ამერიკელი ფსიქოპათი

გაუმაძღრობა კარგია. სექსი იოლია. ახალგაზრდობა – მარადიული.
ბრეთ ისთონ ელისი. “ინფორმატორები”

Bret Easton Ellisარა, “ამერიკელ ფსიქოპათზე” დაწერას არ ვაპირებ. 🙂 ის ბრეთ ისთონ ელისის (Bret Easton Ellis) ყველაზე ცნობილი რომანია და უჩემოდაც წაკითხული გექნებათ (და თუ წაკითხული არ გაქვთ და არ გაინტერესებთ, არც ჩემი პოსტი დაგაინტერესებთ). სხვა რომანზე დავწერ – “ინფორმატორებზე” (The Informers) თუმცა, არც ვიცი, რომანია კი? ბევრი მოთხრობების კრებულს უძახის. “ინფორმატორებში” თავებად დაყოფილი ამბები, თითქოს, არც რამით უკავშირდება ერთიმეორეს. ვიღაცა ვიღაცის მეგობარია. ვიღაცა ვიღაცის მეზობლად კაფეში დადის. ვიღაცა ვიღაცის დედის საყვარელია. ვიღაცა ვიღაცას ნარკოტიკებით ამარაგებს. ვიღაცა ვიღაცას ვიღაცის შესახებ უყვება. ვიღაცას ვიღაცის შესახებ რაღაც ამბისთვის მოუკრავს ყური. მრავალრიცხოვან პერსონაჟებში ჩაკარგვა ისევე იოლია, როგორც თივაში ქინძისთავისთვის. ტყუილად კი არ ჰქვია ფრანგულ თარგმანში ამ რომანს – “ზომბები”. მისი პერსონაჟები მართლაც ზომბებივით ჰგვანან ერთმანეთს და მათი გარჩევა, ხშირად, ძნელია.

ერთი კვირის წინ მეგობრებთან ერთად ვიჯექი ლოს ანჯელესის უმაგრეს კლუბში, დიჯეიმ ჩართო იაზი და ბოუი, ვიდეო-კლიპებს ატრიალებენ, მე კი მესამე ჯინ-ტონიკს ვსვამ და უცებ ვხვდები, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ერთია. ნიუ იორქი, ლოს ანჯელესი, ფალმ სფრინგზი… მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯანდაბა! ალბათ უნდა ავღელდე, არა? მაგრამ, იცი, ეს ამბავი, მამშვიდებს. არ მაღელვებს, გესმის? პირიქით, მივეჩვიე და მევასება.
ბრეთ ისთონ ელისი. “ინფორმატორები”

მე ფილმი მქონდა ნანახი და ბევრი რამ გამიიოლდა – მსახიობთა სახეების ამოცნობა წიგნის პერსონაჟთა სახელებისა და მეტსახელების დამახსოვრებაზე ბევრად მარტივია. სხვა გზაც არის – ყველა სახელი და მეტსახელი ფურცელზე ამოიწეროთ. 🙂 მაგრამ, მაინც მგონია, რომ ეს უსარგებლო საქმეა. წიგნის წერისას ელისი ხომ არ ელოდა, რომ მის რომანს ეკრანზე გადაიტანდნენ და იმას ხომ სულ არ იფიქრებდა, ვინმე ჩემი პერსონაჟების გვარ-სახელს ამოიწერსო ცალკე. “ინფორმატორების” მთელი ხიბლია, არარსებულ სიუჟეტში ჩაიძირო. კანონზომიერება აღმოაჩინო იქ, სადაც ის არაა. ავტორს თანაავტორად ამოუდგე გვერდში, მისი წიგნი შეაბრუნო და გარდიგარდმო დაწერო. ელისის მთავარი დამსახურება ისაა, რომ ამის საშუალებას გაძლევს – არ გაჩეჩებს რეცეპტებს, როგორ იცხოვო. არ გასწავლის ჭკუას. არ მორალისტობს. ელისის ნაწარმოებები ძალიან ინტროსპექტიულია და შეგიძლია, მოვლენები შიგნიდან დაინახო და არამხოლოდ იმიტომ, რომ თხრობა პირველ პირშია, უფრო იმიტომ, რომ მისი წერის მანერაა თავისებური, თითქოს ინტერაქტიულ რომანს კითხულობ, სადაც შენც სიუჟეტის მონაწილე ხდები. ეს მნიშვნელოვანი რამაა – თუკი ვერ მოახერხე რომანში “შეძრომა”, მაშინ იქ აღწერილი ამბები უბრალოდ უცხო ხალხის ცხოვრებად დარჩება შენთვის. გაგირბენს თვალწინ და კვალიც არსად დარჩება. მაგრამ თუ ნაწარმოებში შეღწევა მოახერხე, ზოგჯერ ის ილუზიაც კი გაგიჩნდება, რომ სიუჟეტის შეცვლა შეგიძლია. ავტორი უკან იწევს, ჩრდილში და ნებას გრთავს, მისი ადგილი დაიჭირო… რა თქმა უნდა, ილუზიაა-მეთქი ვთქვი. ისევე როგორც ილუზიაა ბევრი რამ ელისის რომანებში, სადაც რეალობა, ნარკოტიკული ბურუსი და გამონაგონი ერთმანეთს ერწყმის და თავისა და ბოლოს გარკვევა სულ უფრო ძნელი ხდება… ვისაც (კვლავ იმასვე ვუბრუნდები, რითიც დავიწყე) “ამერიკელი ფსიქოპათი” გაქვთ წაკითხული, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

ახლახანს გასაგიჟებელი სცენარი წავიკითხე – კამიუს “უცხოს” რიმეიქი. წარმოიდგინე: ბისექსუალი, ბრეიქ-დანსერი, პანკ-როკერი მარსო.
ბრეთ ისთონ ელისი. “ინფორმატორები”

მაინც რაზეა “ინფორმატორები”? ყველაფერზე. ცხოვრებაზე. სიყვარულზე. მუსიკაზე. ნარკოტიკებზე. მაგრამ ყველაზე მეტად – გაუცხოებასა და მარტოობაზე. ელისის გმირები მარტოსულები არიან. სექსი, ნარკოტიკი და როკ’ნ’როლი მარტოობისგან ვერ ათავისუფლებს. მხოლოდ ურთიერთობების ილუზიას ქმნის. ელისის გმირებს არ უყვართ ავტორიტეტები, მაგრამ არ ცდილობენ მათ დამსხვრევას. ელისისეული ბუნტი – ბუნტის ილუზიაა. მის გმირებს ურჩევნიათ, განერიდონ. რომანის კითხვისას გაგახსენდებათ კამიუს “უცხო”. თქვენ თუ არ გაგახსენდათ, თავად ელისი გაგახსენებთ. ალბათ, სელინჯერიც გაგახსენდებათ. მე გამახსენდა. თუმცა, ჰოლდენ ქოლფილდთან შედარება ელისის გმირებისთვის დიდი პატივია. მაგრამ ისინი ამას ვერ მიხვდებიან. ვერ მიხვდებიან, ეს რომ პატივია. ასეთები არიან “ინფორმატორები”. და წიგნს რომ დაამთავრებ, შეგეშინდება. შეგეშინდება, რომ შენც ეგეთი ხარ.

– მზე მინდა.
– მზე აღარ არის.
“ინფორმატორები” (ფილმი)

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

16 thoughts on “ამერიკელი ფსიქოპათი”

      1. პირველხარისხოვან ბლოგერობაზე გეთანხმებია. და კარგია, რომ თვითონაც იცი 🙂

        Like

      2. თავმდაბლობა არასდროს მახასიათებდა 🙂 მაგრამ არც რეალიზმის გრძნობაზე ვამბობ უარს.

        Like

  1. “თუკი ვერ მოახერხე რომანში “შეძრომა”, მაშინ იქ აღწერილი ამბები უბრალოდ უცხო ხალხის ცხოვრებად დარჩება შენთვის. გაგირბენს თვალწინ და კვალიც არსად დარჩება. მაგრამ თუ ნაწარმოებში შეღწევა მოახერხე, ზოგჯერ ის ილუზიაც კი გაგიჩნდება, რომ სიუჟეტის შეცვლა შეგიძლია. ავტორი უკან იწევს, ჩრდილში და ნებას გრთავს, მისი ადგილი დაიჭირო… რა თქმა უნდა, ილუზიაა-მეთქი ვთქვი. ” – – – რა ზუსტია

    არ წამიკითხავს, საინტერესოა. ფილმი მგონი მინახავს

    Like

  2. ინფორმერები არ მომეწონა უაზრო ფილმია და გაწელილი. ამერიკელი ფსიქოპათი უკეთესია. კარგად არის გაკეთებული. წაკითხული არც ერთი არ მაქვს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: