეტერების გაგრძელებები რუსულად მაქვს წაკითხული და ხვდები ალბათ რა ტანჯვა-წამებით )))
დიუმას წიგნებიდან მუშკეტერები, მონტე-კრისტო, მარგო, სხვებს არ ვაღიარებ მე!
LikeLike
უმბერტო ეკო გენიოსი ბებერია, შემთხვევით მივაგენი ამ სტატიას:
http://www.reitingi.ge/top-news/1475-umberto-ekos-tserili-shvilishvils.html?lang=ka-GE
ჰაჰ, ჩემდა სამარცხვინოდ, მუშკეტერების მსახურებიდან ბაზენი და მუსკეტონი დამავიწყდა. გრიმოს და პლანშესგან განსხვავებით, ჰმ. მრცხუენია
LikeLike
მე პლანშე და მუშკეტონი მახსოვს. 🙂 მაგრამ რომელი რომლის მსახურია არა 🙂
თუმცა, ახლა მახსოვს, იმიტომ რომ პოსტის წერისას გავიხსენე.
LikeLike
დარტანიანს წიგნში რა ქვია? გამუსკდა თავი ფიქრით ღუ არ აქვს ნახსენები ვაფშე დიუმას
LikeLike
რაც სინამდვილეში – შარლი.
LikeLike
ხელახლა შემომეკითხა ეს პოსტი 🙂
LikeLiked by 1 person