შავი ყუთის რაინდები

თამაშთა თეორია

ChGKამ ოთხი ათეული წლის წინ საბჭოთა ტელევიზიაზე მოსაწყენი და უღიმღამო რამ დედამიწის ზურგზე თუ არსებობდა, არ მგონია. ორი ცენტრალური არხი იყო სულ – ერთზე კირილოვი გამოდიოდა, მეორეზე კი – ბრეჟნევი. მონაცვლეობით. და ვინ იცის, ვის დანახვას უფრო მეტი გულფანცქლით ელოდნენ. მგონი მაინც – კირილოვის.

მერე კი გამოჩნდა კაცი, ვისაც ამ ორთავეზე მეტი ადამიანი უყურებდა… უფრო სწორად, კი არ უყურებდა – უსმენდა. გამოჩნდაო დავწერე, მაგრამ ის კაცი ეკრანზე არ ჩანდა. ხმა ისმოდა მხოლოდ. თავად კი სადღაც იმალებოდა ზურმუხტქალაქის ჯადოქარივით. მართლა ჯადოქარი იყო. ქვეყანაში, სადაც პრეფერანსის თამაშისთვის იჭერდნენ ხალხს, ცენტრალური ტელევიზიის პირველ საკავშირო არხზე კირილოვისა და ბრეჟნევის გამოსვლებს შორის კაზინო გამართა… მართალია, ამ კაზინოში ფულზე არ თამაშობდნენ, მაგრამ “რულეტკა” ტრიალებდა, პრიზებს იგებდნენ, იყო ბურჟუაზიული აზარტი და სრულიად არასაბჭოური სანახაობა. ეს გასაოცარი ადამიანი საბჭოთა მარშლის მოგვარე ვლადიმირ ვოროშილოვი იყო, მის მიერ მოგონილი თამაში კი მსოფლიოში პირველი ინტელექტუალური ტელესამორინე – “რა, სად, როდის”. ბზრიალა 1975 წლის 4 სექტემბერს დაატრიალეს პირველად და მას მერე არ გაჩერებულა. დღეს საქართველოშიც თამაშობენ, უფრო მეტი – უყურებს. წლების განმავლობაში ამ თამაშმა ერთგვარად კი იცვალა სახე, მაგრამ დიდწილად მაინც ისაა, რაც თავდაპირველად იყო.

1975 წელს, ბუნებრივია, ფსონები არ იყო, მაგრამ ვოროშლოვი ფიქრობდა, რომ თამაში აზარტული უნდა ყოფილიყო, ან რა კაზინოა ფსონის გარეშე – ამიტომ თავისი გაიტანა და პრიზები დააწესა – წიგნებს ათამაშებდნენ. გადაცემის მუსიკალურ თემად შეარჩია შტრაუსის “ასე ამბობდა ზარათუშტრა” და გერმანის არია “რა არის ჩვენი ცხოვრება? თამაში!” (“Что наша жизнь? Игра!”) ჩაიკოვსკის “პიკის ქალიდან”. 1977 წელს გამოჩნდა თამაშის უცვლელი სიმბოლო – ბუ (რომელიც, სინამდვილეში, ჭოტია. 🙂 არ ვიცი, ვერ იცნეს, თუ ბუ ვერ მოიხელთეს გადასაღებად). 1979 წელს მოთამაშეებს პირველად უწოდეს “ზნატოკები” (ჩვენებურად – მოაზროვნეები). 1981 წლიდან საუკეთესო “ზნატოკს” ბუს (რაინდის) ორდენით აჯილდოებენ. Bialko-821983 წელს პირველად შემოიტანეს დარბაზში შავი ყუთი. 1986 წლიდან მოყოლებული თამაში მხოლოდ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

სუსურუკუში მოაზროვნეები ნამდვილ სუპერვარსკვლავებად იქცნენ – მსახიობებსა თუ მომღერლებზე ნაკლები პოპულარობით არ სარგებლობდნენ. მათ ყველა ცნობდა – ტაქსისტებიდან დაწყებული და ცეკას მდივნებით დამთავრებული. არ დაიჯერებთ, მაგრამ, როდესაც ეთერში თამაში გადაიცემოდა, ისე ცარიელდებოდა ქუჩები, როგორც ფეხბურთის მატჩის დროს და მეორე დღეს თამაშსაც, ლამის, ისე არჩევდნენ, როგორც ფეხბურთის მატჩს. ყველას თავისი ფავორიტი გუნდი და “ზნატოკი” ჰყავდა… დრუზის, ბურდას თუ კოზლოვის სახელები, ალბათ, ბევრს აქვს გაგონილი ჩვენშიც, მაგრამ მე სამი გენსეკი მყავს გასვენებული, ასე რომ, თამაშს იმ დროიდან ვუყურებ, როდესაც ალექსანდრ ბიალკო ბრწყინავდა. ბიალკომ პირველმა მოიპოვა კლუბის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული და კლუბის პირველი ბუც მას ერგო. ის ბუ ხისაა, მაგრამ განა ნაკლებ ფასეულია, ვინემ ბროლისა და ბრილიანტის ბუები. ბიალკოს ეკუთვნის კლუბის რეკორდიც – მის მიერ შეკრებილმა “ბროლის ბუების” მფლობელთა ნაკრებმა გუნდმა (მუნი, კონოვალენკო, ასკეროვი, პოტაშოვი, სიდნევი, ბიალკო ) 2003 წლის სეზონში 6:0 დაამარცხა მაყურებლები. ეს პირველი (და, მგონი) ერთადერთი შემთხვევაა – ნაღდ 6:0 ვგულისხმობ, გადამწყვეტ რაუნდში მოპოვებულ 6:0 არა. 🙂

Voroshilovთამაშის მამა, ვლადიმირ ვოროშილოვი განათლებით მხატვარი და რეჟისორი იყო, მოწოდებით კი – შოუმენი. დადგა სანახაობა, რომელმაც რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი მიაჯაჭვა ტელევიზორს. მართალია, ზემოთაც ვთქვი, მის დროს საბჭოთა ეკრანებზე საინტერესო ბევრი არაფერი ხდებოდა, მაგრამ ეს შოუ ხომ დღემდე წარმატებით გადის პრაიმ თაიმში, არაერთ ქვეყანაში და უამრავი მაყურებელი ჰყავს. ეგებ უმნიშვნელო რამ გეგონოთ, მაგრამ თამაშის მუსიკალური პაუზების დროს ხშირად ისმოდა სრულიად არასაბჭოთა კიარადა ანტისაბჭოთა, ნახევრად აკრძალული მუსიკა – მაგალითად, როკ ენ როლი. როგორ, რა მანქანებით ახერხებდა ეს ადამიანი ცენტრალური ტელევიზიის ცენტრალურ დროს, კირილოვსა და ბრეჟნევს შორის, ვთქვათ, ჩაქ ბერის ჩაკვეხებას, არვინ უწყის. ჯაზის დიდი მოყვარული ვოროშილოვი ხშირად იყენებდა გერშვინის, ელინგთონის, ბრუბექის, გლენ მილერის კომპოზიციებს. დღეს იქ მუსიკა უკვე ლაივში ისმის – მუსიკალური პაუზა ამ გადაცემის ძველი ტრადიციაა. გუნდს უფლება აქვს მუსიკალური პაუზა აიღოს, მაგალითად, ბლიცის დროს და კითხვა გამოცვალოს. თუმცა, ქართულ ვერსიაში ეს წესი არაა.

  • ნიუანსური ვარიაციები სხვადასხვა ტელევერსიებს შორის ბევრია, მაგრამ არის ერთი განსხვავება, რაც რუსულ “ჩტოგდეკაგდას” გამოარჩევს სხვა ქვეყნის “რასადროდისებისგან” (აზერბაიჯანული და ქართული მაქვს ნანახი) – რუსულში ბატონი წამყვანი ყოველთვის მოაზროვნეების წინააღმდეგ ირჯება, ცდილობს, დააბნიოს და, არცთუ იშვიათად, არასწორ გადაწყვეტილებასაც იღებს მათ წინააღმდეგ (მაგალითად ორიოდ დღის წინ, 2012 წლის ფინალში სიდნევის გუნდს ფორმალობაზე მოედავა და ერთი სწორი პასუხი არ ჩაუთვალა), მაშინ, როდესაც, ქართველი ბატონი წამყვანი მოაზროვნეებს ეხმარება და ზოგჯერ მეტისმეტიც მოსდის – ისეც ხდება, რომ სწორ პასუხს ძალად ამოქაჩავს ხოლმე…

თავად ვოროშილოვის ცხოვრებაც შოუ იყო – ერთი შეხედვით მშვიდი და ბრძენი, დარბაისელი კაცი (რაღაცით თავადაც რომ ჰგავდა ჭოტს) ერთი დაუდგრომელი და ავანტიურისტი ვინმე იყო. სადაც ლამაზ ქალს ნახავდა, ყველა მისი ეგონა – 4-ჯერ იქორწინა და ქორწინების გარეშე ხომ უამრავი თავგადასავალი გადახდენია (სხვათა შორის, მისი მე-4 ცოლი ნატალია სტეცენკო ცენტრალური ტელევიზიის ახალგაზრდობის რედაქციის რედაქტორი იყო – სწორედ ამ რედაქციაში აუნთეს პირველად მწვანე შუქი თამაშს). 🙂 ერთ თეატრში, სადაც მხატვრად მუშაობდა, მსახიობ ქალს გაუმიჯნურდა – ეს ქალი კი მთავარი Druz-Sidnevრეჟისორის ფავორიტი იყო. დიდი სკანდალი მოხდა და ვოროშლოვი თეატრიდან თეატრალური მგლის ბიილეთით გამოაპანღურეს. სხვაგან რომ წასასვლელი არ ჰქონდა, 1966 წელს ეს რეჟისორი კაცი ტელევიზიაში აღმოჩნდა. არც იქ გადაუსვიათ თავზე ხელი. პირველივე გადაცემა ( არა “რა, სად, როდის”) დაუხურეს და ეკრანზე გამოჩენა აუკრძალეს, მაგრამ მაინც მონახა გამოსავალი – “რა, სად, როდის” დაქოქა და თავად კი კადრს უკან დაჯდა.

2000 წლის 30 დეკემბრის ფინალი ბოლო თამაში იყო ვოროშილოვისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. მის საფლავის ქვაზე შავი ყუთია შემოდებული, თითქოს, მოაზროვნეს ელისო…

თამაში კი გრძელდება.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

http://timetowatch.ru/chdk

1980 წლის ფინალი. კლუბის საუკეთესო მოთამაშეთა ნაკრები: ლუტოვინოვი, ერიომინი, სედინი, გურკოვი, ილინი, ბიალკო
2000 წელი. 80-იანების საუკეთესო მოთამაშეთა გუნდი: სიდნევი, ბიალკო, დრუზი, შანგინი, დოლგოვი, ვლადიმირსკი

P.S.

დაბოლოს, ამ ბლოგზე პოლიტიკურ თემებზე არ ვწერ და ეს პოსტიც კარგა ხნის დაწყებული მქონდა, მაგრამ ახლა არ შემიძლია, არ დავამატო, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება არის, იმჰო, კვერცხობა. იმედი მაქვს, ეს სასამართლო პროცესზეც (თუ მივიდა იქამდე) დამტკიცდება.

ეს ჩემი პირადი აზრია, პოსტთან არაა კავშირში და კომენტარები, სადაც გვარამიას საქმე იქნება ნახსენები პირდაპირ წავა თრეშბოქსში. 🙂

შობას გილოცავთ ყველას და მომავლ წლამდე გემშვიდობებით.

Advertisements

25 thoughts on “შავი ყუთის რაინდები

  1. ღრმა ბავშვობიდან ვუყურებ და მითამაშია კიდეც (ქართული ვარიანტი, ცხადია, სხვადასხვა არხზე).

    ახლა დავფიქრდი და მეც სამი გენსეკი მყავს გასვენებელი და გორბაჩოვი მეოთხე და ბოლო იქნება, ჰოდა, ბიალკოს არა და ბლინოვის ექვსეულის ლაივები მახსოვს (დრუსი, დვინიატინი და განდილიანი რომ ეჯდა გუნდში).

    ისიც მახსოვს, 91 წლის ზამთარში, რუსთაველზე ომი რომ იყო, გათიშული ოერტე (თუ რაც ერქვა მაშინ) წლის ფინალისთვის ორის საათით ჩართეს.

    შარშან ტორენტით გადმოვწერე სრული არქივი, ზუსტად არ მახსოვს ახლა, მაგრამ კატასტროფული წონაა და ცალკე დისკზე მაქვს შენახული. ვუყურებ ნე-ნელა.

    ზნატოკები, ალბათ, იმ პოპულარული სერიალის სიყვარულში შეარქვეს. ზარატუსტრას მუსიკალური ქუდი კუბრიკის “ოდისეაშია”, თუ რამე არ მეშლება. ჰო, ერთხელ სტრიპტიზიც იყო ჩვენთანო, კრუკმა თქვა ამასწინათ.

    მოკლედ, მაგარი გადაცემაა :))

    Like

    • ბიალკო, დრუზი, დვინიატინი, შანგინი კიდევ ერთი არ მახსოვს ვინ და სიდნევი – მე-20 საუკუნის საუკეთესოთა ნაკრები ამ საუკუნის საიუბილეო სერიაში თამაშობდნენ. მოიგეს როგორც მახსოვს.

      მერე დრუზმა და დვინიატინმა დააყარეს ერთმანეთს. 🙂

      Like

  2. ვუყურებდი ხოლმე ამ გადაცემას და ახლა, კითხვისას, ცოცხლად ჩამესმა მუსიკალური ქუდი და “Игра!…”
    ნუ, დანარჩენს არ ვიტყვი თრეშბოქსის გამო:)

    Like

    • გუშინ ვნახე ფინალი და, სხვათა შორის, ის კითხვა სამართლიანად არ ჩათვალა კრუკმა. იდეას კი ჩაწვდნენ, თან ს ბლესკომ, მაგრამ პასუხი, ფაქტობრივად, უზუსტო გასცეს. მოკლედ, მაინც მაგრად ითამაშეს.

      ტრეშბოქსმა მეც შემაშინა.

      Like

      • ჰო მაგრამ საგანგებოდ დამაინტერესა და ონლაინ ლექსიკონი ვნახე და სინონიმებია ეგ ორი სიტყვა რუსულში, რაც ერთმა ტიპმა დარბაზში უთხრა კიდეც, მარა ეს შეჯდა ვირზე და სულაც არაა სინონიმებიო ამბობდა…
        რომ წაეგოთ, მოუტანდნენ მერე ლექსიკონს 🙂
        ბურდასი არ იყოს, გველი რომ მოახარშვინეს ერთხელ. 🙂

        წინა თამაში უფრო მაგარი იყო – 6:4 რომ მოიგეს ფინალში გასასვლელად.

        Like

  3. მეც ვუყურებდი ძველ თამაშებს, მაგრამ ახლა არ მახსოვს ისე კარგად. ბიალკო მახსოვს რომ დაბრუნდა კლუბში იმ თამაშებიდან. დრუზი, დვინიატინი და შანგინის ძველი თამაშებიც მახსოვს. კიდე მალჩამოვი იყო კარგი მოთამაშე, ბურდაც, ბლინოვი, მაგრამ დრუზი მაინც საუკეთესოა.
    შანგინს მუსიკალური კითხვები უყვარდა როგორც მახსოვს. 🙂 დვინიატინს კიდევ დიდი სათვალე ეკეთა და სულ ძირს უვარდებოდა ადრე. ახლა გამოცვალა. 🙂

    Like

    • კოზლოვი კიდე ჟილკა და ჭიჭყინა იყო ყოველთვის. 🙂

      კი, ობიექტურად დრუზი ყველაზე მაგარია და ტიტულებიც ამას ადასტურებს, თუმცა ჩატარებული თამაშების რაოდენობაც ბევრი აქვს სხვებზე. მე რაც მახსოვს სულ თამაშობს, მაშინ როცა ბიალკოს დიდი პაუზა ჰქონდა და ახლაც არ თამაშობს, ისე როგორც ბურდასაც უფრო ცოტა აქვს ნათამაშები.

      Like

  4. მეც სამი გენსეკი გავასვენე მაგრამ ბრეჟნევის გასვენება იყო ძნელი მერე ის ორი მიყვა უცებ. 🙂
    სკოლაში დასვენებები იყო, გენსეკი რომ კვდებოდა.

    Like

  5. კარგი პოსტია, რაღაცები გამახსენა….. ვოროშილოვი აშკარა არაკეთილგანწყობით გამოირჩეოდა კოზლოვის მიმართ, დიდად დრუზსაც არ სწყალობდა, ნელთბილად ეპყრობოდა ბურდას, სამაგიეროდ, მაქსიმ პატაშოვი მოსწონდა! მომკალით და ასე მახსოვს მე. ჰო, მართლა, მოაზროვნეთა უფლებებს დარბაზში დამსწრე მიხაილ ბორშევსკი იცავდა, ძალიან მომწონდა ეგ კაცი.
    ჩემი აზრით, ალექსანდრ დრუზი ყველა დროის უდავო ფავორიტი და საუკეთესო მოაზროვნე იყო, იგივეს თქმა შემიძლია მის პირდაფჩენილ ქალიშვილზეც, ინნა ერქვა მგონი, არა?

    Like

      • უფრო ჭკვიანი ვიგულისხმე :)) ის თამაში თუ გახსოვთ, ლორდ, მთელი ოჯახით რომ თამაშობდა დრუზი– ცოლი, 2 ქალიშვილი და ვოროშილოვმა რომ უთხრა, ბარემ ძაღლიც მოგეყვანათო :)))))

        Like

      • ცოლი ნაღდად არ მახსოვს. შვილები კი მახსოვს რომ თამაშობდნენ… და კიდევ კატა რომ აჩუქეს ერთხელ დრუზს – ინგლისური ჯიშის ეგ მახსოვს.

        ბურდა ამბობდა ერთხელ რომ მე ძალიან არ ვევასებოდი ვოროშილოვს და მეიაზვებოდაო – ვითომ ბურდას ცოდნა აქვს დიდი, მაგრამ ტუგადუმია და რაც არ იცის, იმაზე ვერ პასუხობსო 🙂 რაღაც ამ სტილში.

        Like

      • ხო, რა ვიცი, ბურდას დიდი მოაზროვნეობა ვერ შევამჩნიე მე, სამაგიეროდ, კულინარიულ გადაცემას კარგად უძღვებოდა ერთ–ერთ უკრაინულ არხზე და საინტერესო, თავშესაქცევ ისტორიებსაც ყვებოდა.
        კატა რომ აჩუქეს არ მახსოვს, მაგრამ დრუზი რომ საუკეთესო მოაზროვნედ დაასახელეს და მერე თამარ გვერდწითელმა რომ ,,ვივატ კაროლ” უმღერა მაგაზე კი ვიტირე. რა მატირებდა ნეტავ?

        Like

      • აბა ბრეინ-რინგში მნახე, ვინა ვარო 🙂
        მანდ ორი გუნდი იყო – პიტერის ბლინოვი-დრუზი-დვინიატინი… და ოდესის ბურდა-ვასერმანი. ფანტასტიურად თამაშობდა.
        რასადროდისშიც არ აკლია ტიტულები ბურდას – ბრილიანტის ბუც აქვს, მგონი, მაგრამ ჯერ ცოტა აქვს ნათამაშები და თან ეგ გუნდი არ იყო ძლიერი ზოგადად. დრუზი სტაბილურად მაგარ გუნდებში თამაშობს და ამიტომ, ხშირად იგებს.

        Like

      • ალბათ მართალი ბრძანდებით, ლორდ. პატაშოვითა და დრუზით იმდენად აღვფრთოვანდი, შესაძლოა სხვებს ვერ მიავაქციე იმდენად ყურადღება. ბრეინ რინგი მახსოვს, მაგრამ არ ვუყურებდი.

        Like

    • ზედმეტი ყველაფერი წავშალე 🙂
      მეა კულპა. 🙂

      ფბ რაც შეეხება – შენი ბლოგი დალაიქებული მაქვს, და როგორ არ ვიყავით ფრენდები? 🙂 ვიყავით.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s