თბილა თუ არა, გვინდა თუ არა, ორ დღეში მაინც დაგვაზამთრდება.
მე არ მინდა, მაგრამ ვინ მკითხავს – აცივდება, ალბათ და ყინვებიც იქნება. ჰოდა, გადავქექე ჩემი გარდერობი. საშემოდგომო რამეები იქეთ გადავკიდე, საზამთრო რამეები – აქეთ გადმოვკიდე. კარდიგანებიც.
კარდიგანი ისაა, ჟაკეტსაც რომ უძახიან ჩვენში. შეცდომით. სინამდვილეში კარდიგანი ჰქვია, უფრო ზუსტად თუ გამოვთქვამ – ქარდიგანი. ასე ეწოდება უელსის ქალაქ-საგრაფოს, რომლის რიგით მე-7 გრაფს, სერ ჯეიმს ბრადენელს (James Thomas Brudenell) უნდა უმადლოდეს ეს მშვენიერი, თბილი, მოხერხებული და ელეგანტური სამოსი თავის პოპულარობას. ამ ამბებს კი მთელი ორი საუკუნე გვაშორებს.
სად გენერალი და სად დიზაინერობაო, იფიქრებთ, მაგრამ სერ ჯეიმსი ერთი ახირებული, თავისნათქვამა და უცნაური კაცი იყო. დაუდგრომელი. ყველაფერი ეინტერესებოდა. ახალგაზრდობაში მრავალი ქვეყანა შემოევლო. რუსი ქალებით მოიხიბლა. შემდეგ – შვედი ქალებით. გემოვნებას – ვერ დავუწუნებ. 🙂 სხვათა შორის, მოგვიანებით ისიც კი მოახერხა, რომ ცოლი და საყვარელი ერთმანეთს დაუმეგობრა და ცხოვრობდნენ სამივენი ასე ტკბილად. ორგზის პარლამენტის დეპუტატი იყო და ორთავეჯერ გამოაგდეს იქედან, რაკი ხმას ისე აძლევდა, როგორც მოეპრიანებოდა და არა როგორც მისი პარტია, თორები მოითხოვდა. მესამედ რომ იყრიდა კენჭს, ერთ-ერთ უბანში ოპონენტი კანდიდატის მომხრეებმა ისე სცემეს, ძლივს გამოასწრო (კი, მაშინაც ხდებოდა ეგეთი რამეები)… ჰოდა, არ იკითხავთ, რა ქნა? მიბრუნდა უკან და 20’000 მაშინდელი ფუნტი (დღევანდელი კურსით მილიონზე მეტი) დახარჯა ამომრჩევლების მოსასყიდად და თავისი გაიტანა – არჩევნები მოიგო.
აი, ასეთი კაცი იყო ეს ჩვენი გრაფი.
როდესაც ოსმალები და რუსები ყირიმის ომში შეასკდნენ ერთმანეთს, ინგლისი და საფრანგეთი – თურქეთის მოკავშირენი, ბრძოლაში ჩაებნენ და ჯეიმს ბრანდელი, როგორც მისი უდიდებულესობის გენერალი, სევასტოპოლთან გენერალ მენშიკოვს დაუპირისპირდა… დაუპირისპირდაო, ხმამაღალი ნათქვამია – მის ბრიგადას ერთი საბრძოლო ამოცანის გადაწყვეტა დაევალა ბალაკლავასთან, რომელიც წარმატებით ნამდვილად არ დასრულებულა, თუმცა მეომრებმა საარაკო სიმამაცე გამოიჩინეს. ბრძოლის შემდეგ გენერალი ბრანდელი გემზე დაბრუნდა და, ვითომც არაფერიაო, ვახშამს შეექცა. სწორედ აქ წამოადგა თავს პრესა, რომელმაც გენერლის ბრიგადის მამაცობის ისტორია მთელს ბრიტანეთს მოსდო. სტატიას ფოტოც ერთვოდა თან, სადაც სერ ჯეიმსი მისი გემოვნებით პირადი თერძის მიერ გადასხვაფერებულ სამხედრო მუნდირში იყო გამოწყობილი. სამოსი მეყსეულად პოპულარული გახდა. მას შემდეგ, ზემოთაც ვთქვი, ორმა საუკუნემ განვლო – სხვა თერძებმაც თავიანთი ხელი შეავლეს, მიკერეს, მოკერეს, მოარღვიეს, მიამატეს. კარგა ხანს მამაკაცურ სამოსად მიიჩნეოდა, 50-იანებში კი, კოკო შანელის წყალობით, ქალების გარდერობშიც დაიმკვიდრა თავი. ქალის ქარდიგანი, ჩვეულებრივ, მარგალიტისა და სადაფის ღილებით გაწყობილი, ელეგანტური და კოხტა იყო. 70-იანებში ფრანგული კომპანია Phildar-ი
ს მაღაზიებში ათასგვარი გეომეტრიული ფიგურებით დამშვენებული ქარდიგანები გამჩნდა. 80-ინებში ქარდიგანი აფერადდა და გახალისდა, შალს დაემატა ზამშა (მეტადრე – იდაყვებზე). პრინცესა დაიანამ მრავალი თეთრი და ერთი შავი ცხვრით დაწინწკლული ქარდიგანი მოიხდინა. 90-იანებში პოპულარული გახდა ქაშმირის ქარდიგანი აბრეშუმის ელემენტებით, რომელიც გამორჩეულად მაინც თინეიჯერებმა აიტაცეს… ასე გამოიარა ამ სამოსმა ორას წელიწადზე მეტი და აგერ 21-ე საუკუნეშიც გადმოგვყვა, მაგრამ ქარდიგანი რაც იყო, მცირე თუ დიდი ვარიაციებით, მაინც იმად დარჩა და სრულიად დამსახურებულად ატარებს დღემდე სერ ჯეიმს ბრანდელის, ქარდიგანის რიგით მე-7 გრაფის სახელს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ვაი როგორ ვერ ვიტან ზამთარს-გვინდა თუარა მაინც კარზეა უკვე.
LikeLike
ზამთრის გარდერობზე გამახსენდა რომ ორი ჩანთა ზამთრის ტანსაცმელი დავკარგე და ფაქტიურად არაფერი არ მაქვს ჩასაცმელი.
LikeLike
აეროპორტში იზარალე?
ანა
მართალი ხარ. 🙂 მარა ეწეროს, როგორცაა.
LikeLike
არა ზაფხულის გარდერობი რომ გავამდიდრე ,ზამთრისები ჩავალაგე და სად შევინახე ვეღარ ვიპოვე ალბათ სარდაფში და ალბათ მოიპარეს.
LikeLike
საინტერესო ამბავია, მაგრამ დიანას მაგ ფოტოზე კარდიგანი კი არა სვიტრი აცვია 🙂 ღილები არ აქვს წინ, დააკვირდი კარგად. 🙂

მაგრამ ცხვრიანი კარდიგანებიც არის, კაშნეები, ქუდები და ხელთათმანები. პოპულარული დიანას წყალობით გახდა.
LikeLike
პოპულარულია სკანდინავიური მოტივებიც – ფიფქები, ირმები და ა.შ.

LikeLike
კი პოპულარულია ძაან.
ფოტოლინკს რომ დებ – თეგებში ჩასვი img src=”image.jpg”/ თორემ სპამში აგდებს 🙂
LikeLike
ყოველთვის მომწონდა – კაცებზეც და ქალებზეც. თავადაც სიამოვნებით ვატარებ.
როგორ საინტერსო ამბებს დაწერ ხოლმე, რას წარმოვიდგენდი ამ გრაფის ამბებს. თან რა მოხერხებული ყოფილა – ცოლი და საყვარელი დაამეგობრაო 🙂 პრინციპში, ქარდიგანებიც მოხერხებულად სატარებელი ტანსაცმელია 🙂
ზამთარი ჩემსავით არ გყვარებია.
LikeLike
მეც ვერ ვიტან ზამთარს, აი ქარდიგანები კი პირიქით, ძალიან მიყვარს და როგორც წესი 4-5 მაინც მაქვს ხოლმე სეზონზე, ძალიან მოხერხებული რამეა.
დაიანა რა ლამაზია 🙂 მემგონი იდეალური ქალი იყო, ყოველ შემთხვევაში შორიდან ასე აღიქმება.
სახელწოდების ისტორია ნამდვილად არ ვიცოდი, ძალიან საინტერესო იყო, მოკლედ ქე შემომესანსლა ეს გემრიელი სტატია..
LikeLike
ისე აი მაგ ყმაწვილსაც ძალიან უხდება ეგ ქარდიგანი, პირველ ფოტოზე 🙂 რაღაცნაირი ელეგანტური და შარმიანია კრეიგერი, როგორც ჭეშმარიტ ბონდს შეეფერება ისეთი…
LikeLike
🙂
LikeLike