მამული, ენა, სარწმუნოება. ილია
სექსი, ნარკოტიკები და როკ’ნ’როლი. იენ დიური
ღმერთი, ოჯახი და იაჰუ. მარისა მაიერი
ბევრს არ გემახსოვრებათ, მაგრამ დრო იყო, ინტერნეტში შესვლისას ხალხი “გუგლს” კიარა “იაჰუს” მიმართავდა ხოლმე. Yahoo! იყო მეილი. Yahoo! იყო საძიებო სისტემა. Yahoo! იყო ნიუსფიდი და Yahoo! იყო ფოტოჰოსთინგიც. ჩემი პირველი ბლოგი(სმაგვარი)ც კი Yahoo!-ზე მქონდა. 🙂
არ ვიგონებ. ნამდვილად იყო ასეთი დრო.
შემდეგ Yahoo!-ს შეეყარა დაავადება, რასაც მარკეტოლოგები “მარკეტინგულ ახლომხედველობას” ვუძახით – როდესაც ბაზრის ლიდერი ხარ, ხშირად არც უკან იხედები, აღარც – გარეშემო და ვერ ამჩნევ, როგორ იცვლება დრო და როგორ გიახლოვდებიან კონკურენტები. ასე დაემართა Yahoo!-საც. პრაქტიკულად ყველგან, სადაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა პირველობა Google-ს დაუთმო.
ერთ წელიწადში Yahoo!-ს აქციონერებმა სამი აღმასრულებელი დირექტორი გამოცვალეს, სანამ 2012-ში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს და კონკურენტი კანტორიდან გადმოიბირეს მარისა მაიერი (Marissa Ann Mayer), ვინც Google-ში 14 წელი დაჰყო და 2012 წლის 16 ივლისიდან კი Yahoo!-ს CEO და დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. და დაიწყო Yahoo!-ს aggiornamento – დიდი განახლება.
როდესაც Yahoo!-ში მივედი, ჯერ თანამშრომლებს დაველაპარაკე. ჩემი მიზანი იყო, კომპანია საუკეთესო სამუშაო ადგილად მექცია, მინდოდა, რომ ადამიანებს ჩვენთან მოხვედრისა და მუშაობის დაწყების სურვილი ჰქონოდათ.
მარისა მაიერი. Forbes Ru, 1 აპრილი, 2013
ვინც Yahoo!-ს მომხმარებლები ხართ (შემორჩით) ამ ცვლილებებს იოლად შეამჩნევდით: სახე იცვალა ლოგომ. მთლიანად განახლდა My Yahoo სერვისი, განახლდა მეილი, სრულად შეიცვალა ფოტოჰოსთინგი Flickr (ახალ Flickr –ს ყველას გირჩევთ – მართლაც არაჩვეულებრივი გახდა), შეიცვალა მობილურის აპლიკაციებიც (ზოგადად მობილიზაცია – კომპანიის ახალი სტრატეგიაა. დღეს, როდესაც ტაბლეტების გაყიდვებმა გადაასწრო ნოუთბუქების გაყიდვებს, ის, ვინც იმარჯვებს მობილურ ბაზარზე, იმარჯვებს ყველგან). Yahoo! გაფართოვდა, ახალი სერვისები დაიმატა, ამ მიზნით 20-მდე სხვა კომპანია შეიძინა, მათგან ყველაზე ცნობილი შენაძენი კი, რა თქმა უნდა, Tumblr-ია.
ქვეყნად არაფერია კლიენტების დაკარგვაზე იოლი და არაფერია მათი უკან დაბრუნებაზე ძნელი. მაიერის კომპანიაში მისვლიდან ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მარისას Yahoo! კლიენტებს იბრუნებს.
ამჟამად Yahoo!-ს თვეში 800 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს, 20%-ით მეტი, ვიდრე შარშან. ეგკიარა, ზაფხულის თვეებში ამ მონაცემებით Google-საც კი გადაასწრო აშშ-ს ბაზარზე. Yahoo!-ს აქციების ფასი გაორმაგდა. ცხადია, არც მარისა მაიერია დაჩაგრული – მისი შემოსავალი (ხელფასისა და ბონუსების სახით) თვეში 6 ამერიკული ლიმონია.
როდესაც წარმოიდგენენ ხოლმე კომპიუტერის სპეციალისტს, წარმოსახვა ხატავს ადამიანს გულის ჯიბეში ფანქრებითა და კალმისტრებით, სქელი, ძველმოდური სათვალით, რომელიც ზის მთელი ღამე და ალგორითმებს ჩაჰკირკიტებს… მე ნამდვილად ჩავკირკიტებ ღამეები ალგორითმებს და ვადასტურებ თქვენს სტერეოტიპებს, მაგრამ, ამავე დროს, ამ სტერეოტიპებს გინგრევთ კიდეც!
მარისა მაიერი. Glamour, 3 ნოემბერი, 2009
მართლაც, ყველაფერს იფიქრებ ამ ახალგაზრდა ქალზე, ბუნებრივად ქერა თმებითა და ცისფერი თვალებით, იმის გარდა, რომ სწორედ ის დგას Google-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტების: Google Search, Gmail და Google Earth-ის უკან. მარისა წარმატებით ამსხვრევს ყველა სტერეოტიპს ქერა და შტერუკა ქალებზე, ლამაზ და შტერუკა ქალებზე, კეკლუც და შტერუკა ქალებზე. როგორც მისი აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები იგონებენ – არც ერთ პროექტს უხილავს Google-ში მზის სინათლე მარისა მაერის ვიზის გარეშე. ის დაუნდობლად აგდებდა ნაგვის ურნაში ყველაფერს, რაცკი Google-ის ღირსად არ მიაჩნდა. დაუნანებლად ემშვიდობებოდა ყველა თანამშრომელს, ვინც კი მისი მუშაობის სტილს ვერ უწყობდა ფეხს. თუ ეშმაკი ატარებს პრადას, მარისა მაიერი ატარებს ოსკარ დე ლა რენტას (აქ ის ძალიან ჰგავს კიდევ ერთ უნიჭიერეს (თუმცა – არც ისე ლამაზ) ქალბატონს – ჰილარი ქლინთონს). გამორჩეულად უყვარს ლურჯი და წითელი ფერები (ოდესღაც Yahoo!-ც წითელი იყო, სანამ გაიასამნისფრდებოდა) და ხშირად პოზირებს ჟურნალებისთვის. უწევს ხოლმე პოზირება.
მიუხედავად ყველაფრისა, არ უყვარს ხმაურიანი წვეულებები. არ უყვარს უცხო ხალხში ტრიალი. არ ცდილობს ყურადღების ცენტრში ყოფნას და უხერხულად იშმუშნება, როდესაც მაინც ექცევა ყურადღების ცენტრში. მაგრამ ძლიერი პიროვნებაა და მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია. იოლად იღებს გამოწვევებს და საკუთარ თავზე გამარჯვებასაც ახერხებს ხოლმე.
ლეგენდები დადის, თუ როგორ კარგი და ამოა Google-ში მუშაობა. დღეს Yahoo!-ში მუშაობაც საამო ხდება. მარისა მაიერის მისვლამდე, Yahoo!-ს სასადილო ფასიანი იყო, ახლა – უფასოა. მაიერმა (რომელსაც ბაკალავრის ხარისხიც აქვს დიზაინში) Yahoo!-ს სამუშაო სივრცე შეცვალა, რათა ის უფრო კომფორტული გამხდარიყო. მუშაობის გარდა, თანამშრომლებს აქვთ დრო დასვენებისთვისაც – ამერიკული Make Fun კომპანიაში მუშაობის განუყოფელ ნაწილად იქცა. გუნდური სული – ესაა მარისა მაიერის წარმატების ფორმულა. კვარტალში ერთხელ ერთკვირიან შვებულებას იღებს და თავს მშვიდად გრძნობს – მან ხომ ძლიერი გუნდი შეკრა, რომელიც ჩვეულებრივ უძღვება კომპანიას. ცნობილი სიმღერისა არ იყოს, “ყველაფერი კარგადაა, მშვენიერო მარკიზა”. ოღონდ – მართლა. მაიერმა მიზნად დაისახა, Yahoo! აქციოს უფრო ღია, მეგობრულ და მხიარულ კომპანიად თანამშრომლებისთვის და უფრო ღია, მეგობრულ და მხიარულ სერვისად მომხმარებლებისთვის.
ჩვენს თანამშრომლებს სჭირდებათ კიდევ რაღაც ხელფასის გარდა – შეგრძნება, რომ მათი სამუშაო კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.
მარისა მაიერი. Forbes Ru, 1 აპრილი, 2013
მარისამ, რომელიც თავად მშვენიერ ფორმაშია, კარგად იცის, რომ ჯანსაღ სულს ჯანსაღი სხეული უხდება, ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს Yahoo!-ს თანამშრომლებს სამუშაო მაგიდაზე საჩუქრად Jawbone Up დახვდათ (ელექტრონული სამაჯური, რომელიც ადამიანის ფიზიკურ აქტივობას აკვირდება და პატრონს ატყობინებს, თუკი ის ზარმაცობს და ფორმას კარგავს). ამას გარდა, კომპანიისგან საჩუქრად მიიღეს სმართფონები და ულიმიტო სასაუბრო/საინტერნეტო დრო ურთიერთობისთვის – მარისა მაიერი ენდობა თანამშრომლებს და ეჭვიც არ ეპარება, ისინი სამუშაო დროს ლაზღანდარობასა და უსაგნო ჩატაობას არ მოახმარენ.
დააკვირდით, რისთვის იყენებენ ადამიანები მობილურ ტელეფონებს: ი-მეილი, რუკები, ამინდი, ახალი ამბები, საბირჟო ცნობები, ფოტოების გაცვლა, კომუნიკაცია, სპორტის სიახლეები, თამაშები… სწორედ ესაა, რასაც Yahoo! სთავაზობს მათ.
მარისა მაიერი. Vogue, 16 აგვისტო, 2013
მარისა მაიერი ლამაზი, ჭკვიანი, ერუდირებული და რისკის მოყვარული ქალია. სთენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არაერთი ცნობილი და წარმატებული კომპანიის შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ არჩევანი იმ დროს ყველასათვის სრულიად უცნობ Google-ზე შეაჩერა. 13 წლის შემდეგ კი ბაზრის უდავო ლიდერ კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დათმო და ასევე კარგად ცნობილ, მაგრამ კრიზისში მყოფ Yahoo!-ს ჩაუდგა სათავეში… 6 მილიონად ვინ არ დასთანხმდებოდაო – იტყვით. მაგრამ ამ 6 მილიონს დამსახურებაც უნდა და გამომუშავებაც. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ქედს ვიხრი ამ ყოველმხრივ მშვენიერი ქალბატონის წინაშე.
ლევან, შენ კი არ დაგზარდები რომ გაგიმეორეო: შენს ბლოგზე პოსტების კითხვა ერთი სიამოვნებაა!
LikeLike
როგორ მიყვარს ქალი ერთდროულად ლამაზი, ჭკვიანი და მოხერხებული რომ არის..
LikeLike
yahoo!-ც მახსოვს, ჰოთმეილიც და მირკიც 🙂
LikeLike
პოსტში აღარ დავწერე და მეილებს შორის სტატისტიკა სხვადასხვაა. გუგლი ამტკიცებს, რომ პირველზეა, თუმცა სხვა რისერჩერები ამბობენ რომ მე-3-ზეა და ჰოთმეილი და იაუჰუ ისევ უსწრებენ.
გააჩნია – აქტიურ იუზერებს დათვლი თუ პასიურს. ჯიმეილი და ჰოთმეილი დღეს ბევრს აქვს, მაგრამ სერვისებისთვის იყენებს და არა მეილად – სკაიპი, ვინდოუს ლაივრაითერი, სქაიდრაივი და მეორე მხრივ გუგლმარქეთი.
მეც მაქვს ეგ ორივე მეილი, მაგრამ როგორც მეილს პრაქტიკულად არ ვიყენებ.
LikeLike
Yahoo Fantasy Sports რომ თამაშობდე, გეცოდინებოდა, რომ ამ სფეროში დღემდე საუკეთესოები არიან 🙂
http://sports.yahoo.com/fantasy/;_ylt=Au8NhAq0bemNHOh89qxnYki3cJ8u
LikeLike
ვიცი, რომ პოპულარულია, მაგრამ არ ვთამაშობ.
მაგას კიარა, რამდენიმე წლის წინ ყველა თამაში წავშალე ნოუთბუქიდან. 🙂 დიდი დრო მიაქვს ძაან.
სმართფონში და ტაბლეტში მაქვს ერთი-ორი თამაში, მაგრამ მაგას როცა დალოდების საათები მაქვს ან სადმე გზაში ვარ მაშინ გამომადგება ხოლმე. 🙂
LikeLike
მე იმ ადამიანებს შორის ვარ, ვინც იაჰუუს კრიზისს ყურადღება არ მიაქცია და ძირითადი მეილი ყოველთვის იქ ჰქონდა, + ფლიკრი. დღემდე ჰოუმპეიჯად მაქვს იაჰუუ, თუმცა ძიებით აღარაფერს ვეძებ მანდ:)
პ.ს. თვეში 800-მდე?
მარისა მაიერს კი, რომ შემეძლოს, მადლობას ვეტყოდი ფლიკრის გახალისებისთვის. მართალია, ისე აღარ ვაქტიურობ, მაგრამ ახალი კამერა რომ მექნება, დავბრუნდები:)
LikeLike
მილიონი უნდა იყოს 🙂 შამეშალა.
ახალი My Yahoo! კარგია. ნიუსებს ალაგებ როგორც გინდა და გიგროვებს და გაწვდის.
მაგრამ იაჰუ სერჩი დახურეს. ფორმალურად კი არის, მაგრამ რეალურად ეგ MS Bing-ია. ფაქტიურად გუგლი, ბინგი და იანდექსი დარჩა და ჩინური რაღაცაა კიდე ბაიდუ თუ რაღაც ეგ. სხვა ყველა ამათ იყენებს.
LikeLike
🙂
LikeLike
მე ძირითად მარტო მეილს და ფლიკრს ვიყენებ ხოლმე და კიდევ ყოველდღიურ ამბებს ვნახულობ, როცა მცალია 🙂
LikeLike
Ra magaria!
LikeLike
გათხოვილი ყოფილა 😦
LikeLike
გაუჭირდებოდა 🙂
LikeLike
თანამშრომელების აზრია საინტერესო. მამაკაცების რამდენი% თვლის სწერვად და ქალების რამდენი ნაწილი –კახპად
ეს აკლია პოსტს:დ სხვა მხრივ მშვენიერი წასაკიტხიოა და ქალიც––გადასარევი
LikeLike
მაგ გარეგნობის ქალი სტერვად იშვიათად აღიქმება 🙂 ძალიან ღია ფერებშია. ქერა ქალები სტერეოტიპულად არ არიან სტერვები.
კუკლასავით ქალია 🙂
LikeLike
ამასობაში Yahoo! Mail-ის ინტერფეისი და ღილაკები შეცვალეს 🙂 უფრო საკაიფო გახდა.
LikeLike
ბექა, ჩემს გონებაში იჯექი. პოსტს რომ ვკითხულობდი მეც მაგაზე ვფიქრობდი, ეს ჩვენი ლორდი კი დაიღვარა აქ სიმპათიებად, მაგრამ წარმომიდგენია თანამშრომლებს როგორ “ძაან ეყვარებათ” მეთქი..,
პ.ს. ისე რა მაგ სიტყვის პასუხია და როგორ ხარ, რას შვები? 😉
LikeLike
ბექას ლოგიკით შენ უნდა გეფიქრა, რომ კახპაა ანუ ბოზი.
LikeLike
არაფერიც:დ. მე ის ვთქვი, რომ თუ რაიმე ცოდვას შესწამებენ ქალები–კახპობას ანუ ბოზობას
არამცდარამც არ მიგულისხმია რომ ყველა ქალი მასე იფიქრებდა .მე მჯერა ქალური მეგობრობის და ბედნიერების :დ
LikeLike
სტანდარტულად. შენ აყვავებული ხარ თუ შენც სტანდარტულად?
რაც შეეხება ჩემს კითხვას–წმინდა მეცნიერულ ხასიათს ატარებდა. :ბოლი:
ლორდმა კი ტექნიკურად აუარა გვერდი კითხვის მეორე ნაწილს :დ
ანუ სექსუალურ ქალს კაცი კიდევ აპატიებს წარმატებას, მაგრამ ქალი?
LikeLike
აღმაფრთოვანა ამ ქალმა ❤
LikeLike