ინგლისელი ტერიერი, რომლის თათებშიც საფრანგეთის ბედი იყო

ჯაშუშთა თამაშები

double characters

1941 წელს მაიორ ემილ კლიმანს, “აბვერის” ოფიცერს საფრანგეთში აგენტმა დასელმა ვინმე ლილი სერგეევა გააცნო. ლილი გერმანული წარმომავლობის თეთრგვარდიელი გენერლის, ევგენი მილერის ძმისშვილი იყო. მილერის ბრძოლას ბოლშევიკების წინააღმდეგ ინგლისელები თავიდან კი უმგრებდნენ მხარს, ტყვია-წამლითაც უხვად ამარაგებდნენ, მაგრამ შემდეგ ზურგი აქციეს, რასაც თეთრგვარდიელთა ჩრდილოეთის არმიის დამარცხება მოჰყვა და  ბოლშევიკებისგან დევნილი გენერლის ოჯახი, საბოლოოდ, პარიზმა შეიფარა. 37-ში “ენკავედეს” აგენტებმა მილერი გაიტაცეს, მოსკოვში გადააფრინეს და დახვრიტეს. ლილი სერგეევას გერმანული წარმომავლობა, ბოლშევიკების სიძულვილი და ინგლისელებისადმი გულში ჩადებული ძველი წყენა მაიორ კლიმანს ყურადღების მიღმა არ დარჩენია და როდესაც ქალმა თანამშრომლობა შესთავაზა, შემოთავაზება სიხარულით მიიღო. ლილი სერგეევა “აბვერის” აგენტი გახდა და ბრიტანეთში გასაგზავნად დაიწყო მზადება.

ამ ამბებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ნეიტრალიტეტშენახული ესპანეთის დედაქალაქში, მან ვიზის მისაღებად ბრიტანეთის საელჩოს მიაკითხა, მაგრამ კარის ზღურბლს გადააბიჯა თუ არა, მისი უდიდებულესობის საიდუმლო სამსახურის რეზიდენტთან მოითხოვა შეხვედრა. კუნძულელებმა შორს დაიჭირეს, რა საიდუმლო სამსახური, რის რეზიდენტურა, აქ საელჩოა და დიპლომატების გარდა არვინააო, მაგრამ სტუმარი შეუვალი იყო. სხვისთვის, ეგებ, კარისკენ მიეთითებინათ, მაგრამ ამ ქალის იერში იყო რაღაც განსაკუთრებული, თან ახლოვდებოდა D-Day (მოკავშირეების ნორმანდიაში გადასხმის ოპერაციის დაწყების დღე) და დაზვერვისთვის ნებისმიერი ინფორმაცია ოქროდ ფასობდა. ასე მოხდა მესამე რაიხის სამხედრო დაზვერვის, “აბვერის” აგენტ ლილი (ნატალია) სერგეევას და გაერთიანებული სამეფოს კონტრდაზვერვის სამსახურის, МI-5-ის აგენტების შეხვედრა. ქალი ამტკიცებდა, რომ მისიით ლონდონში მიემგზავრება და დავალებული აქვს “მეორე ფრონტის” გახსნის სავარაუდო დღისა და სამხედრო დარტყმის მიმართულების გარკვევა, მაგრამ, სინამდვილეში, მისი სამშობლოს, საფრანგეთის გათავისუფლება სურს და მზადაა მოკავშირეებზე იმუშაოს, მან ბრიტანელებს გაუმხილა, რომ სწორედ ამ მიზნით გახდა “აბვერის” თანამშრომელი, მათგან კი არაფერი სურს და არც გამორჩენას ელის, მხოლოდ ერთი პირობით – მისი ძაღლი, ფოქსტერიერი სახელად ბაბსი მასთან ერთად უნდა იყოს.

MI-5-ში ულვაშებში ჩაიცინეს (ისე, რომ ქალს არ შეემჩნია) – ძაღლის ლონდონში გადაფრენა, რა დიდი ამბავიაო, ამ ფასად კი ასეთ ფასეულ აგენტს ჩავიგდებთ ხელთო… წარმოგვიდგენია, რას იტყვიან ის ცხვირაბზუა, მამლაყინწა მზვერავები MI-6-დანო… ლილი სერგეევას მიანიჭეს მისი შესაფერისი კოდური სახელი Treasure (“განძი”) და ლონდონში გადაისროლეს… და აქ დაიწყო თავის ტკივილი. არა, ვინც იფიქრეთ, რომ ლილი სერგეევამ ბრიტანელები გააცურა, ცდებით – სულაც არ ყოფილა ასე. მას გულწრფელად სურდა საფრანგეთის გათავისუფლებაში წვლილის შეტანა და მზად იყო მოკავშირეებზე ემუშავა. MI-5-ს პრობლემები ბრიტანულმა ბიუროკრატიამ შეუქმნა. მისი უდიდებულესობის სანიტარულმა სამსახურმა საბრალო ბაბსს ხელი სტაცა, ტრაპიდან მოხსნა და გიბრალტარის კუნძულზე განლაგებულ საკარანტინო ბუნკერში უკრა თავი – ვერც ერთი ოთხფეხა სულიერი გაერთიანებული სამეფოს მიწაზე ვერ დადგამს თათს, სანამ ვეტერინარული დათვალიერება არ ჩაუტარდება და 6-თვიან საკარანტინო პატიმრობას არ გაივლისო. გინდ აგენტ “განძის” ძაღლი იყოს და გინდ აგენტ 007-სო. წესი წესიაო.

Lily & Babsამასობაში ლილი სერგეევა ლონდონში კონსპირაციულ ბინაში მოთავსდა, რადიოგადამცემი გამართა და “აბვერისთვის” MI-5 მიერ შეთხზული ცნობების გადაცემა დაიწყო. გადასცემდა, გადასცემდა, მერე თავს აიღებდა და მის კურატორებს ჰკითხავდა ხოლმე, აბა, რა ხდება, ჩემი ბაბსი სად არისო? ისინიც, ნუ ღელავთ, წუხელის ისპანახი უჭამია, ცოტა ხასიათზე ვერაა, ერთ საათში გეახლებათო. კარგიო, – იტყოდა ლილი და კვლავ რადიოგადამცემს მიუჯდებოდა… ასე გადიოდა დღეები. ერთ ღამეს დაესიზმრა – ვითომ,  წაიყვანეს იმ ბუნკერში და დაანახეს “ბაბსი”. ფოქსტერიერი გამოენთო, მაგრამ შუშას ხომ არ გამოამსხვრევდა. ასე იდგნენ, პატრონი – აქეთ, ძაღლი – იქეთ და ერთმანეთს შეჰყურებდნენ. “განძს” აღელვება შეეტყო. შეწყვეტდა ხოლმე მუშაობას და ოთახში ბოლთას სცემდა. МI-5-ის კურატორები კი ამშვიდებდნენ, თუ ვინმეა პრემიერიდან მეფემდე, არვინ დაგვიტოვია, ყველას წერილები დავუგზავნეთ და ბაბსს დღე-დღეზე ტყვეობიდან გამოვიხსნითო, მაგრამ ჯერ სადა ხარ. სანამ ბრიტანული ბიუროკრატია ეპისტოლარული ჟანრის განვითარებაში წვლილის შეტანით იყო დაკავებული, პატრონის მომლოდინე საბრალო ბაბსი დადარდიანდა, ავად გახდა და სული განუტევა.

ერთი პირობა კი უმალავდნენ ლილის ამ ამბავს, მაგრამ – როდემდე?

ვისაც ცხოველები გიყვართ, ლილის მრისხანების წარმოდგენაც არ გაგიჭირდებათ. მან მუშაობა შეწყვიტა. ისიც თქვა – მადლობა მითხარით, რომ არაფერს გადავცემ, თორემ ვინ იცის, ხელი წამიცდეს და გერმანელებს ფარული კოდით შევატყობინო, რომ დეზინფორმაციას ვაწვდიო… ბოლოს, გული მოულბაო ვერ ვიტყვი, ვერც იმას, რომ შეფის, პოლკოვნიკ რობერთსონის მუქარის შეეშინდა, მაგრამ ნაცისტების გამარჯვება არც ბაბსს გაუხარდებოდა და კოდები МI-5-ს გაუმხილა და მისი სახელით უკვე კონტრდაზვერვის სხვა თანამშრომელი განაგრძობდა “აბვერთან” ჯაშუშურ თამაშებს…

დანარჩენი კი ყველამ ვიცით – სანამ ბრიტანული დაზვერვის მიერ გაცუცურაკებული ვერმახტის გარნიზონები მტრის მოლოდინში კალესთან იყვნენ გამაგრებულნი, მოკავშირეები 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში გადასხდნენ, 25 აგვისტოს კი გენერალმა დე გოლმა თავისუფალ საფრანგეთს უკვე პარიზიდან მიმართა. მის სიტყვას ლილი სერგეევამაც მოუსმინა. შემდეგ რადიო გამორთო და ბაღში გავიდა. ბაბსის საფლავზე იები ამოსულიყო.

მოსამართლე ლორდ ეთქინს უთქვამს: “ინგლისში კანონები ომიანობის ჟამსაც კი არ სდუმან. კანონები შეიძლება შეცვალო, მაგრამ ისევ იმ ენაზე ისაუბრობენ, როგორც მშვიდობიანობის დროს”-ო (In this country, amid the clash of arms, the laws are not silent. They may be changed, but they speak the same language in war as in peace). კარგი სიტყვებია, ღმერთმანი, მაგრამ კანონი ადამიანს ადამიანურ ცხოვრებაში უნდა ეხმარებოდეს და არა – პირიქით. ძაღლებსაც – სხვათაშორის!

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ამ ვრცელი და ბორინგული პოსტით შევეცადე ბლოგისთვის მეცნიერული სახე მიმეცა და ახლა მას დამსახურებულ საზაფხულო შვებულებაში ვუშვებ.

Nathalie “Lily” Sergueiew

Review: Ben Macintyre’s Double Cross

ბორის აკუნინი: Дама с собачкой, или Девушка с характером

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

20 thoughts on “ინგლისელი ტერიერი, რომლის თათებშიც საფრანგეთის ბედი იყო”

      1. თუ ასეა, რატომ “უშვებ ბლოგს დამსახურებულ საზაფხულო შვებულებაში”? პროტესტს ვაცხადებ!

        Like

  1. გემრიელი პოსტია, მილორდ. ისტორიაც საინტერესოა და სარკეში ჩახედვაც არ გამჭირვებია. კანონი კი უნდა კანონობდეს, მაგრამ ამ შემთხვევვაში დიდი სისულელე მოსვლიათ ინგლისელებს. აგენტა ნადა უვაჟატ’-ო, მაგათ საქმეში პირველი ცნებაა. რუსეთში ეს არ მოხდებოდა.

    თუმცა, ზუსტად იმიტომ, რომ ბრიტები კანონს სცემენ პატივს და რუსები – ოპერატიულ აუცილებლობას, ბრიტანეთი სუპერ-სახელმწიფოა და რუსეთი – ის, რაც არის.

    Like

    1. ფრანგული ბულდოგი რომ ყოფილიყო, კიდე ჰო და ინგლისელი ტერიერის ინგლისში არშეშვება სადაური წესია.

      Like

  2. მიყვარს ასეთი ისტორიები და ბოლო ფრაზაში ძალიანაც გეთანხმები
    ოღონდ ახლა ის მაინტერესებს, საზაფხულო შვებულება სამთვიანი იქნება?:)

    Like

    1. სასკოლო არდადეგების პონტში. 🙂
      რომ არ ვპოსტავდი, ბლოგი დაიხურაო? მეკითხებოდნენ. ამიტომ გავაფრთხილე თუ ვინმეს აინტერესებს, რომ არ იღელვონ 🙂

      Like

  3. სად პოულობ ასეთ ისტორიებს. მაგარია ძაან.
    აკუნინს კიდე ბლოგი თუ ქონდა არ ვიცოდი, მაგ ლინკზე მადლობა. უნდა ვნახო ერთი კარგად. 🙂

    Like

    1. სად პოულობ ასეთ ისტორიებს.

      არხია ეგეთი History Channel 🙂
      კიდევ მაქვს სხვაც – ცხოველებზე და ომზე. მაგით დავბრუნდები. 🙂

      Like

  4. სიზარმაცე შემოგეპარა მეთქი და ჰა. რაც შეეხება ძაღლს, მაგის გადაცემულ ინფორმაციებს ათსაობით ადამიანი უნდა შეწირვოდა ან აქეთ და ან იქით (უფრო სწორედ აქეთაც და იქითაც)და რა დროს ფოქსტერიერი იყო? ეს ცხოველებზე ზედმეტად შეყვარებული ხალხიმ ყველა ერთიანად დასახვრეტია!!!

    Like

      1. ყველაფერს ჯეიმს ბონდს ახარჯავენ და ეგერ–– შედეგიც სახეზეა. 50 წელია იბრძვის კაცი

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: