ერთი არაჩვეულებრივი ქვეყანა ვიცი. იქ ვეფხვის ბოკვერი ცხოვრობს, რომელსაც ძალიან უყვარს ტკბილეული, ისე უყვარს, ისე უყვარს, რომ, როდესაც დედა ვეფხვი ნამცხვარს აცხობს, სამზარეულოდან გარეთ ვერ გააგდებ – არც ეზოში თამაში უნდა, არც სკაიპი და ფეისბუქი ახსოვს – სულ ქურასთან ტრიალებს… ჰოდა, ერთხელაც იმდენი ქნა, ისე ამოიგანგლა ფქვილში, რომ ზოლები დაკარგა… კიდევ მეორე ვეფხვი ვიცი ღრრრ, რომელსაც მავნეებმა არ გაბედომ, გრცხვოდეს და ნუ იზამმა ეს “ღრრრ” მოპარეს… მესამე ვეფხვიც მეგულება, რომელსაც ხალიჩის ქვეშ უყვარს დამალვა… დრაკონ კომოდოსაც ვხედავ ხოლმე, რომელიც ცეცხლს აფრქვევს, მაგრამ არ მეშინია – ამას იმად ხომ არ აკეთებს, რომ ბოროტი და ავია, უბრალოდ, ქალაქის განათების სამსახურში მუშაობს და ქუჩის ფარნებს ანთებს… კომოდოს განათებულ ქალაქში დასეირნობს ბატონი კეპი, რომელიც იმდენად ზრდილობიანია, რომ სამი შლაპა ახურავს და რომ დამინახავს, სამივეს მოიხდის ხოლმე მისალმების ნიშნად… ერთ შლაპას – მარჯვენა ხელით, მეორეს – მარცხენათი და მესამეს კი კინკრიხოდან კატა მიაუ წამოუწევს…
ამ ქალაქში ერთი ყვითელი ავტობუსიც დადის, სიბნელეს რომ უფრთხის, თუმცა – სულ ტყუილად. სადაც წესრიგს პოლისმენი არტური და მისი ცხენი ჰარი იცავენ, განა რისი უნდა გეშინოდეს? ეს ყველაზე მხიარული წყვილია მსოფლიოში – ჰარი შუშების დაორთქლვაშია დაოსტატებული, არტური კი დაორთქლილ შუშებზე მხიარულ სიფათებს ხატავს თითით… ქურდბაცაცებს კი, აბა ქურდბაცაცობისთვის სადა სცალიათ, დასდევენ უკან და მუცელი ხელით უჭირავთ, სიცილისგან რომ არ გაუსკდეთ… კიდევ ერთ მარტორქას ვიცნობ, სახელად სემს… ოოოო, რა მსუნაგი ვინმეა – ძილის წინ ნაზუქებითა და შოკოლადიანი ნამცხვრებით უყვარს გამოძღომა… ასე მეუბნება – სტრესის გამოო, მაგრამ… რა ვიცი, რა ვიცი… მათ რომ ვესტუმრო, ერთ მოუსვენარ სადგურზე უნდა ჩამოვიდე, მაგრამ, მიდი და მოახერხე, როდესაც ამ სადგურს ადგილზე დგომა არ უყვარს და მატარებლებს დასდევს კუდში… თან, ადგილზეც რომ დაგხვდეს, დაინახავ განა? – ყველაფერი ხომ ბურუსშია გახვეული… ეს ცნობისმოყვარე ბურუსია, რომელსაც ძალიან უნდა აღლუმზე დასწრება… კიდევ ერთი სპილო ვიცი, რომელიც პარლამენტის სხდომებს ესწრება ხოლმე. როცაკი პრემიერ-მინისტრი ტრიბუნაზე ავა, სპილო ვანილიანი ორცხობილის ტომარას თავს მოხდის და ახრამუნებს და ახრამუნებს… მოგისმენიათ, როგორ ახრამუნებს სპილო ორცხობილას? ერთ რამედა ღირს! ჩვენს პარლამენტშიც არ გვაწყენდა ერთი ეგეთი, მაგრამ ჯერ ვერ დავითანხმე და არ მომყვება…
ეს ყველა და ბევრი სხვა მხიარული ამბავი ინგლისელმა დონალდ ბისეთმა (Donald Bisset) მოიგონა. სამშობლოში მას უფრო რეჟისორად და მსახიობად იცნობენ, დღეს კი, მგონი, სულაც მივიწყებულია, მაგრამ ჩემთვის ის არაჩვეულებრივი მწერალია, მისი “ყველაფერი ყირამალა” კი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რაც კი ბავშვს შეიძლება შეურჩიო, მანამ, სანამ ის ბორის ვიანის “მოვედი, რათა თქვენს საფლავებზე დავაფურთხო”-ს სტაცებდეს ხელს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
პოსტი სპეციალურად გლამთაიას ბლოგისთვის დავწერე 2012 წელს, მაგრამ რაკი იმ ბლოგმა ახლა საღათას ძილით დაიძნა, დონალდ ბისეთი გავაღვიძე და ჩემთანაც გადმოვიპატიჟე.
***
ეს კიდევ დონალდ ბისეთის ყირამალა ზღაპრები:
ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ნათელი მოგონებაა ბისეტის ზღაპრები… ძველი ქართული გამოცემა მქონდა, ხელისაუღებლად დახატული გრაფიკებით ილუსტრირებული. შემდეგ ის წიგნი დავკარგე, აღარც მწერალი მახსოვდა და ტკივილად დავატარებდი ამ დანაკარგს, სანამ მოლი ბლუმმა არ აღმომაჩენინა 🙂 მადლობა თქვენ ორივეს, ამ ლამაზი ემოციების (რომელიც მოგონებაზე მეტია) გაღვიძებისათვის 🙂
სულაკაურის გამოცემა მიდევს სახლში შვილისთვის წასაკითხად, თუმცა მეც ბედნიერი ვფურცლავ ხოლმე პერიოდულად 🙂
LikeLike
მეც მქონდა ეგ წიგნი :))
ფაიფურის ფინია, ვეფხვი ღრრ, დედადლი, ძია ტიკ-ტაკი და მავნეები. იუმორით დაწერილი ზღაპრებია. ძალიან მიყვარდა მეც.
LikeLike
ჟრუნა დედალი 🙂
LikeLike
რომ შემოვიხედე, ჯერ იმაზე გამეღიმა, რომ ამ წუთას ორცხობილა მიდევს მაგიდაზე და თითქოს პირადად ჩემთვის დაწერილი სათაური დამხვდა, მერე იმაზე, რომ ასეთი საყვარელი პოსტია…
ბოლოს კიდევ ამაზე: “სანამ ის ბორის ვიანის “მოვედი, რათა თქვენს საფლავებზე დავაფურთხო”-ს სტაცებდეს ხელს” :))
LikeLike
ამ პოსტს რომ ვწერდი, მაშინ ჩვენი პრემიერი იყო გილაური და არ სჭირდებოდა, დღევანდელ პრემიერს კი ნამდვილად არ აწყენდა სპილო ორცხობილით 🙂
LikeLike
<3<3<3
LikeLike
მე კიდე ბუკინისტებში სულაკაურის “ჯადოსნური კაბა” ვიყიდე 🙂
LikeLike
სალამურასთან ერთად გამოცემული მქონდა.
LikeLike
რატომ არის პოსტი ასეთი ტკბილი?! :d
LikeLike
ზუსტად ორი დღის წინ თაროების დალაგებისას ვიპოვნე და სულ რაღაც ერთ საათში “გადავიმეორე”
ძალიან მიყვარს ♥
LikeLike
ყველაზე მეტად ეს პოსტი მეამაყება ბლოგზე, მერე რა, რომ ჩემი დაწერილი არ არის ❤
LikeLike