1914 წელს ახალგაზრდა მხატვარმა იმანუილ რადნიცკიმ ფოტოაპარატი შეიძინა, სურდა თავისი ნახატებისთვის ფოტოები გადაეღო. გადაუღო და ნახატებზე მეტად ფოტოები მოეწონა. ასე დაიბადა მენ რეი. ღმერთი ფოტოაპარატით ხელში.
მენ რეი (Man Ray / Emmanuel Radnitzky) ლიტველი ემიგრანტების შვილი იყო. ფილადელფიაში დაიბადა, ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, პარიზში გარდაიცვალა და მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორია შეცვალა. სწორედ მენ რეიმ აქცია ფოტოგრაფია ფოტოხელოვნებად. რეის ფოტოები არამხოლოდ მის თანამედროვეებს ანცვიფრებდნენ, უსაზღვრო ფანტაზია და პარადოქსალური ხედვა დღესაც კი შოკისმომგვრელია.
ამერიკა, მიუხედავად სტერეოტიპებისა, ძალიან ტრადიციული, კონსერვატორი და სიახლეებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყანაა. მოდერნისტი მხატვრებით გატაცებულმა მენ რეიმ 1921 წელს პარიზს მიაშურა. დაუმეგობრდა კოქტოს, ელუარს, ბრეტონს, ჯოისს, მიროს, პიკასოს, დალის. აგრძელებდა ხატვას, გამოფენებშიც მონაწილეობდა, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტ ფოტოს იღებდა. იღებდა იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. ფოტოობიექტივი მისი მესამე თვალი იყო.
საკუთარ ნახატებს ფოტოებს რომ ვუღებდი, მაშინ შევნიშნე, თუ რას მალავდნენ ნახატები.
მენ რეი
ერთ დღეს მენ რეი მონპარნასზე კაფეში ყავას სვამდა. მეზობელ მაგიდასთან ორი გოგო იჯდა, რომლებიც ერთობ ფრივოლურად იყვნენ ჩაცმულნი. ოფიციანტი მათ კაფის დატოვებას სთხოვდა. მენ რეი გოგონებს გამოესარჩლა, საკუთარ მაგიდასთან მიიპატიჟა – ასე გაიცნო მომღერალი და მოდელი კიკი დე მონპარნასი (Kiki de Montparnasse / Alice Prin), პარიზული ბოჰემის დედოფალი და მუზა. ქალი, რომელსაც ინგლისის დედოფალზე დიდი გავლენა ჰქონდა, თუ ჰემინგუეის ვენდობით. კიკი მენ რეის მუზად იქცა. სწორედ კიკია გამოსახული 1924 წლის ფოტოზე “ენგრის ვიოლინო” – მენ რეის ერთ-ერთ უდიდეს და, ალბათ, ყველაზე ცნობილ შედევრზე. კიკია ბევრ სხვა ფოტოზეც. ხუთი წლის განმავლობაში ხელოვანისა და მისი მუზის ამ ტანდემმა მრავალი შედევრი დაბადა…
ხშირად მიწოდებდნენ მასხარას, მაგრამ ყველაზე წარმატებული ხელოვნება იუმორის გარეშე არ არსებობს.
მენ რეი
თუმცა, ადამიანის გული ცვალებადია. 1929 წელს მენ რეი ბარში იჯდა, როდესაც მას ახალგაზრდა გოგო მიუახლოვდა: “მე ლი მილერი ვარ, – უთხრა გოგომ, – თქვენი მოწაფე”. “მოწაფეები არ მჭირდება,”- მოუჭრა რეიმ, თავი აწია და გოგონა კარგად შეათვალიერა. მოეწონა. ამერიკელი ლი მილერი (Lee Miller) მის ახალ მუზად იქცა. მენ რეისა და ლი მილერის ისტორია ოგიუსტ როდენისა და კამილ კლოდელის ამბავს ჰგავს. ხელოვნებათმცოდნეები დღემდე ვერ შეთანხმებულან, როდენის რომელი ნამუშევრები ეკუთვნის კლოდელს და რამხელაა მისი წვლილი როდენის ბევრ ნამუშევარში. ასევე ძნელია იმის თქმა, თუ რამხელაა ლი მილერის წვლილი მენ რეის ბევრ იმდროინდელ ფოტოში. განსხვავება მხოლოდ ერთია – კამილ კლოდელი ჭკუიდან შეირყა და ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა. ლი მილერმა კი მენ რეი მიატოვა და ამერიკაში დაბრუნდა. ის საკმაოდ ცნობილი ფოტოგრაფია. ალბათ, ცალკე პოსტსაც იმსახურებს, თუმცა ეს პოსტი მენ რეიზეა, რომელმაც სატრფოსთან დაშორება მძიმედ განიცადა, მაგრამ დიდხანს არ უდარდია. მისი ახალი მუზა და ფოტოშთაგონება შვეიცარელი ფოტოგრაფი მერეტ ოპენჰაიმი (Méret Oppenheim) გახდა.
ხელოვნებაში პროგრესი არ არსებობს. არც სიყვარულში არსებობს პროგრესი. ტექნიკა იცვლება მხოლოდ.
მენ რეი
მენ რეი ცდილობდა ფოტოებზე აესახა ის, რასაც ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავდა. იყენებდა მისთვის ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებს, ქიმიისა და ფიზიკის მიღწევებს. მის ბევრ ფოტოზე რეალობა განგებაა დეფორმირებული. ამგვარად ცდილობდა რეი საგანთა თვალუხილავი არსის გახსნას. ფოტოგრაფიაში ის სიურეალიზმის მამამთავარია. 20-იანებში მენ რეი გაიტაცა სინემატოგრაფმაც. ფილმებს იღებდა როგორც მის მეგობარ, მხატვარ და რეჟისორ მარსელ დეშამთან (Marcel Duchamp) ერთად ასევე – დამოუკიდებლადაც.
ვხატავ, რისი ფოტოგრაფირებაც არ ძალმიძს, ის რაც ფანტაზიაშია ან სიზმრებში. რისი დახატვაც არ მსურს, რაც ბუნებაში უკვე არსებობს, მას ფოტოს ვუღებ.
მენ რეი
1940 წელს მენ რეი იძულებული იყო ომით ალმოდებულ ევროპას განრიდებოდა. საკუთარი ნამუშევრების დიდი ნაწილი და ახალი მუზა, გვადელუპელი მოცეკვავე ედი ფაიდელინი (Adrienne Fidelin) წაიყოლა თან და სამშობლოს მიაშურა. ამერიკამ ის სიხარულით მიიღო. მენ რეის დიდებას იქაც ჩაეღწია. მაგრამ ამერიკაში რეიმ ფოტოგრაფიისადმი ინტერესი დაკარგა. ხატვას დაუბრუნდა. ის კითხულობდა ლექციებს, მონაწილეობდა გამოფენებში, მუშაობდა როგორც დიზაინერი. ფოტოგამოფენებში თითქმის არ მონაწილეობდა. ბრაზობდა, რომ მისი ნახატები არვის აინტერესებდა, დაქორწინდა მოცეკვავე ჯულიეთ ბრაუნერზე (Juliet Browner) და ოცნებობდა საფრანგეთზე. როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, 1951 წელს პარიზში დაბრუნდა. ცხოვრების დარჩენილი წლები მან დიდების ზენიტში განვლია. მის პერსონალური გამოფენებს მსოფლიოს მრავალმა ქალაქმა უმასპინძლა. დააჯილდოვეს ვენეციის ფოტობიენალეს ოქროს მედლით. კითხულობდა ლექციებს. ატარებდა მასტერ-კლასებს. დაწერა ავტობიოგრაფია. ხატავდა. იღებდა ფოტოებს. ტკბებოდა პარიზით. იყო ბედნიერი. მსოფლიოს ყველაზე დიდი ფოტოხელოვანი. მენ რეი. ღმერთი ფოტოაპარატით ხელში.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
სხვა ფოტოები:
ასევე:
ფოტოებმა ძალიან მომხიბლა. მიყვარს სიურეალიზმი ყველგან. მომეწონა სიურეალიზმი მენ რეის ობიექტივიდან.
პ.ს. როგორი საინტერესო პოსტია. და ისევ ის მომნუსხავი რიტმი 🙂
LikeLike
ფოტოგრაფია ერთ-ერთი ყვეეელაზე შთამბეჭდავი და საინტერესო დარგია ხელოვნების, იმხელა ინტიმი, ინფორმაცია, სილამაზე, ემოცია, ინტრიგა და ამ ყველაფრის გავლენით სასიამოვნო განცდები მოაქვს… ადრენალინის დარტყმასავით არის კარგი ფოტოს ყურება და მასში ჩაშტერება.. მაგარი ვინმე ყოფილა მენ რეი, არც ვიცოდი მის არსებობაზე. ფოტოები სუპერ. აი პირველ ფოტოს ვუყურებ და ძალიან ბუნებრივად იმდენად ძლიერი ტრაგედია აქვს ტიპს შექმნილი რომ ეროტიკასაც კი ფარავს, წარმოუდგენელია..
LikeLike
“ენგრის ვიოლინოს” გარდა არცერთი ფოტო არ ვიცოდი და ძალიან მოვიხიბლე 🙂
მშვენიერი პოსტია.
LikeLike
რამდენი ცნობილი კადრია მისი. ძალიან მომწონს.
და მეც ვფიქრობ, რომ ევროპა (დღესაც) გაცილებით გახსნილია ხელოვანებისთვის
LikeLike
მენ რეი გენიოსია, თუმცა მე კარტიე-ბრესონი და კაპა უფრო მიყვარს.
LikeLike