მას ჰქვია ორჰანი

თუ ერთი საათის ციფერბლატი ცხრა საათსა და ორმოცდახუთ წუთს აჩვენებს, გამოხდება ხანი და ახლა სხვა საათზე შეიქნება ცხრა საათი და ორმოცდახუთი წუთი, იმიტომ, განა, რომ მეორე საათი ჰბაძავს პირველს.

ორჰან ფამუქი. “შავი წიგნი”

Orhan Pamukმას ჰქვია ორჰანი და კაეშანი შემოსწოლია.

სევდას ატარებს გულით. აზიას მოწყვეტილი და ევროპის მიერ ვერმიღებული ქალაქის სევდას. ეს სევდა ჩვენთვისაც ნაცნობია. ბევრისთვის – ახლობელიც. გვსურს, ევროპამ თავის ნაწილად გვაღიაროს, მაგრამ არც აზია გვთმობს. და არც აზია გვეთმობა. ვშიშობთ, რომ ევროპეიზაციის გზაზე რაღაც მნიშვნელოვანს, ძალიან ძვირფასს ვკარგავთ და ვიღაცის უფერული ასლი ვხდებით.

თავად მწერალიც გახლეჩილია. თითქოს, ორჰანი ორია. ერთი ორჰანი ახალ სტამბოლშია, მეორე კი – ძველში. მეორე ორჰანი ძველ სტამბოლში დარჩა და ახალს შეჰნატრის. პირველი ორჰანი კი ახალ სტამბოლში ცხოვრობს და ძველი ქალაქის დარდი დააქვს. მაგრამ ყველაზე მეტად, ასე მეჩვენება, ფარისევლობა ადარდებს – მიუხედავად იმისა, რომ თურქებს ევროპული სამოსი აცვიათ (მას შემდეგ, რაც ქემალ ათათურქმა ტრადიციული თურქული სამოსის ტარება აუკრძალათ), კარგად რომ გადაფხიკო, სიცარიელეს აღმოჩენ, რაკი, ვერც ახალი მოირგეს და იმ ძველსაც უკვე გაუუცხოვდნენ.  “სულის სიღრმეში ასე გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად მოვსპოთ იმ დიდი კულტურის ნიშნები, რომელიც ჩვენ, უღირს მემკვიდრეთ ჩაგვივარდა ხელთ და მის ნანგრევებზე ავაგოთ მეორადი, მქრქალი ასლი დასავლური ცივილიზაციისა”, – წერს ფამუქი რომანში “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი”.

  • ერთი ამბავი მახსენდება, ადრე ჩემს ფეისბუქელ მეგობრებსაც მოვუყევი, ორი წლის წინ სტამბოლში ისეთ ცხოველ კამათს შევესწარი, აიეტსა და ფარტაძსაც შეშურდებოდათ – ორნი დაობდნენ. ერთი ამტკიცებდა, სტამბოლი ევროპული ქალაქიაო, სხვა კი უმტკიცებდა, არა, აზიურია და ამადაცაა სწორედ საამურიო. პირველი ამბობდა, ევროპის ნაწილი ვართო, მეორე კი ეკამათებოდა, არ ხართ ევროპის ნაწილი და სწორედ ესაა თქვენი ხიბლიო… მოდავეთაგან პირველი თურქი იყო, მეორე კი – ამერიკელი. მათ დავას შევესწარით და უბრად ვადევნებდით ყურს კიდევ ორნი – მე, ქართველი და კიდევ ერთი, დაბადებით ამერიკელი, მაგრამ წარმოშობით – ფრანგი.

თუ “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” არ წაგიკითხავთ და ჩემს გემოვნებას ოდნავ მაინც ენდობით, აუცილებლად წაიკითხეთ (თუმცა, რას ვამბობ, ქართველთაგან ხომ არვინ დარჩა, აქამდე რომ არ წაუკითხავს. მე ვიყავი აგერ და მეც წავიკითხე). ამ წიგნში, ზემოთაც ვთქვი, საკუთარ თავს დავინახავთ. ჩვენც ვგრძნობთ ტფილისის სევდას და ისევე ვართ გახლეჩილები ახლის სიყვარულსა და ძველის მონატრებას შორის, როგორც მწერალი. ერთი კია – ქართველები მეტისმეტად ლმობიერნი ვართ ჩვენი მეფეების მიმართ, ფამუქი – დაუნდობელია. ყველაზე მეტად მას ის სულთნები მოსწონს, რომელნიც შორეულ საუკუნეებში სულთნობდნენ, ახალი თურქეთის რეფორმატორი მმართველები კი, აბდულმეჯიდი იქნება თუ ქემალ ათათურქი, ისრერიგად ვერ ეხატება გულზე.

ფამუქს უყვარს რომანი-მოგზაურობები, რომანი-ძიებები. მისი გმირები მუდმივ ძიებაში არიან. ზოგი – დაკარგულ ცოლს ეძებს, ზოგი – ძმას, ზოგი – დანაშაულს იძიებს და მკვლელს დაეძებს, ზოგი კი – საუკუნეებში დამარხულ საიდუმლოს… ამ ძიებას ისინი სტამბოლის უცნობ კუთხე-კუნჭულებში მიჰყავს. მისი გმირები (ჩვეულებრივ, ხელოვანი ხალხი – მხატვარი, მწერალი…) მოგზაურობენ ძველ ლეგენდებსა და ზღაპრებში, საუკუნე საუკუნეში ირევა, ტყუილი – მართალში, ფერი – ფერში და აღმოსავლეთი – დასავლეთში.  დაეძებენ საკუთარ თავს და დაეძებენ სტამბოლს – ოთხი იმპერიის დედაქალაქს, როგორც მას უწოდებენ ხოლმე დღეს, ქალაქს, რომელიც მთელი სამყაროა და ფამუქი შიშობს (შეიძლება ვცდები, მაგრამ ამოვიკითხე ეს შიში), რომ თუკი ერთხელ კონსტანტინოპოლი აიღეს და სტამბოლმა იძალა კონსტანტინოპოლზე, დღეს კონსტანტინოპოლი ამარცხებს სტამბოლს.

  • “თეთრი ციხე”, ასე მგონია, ფამუქის დარდის, მისი ფიქრების გასაღებია. ევროპისა და აზიის ერთობისა და სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების თემა ამ ნაწარმოებში მარტივად არის მოთხრობილი. ორი სამყარო, სინამდვილეში, ერთია და ერთმანეთს ავსებს, მათი ბრძოლა კი – დამღუპველი… ამ მცირე რომანში (თუ ვრცელ მოთხრობაში) საუბარია ცივილიზაციათა ჯახზე, ევროპეიზაციაზე, ურთიერთ სიყვარულსა და სიძლვილზე… ფაბულის გათქმა არ მინდა… ავტორი ერთ პატარა თამაშსაც გვთავაზობს – “თეთრი ციხე” თავისი ფორმით წიგნია წიგნში – ამბავი, ვითომ, ფლორენციელის მიერაა მოთხრობილი, მაგრამ თავად წიგნი ხომ თურქის (ფამუქის) დაწერილია… სად მთავრდება ევროპელი და სად იწყება აზიელი, სადაა ერთი ორჰანი და სად – მეორე ორჰანი, ჩვენი გადასაწყვეტია.

რომანში “თოვლი” ფამუქი წერს, რომ სეკულარიზმის მომხრე ქემალისტები ჩარშაფის (ხიჯაბის) საწინააღმდეგო მიტინგებს მართავდნენ 1940 წელს, როდესაც ჩარშაფს არც არვინ ატარებდა თურქეთში. მას შემდეგ ყოფილი რადიკალი ათეისტები ისლამისტებად გადაფერდნენ, ახალგაზრდა გოგონებმა კი თავსაფრები დაიხურეს. მწერალი ფიქრობს, რომ რევოლუციურმა, მეყსეული ვესტერნიზაციის მცდელობამ კლერიკალური, უკიდურესად რეტროგრადული და რეაქციული ძალები წამოშალა. სიმართლის მარცვალი აქ არის, თუმცა, ვფიქრობ, ფამუქი მეტისმეტად მკაცრია… უცნაურია, მაგრამ ათათურქის სტამბოლი ბევრად ძველია, ვინემ ფამუქის სტამბოლია. ქემალ ათათურქი თურქთაგან პირველი მიხვდა კონსტანტინოპოლის მნიშვნელობას. იმ მნიშვნელობას, აია სოფია რომ ატარებს. აია სოფია ევროპული კულტურისა და ისტორიის ორგანული ნაწილია და ევროპელთათვის მისი “დაბრუნება” – მუზეუმად ქცევა და კარის ფართოდ გახსნა, თურქეთისთვის იყო გასაღები ევროპული კარიბჭისთვის… თუკი ფლობერი (ეს ეპიზოდები ფამუქის რომანში მართლა სახალისოა) სტამბოლში ჩადიოდა ბორდელებისა და ეკზოტიკისთვის, ათათურქს იმედი ჰქონდა, რომ თანამედროვენი კონსტანტინოპოლში-სტამბოლში ჩავიდოდნენ, როგორც სახლში და სტამბოლი-კონსტანტინოპოლი დაბრუნდებოდა ევროპაში. მაგრამ ათათურქი იქეთ იყოს. ათათურქს რომ გავყვე, ეს პოსტი ძალიან შორს წამიყვანს.

ისე, “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” რომ წავიკითხე, კი მივხვდი, თუ რატომ მოსწონს ასრერიგად ჩვენს პრეზიდენტს ქემალ ათათურქი. 🙂

მცოდნე ხალხისგან გამიგონია, რომ ორჰან ფამუქი მთელი ცხოვრებაა ერთ წიგნს წერს. მე სულ ახლახანს შევუდექი ფამუქოლოგიის გზას, მაგრამ რაც წავიკითხე იმათგან “სტამბოლი”, “მე წითელი მქვია”, “შავი წიგნი”, “თეთრი სიმაგრე” და “თოვლი”, ნამდვილად ისევ იმ ევრაზიის თემას უტრიალებს, “მდუმარების სახლი” კი – ნაწილობრივ.  ლეგენდებსა და თქმულებებში გაბნეულ სათქმელს მწერალი “წითლის” ბოლოს, თითქოს, თავს უყრის და ჯიქურ გვეუბნება – ევროპის მიდევნებით საკუთარ თავსაც ვკარგავთ და ფასეულსაც ვერაფერს ვქმნით – მხოლოდ ასლებს ვამრავლებთო…  ფამუქს, ზემოთაც ვთქვი, თან სდევს გაორების თემა: ორი სტამბოლი, რომელთაგან ერთი მეორის სარკისებრი ანარეკლია (“შავი წიგნი”), ორი ორჰანი (“სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი”), ორი ტყუპისცალი – ფლორენციელი და სტამბოლელი (“თეთრი ციხე”)… მაგრამ სარკის მიღმა ალისასებრ ვერ მოხვდები. როგორც სხვა, ევროპელი და აზიის უბადლო მცოდნე ნობელიანტი ამბობდა: “აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი დასავლეთია და მათი გზები აროდეს გადიკვეთება.” ფამუქს სურს, რომ ეს გზები შეიყაროს, ის სტამბოლში მრავალ ფერს ხედავს და ერთიც არ ენანება გასაქრობად, მაგრამ… (არ ვიცი, შეგნებულად თუ ქვეცნობიერად) მის რომანებში ყოველთვის ერთი, რომელიმე ფერი ძალობს, სათაურებშიც კი, კონსტანტინოპოლი კი მის სტამბოლში სრულად დაკარგულია.

უმანკოების მუზეუმი სტამბოლის მუზეუმია (ვგულისხმობ რეალურად არსებულ მუზეუმსა და არა რომანს). ფოტოები ადამიანებისა, რომელნიც აღარ არიან, სახლებისა, რომლებიც დაიწვა, ქუჩებისა, რომელთაც იცვალეს ნირი, სურნელისა, რომელიც ჰაერში აღარ ტრიალებს… მაგრამ, შეიძლება, ქალაქს მინის ხუფი დააფარო, როგორც სამუზეუმო ექსპონატს და ასე დაიცვა? ან იქნება კი ეს დაცვა?

რა არის დღეს ეს გრანდიოზული ქალაქი? ეგებ, მართლაც კარგავს სახეს და აღარც სტამბოლია და აღარც კონსტანტინოპოლი? ან, იქნებ, კონსტანტინოპოლია, რომელიც სტამბოლში ირეკლება? ან სტამბოლია, რომელიც ირეკლება კონსტანტინოპოლში? ფამუქს, ასე მგონია, მზა პასუხი არ აქვს – მას აქვს კითხვები, რომელზეც ყველამ თავად უნდა გასცეს პასუხი, თუკი სურს… არც ის მიკვირს, რომ ფამუქის რომანებში არ არის პერსონაჟი, რომლის ნააზრევსაც გაიზიარებ, რომელსაც უთანაგრძნობ, რომელსაც, გსურს, გვერდით დაუდგე და ბოლომდე გაჰყვე.

ქემალ ათათურქის მიერ გატარებული დამწერლობის რეფორმაზე ფამუქი დანანებით საუბრობს… ნამდვილად გავუგებდი, ის რომ ეთქვა, ამით ძველ თურქულ ლიტერატურასთან კავშირი დაირღვა, არაბული ასოებით რომ არის შექმნილი და დღეს ვეღარ ვკითხულობთო, მაგრამ მწერალი თურქეთის “კიდევ ერთ დაკარგულ ეკზოტიკურ თავისებურებაზე” წერს. განა, ეკზოტიკაა საქმე? აუცილებელია, განა, ეკზოტიკურები ვიყოთ? ეკზოტიკურობაშია, ნუთუ, თურქული კულტურის ფასი? აბა, ყველაზე ეკზოტიკური, რაც სტამბოლში უამრავ მნახველსა და სანახაობის მოყვარულს იზიდავდა, მონათა ბაზარი იყო, მედასავლეთე სულთანმა, აბდულმეჯიდმა რომ დახურა.

მგონია, რომ ქიფლინგი ცდება – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზები, ცხადია, შეიყრება, მაგრამ ცდება ფამუქიც, თუკი თვითმყოფადობა ესმის, როგორც რაღაც უცვლელი, ზეგავლენისგან დაცული, შუშის ხუფის ქვეშ მოთავსებული ეკზოტიკური სამუზეუმო ექსპონატი. მართალი კი კულტუროლოგი, ეთნოგრფი და სოციოლოგი კლოდ ლევი-სტროსია, რომელმაც დაამტკიცა, რომ “ველური” და “ცივილიზებული” ადამიანი, სინამდვილეში, ერთია. ხალხები, რომელთაც ერთმანეთისგან ყოფს ოკეანეები, განათლება, აღზრდა და შეძენილი ცოდნა, ქვეცნობიერამდე თუ გადაფხეკ, ერთურთის მსგავსნი არიან. სხვადასხვა, ერთმანეთისგან სრულად იზოლირებული ხალხებისა და ტომების ტოტემები ერთნაირია, მათი ლეგენდები და ზღაპრები ერთსა და იმავე, სულ რამდენსამე ფაბულაზეა აგებული და ეს ურთიერთზეგავლენის შედეგი არ ყოფილა – უბრალოდ, ჩვენ, ადამის მოდგმა, თვითმყოფადობაშიც კი მსგავსნი ვართ და როცა ორი საათი ერთ დროს აჩვენებს, იმად არ, რომ ერთმანეთს ჰბაძავენ.

“მე წითელი მქვია”, განა, უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” თარგზე არაა მოჭრილი? მსგავსება ხომ აშკარაა და არაშემთხვევითი, მაგრამ უმბერტო ეკო 80 წლისაა, ფამუქი კი – 60-ის და თავის უფროს კოლეგას ლიტერატურული პრემიების რაოდენობითაც გადაასწრო უკვე და ჩინ-მენდლებითაც. 🙂 ჰოდა, მას რომ ვუდი ერქვას და არა ორჰანი, ვიტყოდი, რომ წაგვეხუმრა. 🙂 მაგრამ, რახან ორჰანი ჰქვია და არა ვუდი, ვიტყვი, რომ თავად იქცა, ნებით თუ უნებლიედ, თურქული კულტურის წარმატებული ვესტერნიზაციის მშვენიერ მაგალითად. 🙂 ქემალ ათათურქი ცოცხალი რომ იყოს, ორჰან ფამუქი მისი საყვარელი მწერალი იქნებოდა. “თურქების მამა” ხომ სწორედ იმაზე ოცნებობდა მთელი ცხოვრება, ახალ თურქეთშიც შექმნილიყო რამ აია სოფიას დარი (და არა მქრქალი ასლი) და ევროპულ კულტურას შეჰმატებოდა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

თავდაპირველად მინდოდა, ამ პოსტისთვის დაკარგული სტამბოლის სევდა დამერქმია და უფრო მოკლე და დალაგებული ყოფილიყო. 🙂 მაგრამ განივრცო და გააბდაუბდავდა. 😦

და კიდევ (ეს უკვე ბლოგერ mariefille-ს კითხვას ვპასუხობ, დიდი ხნის წინ რომ დამისვა და მაშინ, რაკი ფამუქი ჯერ წაკითხული არ მქონდა, პასუხი ვერ გავეცი) – ფოლქნერი არ არის.

🙂

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

31 thoughts on “მას ჰქვია ორჰანი”

  1. მეც არ წამიკითხავს.ისეთი პოსტია რომ მოგანდომებს წაკითხვას, მაგრამ მაგრად მეზარება კითხვა ეს ბოლო პერიოდი––ტოლკიენიც ვერ წაბიკითხე, Song of Ice and Fire მივატოვე . მოკლედ, ეჭვის თვალით ვუყურებ ორჰანის წაკითხვის პერსპექტივას

    Like

    1. მთავარია რომ მოგანდომებს 🙂 კაია.
      წაიკითხავ თუ არა, მაგაზე აწი ფამუქმა იდარდოს 🙂

      ისე, ჰობითი გამოვა მალე ჩვენთან, იმედია 🙂 17 უკვე მსოფლიო პრემიერაა და.

      Like

  2. ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე რომ კულტურათა კონფლიქტია თურქეთშიო და თანამედროვე კულტურა ძველის მოსპობის ხარჯზე ცდილობს დაიმკვიდროს თავიო. ფამუქს ეს ადარდებს.

    ახალი არ უნდა ააშენო ძველის დანგრეულზე – აი, გუდიაშვილის მოედნის მაგალითი თუნდაც. ათათურქი დიქტატორი იყო და ზემოდან ცდილობდა რაღაცეების შეცვლას და ამ დროს უბრალოდ მოსპო ის რაც ტრადიციული იყო – ამ მხრივ ალბათ მართალია ფამუქი. მაგრამ ის უფრო ათათურქის მემკვიდრეებს აკრიტიკებს – ამბობს, რომ ზედაპირულად ესმით ქემალიზმიო. ათათურქს ბევრად ნაკლებად აკრიტიკებს და უფრო აქებს ხოლმე.

    Like

    1. ათათურქის მკაცრი კრიტიკა კი დასჯადია. 🙂 ათათურქი სიმბოლოა იქ და საგამგებო კანონის მუხლი იცავს, როგორც დროშას და სხვა სიმბოლოებს. 🙂

      არ მგონია, რომ ასე დრამატულად იყოს საქმე – რაღაცის ნანგრევებზე შენდებოდეს ახალი. თან, სხვა ამბებიცაა მანდ, რაც ვესტერნიზაციას ეხება, მაგრამ არ მინდოდა პოსტი ძალიან პოლიტიზირებული გამოსულიყო. ფამუქს აწუხებს ის რაც მოხდა 50-იანებში ან უფრო ადრე, მაგრამ მაინც მის თვალთახედვაში რაც მოხვდა მეტ-ნაკლებად, მაგრამ კიდევ უფრო ადრე რაც მოხდა და ასევე ძალიან ცუდი იყო, არ ახსოვსავით… ნუ ადამიანის მახსოვრობა მუშაობს ეგრე, გასაგებია, მაგრამ რის შეცვლასაც თურქი რეფორმატორები ცდილობდნენ, სულაც არ იყო იდეალური და საბოლოო ჯამში დღეს თურქეთი ბევრზე უფრო ტოლერანტი და თანამედროვე ქვეყანაა და ეს სწორედ ამ რეფორმების შედეგად მოხდა.
      ამიტომ ვამბობ რომ არაა მისი კრიტიკა მთლად სამართლიანი. იმჰო.

      Like

  3. ტყუილად ელოდები. არ ვარგა 😀 უღიმღამო წიგნია და კინო რა ვიცი რა იქნება.Killing Them softly ნახე თუ წააწყდები

    თემას რომ დავუბრუნდეთ, შენი ნაწერიდან გამომდინარე, ამ ფამუქს ასე 3 წლით გაციმბირება არ აწყენდა

    Like

    1. ნუ ახლა შენი ასაკის არაა ეგ წიგნი. 🙂 მე ბავშვობაში წავიკითხე ძველი გამოცემა მაქვს და ოტ 2 დო 5 აწერია… თუ ოტ 5 დო 10 🙂
      ზღაპარია რა საბავშვო. ТLOTR-ის ამბავში ნუ უყურებ, როგორც პატარების ზღაპარს ეგრე შეხედე აბა რა კაია 🙂

      ფილმი კიდევ იმედი მაქვს მაგრაი იქნება. ეფექტები, რამეებს დაამატებდნენ კიდე სიუჟეტურად და კაი იქნება.

      Like

  4. სერიოზული პოსტია, მილორდ. სულ ველოდი, ბოლოსკენ, ერთხელ მაინც ძუძუებს ახსენებს მეთქი, და არაო 🙂

    დისკუსიის გამართვა მინდოდა და ლამის, ყველაფერში დაგეთანხმო. და კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხები, ცხადია, არც მე მაქვს.

    ფაქტი ერთია, ათათურქმა თურქეთი გადაარჩინა და რა ვქნათ, თუ ამას რაღაც ტრადიციებიც შეეწირა.

    ისე, ფამუქს “თურქ უმბერტო ეკოს” ეძახიან და არც თუ უსაფუძვლოდ.

    Like

  5. აბდაუბდა არაა კარგად გიწერია 🙂
    პარალელებზე გეთანხმები. რომ ვკითხულობდი სულ ჩვენი თავი მახსენდებოდა. კონსტანტინოპოლზეც გეთანხმები. მე ასე არ დავკვირვებივარ, მაგრამ კონსტანტინოპოლი ცოტაა მასთან და ბევრი სტამბულია. მართალი ხარ! ფამუქი თვითონ წერს, რომ კონსტანტინოპოლი აიღეს და არ დაეცა. ის ისტორიის მეორე მხარეს დგას, ბუნებრივია და იქედან უყურებს. ჩვენ არ გავქვს ეგ დილემა – თუ რამე ქრება ისევ ჩვენი ქრება და სტამბოლში ჯერ კონსტანტინოპოლი გაქრა და ახლა შეიძლება ის ოტომანის იმპერიის სტამბოლიც იკარგება.

    აბდაუბდა ახლა ეს კომენტარი გამომივიდა.
    კარგი პოსტია, მოკლედ.

    Like

  6. დამავიწყდა დამეწერა. “მე მქვია წითელი” და “შავი წიგნი” მომეწონა მე ყველაზე ძალიან მაქედან, რაც გიწერია და “უმანკოების მუზეუმი” რა თქმა უნდა. ფუსუნი არის ის გმირი, ვინც სიმპათიებს იწვევს და ვისაც გინდა გაყვე.

    “თოვლი” ძალიან პოლიტიზირებულია. “ჩუმი სახლი” კარგია ძალიან, მაგრამ ფინალი აქვს საშინელი.

    Like

    1. მუზეუმი არ წამიკითხავს. ზოგადად ახალგაზრდა ქალი პერსონაჟები იწვევენ სიმპათიას, მაგრამ მე მთავარ გმირებს ვგულისხმობდი.
      მდუმარების სახლში თუ სიჩუმის სახლში თუ ჩუმ სახლში ყველაზე მეტ სიმპათიას იმსახურებს ნილგიუნი, მოუხედავად იმისა, რომ კომუნისტია. 🙂 მაგრამ ის ერთადერთია, ვისი პირითაც არ მიდის თხრობა. ამით, მეორე პლანზე გადადის სხვა პერსონაჟებს შორის.

      Like

    1. ეგ “ახალი ცხოვრება” ვერ წავიკითხე. ძაან ნელა მიდის თხრობა და ჩამომეძინა.
      კი ვიცი, რომ მერე იწყება იქ მთავარი, მარა იქამდე ვერ მივედი და დავანებე თავი.

      Like

  7. ათათურქებამდე თუ ცუდი რამეები ხდებოდა თურქეტში, ეს ათათურქს არ ამართლებს. ეგრე ლენინამდე უარესები ხდებოდა და მაგ ლოგიკით რევოლუციაც ჯარგი იყო?
    ბერძნების გენოციდი, სომხების გენოციდი და ქრისტიანების შევიწროვება მოხდა მაგ დროს თურქეთში და რა მოსაწონი ათათურქია? ის რომ არა კიდევ საქართველოსთან ომი და მაზნიაშვილი რომ არა ბათუმი დღემდე მაგათი იქნებოდა.

    Like

    1. თქვი ახლა რომ ღადაობ. 🙂
      ლენინმა და სტალინმა რაც იქ ამბები დაატრიალეს, რაც მსოფლიოში ტირანი და ნაძირალაა, რომ მოაგროვო ერთად არ ჩაუდენიათ მაგდენი, არათუ იმ საბრალო ნიკოლოზს.

      გენოციდებს რაც ეხება თურქეთში – გადახედე მაგ ამბების თარიღებს და მერე ათათურქის თარიღებს და დაატოლე. 🙂

      საქართველოს რაც შეეხება – თურქეთი დღეს რომ იყოს რუსეთის მოკავშირე როგორც სირიაა ან მოლასტანი, როგორც ირანია და არ იყოს ნატოს წევრი და დასავლური სახელმწიფო – ჩვენ, საქართველოს გვექნებოდა სრული პიპეცი. და ჯერ კიდევ 90-იანებში გვექნებოდა სრული პიპეცი.
      ასე რომ – ათათურქს მადლობა ეკუთვნის ჩვენგან. იმჰო.

      Like

  8. მე დავრჩი ქართველთაგან, ვისაც “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” არ წაუკითხავს, მისი ბევრი სხვა წიგნიც – ასევე. თავიდან პროტესტის გრძნობა მქონდა – ჩვენში მისი საოცარი პოპულარობის გამო არ ვკიდებდი ხელს. შარშან ვიყიდე რაღაცები და უმეტესი წასაკითხი მიწყვია. მგონი ის პროტესტის გრძნობა ვერ გადავლახე ბოლომდე:)

    Like

  9. ფამუქი არ წუხს გავლენებზე და კულტურათა დიალოგზე (არ მიყვარს ეს ტერმინი). წერილებში თავად ამბობს, რომ ბევრი მწერალია, ვინც მასზე გავლენა მოახდინა და არათურქი მწერლებიც ბევრია მათ შორის. რუსი მწერლები უყვარს. უმბერტო ეკო. პავიჩის “ხაზარულ ლექსიკონს” ახსენებს, მაგრამ ეს ამდიდრებს კულტურას. ის აწუხებს რომ სხვა კულტურა აგრესიულად შემოაქვთ და ამით სპობენ საკუთარს. რამდენად ასე ხდება მართლა არ ვიცი, მაგრამ მისი პირადი განცდა ასეთია. თურქია და მძაფრად განიცდის, ჩვენ შეიძლება ვერც შევამჩნიოთ.

    მაგრამ ეს ბევრგანაა მსგავსი პრობლემა – ჩვენთანაც და ევროპაშიც. პარიზშიც ასევე არ მოსწონთ პომპიდუს ცენტრი დღემდე და ლუვრის პირამიდა და ლა დეფენსი გქონდა ადრე ნახსენები, უამრავი პარიზელია, ვინც ვერ იტანს მაგ უბანს. მაგრამ ტურისტებს უყვართ. 🙂

    Like

    1. ეიფელის კოშკი კიდევ, მაგრამ მაგას უკვე მიეჩვივნენ 🙂

      თუმცა, სტამბოლში პლუს ის ამბავია, რომ ევროპული არქიტექტურა იჭრება აზიურში… მაგრამ ესეც პირობითია. იგივე მეჩეთი, ჩემი, დილეტანტის თვალით, ბაზილიკაა იგივე. ამიტომ გადააკეთეს ასე მარტივად რომაული ბაზილიკები მეჩეთებად.
      გოთიკური ან როკოკო რომ ყოფილიყო, ვერაფერს უზამდნენ. 🙂

      მოკლედ გაზვიადებული შიშებია ეგ ზოგადად. და გლობალიზაციაფობია კიდევ.
      ჩემი დაკვირვებით სტამბოლმა ისწავლა როგორ უნდა იყოს ტელერანტი სხვადასხვა კულტურების მიმართ და ახლა არევ-დარევა არ უნდა ამ ამბავს. 🙂

      Like

  10. კეჟერაძის არ იყოს, დამბურძგლა, ისეთი პოსტია! 🙂
    მიუხედავად იმისა, რომ ფამუქი ახლა უნდა ავიღო პირველად ხელში (ან იქნებ სწორედ ამიტომაც).
    თუმცა ფამუქის წიგნებში იმდენი დაინახე, ვეჭვობ, ბევრ მის მოყვარულს ჰქონდეს მწერლის დარდი ასეთ პრიზმაში დანახული.

    დიდი პატივისცემა ჩემგან.

    Like

  11. თუმცა, რას ვამბობ, ქართველთაგან ხომ არვინ დარჩა, აქამდე რომ არ წაუკითხავს. მე ვიყავი აგერ და მეც წავიკითხე).

    და აგერ ვარ დარჩენილი ქართველთაგანი:)))
    ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი პოსტია:))

    Like

      1. ორჰანის ,,მე წითელი მქვია”
        ,,თეთრი ციხესიმაგრე”
        და ,,უმანკოების მუზეუმი” მაქვს წაკითხული. მე ,,სტამბულზე” ვთქვი და ,,თოვლი” 🙂

        Like

    1. ფამუქს კითხულობ თუ სტამბოლში მიდიხარ თუ სად გაგახსენდა? 🙂

      ისე, კაი გამახსენდა, რომ მუზეუმი დამრჩა წაუკითხავი. უნდა ვნახო ერთი. თორემ ფრანგული თრილერების ეპოქა ძაან გამიგრძელდა.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: