ერთი ადრეული პოსტი მქონდა ძაღლ ბაბსზე, რომელსაც, მისდაუნებურად, ფრიად საგულისხმო როლი ერგო მეორე მსოფლიო ომის დროს ჯაშუშთა თამაშებისას, ახლა კი კატაზე მოგიყვებით, სახელად სემზე, რომელმაც სამხედრო სამსახური გერმანელების მხარეს დაიწყო და ინგლისელების მხარეს დაასრულა. სემი ზღვაოსანი კატა იყო და პირველად 1941 წლის 18 მაისს გავიდა ოკეანეში მესამე რაიხის სამხედრო ფლოტის სიამაყე ლინკორ “ბისმარკით”. თუმცა, მაშინ მას სემი არ ერქვა, როგორც ნამდვილ გერმანელ პატრიოტს შეეფერება ერქვა, ალბათ, ფრიდრიხი ან რუპრეხტი, ან ჰაინრიხი ან, თუნდაც, უბრალოდ – ჰანსი… არვინ იცის. 27 მაისს გერმანული ლინკორი ბრიტანული ფლოტისა და ავია-ბომბდამშენების ალყაში მოექცა, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება, დამარცხდა და ჩაიძირა. კატის პატრონიც “ბისმარკის” სხვა 2’000 მეზღვაურთან ერთად დაიღუპა და სემის ნამდვილი სახელიც თან წაიყოლა. ბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე საათში გერმანული ლინკორის ნარჩენებზე აბობღებული, სულ მთლად გალუმპული, ოდნავ ნირწამხდარი, მაგრამ მაინც საღ-სალამათი და ამაყი კატა ბრიტანელებმა შენიშნეს და გამანადგურებელ “ქოსაქსის” გემბანზე აიყვანეს. ვინაიდან საზღვაო ენაზე სიგნალი “ოსკარი” ნიშნავს “ადამიანს ბორტს მიღმა”, ინგლისელებს ბევრი არ უფიქრიათ და კატას ოსკარი დაარქვეს. არც მას გაუპროტესტებია დიდად. ასე უღალატა გერმანელმა მეზღვაურმა კატა ჰანსმა სამხედრო ფიცს და ინგლისელ მეზღვაურ ოსკარად განაგრძო სამსახური.
რამდენიმე თვის შემდეგ 1941 წლის 24 ოქტომბერს “ქოსაქსს” გერმანული წყალქვეშა გემის, ლეგენდარული U-563-ის ტორპედო მოხვდა, მძიმე დაზიანება მიიღო და რამდენიმედღიანი დრეიფის შემდეგ ჩაიძირა. ეკიპაჟის 159 წევრი დაიღუპა, მაგრამ კატა კვლავ გადარჩა. ის გემ “ლიჯენის” ბორტზე აიყვანეს და გიბრალტარის ნახევარკუნძულზე გადააბრძანეს. აქ ის ოფიციალურად მონათლეს ჩაუძირავ სემად და სულ მალე ავიამზიდ “არქ როიალზე” გაამწესეს… ბედის ირონიით ეს სწორედ ის ავიამზიდი იყო, რომლის გემბანიდან აფრენილმა ბომბდამშენებმა დაუშინეს ბომბები ლინკორ “ბისმარკს”, მაგრამ ამჯერად სამხედრო მისია ძველებურად წარმატებული ვერ აღმოჩნდა, “არქ როიალი” გერმანულმა წყალქვეშა ნავმა, U-81-მა ჩაძირა. კატა სემსა და ეკიპაჟის სხვა გადარჩენილ წევრებს ბრიტანულმა კატერმა მიუსწრო და სამშვიდობოს გაიყვანა. სემი ჯერ გამანადგურებელ “ლაითნინგზე” აღმოჩნდა, სულ მალე კი – კვლავ “ლიჯენზე”. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ “ლაითნინგი” 1942 წლის 26 მარტს მტრის ბომბდამშენებმა ჩაძირეს, “ლიჯენი” კი გერმანული ტორპედოს მსხვერპლი გახდა 1943 წლის 12 მარტს… თუმცა სემი ამ ყველაფერს გადაურჩა, “არქ როიალის” დაღუპვის შემდეგ ის ხმელეთზე ჩამოწერეს და ჯერ გიბრალტარის გუბერნატორის კანცელარიაში დაიდო ბინა, მოგვიანებით კი ერთ ირლანდიელ მეზღვაურს გაჰყვა მატერიკზე და ბედნიერად და ფათერაკების გარეშე ცხოვრობდა ბელფასთში. ხანდახან, საზღვაო წარსულის ნოსტალგიით, My Bonnie Lies over the Ocean-ს აკრუტუნებდა და ქაღალდის ნავებს უშვებდა ტბაში.
მხატვარმა ჯეორჯინა შოუ-ბეიქერმა საგანგებოდ ეროვნული საზღვაო მუზეუმისთვის შექმნა ჩაუძირავი სემის პორტრეტი და, თუკი ლონდონში მოხვდებით, შეგიძლიათ, იქ იხილოთ. ნახატს ასე ჰქვია – ოსკარი, კატა “ბისმარკიდან”.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
მეორე მსოფლიო ომის ისტორიკოსებს რომ ჰკითხოთ, სემის ისტორია საზღვაო ლეგენდაა.
საყვარელი ❤
LikeLike
რა თარსი ყოფილა. მეზღვაურების ადგილას, გადარჩენა კი არა თვითონ რომ შემომხტარიყო, ფეხით მივაბრუნებდი ზღვაში. თუმცა რა იცოდნენ იმ უბედურებმა 😦
LikeLike
ლეგენდაა თუ რეალობა, სასიამოვნოდ კი იკითხება 🙂
ისე, მაგ ისტორიკოსების მიერ რეალურად გასაღებული ბევრი ისტორიაც ფრიად საეჭვო ჰიპოთეზებზე დამყარებული…
LikeLike
ვაუუჰ )))
LikeLike
სამი სახელი ქონია სიცოცხლე კი კატებს 9 აქვთ 🙂
LikeLike
სემსაც 9 ჰქონდა, მაგრამ 3 სიცოცხლე დახარჯა 🙂
LikeLike
tkuilia tu martalia tavgadasavlebit savse cxovreba qonia am katas
LikeLike
ლეგენდაც რომ იყოს, ისეთი კარგი ლეგენდაა რომ აქვს არსებობის უფლება. თან პორტრეტიც შეუქმნიათ. 🙂
LikeLike
ნამდვილად, დატოვა თავისი სახელი…
LikeLike