გოგო, სახელად ჯენისი

ამბოხის თეორია

გოგო, სახელად ჯენისი, იმ ზაფხულს შემიყვარდა.

Janis Joplin 1არა, თავიდან, თითქოს, არც მომეწონა. ან რა მოსაწონი იყო – ნარკოტიკებს მიეძალა, სვამდა, ქუჩა-ქუჩა დაპროწიალობდა, ხან სად ეძინა და ხან – სად. მეუცხოვა მისი ჩახლეჩილი ხმა. მეუცხოვა, რომ განსხვავებული იყო. ყველაფერს სხვაგვარად უყურებდა. სხვის ჯიბრზე. ეუბნებოდნენ ისწავლეო – გაკვეთილებიდან გარბოდა. მშობლებს ეურჩებოდა. არც პოლიციის ეშინოდა. ეკლესიაშიც არ დადიოდა.

ამბობდნენ, სულ ასეთი კი არ იყოო. 14 წლამდე საკვირაო წირვას არ აცდენდა და ქოროშიც მღეროდაო ჰიმნებს. კარგად სწავლობდა და მოხუცები ქუჩაზე გადაჰყავდაო. მერე, უცებ, ტვინი გადაუტრიალდაო. ან რა აცვია, ან როგორ იქცევაო, ან უფროსებს როგორ ეპასუხებაო. სახარების ნაცვლად ქერუაქსა და გინზბერგს მიეძალა. ახტაჯანა და ბუნტისთავი გახდა. კლასელები “ღორს” უძახდნენ. ზურგსუკან. ვინც გაუბედა და პირში მიახალა, ჩამოღებულ კბილებს კრეფდა მერე სკოლის ეზოში.

სწავლა მიაგდო და სიმღერა დაიწყო. თავი რითი უნდა ირჩინოო? – ჰკითხეს. არ მაინტერესებსო. თავი დამანებეთო. მე ჩემი ცხოვრება მაქვსო. იმღერა და უსტვინეს. რას ბღავიხარო. ქალი ხარ, თუ ვინ ხარ, სარკეში ჩაიხედე, რას გავხარო. კულისებში ცრემლი წასკდა. ისე, რომ არვის დაენახა. შემდეგ სცენას დაუბრუნდა, ვითომც აქ არაფერიაო. სად აღარ გამოსულა. მესამეხარისხოვან ჯგუფებს პუბლიკის “გასახურებლად” აეკიდებოდა ხოლმე, ოღონდ – ემღერა. ოღონდ სათქმელი სხვებთანაც მიეტანა… არ უსმენდნენ. თუ უსმენდნენ – უსტვენდნენ.

ერთხელაც შეშინდა. ვაითუ, ვცდებიო. ვაითუ, ეს ყველა ტყუილიაო. მშობლებთან დაბრუნდა უძღები შვილივით. შარვალი გაიხადა და კაბა ჩაიცვა. თმები დაივარცხნა. დილით ადრე ადგებოდა. გარეთ გამოვიდოდა. მეზობლებს მოიკითხავდა. “დილა მშვიდობისა, მისის ბოლინ, რამე ხომ არ გნებავთ, რძეზე ხომ არ ჩაგეგზავნოთო.”  რა კარგი გოგოაო, ამბობდნენ. ყოჩაღ, ჯენისო.

Janis Joplinმერე ისევ მოუარა. ისევ თავიდან დაიწყო. სცენაზე არ უშვებდნენ – ბარებში უკრავდა. ბარში არ უშვებდნენ – ქუჩაში მღეროდა. ნელ-ნელა ხალხიც მიეჩვია. აღარ უსტვენდნენ. ვნახოთ, აბა, კიდევ რას გვიმღერებსო. მონთერეის ფესტივალზე დაპატიჟეს. დაპატიჟეს რა – თავი დაიპატიჟა. ბობ დილანის მენეჯერს, ალბერთ გროსმანს ყურში მოხვდა. ამ გოგოსგან რაღაც გამოვაო, იფიქრა. მეტი რაღა უნდა გამოსულიყო – გამოსული იყო უკვე.

ხაზიან ქაღალდს თუ მოგცემენ, შეაბრუნე და გარდიგარდმო დაწერეო, – ხიმენესმა. მაგრამ რომ დაწერო, სათქმელი უნდა გქონდეს რამე. გოგოს, სახელად ჯენისი, სათქმელი ბევრი ჰქონდა. პირველივე ალბომი ოქროსი გახდა. თურმე, ვინ გვყოლია და არ ვიცოდითო. შემდეგ – მეორე ალბომი. კიდევ – მესამე. მეოთხე ალბომის დასრულება ვერ მოასწრო. მაგრამ მოასწრო და თავი შემაყვარა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

31 thoughts on “გოგო, სახელად ჯენისი”

  1. რა უკუღმართი გოგო იყო, კაცს და ქალს ერთნაირად აყვარებდა თავს – მეც შემაყვარა.

    Like

  2. როგორ წერ… გრძნობით. წავიდე, ჩავრთო მეც ჯოპლინი – მეც ვიგრძნო 🙂
    პ.ს. ხმა, ტემბრი, სტილი მომწონს, მაგრამ ჩემი არაა… ჯერჯერობით.

    Like

    1. ჯიმი მაგარი იყო, ბაზარი არაა… თუმცა სხვა ბლუზმენები უფრო მიყვარს, უნდა ვაღიარო.
      აი, ბლუზვუმენებში ჯენისი სრულიად განსაკუთრებულია.

      Like

      1. კი. და არამხოლოდ 🙂
        ქლეფთონი თუნდაც ან ვოუნი ან ქეილი… ბევრი ბლუზმენია, რომელიც უფრო მიყვარს ვიდრე ჰენდრიქსი.
        მადი უოთერსი, ჰოულინ ვულფი, ჰუქერი… რავი ბევრია. 🙂
        ჯიმი რომ გენიოსი იყო ეგ სხვა ამბავია. უბრალოდ სტილის ამბავია.

        Like

  3. როკის ჩხავანა ანგელოზი ❤
    ჯენისი იავნანებს მიმღერის ხოლმე. აი ასეთს

    და კიდევ ასეთს

    სრული ნირვანაა..

    Like

  4. პოსტი იყო ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი
    სულაც არ მიყვარს ჯენისი, მაგრამ ასეთი ისტორიები მიყვარს
    ბუსუსები რომ ყალყზე გიდგება კითხვისა ❤

    Like

  5. ბევრმა დაწერა და გამეორება გამომივა, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ძალიან კარგი პოსტი იყო. ❤

    Like

  6. პირველი ფოტო ძალიან მომწონს, ჯერ შენს ფბ–ზე ვნახე 🙂

    პოსტი კი ისეთი სიყვარულით არის დაწერილი… მე ასე ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ჯენისი.

    Like

  7. რა კარგად გიწერია ^_^ რა კარგად…

    რომ მოინდომო კარგ რომანს დაწერ, მაგრამ ცოცხალი თავით არ შვები 😦

    Like

    1. რომანი კი არა, საცა სამართალია ამ პოსტის შემდეგ ბლოგი უნდა დამეხურა.
      უკეთესს მაინც ვერაფერს დავწერ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: