ერთი მეცნიერული ცდა ჩავატაროთ: გამოაღე გარდერობი, გადმოიღე შარვალი ან ქურთუკი ან ნებისმიერი სხვა სამოსი, ოღონდ ელვა (იგივე ზიპერი, ძველი ყაიდის ხალხი ზმეიკას რომ უძახის) ჰქონდეს და შესაკრავს დახედე: ნოსტრადამუსობა არ უნდა, დიდი ალბათობით YKK-ს ფირმის იქნება.
YKK ელვა-შესაკრავი იმდენად საყოველთაოდ მოდებულია, რომ ბავშვობაში ისიც მეგონა, თუ ტანსაცმელი YKK-თი არ იკვრება, ე.ი. უხარისხოა-მეთქი… ცხადია, ასე არ არის, თუმცა YKK თავის საქმეში შანელიცაა და ივ სენ ლორანიც და როგორც შანელისა და ივ სენ ლორანის ლოგოს აყალბებენ, სწორედ ასე აყალბებენ YKK-ს ლოგოსაც.
იაპონური ავტომობილები. იაპონური დაზგები. იაპონური ელექტროხელსაწყოები. 25 წლის ტადაო იოშიდასაც სურდა, რამე ეპოქალურის წარმოება დაეწყო, მაგრამ რომ მიდგა-მოდგა და ყველაფერი დათრეული დახვდა, ადგა და ცხელ გულზე ელვა-შესაკრავების წარმოება გახსნა. 1934 წელს. კომპანიას ჯერ San-es Shokai დაარქვა, 4 წლის შემდეგ კი სახელი გამოუცვალა: ასე გაჩნდა Yoshida Kogyosho Kabushiki gaisha (იოშიდას წარმოება). მეზობლები თავებს აკანტურებდნენ – ეს ჩვენი იოშიდა სულ გადაირია, მსოფლიო ომი კარსაა მომდგარი, წადი, ან ავტომატი დაამზადე ან ტანკი რამეო… იოშიდას კი ულვაშებში ეცინებოდა, შუა შეტევის დროს შარვლები რომ ჩაგძვრებათ, მერე მიხვდებით, ხარისხიანი ელვის ფასსო.
მართალიც იყო. კარგი ელვა-შესაკრავი ომშიც საჭიროა და მშვიდობაშიც. დარშიცა და ავდარშიც.
ტადაო იოშიდა თავის საქმეს დიდი რუდუნებით მოეკიდა. მუდამ სიახლის ძიებამ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ, პროდუქციის დიზაინზე ზრუნვამ და მოდის ჭირვეული ხასიათის კარგმა ცოდნამ მისი კომპანია მსოფლიო ლიდერად აქცია. თითქოს რა არის აქ გამოსაგონი? ელვაა, მართლა ტანკი ხომ არა, მაგრამ ელვაცაა და ელვაც. მასაც აქვს პატარ-პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საიდუმლოებები, სწორედ YKK-ში შექმნეს ელვა-შესაკრავი, რომელსაც პატარა კბილი აქვს – საკეტი, რომელიც შესაკრავის უეცარ და უადგილო ადგილას გახსნისგან გვიცავს. YKK-ში მოიფიქრეს პირველად, რომ სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელს განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და შექმნეს YZip – ელვა საგანგებოდ ჯინსის შარვლისთვის. მაგრამ იოშიდას კლიენტებს შორის არიან არამხოლოდ Levi’s და Wrangler, ძნელი მოსაძებნია ცნობილი ბრენდი, რომელსაც მისი პროდუქციისთვის ელვა-შესაკრავი სჭირდებოდეს და YKK-ს არ ანიჭებდეს უპირატესობას. Luis Vuitton და Calvin Klein, GAP და Donna Karan, Ralph Lauren და Lacoste, Samsonite და Cristian Dior…
ტადაო იოშიდას მიერ მეორე მსოფლიო ომის წინ დაფუძნებული პატარა წარმოება დღეს უზარმაზარი ტრანს-ნაციონალური კორპორაციაა 5-მილიარდიანი ბრუნვით, 71 ქვეყანაში განფენილი 100-ზე მეტი საწარმოთი. ელვის გარდა სხვა სახის შესაკრავებსაც აწარმოებს – ღილებს, ღილაკებს, საკინძავებს, ჩამკეტებს და ამის გარდა YKK ჯგუფი დაზგებისა და კარ-ფანჯრების წარმოებებსაც აერთიანებს… ტადაო იოშიდა კომპანიას გარდაცვალებამდე, 1993 წლამდე მართავდა, დღეს კი მისი ვაჟი უძღვება.
ერთხელ ერთ იაპონელ სტუმარს ერთი კახური ანეკდოტი მოუყვეს:
შეზარხოშებული მიხო სუფრიდან წამოხტება და ცეკვავს, ამ დროს ხვანჯარი ჩაეხსნება და ასო თავს გადმოყოფს.
ცოლი ცდილობს, მიახვედროს და ეუბნება:
– მიხო, მიხო, ხორცი გიჩანს!
– ხორცი არა Yლე! – აუქნია ხელი ქმარმა და ცეკვა განაგრძო.
აი ეს ანეკდოტი მოუყვნენ ერთ იაპონელ სტუმარს, მან კი თავი გაიქნია და სერიოზული სახით თქვა: – ალბათ YKK-ს შესაკრავი არ ჰქონდაო.
ჰოდა, კარგად დახედეთ, YKK-თი გაქვთ უბე შეკრული თუ არა. იაპონლების დასაცინები არ გავიხადოთ თავი.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
:)))) ცუდად გავხდი :)))) მართლა როგორი ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია და ამავე დროს ძალიან საჭირო, ახლა უკვე ბოლო წლებია – ძალიან მოდურიც, აქსესუარებში ძალიან აქტიურად გამოიყენება
LikeLike
ჯობია პირველი იყო ზიპერებში, ვიდრე მეათე ავტომობილების წარმოებაში 🙂
LikeLike
ზიპერებზე პოსტი მართლა მოულოდნელი იყო 🙂 მაგრამ დამაინტერესა. სახლში რომ მივალ უნდა გადავათვალიერო გარდერობი ;)))
LikeLike
მოულოდნელი კიარა ბავშვობიდან მაინტერესებდა ეგ YKK რა იყო 🙂 ფაქტიურად YKK-ებში ვარ გაზრდილი :))
LikeLike
ელვაშესაკრავიანი მხოლოდ შარვალი მაცვია და მის შესაკრავსაც GAP აწერია YKK–ს ნაცვლად…
წავიდე სახლში – გადავათვალიერო გარდერობი 🙂
LikeLike
საჯარო სივრცეში ამის გაკეთება გაგიჭირდება, მაგრამ თუ მაგ ელვას გახსნი და ამოატრიალებ – უკანა მხრიდან დიდი შანსია YKK ეწეროს. 🙂
ენაზე ხშირადაა იმ ბრენდის ლოგო, ვისთვისაც დაამზადეს და უკან – მწარმოებლის.
LikeLike
შარვალზე ვერა და ჩემი შვილის GAP-ის ქურთუკის ელვა-შესაკრავზე აღმოვაჩნე შეუმჩნევლად მიწერილი YKK 🙂 ასევე carters-ის, mothercare-ის და რაღაც no name თურქული ბრენდის ტანსაცმელზე…
აი, მესმის ტრანსნაციონალური კორპორაცია.
ეს რა ინტრიგაში ჩავგყარე ბლოგის მკითხველები 🙂
LikeLike
რატომ არ მიკვირს?! (იაპონელებთან და მათ აზროვნებასთან დაკავშირებით)
:დ ისე მეც დავკვირვებივარ. აწი იოშიდას მაინც დავიმახსოვრებ.
LikeLike
სულ ქართველებს გვგვანან ეს იაპონელები კრეატივში : )
LikeLike
😀
LikeLike
აი თურმე რას ნიშნავს YKK:)
LikeLike
არასდროს დავკვირვებივარ :)))
LikeLike