სამი მუჭა ექსტაზისთვის

სამყარო ჩემს გაკიცხვას არ ლამობდა. სამყაროს არაფრად ვანაღვლებდი.
ირვინ უელში. “ექსტაზი”

NB!: პოსტი შეიცავს სფოილერს და არ შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას.

irvine-welsh_779118cროდესაც ჰალგიმურ ჰელგასონზე დავწერე, იმ დროიდან შემომენახა პოსტის იდეა ირვინ უელშზეც (Irvine Welsh). უელში შოტლანდიელი მწერალია და, როგორც მიიჩნევენ, სწორედ მისმა შემოქმედებამ მოახდინა გავლენა ჰალგიმურის “101, რეიკიავიკზე”. ჩემი გემოვნებით, ჰალგიმური სჯობს, თუმცა, უელშის დიდებამდე ჯერ ბევრი უკლია. ირვინ უელში საკულტო ფიგურად იქცა და ნამდვილი თრენდსეთერია, გზის გამკვალავი არაერთი კონტრკულტურული პოსტმოდერნისტისთვის.

ფეხბურთის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ფანები – ესენი არიან უელშის ნაწარმოების გმირები. ასეთი იყო თავად უელშიც. ახლა, როგორც თავად ამბობს, ნარკოტიკებს აღარ ეკარება, თუმცა, თემა რომ იცის, კი ჩანს. 🙂

სტილისტურად განსხვავებული წიგნები აქვს. მოდი, ოთხს მიმოვიხილავ მოკლედ და თავად გადაწყვეტთ, სათქვენოა თუ – არა.

წერა მისტიკური პროცესია. ყოველი წიგნი, რაც დავწერე, განსხვავებულადაა დაწერილი. ჩემთვის არ არსებობს განსაზღვრული დრო, წესი… ვერ ვიტყოდი, რომ ყოველ ჯერზე ახლიდან ვიგონებ წერის პროცესს, მაგრამ თითქმის ასეა. მიყვარს ის თავისუფლება, ცარიელი ფურცელი რომ მანიჭებს.
ირვინ უელში. საუბარი ალან ბლექთან,  3AM Magazine, თებერვალი, 2004

წებო” (Glue) პირადად მე ყველაზე ძალიან მომეწონა. რომანი (ფრიად სქელტანიანი, მინდა გაგაფრთხილოთ) ოთხ მეგობარზეა. თერენს ლოუსონი მათგან ყველაზე ფლიდი და გაიძვერაა. არც ფული აქვს, არც გარეგნობით გამოირჩევა, მაგრამ ისეთი ენაწყლიანია, რომ ქალებს აგიჟებს და 2-3-ს ხსნის ერთდროულად. ბილი ბირელი ყველაზე ჭკუადამჯდარია და მიზანმიმართული, ამიტომაც შეარქვეს “ბიზნესა”. მეტსახელს გაამართლებს და გამდიდრდება. ენდრიუ გელოუეი ყველაზე უიღბლოა. სხვისი ჩადენილი დანაშაულის გამო გაკოჭეს და ციხეში ამოყო თავი. პირველივე გოგო, ვისთანაც სექსი ჰქონდა, დაფეხმძიმდა და დაქორწინება მოუწია. პირველივე შპრიცი, რომლითაც ვენებში შეიშხაპუნა, დაბინძურებული აღმოჩნდა და შიდსი აიკიდა. ქარლ იუართი ყველაზე გემოვნებიანია. ყოველთვის იცის რა არის მოდაში და რა იქნება მოდაში ხვალ, ამიტომაც სახელგანთქმული დიჯეი გახდება. წიგნი პირველ პირშია დაწერილი, მაგრამ მთხრობელები ერთმანეთს ენაცვლებიან. ხან ერთი მეგობარი ჰყვება ამბავს, ხან – მეორე და ა.შ. რომანი რეალისტურია. სიუჟეტი მწყობრად ვითარდება (მიუხედავად იმისა, რომ უელში იყენებს პოსტმოდერნისტულ რამე-რუმეებს, არის ფლეშბექები, დროისა და თემის ცვლა) იოლი საკითხავია. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მეორე ნაწარმოები, რომელზედაც ახლა დავწერ, განსხვავებულია.

მე უბრალოდ ამბებს ვყვები.
ირვინ უელში. საუბარი ბრიონი გორდონთან, “ტელეგრაფი”, 23 იანვარი, 2009

წერო მარაბუს ღამეული კოშმარები” (Marabou Stork Nightmares) ორ პარალელურ სამყაროში ვითარდება. ერთში როი სთრენგი რეანიმაციაში კომაში წევს და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან. მეორეში როი სთრენგი მონადირეა, რომელიც აფრიკაში ფრინველ მარაბუს დასდევს. მარაბუ ბოროტი მტაცებელია და უწყინარ ფლამინგოებს ანადგურებს. ამ ფონზე სთრენგს ახსენდება ყველა ის მოძალადე, ვისთანაც შეხვედრა მოუწია… როგორც ხვდებით, რეალური ამბები წიგნში ჰალუცინაციებთანაა გადახლართული და ერთის მეორისგან გარჩევა ჭირს. დასასრულ, რაც სრულიადაც არაა გასაკვირი, ორი რეალობა ერწყმის და ნათელი ხდება, თუ ვინაა მარაბუ, ვინაა ფლამინგო და რითი უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი…

“შეფ-მზარეულთა ბუდუარული საიდუმლოებები” (The Bedroom Secrets of the Master Chefs) “დორიან გრეის პორტრეტის” ერთგვარი ალუზიაა. ნაწარმოებს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს – ორი სანიტარული ექიმი: ერთი ფეხბურთის ფანატი, კოკაინის მოყვარული და ჩხუბისთავი დენი სქინერია, მეორე – ჯანსაღი საკვების, ბადმინტონისა და კომპიუტერული თამაშების მოყვარული ბრაიან ქიბი. ესოდენ განსხვავებულები ერთმანეთს ვერ იტანენ და ვერ ხვდებიან, რომ ერთ სულ და ერთ ხორც არიან. ქიბი მთელი ღამე სვამს – სქინერს კი დილით ნაბახუსევზე თავი უსკდება, სქინერი ჩხუბობს, ქიბის კი თვალი აქვს ჩალურჯებული… ამ საკვირველ ფენომენს უელში რომანის ბოლოს “ლოგიკურ” ახსნას უძებნის… კარგი ნაწარმოებია, თუმცა, დასასრული დროზე ადრე გამოვიცანი.

ერთხელაც იქნება და წაიკითხავ წიგნს, რომელზედაც ასე იტყვი, რა ჯანდაბაა! ამის დედაც! მე ხომ უკეთესად დავწერ!
ირვინ უელში. საუბარი გარეთ ფაბერთან, ChuckPalaniuk.net, 31 იანვარი, 2008

ექსტაზი: ქიმიური სიყვარულის სამი ისტორია” (Ecstasy: Three Tales of Chemical Romance), როგორც ხვდებით სამი განსხვავებული და იმავდროულად მსგავსი ამბისაგან შედგება. ახლადდაქორწინებული არისტოკრატი, რომელსაც ცოლთან სექსს ცხვართან სექსი ურჩევნია, მწერალი ქალი, რომელიც მოღალატე ქმარზე შურის ძიებას გეგმავს, ლესბოსი მედდების სასიყვარულო სამკუთხედი, ცნობილი ტელეწამყვანი, რომელიც ნეკროფილიას შეუპყრია და ღამ-ღამობით მორგს სტუმრობს, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ექსპერიმენტული პრეპარატით მკურნალობის გამო დასახიჩრდა და ახლა მისი მეგობრის დახმარებით ფარმაცევტზე სურს იძიოს შური, რესპექტაბელური წყვილი, რომელთა შორისაც ვნება კარგა ხანია მინავლებულია – ქალი ერთ უმუშევარ, ყალთაბანდ ნარკომანს გადაეყრება და უეცრად საკუთარ თავს ხელახლა პოულობს (ეს მოთხრობა ეკრანიზირებულია)… ის, რაც ყველა ამ გმირს აერთიანებს, ისევე როგორც ირვინ უელშის ყველა სხვა გმირს, არის ნარკოტიკი. მეტადრე კი – ექსტაზი, რომლის მომხმარებელიც იყო მწერალი მისი ცხოვრების განვლილ წელთა ნახევარზე მეტი. სხვა მთავარი თემა, რაც უელშის წიგნებს მიუყვება… მიუყვება კიარადა, მისი წიგნების პერსონაჟია – მუსიკაა (აქაც სრულიად აშკარაა პარალელი ჰალგერსონის “რეიკიავიკთან”). კიდევ ფეხბურთი. შოტლანდიის სიყვარული. ინგლისელების არსიყვარული. და შავი იუმორის გამამხნევებელი შხაპი.

თუკი წერისას რაღაცის გერიდება და წვალობ, ეს ნაწარმოებსაც დაეტყობა. თავადაც უნდა იღებდე წერისგან სიამოვნებას.
ირვინ უელში. საუბარი ალან ბლექთან,  3AM Magazine, თებერვალი, 2004

როგორც ბერჯესის “დასაქოქ ფორთოხალში”, უელშის ტექსტებისთვის უმნიშვნელოვანესია მისი ენობრივი და სტილისტური თავისებურებების გადმოცემა.  შოტლანდიურ დიალექტზე წერს და უხვად იყენებს სლენგს. არ ვიცი, რამდენად მოახერხეს უელშის შენარჩუნება რუსმა მთარგმნელებმა. ეს მხოლოდ მშობლიურ ენაზე შეგიძლია, იგრძნო – ქართული თარგმანები კი, თუ არ ვცდები, (ჯერ) არ არსებობს.

დაბოლოს, უელშს აქვს ერთი იოლად წასაკითხი და მცირეფორმატიანი მოთხრობა “ყველაზე მაგარი საღამო” (The State of the Party), სადაც მცირე დოზით ყველა ის თემა გვხვდება, რაც მწერლის ვრცელ რომანებში. თუკი ამ პოსტის წაკითხვისას (მეტი არაა ჩემი მტერი და) ვინმე ირვინ უელშით დაინტერესდით, გირჩევთ, ამით დაიწყოთ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ირვინ უელშის წიგნები ი-რიდინგზე (რუსულად)

ექსტაზი (მესამე ნოველა) – ფილმი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

16 thoughts on “სამი მუჭა ექსტაზისთვის”

  1. მე ეს მაქვს წაკითხული http://www.imdb.com/title/tt0117951/
    ჯერ ფილმი ვნახე თან და მერე დამაინტერესა წიგნმა და მაინცადამაინც არ მომეწონა. თუმცა, მაშინ უფრო ეგ ასაკი მქონდა და ეხლა სულ არ მომეწონება ალბათ. 🙂
    ეგ Вечеринка что надо მაქვს წაკითხული და ორი წლის წინ მეგობარმა მათხოვა “დანაშაული” – დეტექტივია მაგრამ უელშის სტილში. 🙂 მაგრად ვერ დავუჭირე მუღამი და არ დამიმთავრებია.

    ბეგბედერის “არდადეგები კომაში” როა მაგაზე რომ გითხარი თუ გახსოვს – უელშის გაველნაა.

    Like

    1. “არდადეგები კომაში” მომეწონა, 99 ფრანკისგან განსხვავებით. 🙂
      შენ რომ მეუბნებოდი, ჯერ არ მქონდა უელში წაკითხული. რაღაც მსგავსება არის კი, მაგრამ სხვა პონტია მაინც.

      ჰალგიმური უფრო ლაითია, უელში ძალიან ხისტია და აგრესიული წერის მანერა აქვს. ამიტომ მომეწონა უფრო ისლანდიელი. Trainspotting არც მე მომეწონა. 🙂 რატომღაც სხვა რამეები უფრო კარგად წავიდა.

      Like

  2. მემგონი წებო ყველაზე კაი იქნება, ნუ შენი მიმოხილვიდან ასე ჩანს… მეორეს და მესამეს რაც შეეხება პარალელური სამყაროების და გაორებების თემა არ მიყვარს, არც ფილმებში, ვერასდროს ვერ გამოდის ისეთი როგორიც ვთქვათ ჩემს ფანტაზიაშია. ექსტაზი მგონია რომ ძაან აგრესიული იქნება, ოღონდ საინტერესოდ აგრესიული.

    Like

    1. მიუხედავად იმისა, რომ თუკი რამე სექსუალური გადახრა და ფეტიშია ყველაა ექსტაზიში პედოფილიიდან ნეკროფილიამდე და მეორე მოთხრობა საერთოდ წაუჰორორებს, იუმორში აქვს ყვწლაფერი გატარებული. ესაა პარადოქსი. ეოგორ უნდა იყოს ამაში იუმორი მაგრამ არის 🙂
      ამიტომაცაა ალბათ ასეთი საკულტო მწერალი.

      მაგაზე ვერავინ გეტყვის რაღა დროს უელშიაო :)))

      Like

  3. ახლა გადავხედე თრეილერს და დიდად ვერ დამაინტერესა, ეგ ისეთი თემაა რომ რთული გასაკეთებელია. წასაკითხადაც აი მართლა ძაან კარგად მორგებულ იუმორში თუ არ წერია და ზოგადად ძალიან ზუსტ სტილში, ალბათ ერთ ფურცელში მოისვრი, ცოტა უინტერესო და საფრთხილო თემაა.
    ეს რა მაგარი საიტი აღმომაჩენინე შენ ხომ არ იცი :))) არ აქვთ ჩემებს ჯერ დაბლოკილი, ურაა 🙂

    Like

    1. ფილმი არ მინახავს, მაგრამ აღწერილობა აცდენილია ნაწარმოებს ძალიან. 🙂 არ ვიცი ფილმში როგორაა.
      მოთხრობა არია აი ამაზე, რაც დავწერე პოსტში:
      რესპექტაბელური წყვილი, რომელთა შორისაც ვნება კარგა ხანია მინავლებულია – ქალი ერთ უმუშევარ, ყალთაბანდ ნარკომანს გადაეყრება და უეცრად საკუთარ თავს ხელახლა პოულობს

      მთავარი გმირი არის ქალი და არა ნარკომანი. ყველა სხვა პერსონაჟი არის ამ ქალის “გახსნისთვის” 🙂

      Like

  4. დამაინტერესა და აუცილებლად წავიკითხავ მის ნაწარმოებს, მერე აზრსაც გაგიზიარებ. მადლობა საინტერესო პოსტისთვის 🙂

    Like

  5. zalian magari mceralia. gamixarda rom turme sxvasac mocons. 🙂
    filmebi arasdros araa iseti rogorc cers. bevri rame secvlilia da daklebuli. cignebi zalian kargi aqvs.
    leqsika morgebulia situacias. realobastanaa axlos. araferi aqvs zedmeti.
    dagetanxmebi rom iumori aqvs zalian kargi. masin kvelaperi rasac cers sul sxvagvarad agiqmeba.

    Like

    1. არ მინახავს ჯერ. ისე, ეგ წიგნი არ დამევასა. 🙂 დეტექტივია ვითომ, მაგრამ ძაან დავიღალე მაგის კითხვით 🙂

      Like

      1. მაგ წიგნს გაგრძელება აქვს, ის არ წამიკითხავს. ვაპირებ მოგვიანებით.
        ზოგადად უელში ხშირად არაა იოლი წასაკითხი ფორმის თვალსაზრისით. ისედაც უყვარს მაგას რეალობის და ნერკოტიკული ბურუსის არევ-დარევა, რაც ზოგადად კარგია და საკაიფოდ გამოსდის, მაგრამ ამ წიგნში რაღაც ვერ გავყევი და დავკარგე რიტმი. თან შიდა მონოლოგები 90% გინებითაა სავსე და ცოტა ჭირს დალაგებულად აზრის გამოტანა :)))

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: