ჩაჯიბული დეტექტივები

Karel Capekაბეზარა სიტყვები ხომ არის – ტკიპასავით მოგეკვრებიან და ვერ იშორებ. აბეზარა ადამიანებიც არიან – აგეკიდებიან და – მტრისას, მაგრამ აბეზარა ფილმებიც არის, რამდენჯერაც არ უნდა ნახო, რომ არ გბეზრდება და აბეზარა წიგნებიც არის – რამდენჯერაც წაიკითხავ, ყოველთვის სიამოვნებით აგემოვნებ. ეგ ხომ უკვე წაკითხული გაქვს, ახალი წაიკითხე რამეო, – იტყვის ვინმე, მაგრამ განა ერთსა და იმავე სიმღერას რამდენჯერ ვატრიალებთ – ასეა წიგნიც. და მეორე წაკითხვაზე – როცა შინაარსი უკვე იცი და აბა, რით დამთავრდებაო, ინტერესი არ გკლავს, ახალ-ახალ რამეებს აღმოაჩენ ხოლმე და სულ სხვაგვარად გეგემრიელება. მესამედ რომ წაიკითხავ – კიდევ მეტად. და, რა ვიცი, რამდენჯერ კიდევ, სანამ არ მოგბეზრდება. კარელ ჩაპეკის (Karel Čapek) “ჯიბეებში ჩაკუჭული” მოთხრობები პირადად მე არა და არ მბეზრდება, აგერ, რამდენჯერა მაქვს წაკითხული. ახლა უკვე ქინდლშიც.

მართალია ბევრისთვის ჩაპეკი, პირველ ყოვლისა, ანტიუტოპიის, “სალამანდრებთან ომის” ავტორია, სხვები ფანტასტიკურ ლიტერატურაში შეტანილ წვლილს უფასებენ  – ხუმრობა საქმე ხომ არაა, ჩაპეკის ნაწარმოებში გამოჩნდა პირველად სიტყვა რობოტი (თავად მწერალი ამბობდა, ამ სიტყვის ავტორობას მე ნუ მომაწერთ, ჩემმა ძმამ, იოზეფმა მოიგონაო… ეს რომ არ ექნათ ძმებს, არც აზიმოვის “რობოტები და იმპერია” გვექნებოდა), ჩეხი ბავშვებისთვის ის კეთილი მეზღაპრეა, ზოგი კი გამორჩეულად მის “ისტორიულ” ანეკდოტებზე ხალისობს, სადაც მწერალი გენიოსი კოლეგების შემოქმედებას ეთამაშება (რომეო და Karel-Capekჯულიეტას ამბავი იქნება თუ პრომეთეს მითი), მაგრამ ჩემი გემოვნებით არაფერი სჯობს “მოთხრობებს ერთი ჯიბიდან” და “მოთხრობებს მეორე ჯიბიდან”. ჩაპეკის “ჩაჯიბული” მოთხრობები ფორმით დეტექტივებია. უფრო ზუსტად – დეტექტუკები. პატარ-პატარა ამბები, რომელთაც დეტექტური ფაბულა აქვთ, მაგრამ დედუქციური მეთოდისა და ნაცრისფერი ნივთიერების მუშაობაზე მეტად იქ არაჩვეულებრივი ხალასი იუმორი, მოულოდნელი, ო.ჰენრისეული ფინალი და სამყაროს პარადოქსალური ხედვა მიყვარს. პრაღის პოლიციის ინსპექტორი მეიზლიკი ხან ჰოლმსივით გამჭრიახია, ხანაც ლესთრეიდივით “ჭედავს”… ვკითხულობ უკვე მრავალჯერ წაკითხულს და თავს ვერ ვიკავებ – მეღიმება. ჩაპეკსაც ეს უნდოდა. მგონია, რომ სწორედ ამ მოთხრობებში ჩანს ჭეშმარიტი ჩაპეკი – წერს იმაზე, რაც ძლიერ უყვარს, კატებზე და კაქტუსებზე, აღმოსავლურ ხალიჩებზე და ძაღლებზე…  სამწუხაროდ, ტრაგიკულმა ბედმა და მძიმე დრომ ნება არ მისცა, სულ ასეთი ხალისიანი ყოფილიყო.

ჩაპეკი მომსწრე გახდა იმ უბედურებისა, მის სამშობლოს რომ დაატყდა თავს, როდესაც მოკავშირეებმა ჩეხოსლოვაკიას ზურგი აქციეს და ჰიტლერს გაურიგდნენ – მაშინ იყო სწორედ, ბრიტანეთის პრემიერმა ნეივილ ჩემბერლენმა რომ ბრძანა, “ეს (ჩეხოსლოვაკია) პატარა ქვეყანაა, რომლის შესახებ არაფერი გამიგიაო” – მიუნხენის სამარცხვინო გარიგებაზე ისე მოაწერა ხელი და ისე ჩამოათალა ჩეხეთს სუდეთის ოლქი, ვითომც ბაბუამისის დანატოვარი ყოფილიყოს. ჩემბერლენს მაშინ მთელი ევროპა ტაშს უკრავდა, როგორც “მშვიდობისმყოფელს”, აქაოდა, დიდი ომი ავიცილეთო. კარელ ჩაპეკისა და სხვა ჩეხების საპროტესტო ხმა ამ აპლოდისმენტებში ჩაიკარგა.

”ვიცი, რომ კარგი არაფერი მელის, მაგრამ, არც თქვენ გელით. ეს იცოდეთ. მე ამის ნახვა არ მსურს. ყველაფერი ყელში ამომივიდა… მოდით, სხვა რამეზე ვისაუბროთ,” – ასე უთხრა კარელ ჩაპეკმა ინგლისის დაზვერვის რეზიდენტს, ესქვაერს 1938 წლის ნოემბერში. ჩანს, არც ინგლისელს ჰქონია დიდი ილუზიები – მან მწერალს ლონდონში გახიზნვა და გაზეთ ”თაიმსთან” თანამშრომლობა შესთავაზა, მაგრამ ჩეპეკმა უარი განაცხადა. 4 თვის შემდეგ პრაღა მესამე რაიხის ჯარებმა დაიკავეს, მაგრამ კარელ ჩაპეკი ამას არ მოსწრებია, 1938 წლის 25 დეკემბერს, შობის საღამო ჟამს გარდაიცვალა. მისი ადრეული მოთხრობების თანაავტორი და თითქმის ყველა წიგნის დამსურათებელი, ძმა იოზეფი საკონცენტრაციო ბანაკში Karel and Josef Capek with their dogsდაიღუპა. ჩაპეკის ქვრივმა მწერლის ხელნაწერები საგულდაგულოდ შეფუთა, ერთად შეკრა, პრაღის მახლობლად მინდორში დაფლა და ამ გზით გადაარჩინა განადგურებას. თუმცა, ომის დასრულებიდან კარგა 20 წლის განმავლობაში ჩაპეკის ნაწარმოებები აკრძალული იყო – ჩეხოსლოვაკიაში გერმანული ოკუპაცია საბჭოთამ შეცვალა და ჩეხოსლოვაკიის ყოფილი პრეზიდენტის, ანტიკომუნისტ ტომაშ მასარიკის მეგობარი და თავადაც ანტიკომუნისტი ჩაპეკი ბოლშევიკებს დიდად არ ეხატებოდათ გულზე და სალამანდრებშიც მშვენივრად დაინახეს საკუთარი თავი. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

 

ზუსტად ასეთი წიგნი მაქვს. პრაღაშია გამოცემული 1981 წელს და სუსურუკუში 1 მანეთი და 60 კაპიკი ღირდა (თუკი თავის ფასში იშოვნიდი). 🙂 გაფორმებაზეც ეტყობა, რა კარგი და გემრიელი რამე-რუმეებია ჯიბეებში ჩალაგებული.

***
მიუნხენის გარიგება
ეს კიდევ ჩემს მიერ საგანგებოდ პრაღის ბლოგისთვის დაწერილი პოსტია ჩაპეკის ცხოვრებაზე.

***

Рассказы из одного кармана
Рассказы из другого кармана

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

24 thoughts on “ჩაჯიბული დეტექტივები”

  1. მეც მაქვს ამოჩემებული ფილმები და წიგნები. რაკი დეტექტივებზე ვლაპარაკობთ, პირველი, რაც მახსენდება, “ათი პატარა ზანგია”. ქინდლშიც მიდევს, თაროზეც და რუსულ ფილმსაც თვეში ერთხელ მაინც ვუყურებ.

    ჩაპეკის ტომეულები მქონდა შინ. ყველა არა, რამდენიმე აკლდა, მაგრამ ამ ჯიბის დეტექტივების ტომი იყო და მანდ წავიკითხე. “რეკორდის” ლიტერატურული პირველწყარო მახსოვს და ის, პოეტი მოწმე მანქანის ნომერს ასოციაციებით რომ იხსენებს.

    რობოტისთვის ცალკე მადლობა, ცხადია 🙂

    ამ ოხერ ვორდპრესულ ლაიქს სამსახურიდან ვერსად ვტოვებ. საღამოს შინიდან შემოვივლი.

    Like

  2. გადავხედე ლინკებს და სულ რამდენიმე მოთხრობა მეცნო 😦
    უნდა გადავიკითხო თავიდან. ახლა ზუსტად არ მაწყენდა რამე ხალისიანის წაკითხვა.

    Like

    1. სულ ბოლოშია ლინკები… მარა როგორც დეტექტივს ნუ დაიწყებ კითხვას 🙂 უფრო სატირულ-იუმორისტული მოთხრობისთვის განეწყე. 🙂

      Like

    2. აი, ქართული ფილმი როა რეკორდი ჯოტია და რამე ეგ ჩაპეკის მოთხრობაა.
      ფორმალურად დეტექტივია და გამოძიებაა, მაგ სტილში აქვს ყველა.

      Like

  3. ვაა რეკორდი?! :)) მეთქი, ისე თქვი, უბრალოდ რომ მივმხვდარიყავი და თურმე… ახლა გადავხედე მაგას, ექიმ მეიზლიკს და ადამიანს, რომელიც არავის მოწონდა. რომ გითხრა დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩი, იუმორი კი არის მაგრამ, ეტყობა მართლა ძაან დეტექტივისთვის განვეწყე, როგორი შთაბეჭდილება დამრჩა იცი, რომ ძალიან ცოტაა 🙂 აი რომეო და ჯულიეტა მართლა მომეწონა.

    Like

    1. ექიმი არაა. დოქტორია, კრიმინალისტი 🙂
      ექიმია კუჭი რომ აგეშლება და სმექტას გამოგიწერს.

      ხდება ხოლმე. გემოვნება ეგეთი შტუკაა, ვერაფერს გაუგებ. ხან დაემთხვევა, ხან – არა.

      Like

  4. 🙂 შენ არაფერს, ძვირფასო ლორდ, ჩემზე ვთქვი, მეიზლიკი თავიდან წავიკითხე სანამ დიალოგია და მერე შევეშვი არ დამაინტერესა, იქ კიდევ სულ არ ეწერა თუ მე არ მივაქციე ყურადღება ექიმი იყო თუ კრიმინალისტი, ჰოდა არმოწონებულთა სიაში ეგეც მოვახვედრე, მაგაზე დაწერე.
    ეს რა საყვარელი მუსიკალური გადახვევაა 🙂
    ისე, შენი გაგებით მე ექიმი გამოვდივარ, გადასარევი წამლები ვიცი მაგ მიზნით, ზემოთ რომ გიწერია.

    Like

    1. კუჭის დისკომფორტები მეგრელების და გურულების სენია 🙂 სამზარეულოს თავისებურებებიდან გამომდინარე.
      ჰოდა, მკურნალობაც უნდა იცოდე. 🙂

      ნუ იქ არის “პოეტი” მაგალითად ან “კუპონი” რომელიც უფრო დეტექტივია, ზოგი ნაკლებად დეტექტივია. 🙂
      ეგ კი არა ზღაპრებიც დეტექტივები აქვს – სხვა ციკლიდან ოღონდ. მაგალიტად უფლისწულს კატას მოპარავს ბოროტი ჯადოქარი და იმას ეძებენ. 🙂

      Like

  5. პირველ აბზაცს ვიზიარებ სრულიად,ამავტორს არ ვიცნობ ისე და ლინკებს გადავხედავ. ქინდლი ახსენე და ქინდლფაიარ მინდა რომ ვიყიდო პლანშეტის და რიდერის ვარიანტია ერთობლივი, ხო? აქეთ მომასწავლეს კითხე კარგად აგიხსნისო^-^

    Like

    1. მოკლე პასუხი ისაა, რომ ტაბლეტია (პლანშეტი) მაგრამ რიდერი არაა.
      ვრცლად კი
      ზემოთ სტატუსბარი როა სარჩევი – ქინდლში შედი და რავი დეტალურად მაქვს ფაია მიმოხილული და რიდერებსაც შედარებული.
      გავაფერადოთ თუ არა ქინდლი? აი ეს პოსტი ნახე თუნდაც.

      თავისთავად არაჩვეულებრივი რამეა ფაია. ახლა მაგითი ვწერ აგერ. 🙂

      Like

    2. ჰო, დამავიწყდა – ფაია განსხვავებით რიდერისგან ლიტ.ჯისთანაა თავსებადი და იქაურ წიგნებსაც გადმოქაჩავ, ბურჭულაძის ჩათვლით.

      Like

      1. ოოო ყველაზე დიდი პლიუსი. გადავიკითხავ შენ პოსტებს. მგონი არ მომიწევს არჩევანის შეცვლა.

        Like

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: takogvazava კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: