იე-იე, ლოლიტები!

გახსოვთ სამოციანები? რა დრო იყო, რა დრო. რა მუსიკა, ან რა ფილმები და რა ქალები!

არ გახსოვთ? გამაზეთ, ხომ?

არც მე მახსოვს. მაგრამ კარგად ახსოვს ბერნარდო ბერტოლუჩის, რომელმაც იმ ეპოქის სურნელი აღადგინა ფილმში “მეოცნებენი”… თუმცა, ამ პოსტს ბერტოლუჩის ფილმზე არ ვწერ. ამ პოსტს ვწერ პარიზულ 60-იანებზე, იე-იე ეპოქა რომ ჰქვია.

Yé-yé პოპ-მუსიკის ის სტილია, 60-იანების საფრანგეთში რომ იშვა და ცოტა სხვა ქვეყნებსაც მიეწუწა. იე-იეს მამა სერჟ განსბურია – ის რომ არა, ამ მუსიკას მოისმენდნენ და იმ სეზონის ბოლოსვე მიივიწყებდნენ, მაგრამ ფრანგული სცენის ეს გენიალური ხულიგანი ხომ ყველაფრიდან მოვლენას ქმნიდა. თავად განსბური პოპ სიმღერებს ნაკლებად ასრულებდა (მხოლოდ დუეტებში და მხოლოდ – ლამაზ ქალებთან ერთად), მაგრამ სიამოვნებით წერდა ასეთ სიმღერებს სხვა მომღერლებისთვის (ისევ და ისევ  – მხოლოდ ლამაზი ქალებისთვის) France Gall with her Spanielდა ეს სიმღერები ჰიტდებოდა ხოლმე. ამიტომაც მიუყვანა პოეტმა რობერტ გალმა განსბურს მისი ბაღანა და სთხოვა, მიდი ერთი შენებურად რამე ჰიტი დაუწერეო. ფრანს გალი (Isabelle Geneviève Marie Anne Gall / France Gall) მაშინ სულ 16 წლისა იყო და ჯაზ-მომღერლობა სურდა. სერჟ განსბურმა ერთი კი გაიფიქრა, ამ გოგოს ჯაზში არაფერი ესაქმებაო, მაგრამ, რაკი გალის პროდიუსერი დენის ბურჟუა განსბურის პროდიუსერიც იყო – მოვიფიქრებ რამესო – უარი არ თქვა.  რამდენიმე წლის განმავლობაში განსბურის ხელში გალმა რამდენიმე ალბომი გამოსცა და მრავალი ჰიტი ჩაწერა, 1965 წელს კი ევროვიზიის კონკურსშიც გაიმარჯვა. ღმერთმა უწყის, კიდევ რა ხანი გაგრძელდებოდა მათი თანამშრომლობა, (ეჭვი მაქვს, ბოლოს დაქორწინდებოდნენ კიდეც – იე-იე მუსიკალური ოჯახები იე-იე ეპოქის ტრადიციად იქცა), მაგრამ განსბურს გული როგორ გაუძლებდა, რომ არ ეხულიგნა – 1966 წელს მან და გალმა გამოუშვეს ალბომი Les sucettes, ამავე სახელწოდების სიმღერით. Les sucettes ფრანგულად საწუწნი კანმფეტია, სიმღერა კი იმაზეა, თუ როგორ უყვარს პატარა გოგოს, ანის წუწნა, როგორ იღვრება მის ყელში ტკბილი სითხე ანისის არომატით და როგორ გრძნობს ანი ასეთ დროს, რომ – სამოთხეშია (ანი ფრანს გალის ნამდვილი სახელი იყო)… იმას, რაც ახლა თქვენ ყველანი მიხვდით, ვერც ფრანს გალი მიხვდა და ვერც უმრავლესობა საფრანგეთში, მომღერალი სიმღერის ფარულ აზრს მხოლოდ იაპონიაში გასტროლებისას ჩაწვდა… ჩაწვდა რა – იაპონლები შეშფოთდნენ, რომ ეს ყველაფერი ტელევიზიით უნდა გადაეცათ და გოგონასაც მიანიშნეს… და აქ დამთავრდა ყველაფერი.

  • ჰო, იზაბელ გალი სრულიადაც არ ჰგავდა ბერტოლუჩის იზაბელს, ბევრად ბავშვური და გულუბრყვილო იყო. ზოგადად იე-იე ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია უბრალოება, სიხალისე და ფერადოვნება. განსბურმა კი უწოდა იე-იე ეპოქის ვარსკვლავგოგონებს ფრანგი ლოლიტები, მაგრამ ლოლიტობასთან მხოლოდ ასაკი თუ ჰქონდათ საერთო. ბავშური გარეგნობა და მიამიტობა – ესაა იე-იეს სახე.

Sylvie-Vartanიე-იე ეპოქის გოგონათაგან გაყიდული ალბომების რაოდენობით (თითქმის) რეკორდსმენია ბულგარეთში დაბადებული და კომუნისტებს საფრანგეთში გამოქცეული სილვი ვარტანი (Sylvie Vartan). თუ ფრანს გალს ჯაზი იტაცებდა, ვარტანს როკენროლშიკობა სურდა. მისი პირველი ჩანაწერები პოპულარული ამერიკული როკ ენ როლების რემიქსი იყო. ვარტანი ცნობილი ფრანგი შანსონიეს ჟილბერ ბეკოს პროტეჟე გახდა, მასთან ერთად დადიოდა გასტროლებზე და ასე ნელ-ნელა იკრებდა პოპულარობას. 1963 წელს ის ჯონი ალიდემ  აიყვანა აბორდაჟზე, არც გაუჭირდებოდა – ალიდე (შეცდომით ჯონი ჰოლიდეისაც რომ უძახიან) ხომ ფრანგი ელვისია და მართლა კარგ როკ ენ როლებს მღერის და წერს – ვარტანსაც ეს უნდოდა. მათი თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდა, ბევრი ერთობლივი კონცერტი გამართეს და ალბომიც ბევრი ჩაწერეს და ბოლოს იქორწინეს კიდეც (როგორც ვთქვი, იე-იე ეპოქას უყვარდა ვარსკვლავურ-მუსიკალური ოჯახები).

თავდაპირველად სილვი ვარტანიც ბავშვური და მიამიტური იყო, მაგრამ თანდათანობით სულ უფრო ექსპრესიული და სექსუალური ხდებოდა. თვალსა და ხელს შუა დაქალდა, რომ იტყვიან. მისი ცეკვის მანერა, მინი კაბა და ბარბარელა ჩექმები მამაკაც აუდიტორიას გულგრილს არ ტოვებდა არც საფრანგეთში და არც საფრანგეთს გარეთ. სილვი ვარტანი და ჯონი ალიდე, ალბათ, საფრანგეთს გარეთ ყველაზე კარგად ცნობილი ფრანგი მუსიკოსები არიან, სერჟ განსბურის შემდეგ. ხუმრობა ხომ არაა – სილვი ვარტანს თვით ედ სალივენმა დასდო პატივი და თავის შოუში მიიწვია CBS-ზე (სადაც, 10 წლის წინ მიწვეული იყო ელვისიც).

სილვი ვარტანი დღემდე აგრძელებს მუსიკალურ მოღვაწეობას. ასაკის მიხედავად (70-ს უკაკუნებს), მშვენიერ ფორმაშია. არცთუ დიდი ხნის წინ კომპანია Мattel-მა მისი თოჯინაც კი დაამზადა (თუმცა, თოჯინა-სილვი 70-ზე ბევრად ახალგაზრდაა :))

Sylvie Vartan with Beatles 1963

ინგლისურ-პოლონური წარმოშობის ჯილიან ჰილზმა (Gillian Hills) თინეიჯერობა საფრანგეთში გაატარა და, მისი გარეგნობის პGillian-Hillsატრონი, რა გასაკვირია, როჟე ვადიმის კინოკამერაშიც მოხვდა. ვადიმი ლამაზი ქალების ნომერ პირველი აღმომჩენი იყო, თუმცა რეჟისორად ვერ ვარგია მაინცადამაინც. მაგრამ ჰილზი სხვა კინორეჟისორებმაც შენიშნეს და მოგვიანებით ის ორ საკულტო ფილმში გადაიღეს: ქუბრიქმა – “დასაქოქ ფორთოხალში” და ანტონიონიმ “ბლოუ-აფში”. ამ მეორეში თავად ჰილზის სცენაც ზესაკულტოა – ჯილიან ჰილზი ის გოგონაა, რომელიც ჯერ ჯეინ ბირქინთან ქეთფაით-დაძიძგილავდება და ტანსაცმელს შემოაფხრეწენ ერთმანეთს, შემდეგ კი ორთავენი დეივიდ ჰემინგზს დაეძგერებიან და იმასაც ჩახდიან შარვალს… მაგრამ ეს უფრო გვიან იყო, მანამ კი ჯილიან ჰილზი ჯონი ალიდეს დახმარებით იე-იე გოგონებს შეუერთდა და რემდენიმე ალბომი და ერთი-ორი თუ სამი-ოთხი ჰიტი ჩაწერა. მიუხედავად მისი თამამი კინოროლისა, ძალიან მოკრძალებული და უბრალო ადამიანია, პოპულარობა მალე მოყირჭდა, ეკრანიც მიატოვა და სიმღერას ხომ კიდევ უფრო ადრე ანება თავი, არადა, სთიუართ იანგის მეუღლეა (АC/DC და სხვა ცნობილი ჯგუფების პროდიუსერის) – მისთვის ყველა ხმისჩამწერი სტუდიის კარი ღიაა… მაგრამ “თანამდებობით” არ სარგებლობს. 🙂 ცხოვრობს ნიუ იორქში და ხატავს – წიგნების დასურათებით იქცევს თავს.

Gillian Hills and Jane Birkin in Blowup

60-იანები ისტორიამ კი მიიბარა, მაგრამ ის მუსიკა არ ავიწყდებათ. ინგლისელმა მომღერალმა ეიფრილ მარჩმა იე-იე ჰიტები სულ ახლახანს იყო, რომ გაარემიქსა – მოსმენილი გექნებათ, სხვა თუ არა, ქვენთინ თარანთინოს “სიკვდილის მტკიცებულებაში” (Death Proof) მაინც, სადაც ფრანს გალის ძველი ჰიტის მარჩისეული ინგლისურეონავანი რემიქსი ჟღერს.

კიდევ შეიძლებოდა, დამეწერა ულამაზეს ჯეინ ბირქინსა ან ბრიჟიტ ბარდოზე, რომელნიც განსბურმა აამღერა. ან – არაჩვეულებრივ მომღერალ ჟულიეტ გრეკოზე… კადრი ბერტოლუჩის ფილმიდან, სადაც ევა გრინი სიგარეტით პირში დგას მეოცნებე იერით, მალევე რომ გახიტდა და Eva Green - Juliette Grecoგახატდა და გრინის ერთ-ერთ უპოპულარეს ფოტოდ იქცა – ჟულიეტ გრეკოთია შთაგონებული… თუმცა, გრეკო არც ასაკით და არც ჟანრობრივად არ მიეკუთვნებოდა იე-იე-ს. ისეკი ფრიად გასაოცარი ქალია, სარტრის მუსიკალური მუზა. მრავალი წელი მაილს დეივისის გვერდით გაატარა და როცა სარტრმა ჰკითხა დეივისს – რატომ არ ქორწინდებითო, მაილსს უთქვამს: “მეტისმეტად მიყვარს იმისთვის, რომ გავაუბედუროო”. 🙂 მოგვიანებით მიშელ პიკოლის გაჰყვა ცოლად – იმან, ეტყობა, არ დაინდო გასაუბედურებლად. 🙂

ახლა ვინმე მკითხავს – კიმარა, შეილა რატომ გამოგრჩაო? შეილამ იმდენი დისკი გაყიდა ლამის, რაც იე-იე ეპოქის ყველა სხვა გოგომ ერთად აღებულმა… მაგრამ ვინ რა უნდა მკითხოს – ჩვენთან ფრანგული მუსიკიდან ხომ მხოლოდ ედიტ პიაფია ცნობილი და კიდევ შარლ აზნავური, ისიც იმიტომ, რომ ახლახანს ჩამოვიდა და გაგვახსენა თავი. 🙂
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე: ქალის პორტრეტი ბობ დილანის კედელზე

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

24 thoughts on “იე-იე, ლოლიტები!”

  1. რა დრო და რა ხალხი და რა მუსიკა და რა იუბოჩკები ❤

    ამ შაბათ-კვირას, თუ შინ ვიქენი, ბლოუ-აპს და მეოცნებეებს ვნახავ მიყოლებით.

    ევა წითელი ბერეტით იმითაც არის ცნობილი, რომ ფსიქეს ავატარი იყო.

    Like

  2. “კიმარა, შეილა რატომ გამოგრჩაო?”
    მე ნამდვილად არ ვიკითხავ 😀 ფრანგულ მუსიკასთან დიდი დისტანცია მიჭირავს.
    პოსტი კი, როგორც ყოველთვის, ზე-საინტერესო და ინფორმატიულია.

    პ.ს. ბლოუაპში ეს ორი გოგონა რიგითი უსახელო მსახიობები მეგონნენ. უყურე შენ ანტონიონის.

    Like

  3. მე რა თქმა უნდა არც ერთი არ ვიცოდი აქედან, მაგრამ ეგ სცენა ბლოუაფში კი მახსოვს. ძაან მაგარი სცენაა. 🙂
    ტარანტინოს ფილმიც ნანახი მაქვს. მანდ კიდევ სხვა მუსიკაც ჟღერს – აი გოგო რომ ცეკვავს ბარში. გაგახსენდება, რაზეც ვამბობ.

    Like

  4. death proof ძაან მაგარია, იმიტომ რომ თვითონ ტარანტინოა ძაან მაგარი.
    მოკლედ შენს ბლოგზე ლამაზი ქალების და ღუღუნა სიმღერების წინასაახალწლო ცვენაა 🙂 არც ერთი მომღერალი არ ვიცოდი აქამდე, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო. ხოდა არც იმას გეკითხები რა თქმა უნდა, კი მაგრამ შეილაზე რატომ არ დაწერე მეთქი :)) სილვის როკენროლი მართლა აღმოჩენა იყო <3.
    კარგი პოსტია ზუ ბი ზუ ბი ზუუ

    Like

    1. ანგლოამერიკული მუსიკა მეინსთრიმია და ეს ისე… 🙂
      არც მე ვიცოდი სანამ ჩიქ ჰებითი არ მოვისმინე ფილმში და მერე რომ ვეძებდი რა იყო, ეგრე აღმოვაჩინე ჯერ ეფრილ მარჩი და მერე ფრანგული ორიგინალი ვარიანტი.
      თუმცა სილვი ვარტანი მოსმენილი მქონდა ადრე – ჯონი ალიდეს ალბომი მაქვს და მასთან დუეტში.

      აჰა… გრავატარი…
      ზნაჩიტ, გავორდპრესდი უკვე 🙂

      Like

    1. ეგ ვარტანი ბულგარელი სომეხი ყოფილა.

      დაგიგუგლავს. ყოჩაღ 🙂
      1/4-ით 🙂

      გვარზეც ეტყობა.

      გვარზე ეტყობა, გარეგნობაზე კი – არა 🙂

      Like

  5. მე მიყვარს მაგ პერიოდის ფრანგული ფილმების ცქერა, მუსიკა კი უფრო ნაკლებად.
    პატარა ანისთან ერთად მთელი საფრანგეტი მიამიტი იყო თუ თავაზიანად იყრუებდნენ ყურს, სანამ იაპონელები არ გამოჩდნენ სცენაზე?:)

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: