პოსტის ავტორია Tinita
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
წინათქმა
პოსტი სიამოვნებით მოვამზადე ლორდისთვის, რომელსაც 90-იანებიდან ვიცნობ. გვარის გარდა საერთო ბევრი გვაქვს: აშშ-ში მივლინების მოგონებები, ლიტერატურის და კინოს სიყვარული, ჰო, კიდევ რამდენიმე საყვარელი ბრენდი, მაგალითად, „ფლეშმენ ბლეშმენი“. საკონსულომ გამგზავრების წინ შეცდომით ერთმანეთის ვიზები ჩაგვიკრა. სემინარებზე მრავალმნიშვნელოვნად დუმდა, თუმცა შეუმჩნეველი არაფერი რჩებოდა, მაღაზიებში რელევანტურ რჩევებს მაძლევდა, ბროდვეიზე განმარტოებით ხეტიალისას გონებაში ბლოგის კონცეფციას ამუშავებდა. სასტუმროში, მის გვერდითა ნომერში დილით რომ პოლიციამ მკვდარი კაცი იპოვა, ეს ფაქტი სრული სიმშვიდით აღიქვა. ამერიკელებს თავი მოსმენის უნარით და განსწავლულობით დაამახსოვრა. მოკლედ, რადგან ჩვენი მეგობრობა მოგზაურობით დაიწყო, ჩემს გესთპოსტშიც ერთი მოგზაურობის ამბავს მოვყვები.
ჩემი შეხვედრა სტინგთან
მაშინ სტინგი ისე მიყვარდა, sweet seventeen-ს რომ ახასიათებს: დაქალები ჟურნალებიდან ამოჭრილ ფოტოებს მჩუქნიდნენ, ტელევიზორში ხმას რომ გავიგონებდი, ის დღე ზეიმი იყო, ფირფიტებს და მეკობრულ კასეტებს ვაგროვებდი, სიმღერის სიტყვებს ბლოკნოტებში ვიწერდი… (უცნაური და სასაცილოა: no mp3, Google, YouTube…) ერთხელ, მეგობარმა მისი ორიგინალი კასეტის შიდა ფურცლიდან ამოწერილი ფანკლუბის მისამართი მომცა. სრულიად აუტანელი, რომანტიკულ–იდეალისტური წერილი მივწერე. პასუხად ნიუსლეთერი, კლუბის წევრობის პირობები და გასაყიდი სუვენირების სია მივიღე. ქუთაისის ფოსტის სერვისს არ ვენდობოდი და ჩემი უნივერსიტეტის პრორექტორის მისამართი მივეცი. პრორექტორის ცნება ალბათ უცხო იყო და ასეთწარწერიანი კონვერტები მომდიოდა: “Protector for International Relations”. სწავლასთან ერთად ერთ ბრიტანულ პროექტში ვმუშაობდი. იქ მიწვეული ექსპერტები ლონდონში ხშირად დადიოდნენ, ამიტომ ჩემს წერილებს მათ ვატანდი, საწევრო გადასახადი კონვერტში ნაღდი ფულით მედო. ვიწერდი მაისურებს, სხვადასხვა სუვენირებს, ნიუსებს ვყლაპავდი: ზეპირად ვიცოდი, როდის რომელ ქვეყანაში ჰქონდა კონცერტი. ბაინდერში სათუთად ვინახავდი ფერად–ფერად, A4 ფორმატზე დაბეჭდილ ნიუსლეთერებს. კლუბიდან მეგობრებიც გავიჩინე: თავიანთ საფოსტო მისამართს აქვეყნებდნენ და ითხოვდნენ, მეგობრობის მსურველები
გამოხმაურებოდნენ. სტინგის იშვიათ ჩანაწერებს უკვე კლუბელი მეგობრებისგან ვიღებდი საჩუქრად. ასეთ დღეში ვიყავი. უნივერსიტეტში სულ სტინგის მაისურით დავდიოდი. ქვემოთ მეცვა ვიწრო ჯინსი და საშინელი სქელძირიანი ფეხსაცმელი. „აი ის გოგო, სტინგი რომ უყვარს“ – ასე მახსენებდნენ. ბროში მქონდა სტინგის გამოსახულებით, შავ ჟაკეტზე მეკეთა. ერთს ჰგონებია, გარდაცვლილი ახლობლის ფოტო იყო, მოვიდა და უხერხულად მომისამძიმრა, მერე ბროშს კარგად დააკვირდა და გულზე მოეშვა.
ერთ დღეს სამსახურში მითხრეს, რომ ორკვირიანი ვიზიტით მიშვებდნენ ბრიტანეთში, სხვა თანამშრომლებთან ერთად. სტინგის კონცერტი ლონდონში, ალბერტ ჰოლში ჩემს ვიზიტს დაემთხვა, გამომგზავრების წინა დღეს. ფანკლუბში იმ დღესვე დავრეკეთ და ბილეთი დავჯავშნეთ. გვითხრეს, რომ კლუბის წევრებისთვის შეთავაზებულ სპეციალურ ფასს ბილეთის გამოტანის დროს გადავიხდიდი. სანამ მივლინების დრო მოვიდა, სამსახურში ვერ მიტანდნენ, ექიმს ითხოვდნენ. 19 წლის სტუდენტი გოგო ვიყავი, პირველად მივდიოდი მივლინებაში, თან ლონდონში, ოცნებასთან ძალიან ახლოს.
იმ დღიდან მახსოვს საშობაოდ მორთული ქუჩები, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებამდე რაღაცების ნახვას ასწრებდნენ და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ავტობუსის გაჩერებასთან დამტოვეს, ათ ნომერს დაელოდე და მძღოლს თხოვე, ალბერტ ჰოლთან გაგიჩეროსო. მანამდე კლუბში წავედი ბილეთის ასაღებად. კლუბი ქემდენ თაუნში იყო. თავი ჯერ კიდევ სკოლის და უნივერსიტეტის პროგრამით მქონდა გამოტენილი. მახსოვდა, რომ ბრიტანელი პოლიციელები ზრდილობის განსახიერება არიან, რომ მათ ზედმეტსახელად „ბრითიშ ბობის“ ეძახიან და რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია დახმარება თხოვო. სწორედ ასეთი „ბობი“ შემხვდა, გამოწკეპილი და ზრდილობიანი. გზა კარგად ამიხსნა და კლუბსაც იოლად მივაგენი. თანამშრომლები ნიუსლეთერებიდან ვიცანი. ვექაქანებოდი, მაგრამ ძირითადად მაინც გათიშული დავდიოდი, პირღია ვათვალიერებდი კედელზე დაკიდებულ პოსტერებს და პლატინის დისკებს. მაისური იცნეს, საქართველოზე რაღაცები მკითხეს და მერე დამარიგეს, შენი ბილეთი წინა რიგისაა, ოღონდ იქ სკამზე არავინ იჯდება, ყველას სცენასთან მოუნდება დადგომა, ამიტომ ადრე მიდი და დაასწარიო.
ზუსტად ისე მოვიქეცი: პალტო სკამზე დავტოვე და ჩემი საამაყო მაისურით დავეყუდე სცენასთან. ხელში ჩემი დაქალისგან ნათხოვარი ფოტოაპარატი მეჭირა. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, ხალხს გამოველაპარაკე. მათ შორის ჩემი კლუბელი მეგობარი, არგენტინელი ანა აღმოჩნდა. ინდიელის გარეგნობა ჰქონდა: მუქი კანი, თეთრი კბილები და დავარდნილი, მბზინავი შავი თმა. სპეციალურად კონცერტისთვის იყო ჩამოსული. არგენტინიდან მისი წერილები თითქმის ნახევარი წლის დაგვიანებით ჩამოდიოდა, მაგრამ სამაგიეროდ ნამდვილი წერილები იყო, ნამდვილი ფოტოებით. სცენა ჩაბნელდა, მხოლოდ დასარტყამები უკრავდნენ, ვყვიროდი, ოღონდ საკუთარი ხმა არ მესმოდა. სცენაზე გამოვიდა და კონცერტი დაიწყო. იმ წელს ალბომი Mercury Falling გამოუშვა და კონცერტიც მას ეძღვნებოდა, თუმცა ძველი, საყვარელი ჰიტებიც შეასრულა. მთელი კონცერტი სიხარულის და აღტაცების ბურანში ვიყავი. სცენას იდაყვებით ვეყრდნობოდი. უზარმაზარი დინამიკის წინ ვიდექი, რომელიც მაყრუებდა, მაგრამ ეს ამბავი სულ არ მაწუხებდა. ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ის იყო. დასარწმუნებლად ერთიორჯერ ფეხზე ხელით ფრთხილად შევეხე. ჩამომხედა და გაიცინა. სიმღერას რომ დაასრულებდა, ჩამოგვივლიდა და ხელს გვართმევდა. სხვა ალბათ არც არაფერი მჭირდებოდა გასაგიჟებლად. კონცერტის შემდეგ ზოგმა მისი წყლის ბოთლი აიღო, ზოგმა – პირსახოცი. მე და ანა ერთად წამოვედით. სასტუმრომდე ძველებური ინგლისური ტაქსით მივედი, დილის ორ თუ სამ საათზე. თანამშრომლებს არ ეძინათ, მელოდნენ და ჩემს დაგვიანებაზე ნერვიულობდნენ. ძველ ფილმებში რომ აღტაცებული გოგონები არიან, კედელს მხრით ეყრდნობიან, მზერას მაღლა აღაპყრობენ და რაღაცას ჰყვებიან, ზუსტად ისე ვიყავი. მოყოლა რომ დავიწყე, გამაჩერეს და დასაძინებლად გამიშვეს. არ ვიცი, იმ ღამეს როგორ შევძელი დაძინება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონცერტის ფირები გავამჟღავნე. ზოგ ფოტოზე სახეს გიტარის გრიფი უფარავდა, ზოგი ფლეშით იყო გაფუჭებული. მაინც ყველას ველოლიავებოდი, ალბომში მედო, ალბომი კი ჩანთით დამქონდა.
სტინგის მოსმენისას ახლაც რაღაც „მშობლიურის“ განცდა მაქვს. ბათუმში მის გამოსვლას არ დავსწრებივარ, სურვილიც არ მქონია. ის მაისური ახლაც ცოცხალია და ლაშა იცვამს ხოლმე საშინაოდ.
© Tinita for Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
დღეს Tinita-ს ვმასპინძლობ, რომელიც ჩემი ძველი მეგობარია და კარგი ბლოგერია (ბლოგსფოთზე რომ არ პოსტავდეს). 🙂
შეიძლება იფიქროთ, რომ პოსტი სთინგზეა და არა ლონდონზე, ამიტომ “ქალაქების” სერიაში არ უნდა გამომექვეყნებინა, მაგრამ მეც პარიზი შემიყვარდა მანამ, სანამ იქ პირველად მოვხვდებოდი. დიუმას გამო. თუმცა, ნაკლებად გამიმართლა და რომ ჩავედი, ცოცხალი აღარ დამხვდა.
ისე, მერაია ქერი რომ ვნახეთ, ეგ რატომ არ გაიხსენე? მეც არ დავიჯერე, რომ ეგ იყო. მინდოდა მივსულიყავი და ხელი მეტაცა, მაგრამ დაცვის შემეშინდა.
LV
შევყლაპე. დედა ეს რა იყო?! მსუყე და უგემრიელესი პოსტი, როგორც ტირამისუ და კაპუჩინო.
თინიტა, აი თავიდან ბოლომდე გავიარე ეს ემოციური კონცერტი :)) რა კარგად დაიწყო ჩემი დილა..
ხო და რამდენი რამე მოგვიყევი ამ ჩვენს საიდუმლოებით მოცულ ლორდზე :))
ძალიან კარგი პოსტი იყო. სეზონის ღირსეულად დახურვა..
LikeLike
თაკო, დიდი მადლობა! 🙂 “კაპუჩინო და ტირამისუ” კარგი იყო! :)))
ლორდი მაგარი ვინმეა 🙂 ხომ ხედავ, მერაია ქერიმ იხმო და მან კი მედგრად გაუძლო ცდუნებას. დაცვა ანიშნებდა, ამოდიო და ამან ხელი აუქნია.
ისე, ერთხელ სწრაფად მომავალ მანქანას მართლა გადამარჩინა.
LikeLike
რა კარგი ისტორია იყო ❤
LikeLike
მადლობა, როდე! 🙂
LikeLike
სტინგი მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ პოსტი იყო შესანიშნავი. 🙂
LikeLike
ნიკა, მადლობა! 🙂
LikeLike
ვინ მოკალი ამერიკაში? 🙂 ეგ ამბავი ჩემთვის არ მოგიყოლია.
LikeLike
ძერა 🙂
ოდესმე დავწერ პოსტს ამერიკაზეც.
LikeLike
რომ მომიყვე არ შეიძლება? :)))
LikeLike
ეგრე ყველაფერი თუ მოგიყევი, მერე რას წაიკითხავ? :)))
LikeLike
ძალიან მაგარი პოსტია
“სტინგის მოსმენისას ახლაც რაღაც „მშობლიურის“ განცდა მაქვს. ბათუმში მის გამოსვლას არ დავსწრებივარ, სურვილიც არ მქონია”
და რატომ?
LikeLike
ბექა, სნობური სიტუაცია იყო და იმიტომ 🙂 კონცერტის შემდეგ ერთი დღეც არ დარჩენილა, მგონი, ვერც გაიგო, სად იყო. :)))
LikeLike
უმაგრესი პოსტი იყო 🙂 ძალიან ვისიამოვნე.
LikeLike
Thank you, lady Jane! 🙂
LikeLike
მე ემგონა დაბერებული კერპის ნახვა არ გინდოდა: დ
LikeLike
თინიტასთვის ჩვეული ემოციური შუშხუნები 🙂 ❤
LikeLike
ქეთი! ❤
LikeLike
შემთხვევით შემოვიხედე ახლა და ასეთი კარგი პოსტი დამხვდა. აკი შვებულებაში ვუშვებ ბლოგსო? 🙂
LikeLike
შვებულებაშია 🙂 მაგრამ სტუმარპოსტისთვის კარი ღიაა.
LikeLike
აქამდე რატომ არ ვიცოდი თქვენი ბლოგის შესახებ? აღფრთოვანებული ვარ.
სტინგთან ჩემი ნაცნობობა “englishman in new-york”-დან დაიწყო, მახსოვს შემდეგ კარგა ხანი მთელი დღე ჩაის ვსვამდი და ქუჩაში მიუხედავად იმისა მზე იყო თუ წვიმა ქოლგით დავდიოდი 😀
LikeLike
რა კარგია – ჩაი და ქოლგა! 🙂 როგორ მიყვარს ასეთი საქციელები! :)) კლიპში რომ მოხუცია, კარგა ხანს ქალი მეგონა და კაცი აღმოჩნდა… მწერალი ყოფილა. დიდი მადლობა, თაია. მეც გეწვიეთ ბლოგზე და სიამოვნებით ვკითხულობ! 🙂
LikeLike
სტინგიც მაგარია და ლონდონიც :დდდ
LikeLike