ესპადრილები კასტანიეთა მხარედან

– ასეთი ფეხსაცმელი თუ გაქვთ, ოღონდ – ქუსლიანი?

– ამ ფეხსაცმელს ქუსლი არ სჭირდება.

– მე კი მჭირდება! გაუკეთეთ ქუსლი და მთელ პარტიას შევიძენ.

ქალი განცვიფრებული მისჩერებოდა. ის. მისი მამა. მისი ბაბუა ყველანი ესპადრილების წარმოებით იყვნენ დაკავებულნი და ასეთი ახირებული კლიენტი ჯერ არ ენახათ. მაგრამ ერთ დროს წარმატებული ბიზნესი სულს ღაფავდა, კომპანია გაკოტრების პირას იყო, სტუმარი კი მთელი პარტიის ყიდვას ჰპირდებოდა და არც ფულს უჭერდა ხელს, ჰოდა, რა გაეწყობოდა – ბაბუის სულს პატიება სთხოვა და ქუსლიანი ესპადრილების კერვა დაიწყო. ეს ამბავი გასული საუკუნის 60-იანების მიწურულს მოხდა. ქალს იზაბელ კასტანიე ერქვა, ახირებული კლიენტის სახელი კი ივ სენ ლორანი იყო.

შემდეგ რა მოხდა, იოლად მიხვდებით – ივ სენ ლორანმა ისევე გააპოდიუმა ესპადრილები, როგორც ქელვინ ქლაინმა – ჯინსები და მაღალი მოდის ნაწილად აქცია.

კასტანიების (Castaner) ოჯახმა ესპადრილების (Espadrille) კერვა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დაიწყო, როდესაც რაფაელ კასტანიემ 1776 წელს პატარა საოჯახო არტელი შექმნა. ეს მჩატე, იოლად მოსახმარი, გრილი და, რაც მთავარია, იაფი ფეხსაცმელი ღარიბ მოსახლეობას შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შემდგომ სამხედრო უწყებამაც მიაქცია ყურადღება და კასტანიებმა ჯარისკაცებისთვის დაიწყეს ესპადრილების კერვა ხელისუფლება კომუნარებმა რომ იგდეს ხელთ, საწარმოს ნაციონალიზაცია მოახდინეს. მოგვიანებით ოჯახმა წართმეული ქონება დაიბრუნა და Castaner დღესაც საოჯახო ბიზნესად რჩება. ესპადრილების ოქროს ხანა 40-იანებში დაიწყო, როდესაც მსახიობი, მოდელი და 40-იანების სექს-სიმბოლო ლორენ ბექოლი ფილმ Key Largo-ში გამოჩნდა გრძელზონარებიანი ესპადრილებით. ბუმმა 15-ოდ წელი გასტანა, შემდეგ მოთხოვნამ ვარდნა იწყო და სწორედ ამ დროს, კომპანიისთვის ძელბედობის ჟამს, ამ ფეხსაცმლით ივ სენ ლორანი დაინტერესდა… Lauren Bacall espadrilles

  • სინდისი არ მომცემს უფლებას არ ვთქვა, რომ ლორენ ბექოლი მისი საფირმო სუსხიანი გამოხედვით ყველა დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქალია. ესპადრილებშიც და მათ გარეშეც. 🙂

JFK espadrillesGraceKelly espadrillesSalvador Dali espadrilles

ესპანელები, ფრანგები და კატალონიელები ესპადრილების გამოგონებას დღემდე ეცილებიან ერთმანეთს. თუმცა, პირველობა, მაინც, ბასკებს ეკუთვნით. ჯუტის ძირი, ტილოს ან ბამბის ზედა – სულ ესაა. ამაზე უბრალო ფეხსაცმელი არ არსებობს – ყველაფერი გენიალური ხომ ძალიან მარტივია. შეიძლება, ზონარით იკვრებოდეს. შესაძლოა, ძირი რეზინისაც იყოს (თუმცა ეს უკვე მე-20 საუკუნის ერესია). 🙂 იდეალურია შორტებთან, ტილოს შარვალთან. ფრანგულენოვან კანადაში ესპადრილებით მოჯოგინგე (დილაობით მორბენალ) ხალხსაც გადაეყრებით. იცვამენ შიშველ ფეხზე, უფრო იშვიათად – ყელგადაჭრილ (უყელო, მოკლეყელიან) წინდებზე. სწორედ ასე იქცეოდა JFK, მას კი ჩაცმის სტილი და გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნებოდა. თუმცა, სალვადორ დალი ესპადრილებს წინდებზე ამოიცვამდა ხოლმე. მას კი ეპატაჟსა და თავის მოგიჟიანებას ვერ დაასწრებდი.

***

ბარემ, სიტყვამ მოიტანა და, ხშირად ამბობენ, ვისი რა საქმეა ასე ჩავიცვამ თუ ისეო. მოდა დიქტატურაა და მეტი არაფერიო… დრეს-კოდში არაერთი პოსტი მომიგროვდა ამ “დიქტატორზე”. არვინ დაგვამტვრევს ფეხებს, თუკი ესპადრილებს წინდებზე ჩავიცვამთ. თუ ფეხსაცმლისა და ქამრის ფერს ერთმანეთს არ შევუხამებთ. თუ ორბორტიან პიჯაკზე წვრილ ჰალსტუხს გავიკეთებთ და პერანგის საყელოს კი ფარფლებივით გადმოვფენთ სვიტერის ყელიდან გარეთ… არც იმაზე დაგვამტვრევს ვინმე ხელებს, თუ დანას მარცხენა ხელით მოვიმარჯვებთ და ჩანგალს – მარჯვენით. სუფრიდან არვინ აგვაგდებს, ვისკის თუ ლუდის კათხით დალევთ და კონიაკს კი შამპანურის ბოკალით. თუ ქალს გზას არ დავუთმობთ და რესტორანში პირველი შევიჭრებით, არვინ გამოგვაგდებს პანღურით… ეს ყველა წესიც ვიღაცის მოგონილია და, ეგებ, ძალადობაც იყოს თავისუფალ ნებაზე. 🙂 მაგრამ ჩაცმის კულტურაც თავის წესებიანა კულტურაა და ცივილიზაციის ნაწილი. ესაა და ეს. სხვათა შორის, მცოდნე კაცის მოფიქრებული წესი, ზოგჯერ, სასარგებლოა – ჰილარი ქლინთონი ოსკარ დე ლა რენტას “დიქტატურას” რომ არ დამორჩილებოდა და არ დაეთმო შავი ფერის ტანსაცმლის მოჭარბებული სიყვარული, ნიუიორქელები სენატორად არ აირჩევდნენ. 🙂

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

20 thoughts on “ესპადრილები კასტანიეთა მხარედან”

  1. აუ რა გემრიელი რამე იყო.
    ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სულ რომ მქონოდა ესპადრელები :))) აი ბუმი რომ იყო და აბსოლუტურად ყველას რომ ეცვა, დედაჩემს ხან ვეხვეწებოდი, ხან ვფხანკალებდი ხან ვღრიალებდი, მაგრამ ვერაფრით ვაყიდინე, ერთი დღეს უნდა დავურეკო და ვკითხო რატომ არ მყიდულობდა რა. მერე ბიძაჩემმმა ჩამომიტანა ბრაზილიიდან. იმ დღეს რა დამავიწყდებს?! თეთი იყო წითელი ყვავილებით, კინაღამ გავგიჟდი, დაახლოებით ერთი თვე იმასთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი. ახლა დიდად არ მიყვარს, ალბათ იმიტომ რომ არ მიხდება. ძალიან ლამაზი, თხელი და მაღალი ფეხი უნდა ჰქონდეს ქალს რომ ესპადრელები და მოკლე შორტები მოუხდეს, პრეტენზიულია, თავისუფალი სტილის ფეხსაცმელია. ტილოს შარვალს უხდება ძალიან. ანუ შენთვისაა ზედგამოჭრილი 🙂

    Like

    1. ახლა კიდევ ეგა ))
      თვითკრიტიკის განსაცვიფრებელ დონეებს ავლენ იმჰო.
      მარა მივხვდი. შენ არ გაქვს დიდი სარკე სადაც ჩაიხედავ და თავიდან ბოლომდე გამოჩნდები 🙂

      Like

  2. არანაირად წინდები! კაცი შორტებში და წინდებში ძალიან სულელურად გამოიყურება!

    Like

  3. როგორ არა, მაქვს სახლის შემოსასვლელში დიდი 🙂
    ისე, ურიგო არ იქნებოდა რომ ივის არ იყოს, დიზაინერებმა ცოტა სახე შეუცვალონ ესპადრელებს, მაგალითად, დაუფიქსირონ ცხვირი და ქუსლის ნაწილი, და უფრო გაულამაზონ. ახლა ხომ ძალიან მოდაშია მეტალირებული ცხვირები, ჩემი აზრით საინტერესო იქნება მაგ სტილში რომ გადაწყვიტონ, ფლეტი-ესპადრილი რომ გამოვიდეს რა. ან რა ვიცი, რაღაცა სიახლე შემატონ, რატომ არავინ ფიქრობს, არადა როგორი მოხერხებული ფეხსაცმელია.

    Like

  4. მეც თაკოს მხარეს ვდგავარ ამ წუთას და ვაღიარებ რომ ძალიან მიყვარს, ძალიან ძალიან, მაგრამ მეც ვთვლი რომ არ მიხდება და თინეიჯერობის მერე არც მქონია 🙂

    Like

    1. მე არგუმენტაციის ნაწილში არ დავეთანხმე. თორემ ახლა ქუსლები რომ უფრო უხდება ქალს უქუსლოზე, ეგ სხვა ამბავია 🙂

      Like

    1. დე ლა რენტამ დიდი წვლილი შეიტანა ჰილარის იმიჯოს შეცვლაში. 🙂 ადრე პოსტიც მქონდა მასზე. ჯერ კიდევ ბილის საპრეზიდენტი საარჩევნო კამპანიიდან დაწყებული და დღემდე რჩება ჰილარის დიზაინერად.

      Like

  5. ჩემი საყვარელი საჯლაყუნო ფეხსაცმელი ❤ ისე ქუსლიანი ესპადრელიც მშვენიერია და რაო ბასკებისო? ეგ ნამდვილად არ ვიცოდი.

    Like

  6. თინეიჯერობის მერე არ მქონია, თუმცა მომწონს და წელს ვაპირებ ყიდვას – დასვენების დღეებში საწანწალოდ კაი რამეა

    Like

  7. რამდენ ხანს მქონდა თმა შუაზე გადაყოფილი…
    როგორ მოგვწონდა ძველებური ეს “კადრილები”,
    თავს მაბეზრებდა ჭრელი კაბის კოჭთან ფოფინი
    და ჩალის ძირზე თეთრი ტილოს ესპადრილები.
    და ახლა როცა, ნაოცნებარს, ვატარებ კარეს,
    მაღალ ქუსლებს და მოკლე სამოსს ვუსინჯავ მარკებს,
    შევყურებ სარკეს…და შევნატრი იმ ჩითის კაბებს…
    (როგორც ეს,ერთხელ, დაემართა დოროთი პარკერს).

    @თამარ ჯაფარიძე

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: