ამ პოსტში ბევრი ცნობილი ქავერი ვერ მოხვდა, მათ შორის ქავერმაისტერ ჯო ქოქერისეული “ბიტლების” With A Little Help From My Friends, – თქმა არ უნდა, ბრწყინვალე ინტერპრეტაციაა, მაგრამ უჩემოდაც ყველამ იცით, ამიტომ გვერდი ავუქციე. არც ჯენის ჯოფლინის Summer Time იქნება და არც ნინო ქათამაძის “ტურფა”. შევეცდები, ცოტა ნაკლებგაცვეთილი ქავერები გაგახსენოთ.
დავიწყებ შვედი ტრომბონისტით, ნილს ლანდგრენით (Nils Landgren), რომელმაც გლორია გეინორის I Will Survive გააქავერა და ძალიან კარგადაც გამოუვიდა.
I Will Survive გლორია გეინორმა 1978 წლის ალბომისთვის ჩაწერა, ბილბორდის სიის სათავეში მოექცა და, მგონი, მომღერლის ერთადერთ ცნობილ სიმღერად შემორჩა დღეს. ამ კომპოზიციის ქავერი ინგლისურ ჯგუფს The Puppini Sisters-საც აქვს შესრულებული, მაგრამ მე მათეულ სხვა ქავერს მოგასმენინებთ ახლა – გოგონების საუკეთესო მეგობრების შესახებ.
Diamonds Are a Girl’s Best Friend სპეციალურად შეიქმნა 1949 წლის ბროდვეის მიუზიკლისთვის “ჯენტლმენებს ქერები ურჩევნიათ”, 4 წლის შემდეგ კი ამავე სახელწოდების ქერა ეკრანიზაციაში მშვენივრად შეასრულა მერილინ მონრომ, მაგრამ “დები პუპინები” სიმღერებს ისე მაგრად შლიან ხმებში, რომ მათი ყველა ალბომი ჩემს ფავორიტებშია.
“ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო 50 სიმღერას შორის მოხვედრილი გენიალური ნათ ქინგ ქოულის L-O-V-E მუსიკოსის უკანასკნელ 1965 წლის ალბომში შევიდა და მას შემდეგ ვის არ გაუქავერებია, მე კი ინგლისელი ჯოს სთოუნის (Joss Stone) ვერსია მომეწონა ძალიან.
უცნაურია, მაგრამ გერმანელ მაქს რააბეს (Max Raabe) ჩვენში ბევრი დამფასებელი არ ჰყავს, არადა შესანიშნავი მუსიკოსია. ხშირად ასრულებს ძველ, მეტადრე სვინგის ეპოქის ჰიტებს, მაგრამ უფრო ახალი ქავერებიც ხშირად აქვს. ბევრი კომპოზიცია იუმორით აქვს წაკითხული და ორიგინალთან კონტრასტზე თამაშობს, აი, მაგალითად, როგორ ჟღერს თომ ჯონსის 2000 წლის ვაჟკაცური, მაჩოისტური მეგა-ჰიტი Sex Bomb რააბეს ირონიაშეპარული დაქავერებით.
ფრანგული წარმოშობის ამერიკელ გიტარისტსა და მომღერალს, მადლენ პერუს (Madeleine Peyroux) საკუთარიც ბევრი სიმღერა აქვს, მაგრამ აქვს ქავერებიც, მათ შორის ლეონარდ ქოენის 1984 წლის Dance Me to the End of Love.
განსხვავებული, უჩვეულო და მომხიბლველი, როგორიცაა პერუს ყველა კომპოზიცია.
1964 წელს ჩაქ ბერიმ დაწერა სიმღერა You Never Can Tell. აი, ის, თრავოლთა და თურმანი რომ ააცეკვა. ორიგინალი შესრულება უზადოა, მაგრამ ამერიკელმა ემილიუ ჰარისმა (Emmylou Harris) ამ როკ’ნ’როლურ კლასიკას ცოტა ქანთრი-არომატი შესძინა. არ გამოსვლია ურიგოდ.
არაჩვეულებრივი ქავერ-ვერსია ჟღერს ოლივერ სთოუნის 2012 წლის ფილმში “ველურები” – ესაა ჯორჯ ჰარისონის 1969 წლის Here Comes the Sun მალაიზიელი მომღერლის იუნას (Yuna) შერულებით.
No Woman, No Cry ბობ მარლის 1974 წლის ალბომიდან, ალბათ, იამაიკელი მუსიკოსის უცნობილესი ცნობილი ჰიტია. არაერთხელ შეუსრულებია სხვასაც, მაგრამ ყველაზე უჩვეულო ქავერი მაინც იაპონურ ფოლკ-ჯგუფს, Nenes-ს ეკუთვნის.
უნდა გამოვტყდე, რომ U2 დიდად არ მიყვარს და თუ ახლა მათ 1988 წლის კომპოზიციას Desire-ს გავიხსენებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ნიგერიული წარმომავლობის არაჩვეულებრივი ამერიკელი მუსიკოსის, იიოკას (Iyeoka Okoawo) არაჩვეულებრივი ხმის გარეშე ამ პოსტს ვერ დავტოვებ. 🙂
პოსტის თემატიკას რა ვუთხარი, თორემ იუთუბზე იიოკას რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერაა.
დაბოლოს, ჰოლანდიელი კარო ემერალდი (Caro Emerald) ემი უაინჰაუზის 2007 წლის You Know I’m No Good-ის ქავერით.
ეს ქავერი, ეგებ, დიდი ვერაფერია, იმ მხრივ, რომ ფაქტიურად მიჰყვება უაინჰაუზის შესრულებას (ყოველ შემთხვევაში ჩემი, აბსოლუტურად უსმენო ადამიანის ყურისთვის ასეა), მაგრამ აქაც, იიოკასი არ იყოს, კაროს სხვა სიმღერები მომწონს ძალიან და ამიტომ ჩავამატე სიას.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ჩემს ბოლოდროინდელ “აღმოჩენას” იმანის (Imany), სამწუხაროდ, ქავერები არ აქვს, ამიტომ ძირითად პოსტში ვერ ჩავსვი და აქ ბონუსად დავამატებ.
იმანის მშობლები კომორის კუნძლებიდან არიან, მოქალაქეობით ფრანგია, თუმცა მრავალი წელი აშშ-ში გაატარა. სულ ახლახანს ამღერდა და ჯერ მხოლოდ ერთი ალბომი აქვს, მანამდე სიმაღლეში მხტომელი იყო, შემდეგ კი მოდელობდა. ყველასაგან გამორჩეული ხმის ტემბრი აქვს და ეკზოტიკური მომხიბლველი გარეგნობა.