მყრალი პოსტი

ეძღვნება “უან მენ შოუ”-ს უსახელოდ შეწირულ თაობებს.

პოსტს გრძელი და უაზრო შესავალი აქვს, გირჩევთ, გადაახვიოთ და კითხვა პირდაპირ არმანიდან დაიწყოთ.

ამბობენ, იმ შავ და უხსენებელ დროს, საბჭოთა რომ ერქვა, თბილისი იყო ქალაქი, სადაც მთელს სუსურუკუში ყველაზე მოხდენილად ეცვათ. თბილისი იყო ქალაქი, სადაც “ვოგი” და “ელი” თუარა, რომელიმე პოლონური მოდის ჟურნალის უახლესი ნომერი ყველა ოჯახში ინახებოდა. თბილისი იყო ქალაქი, სადაც საუკეთესო თერძები (მაშინ სიტყვა კუტურიე რა იყო არვინ იცოდა და მათ, უბრალოდ, მკერავებსა და “პარტნიხებს” უძახდნენ) ებრძოდნენ კიროვის სახელობისა და ლენინის ორდენოსანი ტრიკოტაჟის ფაბრიკის სიმახინჯეებს. თბილისი იყო ქალაქი, სადაც “კრასნაია მასკვას” ტუალეტის ჩასარეცხადაც არ ხმარობდნენ და ჯექი ქენედი რომ იპკურებდა საღამოს რაღაც სუნამოს, იმის სახელი ნახევარმა თბილისმა იცოდა უკვე დილით. და ზოგს უკვე ტრილიაჟზეც ჰქოდა ამაყად შემოდებული.

მერმე თერძები უსაქმოდ დარჩნენ და ჯექი ქენედის სუნამოების ამბავიც ყველას გადაავიწყდა. დადგა დრო, როდესაც თბილისში მამაკაცებმა დაისხეს “უან მენ შოუ” და “უან მენ ონლი”, ქალებმა კი “პუაზონი”, რომელიც პუასონივით ყარდა და დიორი კი ეწერა, მარა იმდენივე კავშირი ჰქონდა დიორთან, რამდენიც იმ “უან მენ”-ს შოუსთან. იმ დროს ერთმა მწერალმა კაცმა, მახსოვს, ისიც კი თქვა, დღეს ვაკეში თუ ფრანგული სუნამოს სუნია შემორჩენილი, აქ, რუსთაველზე  ნამდვილი ქართული ნეხვის სუნი დგას და ამაყი ვარ ამითო.

მაშინ იყო Giorgio Armani-ს Acqua di GIO რომ გამოჩნდა უეცრად. არაჩვეულებრივად გრილი და ფრეშ არომატით, როგორც ზღვიდან მობერილი ქარი. არამხოლოდ “უანმენების” და ნეხვის ფონზე, არამედ – ზოგადადაც. გლობალურად. ძალიან კარგი პარფიუმი.Acqua di Gio Giorgio Armani

შემდეგ იყო 212. Carolina Herrera-ს პარფიუმი მამაკაცებისთვის. იყო და არის. დღევანდელი 212-იც არ დაიწუნება, თუმცა, ის პირველი ვერსია სრულიად გამორჩეული იყო.  ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პარფიუმი მამაკაცებისთვის. ყველა დროისა და ეპოქის TOP. მინიმალისტურ და ელეგანტურ ბოთლში. 212-ის გამოჩენა თბილისში იყო მეხის გავარდნასავით. მართლაც სრულიად განსაკუთრებული არომატი ჰქონდა.

212 Carolina Herrera

Baldessarini-ს Ambré პირველად ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა მაჩუქა. Baldessarini-ს მიზნობრივი ბაზარი სპორტული, ენერგიული, მაგრამ მაინც საშუალო ასაკის მამაკაცები იყვნენ. იმაზე მეტი ასაკის მამაკაცები, მაშინ რომ ვიყავი და იმ ასაკის, ახლა რომ ვარ. 🙂 თუმცა, სამწუხაროდ, იმაზე უფრო სპორტული და ენერგიული მამაკაცები, ვინემ მე ვარ ახლა. 😦 მოკლედ, ასეა თუ ისე, ეს პარფიუმი საჩუქრებში აღმოჩნდა და წამითაც არ მინანია (თუ, შემთხვევით, კითხულობ ამ პოსტს, მადლობა კიდევ ერთხელ :)). იმდენად მომეწონა, რომ გამოვცალე, ხელმეორედ ვიყიდე. და შემდეგ – მესამედაც. უიშვიათესი შემთხვევაა ჩემთვის. რა იყო Ambré-ში ასეთი გამორჩეული? ძალიან თბილი, კომფორტული, არაგამაღიზიანებელი woody არომატი და სამჯერ გაშლის უნარი. პარფიუმს ხომ სამი არომატი აქვს – ზედა, რომელიც იმწუთასვე იგრძნობა და ყველაზე მძაფრია,  ძირითადი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ იხსნება და ყველაზე მდგრადია და ქვედა, რომელიც სულ ბოლოს მოდის და ყველაზე სუსტია. ამასთან, ხშირად ერთი იხსნება ისე, რომ მეორე ჯერ არ გამქრალა და პარფიუმი, რბილად რომ ვთქვათ, სახეს კარგავს. ჰოდა, Ambré-ს ასე არ ემართება – მისი სამივე არომატი იშლება, როცა საჭიროა და არაჩვეულებრივად ესადაგება ერთმანეთს. თან, ვისკის ფერია. 🙂 Baldessarini Ambre

კიდევ რამდენიმეს ამოქექვა შემეძლო არქივებიდან, მაგრამ, სჯობს, 2011-12 წლებზე გადავალ. ახალ პარფიუმს იოლად მიაგნებთ და დაყნოსავთ. დავატოლოთ გემოვნება. 🙂

Guilty Intense Gucci-ს პარფიუმია, რომელიც, ამბრეს მსგავსად, რამდენჯერმე იცვლის არომატს, თან – საკმაოდ რადიკალურადაც. ჯერ ძალიან ძალიან ფრეში და ციტრუსია, შემდეგ რბილდება და ისეთი ინტენსიურიც აღარაა, როგორც სახელწოდებაშია, ბოლოს კი აღმოსავლურ ნოტებში გადადის, და, რაღაცით, ამბრე-ს ტონებს ემსგავსება. ალბათ, ამიტომაც მომეწონა. კიდევ იმიტომ მომეწონა, რომ Gucci Envi გამახსენდა. კიდევ ერთი ძველი, მაგრამ ძალიან კარგი პარფიუმი.

Gucci Guilty Intense

დაბოლოს Essence de Bois პარფიუმი Cartier-სგან. ესეც მაჩუქეს. ცოტა უცნაური არომატია. თითქოს, ციტრუსიც იგრძნობა და კიდევ რაღაც გაზაფხულის ნოტები, მე კი woody არომატები უფრო მომწონს. მეუცხოვა. მაგრამ ძალიან კარგად დაჯდა და თან გარშემომყოფთა რეაქციამ დამიდასტურა, რომ კარგი არომატი აქვს. ამიტომ, როცა მამაკაცი ქალს ჩუქნის პარფიუმს ან როცა ქალი ჩუქნის პარფიუმს მამაკაცს – რომც არ მოეწონოს არომატი, ვისაც აჩუქებენ, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, საპირისპირო სქესს მოსწონს და შეარჩია. ბოლო-ბოლო შენთვის ხომ არ ისხამ, არამედ – სხვათა ასაყროლებლად. 🙂 Essence de Bois, ფორმალურად, უნისექს პარფიუმია, თუმცა, მგონი, უფრო მამაკაცურია, ვიდრე ქალის. ქალისთვის მეტისმეტად არაპრეტენზიულია. თუ – ნაკლებპრეტენზიული. Essence de Bois Cartier

  • და “კონკურსგარეშე” დავამატებ, რომ 2011-2012 წელს არაჩვეულებრივი ფერადი სერია გამოუშვა Lacoste-მა, საიდანაც ლურჯი, თეთრი და წითელი ძალიან კარგია, მაგრამ აქ არ იყიდება (სტამბოლის დუთიფრიში დავყნოსე და შემდეგ თეთრი გამოვიწერე. :))

***

212-ის მსგავსად მოწმენდილ ცაზე მეხივით იყო Laura Biagotti-ს Roma. ძალიან ძველი პარფიუმია და ახლა მის არმომატს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომ მომეწონა. ისიც არის, რომ ძალიან ლამაზი გოგო ისხამდა ხოლმე. 🙂 Roma Laura Biagiotti

Jean-Paul Gaultier-ის Fragile არომატი არომატად და იმდენად ლამაზ, უჩვეულო და ყველასაგან გამორჩეულ ფლაკონში იყო, რომ შეუძლებელია არ მოწონებოდა, ვისაც აჩუქებდით. სულ რომ ჟან-პოლის შარდი ჩაესხათ შიგ, სხვა თუ არაფერი – სუვენირად მაინც დარჩებოდა. 🙂

Fragile Jean Paul Gaultier

Gucci-ს Flora, არაჩვეულებრივად ფრეში, ყვავილოვან-ციტრუსოვანი სუნამოა. ძალიან ქალური, რომანტიკული, ცოტა – პრანჭია. მისი არომატი მამაკაცებს არ აფრთხობს, ნელ-ნელა ათრობს და გონებას უბინდებს.  ასე რომ, ეკზოტიკისა და აგრესიული სუნამოების მოყვარულ ქალებს ნუ აჩუქებთ, ალბათ, არ მოეწონებათ. არც ღირსები არიან. 🙂 ვერც სტერვები დაგიფასებენ ასეთ საჩუქარს.

Flora by Gucci

Bvlgari-ს სუნამო Omnia Crystalline ამ ბრენდისთვის უკვე ტრადიციული, მაგრამ კვლავ მოხდენილი დიზაინის ფლაკონში გამოვიდა. შესანიშნავი მიქსია woody და ყვავილოვანი ნოტების… ტუჩპრუწია თინეიჯერი გოგოშკებისთვის კი არა, ლამაზი, ელეგანტური და საკუთარი თავის ფასი რომ იციან ეგეთი ქალბატონებისთვისაა.

Omnia Crystalline Bvlgari for women

Guerlain-ის ახალი სუნამო La Petite Robe Noire პოპულარული სერიის გაგრძელებაა. ძალიან არომატულია. ალუბლის ნოტებით გაჯერებული. ცოტა უჩვეულოა, მაგრამ – სასიამოვნო. ტრადიციების მოყვარული ქალები, ალბათ, ცხვირს აიბზუებენ, მაგრამ ექსპერიმენტების მოყვარულთათვის კარგი საჩუქარია. ძალიან დიდხანს რჩება. თანდათანობით რბილდება და, თითქოს, უფრო მდიდარ და ფართო გამის არომატსაც კი იძენს, ვიდრე თავიდან აქვს. თუმცა ალუბალი მასში ბოლომდე ყვავილობს.

La Petite Robe Noire Guerlain

  • კვლავ “კონკურსგარეშე” DKNY-ს Be Delicious სერია მშვენიერი პარფიუმია ყოველდღე სახმარად. მწვანე ვაშლი – ფრეში, წითელი ვაშლი – უფრო ინტენსიური არომატით, ღამის ვაშლი – საღამოს პაემნისთვის და ახლა უკვე ქალაქების სერიაც დაემატა, რომელიც აქ ვერ ვნახე, ისე კი Rio-ა მათგან ყველაზე კარგი.

დაბოლოს, არომატთა რუკა, ეგებ, გამოგადგეთ. 🙂 ადრე ფერთა შეხამების რუკა რომ დავდე, იმის მსგავსია.

Aroma-map

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე: მამაკაცის სუნამო (თაა-ს გესთ-პოსტი)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

46 thoughts on “მყრალი პოსტი”

  1. ბულგარი მომწონს აქედან ყველაზე ძალიან. საერთოდ ყველა სუნამო ძალიან კარგი აქვს ბულგარის. მდიდრული არომატი აქვთ.

    ცუდია რომ ინტერნეტს არომატის გადმოცემა არ შეუძლია::)

    Like

  2. გერლენის წინა ვერსია ჯობდა. ეს ძალიან ტკბილია. ან მე აღარ ვარ მაგ ასაკში 😦 პატარა გოგოებისთვის უფროა ეგ ალუბალი.

    Like

    1. ასაკი მაინც პირობითია. ისევე როგორც ზამთარ-ზაფხულის სუნამოებიც პირობითია. იმჰო.
      ყოველთვისაა რისკის და ექსპერიმენტების დრო. 🙂

      Like

      1. კაია, მაგრამ სურნელოვანი სანთლები არ მიყვარს, სუნამოს სუნიც ახლოს, ადამიანისგან და არა მთელ ოთახში 🙂

        Like

      2. ბებიაჩემი ცხონებული აგრაფინა ასე ამბობდა – ქალი სანამ ოთახში შემოვა ჯერ სუნამოს სურნელი უნდა უძღოდეს წინ რომ კაცი ფეხზე წამოხტეს და შეეგებოსო.
        აპა!

        Like

  3. Baldessarini-ს მიზნობრივი ბაზარი სპორტული, ენერგიული, მაგრამ მაინც საშუალო ასაკის მამაკაცები იყვნენ.

    არასოდეს მქონია ამ სუნამოს შეგრძნების ბედნიერება, არც კი ვიცოდი მისი არსებობის შესახებ

    ეგ თბილისური მყრალი პერიოდი მახსოვს, მაგრამ არც ისე შემაწუხევლად, რადგან მაგ პერიოდში როგორღაც განსხვავებულ სამეგობროში აღმოვჩნდი და დღემდე ასე ვტრიალებ, ადამიანებთან რომლებიც ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ბევრ მოგზაურობდნენ და ვმოგზაურობდით და შესაბამისად ჩვენთვის სუნამოების ყიდვის წყარო არ იყო თბილისის ბაზრობები და სხვადასხვა “შოპები”

    რაც შეეხება ამ წუთას ჩემს საყვარელ მამაკაცის სუნამოს ეს არის Dsquared -ის wood – რომელსაც ამ წუთას იყენებს დიმა და უზომოდ მიყვარს ეს სურნელი

    და ასევე Comme de Garcons–ის უნისექსი სუნამო რომელსაც მეც და ჩემი მეუღლეს ერთნაირი წარმატებით დავისხამდით და ჩემზე ქალური იქნებოდა და მასზე საოცრად მამაკაცური.
    უზომოდ ვარ შეყვარებული ამ სუნამოზე და ჩემს თავს ყოველ წუთას ვლანძღაც რომ იმ პირველივე დღეს არ შევიძინე დუბაიში მათ პრომო სტენდთან, რადგან მერე ვეღარ ვნახე 🙂
    მაგრამ ამაზონზე არის და აუცილებლად გამოვიწერ

    Like

  4. კვლავ “კონკურსგარეშე” DKNY-ს Be Delicious სერია

    აი ეს სუნამო მკლავს მე და მაპირისპირებს მთელს მსოფლიოსთან, რადგან არ მეგულება არც ერთი ადამიანი ჩემს გარდა რომელსაც არ მოსწონდეს ეს სუნამო

    როგორც კი ჩამომივიდა და პირველად ვიპკურე, იმ წუთიდანვე მივხვდი რომ ვერასოდეს ვეღარ დავისხამდი ამ სუნამოს და ასე გრძელდება დღემდე

    რაც შეეხება Guerlain-ის ახალი სუნამო La Petite Robe Noire – მომწონს, რაღაცნაირია და სიამოვნებით გამოვიყენებდი

    Like

    1. ისე, შენ მოგიხდება ეგ გერლენი. 🙂 ეგეთი ტიპი ხარ ლაითი.
      აი ძაან ძალადსვეცკი და გრუზილა ქალები რომ არიან, იმათ არ დაევასებათ.

      DKNY მამაკაცის ვაშლები არაა ისეთი კაი და ქალის კარგია იმჰო. მე მაქვს წითელი ვაშლი – იციან რომ ზოგადად მიქვარს დონა და მაჩუქეს, არადა ძაან მძაფრი სუნი აქვს. მაგრამ მაინც ვისხმა ხოლმე ხანდახან 🙂

      ბალდესარინი ჰუგო ბოსის ნაწილია. ტანსაცმელიც ძალიან კარგი აქვს და ძალიან ძვირი. ოღონდ პრეტაპორტეა.
      ვერნერ ბალდესარინი ავსტირლი ბიზნესმენია, რომელიც წლების განმავლობაში იყო BOSS-ის CEO. როცა მივიდა, კომპანიაში კრიზისი იყო და ამან ძაან ბევრი რამ შეცვალა. მოკლედ მაგარი როჟაა რა.:)
      და iconic რეკლამები აქვს ხოლმე 🙂

      Like

    2. ჰო და ბალდესარინის სახე იყო კარლ შუმანი – რომელიც თურმე, ბარემნია ბავარიელი. 🙂 და სომელია და შნაფსების და ლუდების და ეგეთი ამბების ავტორიტეტი. მაგარი ტიპია.

      Like

  5. რა სურნელოვანი პოსტია. მეც მახსოვს აქუა დი ჯიო და 212 :))) ძაან პატარა კი ვიყავი, მაგრამ ეგენიც კაი ხანი იყო მოდაში, თუ სწორად მახსოვს… ისე გერლენი მაინც გერლენია, სამეფო ბრენდია და ყველანაირდ ამართლებს ამ წოდებას – პარფიუმშიც და კოსმეტიკაშიც. მამაკაცების სუნამოებში ვთვლი, რომ სიქეი ლიდერია, ძალიან მომწონს კიდევ გერლენის ახალი, აი მოხიტოს არომატით, რაღაცნაირია, სექსუალურ-ქარიზმატული. რაც შეეხება ქალებისთვის სუნამოებს, მიყვარს ბოსის სუნები ( “დიფ რედი” აღარც შემოაქთ საქართველოში იმდენად ძველია, მაგრამ მაინც ჩემი ვაფორიტია და საზღვარგარეთ მაინც ვშოულობ ხოლმე), დიორის ედიქდი, ჟივენშის სუნებიც ძაან კარგია, ზაფხულში ლაკოსტა ფანტასტიურია, მაგარ განწყობას მიქმნის, ამჟამად შეყვარებული ვარ რაბანის ლეიდი მილიონზე 🙂 სასწაული სურნელი აქვს, ძალიან სექსუალური და გემრიელი, თან ოპტიმისტურ განწყობას მიქნის რატომღაც. ჰო, კიდევ ერთი, მე პირადად არ ვცნობ ტუალეტის წყლებს, ჩემთვის მხოლოდ ოი დე პარფიუმი არსებობს.

    Like

    1. ck one ასევე იყო ძველი ჰითი… უბრალოდ, ყველა ვერ ჩამოვთვალე 🙂

      არ მეგონა ლაკოსტის პარფიუმი თუ უყვარდა კიდევ ვინმეს. 🙂 ძაან იშვიათად მინახავს აქ ვინმეს რომ ქონდეს. და არც იყიდება თბილისში. ეს ბოლო ფერადოვანი სერიამართლა ძაან მომეწონა. მაგრამ სტამბულოს დუთიფრიში სრულიადაც არადუთიფრი ფასი ედო 😦 და არ წამოვიყოლია. აგერ ამაზონზე ნახევარი ფასია იმის, რაც სტამბოლში ღირდა.

      Like

    1. კაია თუ დაიწყეს ისევ შემოტანა. ძაააან ადრე შემოჰქონდათ და მერე აღარ.
      ვაკის ლაკოსტსაც ჰქონდა პარფიუმი, მარა ახლა მაღაზიაც აღარაა 🙂

      მე მაინც ლუტეციაში ვყიდულობ ხოლმე ძირითადად. ბარათის ამბავში. თან ივროშეც მაგათია და გროვდება სწრაფად ქულები 🙂

      Like

  6. კარგი პოსტია.
    გეთანხმები, სუნამო რამდენჯერმე იცვლის არომატს როცა ვყიდულობთ ძირითადად ზედა ტონებით ვირჩევთ ხოლმე არადა რამდენიმე საათში შეიძლება სულ სხვა არომატზე დადგეს.
    თან ტესტერზე არომატი ნეიტრალურია ყოველთვის და კანზე სხვანაირია. ერთი და იგივე სუნამო სხვადასხვა კანზე სხვადასხვაგვარ ეფექტს გვაძლევს.

    Like

  7. პოსტის სათაურის დანახვისას სკაბრეზული ფრაზების წასაკითხად მოვემზადე 🙂
    ეგ (პირდაპირი გაგებითაც) ბნელი დრო მეც მახსოვს – “უან მენ ონლი”-ებითა და “პუაზონებით”, – სკოლაში ვსწავლობდი და სუნამოების არომატები დიდად არ მანაღვლებდა. პრინციპში, [სუფთა] ადამიანის ბუნებრივი სურნელი ახლაც მირჩევნია ნებისმიერ სუნამოს 🙂

    Like

    1. ბუნებრიობა კაია, მაგრამ ზოგჯერ ბუნებას უნდა შეეშველო ხოლმე 🙂

      ნახევარი საათის წინ პეკინზე ვიყავი და კუზანოვის ბანერებია გამოფენილი. 🙂

      Like

  8. “პრინციპში, [სუფთა] ადამიანის ბუნებრივი სურნელი ახლაც მირჩევნია ნებისმიერ სუნამოს”, ავტორ, როგორ მიკვირს!! :))) მე ვარ აბსოლუტურად საპირისპირო მხარეს. ვერ ვიტან ზოგადად სხეულის სუნს, თუნდაც უსუფთავესი და უღრმადჰიგიენურესი ადამიანის :)) ერთადერთი ძალიან სასიამოვნო გამონაკლისი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სექსუალური პარტნიორია. აქამდე რატომღაც მეგონა, რომ ყველა ასე იყო. თუ ადამიანის ტანის სუნმა მიგიზიდა, ესეიგი ის ადამიანი გინდა :)) მემგონი მე მარტო რასისტი კი არა ზოგადად ზიზღიანი ვარ და დავღუპულვარ მაშინ…. ნეტავ მარტო მე ვარ ასე?… არადა არ ვარ ზიზღიანი, არა. სუნამო არის ჩემთვის კულტურული სამყაროს ერთ-ერთი ნაწილი, ადამიანის ბუნებრივი სურნელი, როგორ გითხრათ, რაღაცა თავსმოხვეული ზე-ფამილარობასავით არის, მე ასე აღვიქვამ..

    Like

  9. სუნამოების ჩამოთვლა რომ დავიწყო ალბათ ვერ გავჩერდები. 🙂
    კარტიე არაჩვეულებრივია. ქალსაც უხდება და კაცსაც.

    Like

  10. ახლა წარმოვიდგინე – წაიკითხა ეს პოსტი ადამიანმა და შედის ისიპარიში და ბალდასარინის ამბრე ხომ არ გაქვთო.
    იქ კიდევ ვიღაც დგას ქანდარაზე და იქედან შეუძახებს: ომგ, ვინღა ისხამს ახლა ამბრესო 🙂

    Like

  11. Gucci-ს Flora-ს ვერ მოიხდენს ყველა ^_^
    მე მომწონს თუმცა მხოლოდ ერთ ადამიანს მოვარგე ჯერ, აი მისთვისაა შემქნილი

    პატარა შავი კაბა ^_^ კარგია

    და პოსტი ძალიან სურნელოვანია ❤

    Like

  12. ლამაზი ფლაკონის სერრიდან მარკ ჯაკობსის Dot დავასახელებ 🙂 ძაან საყვარელი ფლაკონი აქვს. კიდევ არის მიაუ ქეთი პერის – კატების მოყვარულთათვის. 🙂
    ისე ჯაკობს არომატიც კარგი აქვს და მანდაც კენკროვნები იგრძნობდა და ყვავილოვანია. გაზაფხულის სურნელია.
    გუჩის პრემიერი ძალიან დიდხანს რჩება მდიდრული არომატი აქვს.
    მამაკაცებისთვის კარგია Black XS პაკო რაბანის. სენ-ლორანის L’homme Libre აქვს ძალიან კარგი არომატი არ მინახავს მამაკაცი, რომ არ მოეწონოს. ვულევუში იყიდებოდა, მაგრამ 2011 წელს გამოვიდა და კიდევ თუ შემოაქვთ არ ვიცი.
    მერა დავამატებ კიდე თუ გამახსენდა 😉

    Like

  13. პუაზონი ყარს? :0 დედაჩემს კი მოსწონს და..
    უი, უი, დედაჩემს კიდე მოსწონს “პრინც მაჩაბელი”, ვერაფრით გამოვიწერეთ, ამ სუნამოზე სულ აკრძალვები აქვს გადამზიდავ კომპანიებს :უსერ:
    არც არვინ მყავს, რომ დავაბარო ჩამომიტანე თქო

    Like

  14. DKNY მამაკაცის ვაშლები არაა ისეთი კაი და ქალის კარგია. მე მაქვს წითელი ვაშლი – იციან რომ ზოგადად მიქვარს დონა და მაჩუქეს, არადა ძაან მძაფრი სუნი აქვს. მაგრამ მაინც ვისხმა ხოლმე ხანდახან

    დონას გარდა სხვაც ბევრი გაქვს მძაფრი ედტები. 🙂 უმრავლესი რასაც ისხამ ძაან მძაფრია 🙂

    Like

    1. მაგ დეზინფორმაციის დასაწერად შემოხვედი დილაუთენია? 🙂

      გამოცანა:
      ზოგი მძაფრია, ზოგი რბილია, ზოგი ტკბილია, ზოგი გრილია.
      რა არის?
      🙂

      Like

  15. Bvlgari ძალიან კარგი სუნამოები აქვს თითქმის ყოველთვის. ძალიან მიყვარს.
    შანელი აკლია სიას. მამაკაცის ალიურიც ძალიან კარგია და ქალისთვის ხომ შანელი ყოველთვის ნომერი პირველი იქნება. 🙂

    Like

  16. ფლორა მომეწონა, ვნახე. თავიდან ჩემთვის ცოტა ბევრ ციტრუსს აფრქვევს, მაგრამ მერე ძალიან სასიამოვნო ნოტებში გადადის…
    ბულგარიც კარგია, მაგრამ ფლორა – უფრო 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: