კატების ქალაქი, რომელიც ძაღლებმა გადაარჩინეს

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

***ნაწილი 7 და ბოლო***

მოჰამედის კატები და დაჩიპული ძაღლები

100_2610სტამბოლი კატების ქალაქია. ამბობენ, რომ მოჰამედს უყვარდა კატები, აქედანაა, ალბათ, თურქების მათადმი სიყვარულიც. თბილისელი ქუჩის კატები თუ მშიშრები არიან და ადამიანს უფრთხიან, სტამბოლში – სხვა საქმეა. ეს ქალაქი მათია. ოთხთათები მუდამ ორფეხებს შორიახლო დაცუნცულებენ და ხელებში შეჰყურებენ სასუსნავის მოლოდინში.

სტამბოლის მიწაზე დავდგი ფეხი თუ არა, სირქეჯის სადგურში ერთი კატა ამედევნა ძაღლივით და სანამ იქაურობას ვათვალიერებდი, გიდობას მიწევდა. ჩემი ბაბუის ბაბუა და კიდევ იმისი ბაბუა სადგურში მუშაობდა თაგვების რისხვად და თავისი ორი თვალით დაინახა, როგორ ადიოდა ერკიულ პუარო “აღმოსავლეთის ექსპრესშიო”, – ასე მითხრა.

კატებს ნახავთ ყველგან – სასტუმროებსა და კაფეებში, მუზეუმებსა თუ მეჩეთებში. მიდიხარ და რომელიღაც პატივსაცემი იმამის აკლდამაში კატების მთელს ოჯახს გადაეყრები ერთი დუჟინი კნუტებით… არც არვინ ყრის იქედან, პირიქით – პატრონობენ. ჩვენში, მახსოვს, ვინმემ ფოტო ატვირთა ფეისბუქზე – ხატთან ჩამომჯდარი კატა და მახსოვს კომენტარები და ალიაქოთი.

100_2708 100_3235

გაეროს დემოგრაფიული კომიტეტის მონაცემებით, 2012 წლის აპრილში კატების რაოდენობამ ქალაქ სტამბოლში გადააჭარბა ადამიანების რაოდენობას… თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ციფრები კომიტეტს თავად კატებმა მიაწოდეს, ამიტომ, ვერ ვენდობით. იმასაც ამბობენ, აია სოფიასა და ლურჯი მეჩეთის შემდეგ სტამბოლში ყველაზე მეტ ფოტოს სწორედ კატებს უღებენო.

ძაღლებს კი, თავიდან, ნაკლებად გაუმართლათ – გასული საუკუნის დასაწყისში ქალაქის მესვეურებს ძაღლები მარმარილოს ზღვის კუნძულებზე გაყავდათ და იქ ტოვებდნენ, 100_2803რომ სტამბოლის ქუჩები გაეთავისუფლებინათ, მაგრამ დღეს ეს ბარბაროსული მეთოდები ისტორიას ჩაბარდა. თურქული კანონმდებლობა ცხოველების უფლებების დაცვის შესახებ მკაცრია – მუნიციპალიტეტს ევალება უპატრონო ცხოველებს ჩაუტაროს ვაქცინაცია და სტერილიზაცია და დააბრუნოს იქ, საიდანაც აიყვანა. ძაღლებს ვაქცინაციის დამადასტურებელი ჩიპები აქვთ ყურზე, რაც იმის გარანტიაა, რომ ცხოველი ჯანმრთელია და შეგიძლიათ, მშვიდად მოეფეროთ. ჩიპი ჩვენი ახალი აიდი ბარათის მსგავსია – ძაღლის მთელი ისტორიაა ზედ ჩაჩიპული, ასაკისა და მისამართის ჩათვლით… შეიძლება, სახელიც წერია. 🙂 თქვენ კი მეუბებით – მამაიობიო… 🙂

  • ორჰან ფამუქი თავის “სტამბოლში” ასე წერს, ძაღლები შუკა-შუკა დაეხეტებიან, ხალხმრავალ ადგილებს ერიდებიან და ნაგვის ბუნკერებში იქექებიანო. წიგნი პირველად 2003 წელს გამოსცეს და ქალაქში მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს სტამბოლელმა ძაღლებმა ძველი წყენანი დაივიწყეს და აღარც ყველაზე ხალხმრავალ და ტურისტულ ადგილებს ერიდებიან – სულთან აჰმედის მოედანს, გალათას კოშკს, თაქსიმს… არც ნაგავში საქექად აქვთ საქმე.

100_3343 100_3045

ვინ არ იცის, თუ როგორ იხსნეს რომი ბატებმა, მაგრამ 340 BC ბიზანტიუმი (იგივე კონსტანტინოპოლი, იგივე სტამბოლი) ძაღლებმა გადაარჩინეს. როდესაც ფილიპე მაკედონელმა ქალაქზე იერიში უმთვარო კუნაპეტი ღამის საფარქვეშ მიიტანა, ყველას ეძინა, მეციხოვნეთაც კი, მაგრამ არ ეძინათ ძაღლებს, რომელთაც ყეფა ატეხეს და გუშაგები გააღვიძეს. ძაღლების ყეფაზე მთვარემაც თვალები ჭყიტა, ღრუბლებიდან გამოიხედა, აბა, ვნახო, რა ხდება ერთიო და არე-მარე გაანათა. ფილიპეს ოინი არ გამოუვიდა, იერიში ჩაუფლავდა და ალყის მოშლაც მოუწია.

ამიტომაცაა, ეგებ, რომ დღეს სტამბოლში ძაღლებს არ ერჩიან, მიუხედავად იმისა, რომ ისლამში ძაღლი უწმინდური ცხოველია…  ბევრგან თვალს მოჰკრავთ –  მშრალი საკვებია დაყრილი კატებისთვის და ძაღლებისთვის, ჭურჭელი – წყლით, რომ სტამბოლელი ოთხფეხები გაუწყლოებისგან იხსნან. ასე რომ გვივლიდნენ, ქართველები კარგა ხანია ათი თუ არა, რვა მილიონი მაინც გავხდებოდით… ოღონდ – სტერილიზაციის გარეშე. 🙂 🙂

რა გასაკვირია, რომ სტამბოლელი ძაღლებიც ძალიან კეთილგანწყობილნი არიან. დიდი ზომის – ნამდვილი ქოფაკები… მაგრამ – გულკეთილი ქოფაკები.

100_3254 100_3425

გირჩევთ, ერთჯერადი სველი ხელსახოცები იქონიოთ თან – აუცილებლად მოეფერებით ვინმე ბუნდღლიანს და ხელი რომ დაბანოთ მერე. 🙂 თუ კაფეში მოეფერეთ მაგიდის ირგვლივ მოდარაჯე კატებს – ოფიციანტი ხელის ლოსიონს გამოგიტანთ – კარგად კი ბანს, მაგრამ ძლიერი სუნი აქვს. და წაუმყრალებს. 🙂

  • ამასწინათ ერთმა ფეისბუქელმა მეგობარმა მკითხა, ევროპისკენ თუ აპირებო. სტამბოლში მივდივარ-მეთქი, – ვუპასუხე. ნუ მეკაიფებიო, – გული მოუვიდა, არადა, სულაც არ ვეკაიფებოდი – ჩემთვის სტამბოლი მართლაც ევროპული ქალაქია და მათ მიმართ დამოკიდებულება, ვინც მოიშინაურეს – ამის ერთი კარგი დასტურია.

კატებისა და ძაღლების გარდა, სტამბოლელი თოლიებიც აუცილებლად გაგაცნობენ თავს – ისინი ფრენა-კამარის ვნებაზე მეტად საკვების ვნებას შეუპყრია, მზისკენ აჭრილან კიარა, სანაპიროზე მოფუსფუსე ხალხსა და გემებს დასტრიალებენ…  ბათუმი გამახსენდა. კრუიზი შავ ზღვაზე, გემბანიდან რომ ვუყრიდი ძეხვისა და ყველის ნაჭრებს თოლიებს, ისინი კი ჰაერში იჭერდნენ და მადიანად შეექცეოდნენ…

ეჰ, ჯონათან… ჯონათან…

ბაირამობა

სტამბოლში ჩემს ყოფნას სამი ამბავი დაემთხვა. დაემთხვა რა, ზოგი – დაემთხვა, ზოგიც – დავამთხვიე. მოგზაურობა ისე დავგეგმე, რომ ყურბან-ბაირამს (კურბან ბაირამს) იქ დავსწრებოდი. ეს დღესასწაული აბრაამის მიერ უფლისთვის მსხვერპლის შეწირვის ბიბლიურ ამბავს უკავშირდება და 4 დღე გრძელდება. პირველ დღეს მუსლიმები ცხვარს კლავენ და მომზადებული კერძით ღატაკებს აპურებენ, მაგრამ ბაირამის გამორჩეულად კარგი ტრადიცია “ტკბილი დღეებია” – მუსლიმმა უნდა ბევრი ტკბილეული მიირთვას და სტუმრებსაც გაუმასპინძლდეს. 🙂 არ ვიცი, სხვა ქვეყნებში როგორაა, მაგრამ თურქეთში რელიგიური დღესასწაულები ტურისტს დისკომფორტს არ უქმნის. სახელმწიფო დაწესებულებები დაკეტილია, მაგრამ იქ არც არაფერი გესაქმებათ, სხვამხრივ კი – ტრანსპორტი მუშაობს, პოლიცია პატრულირებს, მუზეუმები ღიაა (მხოლოდ ბაირამის პირველ დღეს დილის ნაცვლად ნაშუადღევს იწყებენ მუშაობას, მაგიერ, ბაირამის ბოლო დღესაა ბილეთებზე ფასდაკლება), კაფეები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიებიც მუშაობს, ბევრგანაა საქონელი  “გაინდირიმებული”. 🙂 თუმცა, ბაზრობები კია დაკეტილი.

წელს ყურბან-ბაირამს რესპუბლიკის დღე მიჰყვა (ესეც მეხუთე არასამუშაო დღე. გაუმართლათ თურქებს). 🙂 ანკარაში აღლუმი იმართება, სტამბოლში კი – გრანდიოზული ფოიერვერკი ბოსფორზე. თანაც – არაერთი. სხვადასხვა ადგილას, ბოსფორის ორივე ნაპირზე, ერთიმეორის მიყოლებით. აუცილებლად სანახავია.

აი, ჰელოუინმა კი უჩუმრად ჩაიარა სტამბოლში. მოსაწყენად. არც უცემიათ ვინმე, არც – არაფერი. არადა, ქალაქის ცენტრში, თაქსიმზე მაღაზიები ალმოდებული გოგრებით იყო მორთული და ათასი ჯურის შაითანური ნიღბებით ვაჭრობდნენ. პერას მუზეუმში კი საშინელებათა ფილმების საღამო და რომელიღაც თურქული ჯგუფის ტერორ-პოპის 2012-10-30-144კონცერტი გაიმართა. ეს მუსულმან მშობელთა კავშირი რას მიკეთებდა, ვერ გავიგე. 😦

ვისაც ნამდვილად არ ველოდი სტამბოლში და სასიამოვნო სიურპრიზად დამხვდა – კლოდ მონე ოყო. თვითმფრინავში, “პეგასუსის” ჟურნალიდან გავიგე, რომ საქიფ საბანჯის მუზეუმი, თურმე, ჩემი უსაყვარლესი მხატვრის გამოფენას მასპინძლობდა… რა თქმა უნდა, ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შემეძლო და გეგმები შემეცვალა – გრაფიკი გადავალგ-გადმოვალაგე და მონეს თავისი ადგილი მივუჩინე. მის მშობლიურ “მარმოტანშიც” კი მყავს ნანახი, თან – არაერთხელ, მაგრამ მონე “ზედმეტი” არ შეიძლება იყოს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

1. სტამბოლი და სტამბოლს მიღმა. ნაწილი 1
2. ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი. ნაწილი 2
3. ფოტოობიექტივში დანახული სტამბოლი. ნაწილი 3
4. სტამბოლი შოფინგური. ნაწილი 4
5. სტამბოლი გასტონომიული. ნაწილი 5
6. სტამბოლი: მეტი კომფორტი ტურისტს. ნაწილი 6

Advertisements

29 thoughts on “კატების ქალაქი, რომელიც ძაღლებმა გადაარჩინეს

    • მაგაზე ვწერდი ზუსტად წინა ნაწილში – ის სტერეოტიპები, რაც “ისლამისტურ” სამყაროს უკავშირდება ჩვენს გონებაში – სტამბოლში იმსხვრევა სრულად.
      ნუ თუ დანახვა გინდა, რათქმაუნდა, თორემ დაუნახავებზე არ ვამბობ. 🙂

      შენ დაინახავ და მოგეწონება ასე მგონია.

      Like

  1. ის ფისო რა ტიპია, ზემოთ რომ იყურება. ასე გეგონება, კედელზე წარწერას კითხულობს. 🙂

    საინტერესო ციკლი გამოგივიდა.

    Like

  2. კი, ძალიან საინტერესო ციკლია. შენ წარმოიდგინე ეს შენი სტამბულის ხაზი ჩემი ისფირეიშენიც კი გახდა, ერთი იდეა მაქვს და ვნახოთ, თუ გამომივიდა…
    ისე კატებს ვერ ვიტან, თან მეშინია, თან მძულს… მითუმეტეს მუსულმანი კატები უჰ უჰ ;))))

    Like

  3. ძაღლები კიდევ ხო, მაგრამ კატები არ მომწონს.
    რაც შეეხება სტამბულს არც არსდროს მგონებია აზია. ისე მე დასავლეთზე მეტად არმოსავლეთი მომწონს.

    Like

  4. ამას წინათაც შემოვედი, ვუყურე სტამბოლზე პოსტებს და გავედი. ჩემი ერთ–ერთი საოცნებო ქალაქია, სადაც მინდა წასვლა. ვხედავ, რომ ყველაზე მრავალფეროვანი ჩანაწერებია მასზე, რაც კი შემხვედრია აქამდე ბლოგებზე. და მინდა განსაკუთრებული სიამოვნება მივიღო მათი წაკითხვისგან და სხვადასხვა საქმეები არ მექაჩებოდნენ თავისკენ… აი, სასურველ წიგნს რომ გადადებ, ისე ვარ. უახლოეს დღეებში ვიზამ ამას. ფოტოები ძალიან მომწონს!

    Like

  5. ძაან ინფორმაციული პოსტები იყო. მადლობა.
    მე მინდა წასვლა აგვოსტოს ბოლოს 10 დღით და დაახლოებით მაინც რა დაჯდება გზის და სასტუმროს გარეშე? იქ ადგილზე მაინტერესებს რამდენი დაეხარჯება ორ ადამიანს. მიახლოებით რომ მითხრა მაინც.

    და კიდევ სტამბულის გარდა რომ გახვიდე სტამბულიდან ისე რომ დაბრუნდე უკან იმავე დღეს ან მეორე დღეს ეგეთი სად ღირს წასვლა? ვთქვათ ერთი კვირა გავჩერდი სტამბულში და კიდევ სადმე გავედით ორი დღით, ამას ვგულისხმობ.
    რაღაცეები კი ვნახე ინტერნეტში, მაგრამ როგორც მივხვდი კარგად იცნობ და შენი აზრიც მაინტერესებს თუ არ დაგეზარება.

    Like

    • ძნელი საპასუხოა 🙂 ახლა რაღაც თანხა რომ დავწერო და მერე არ გეყოს და გაიჭედო იქ უფულოდ ტეხამს. 🙂
      ისე, ერთგან ამოვიკითხე და, მგონი, სწორია ძირითადად – სასტუმროზე რამდენიც დაგეხარჯებათ დაახლოებით ერთი მაგდენიც უნდა იანგარიშოთო.

      რაღაც ფასები კი მიწერია პოსტებში – კვებაზე, მაგალითად დავწერე. საქალაქო ტრანსპორტზე მიწერია მგზავრობა რა ღირს. საშუალოდ დღეში 5-6-ჯერ მოგიწევს ტრანსპოტით სარგებლობა, თუ ბევრი რამის ნახვა გინდა, მოასწრო – ქალაქი არის გიგანტური ზომის და ისე ვერაფერს მოასწრებ. თან ფეხები მოგტყდება. 🙂
      მაგრამ ამ გათვლაში ფეხით სიარული მაინც მოგიწევს თან ბლომად. 🙂 ასე რომ ეს იმ შემთხვევაში თუ ფეხით სიარულიც არ გეზარება და რამე. კარგ ფორმაში უნდა იყო. თუარა – კაი 10-ჯერ მაინც უნდა დათვალო რეისები. გადაჯდომებია და ტრანსპორტის გამოცვლაა საჭირო ხშირად.

      ან ვარიანტია – ნაკლები რამეები ნახო, მარტო ძალიან საპროგრამო რაცაა. მაშინ იოლია.

      სტამბოლთან ახლოს რომ იყოს – ბურსაა ალბათ საინტერესო. ახლოა თან გემი მოძრაობს. ნებისმიერ პორტში მიხვალ და იქ ნახავ ბილეთებს ყიდიან ბურსაზე. რამდენიმე გემი გადის დღეში. 2 საათია სულ გზა.
      ისეკი ბევრი საინტერესო ადგილი საკმაოდ მოშორებულია.
      კაპადოკია, ალბათ ერთი ვარიანტია. სულთანაჰმეთზე არის ტურების რეკლამების დამრიგებელი სასტავი. მათ შორის ბევრი ეგეთი საავტობუსო ტურია რა. ნახავ ადგილზე. ავტობუსის კომპანიებსაც შეგიძლია მიადგე პირდაპირ, აიღო ბილეთი და წახვიდე. http://www.ulusoy.com.tr/default.aspx ულუსოია ყველაზე საუკეთესო.
      ყველაზე მაგარი ადგილი არის ეფესი. ძველი ქალაქია. მაგრამ ეგ ძაან შორსაა. იზმირთან.

      ისე, პირველად ჩადიხარ სტამბოლში, როგორც ვხვდები და 10 დღე არც გეყოფა. 🙂 ასე მგონია რა.
      თუმცა, ეს სუბიექტურია. მე ზოგადად არ მიყვარს გადარბენები გალოპით მონახულება რამდენიმე ქალაქის და რამე. ტურები. მირჩევნია ერთი ვნახო მშვიდად და კარგად. მერე მეორე ჯერზე სხვა.
      რავი. მოქექე კარგად და სანამ წახვალ კი მოიფიქრებ მანამ.

      კაი ამინდებს გისურვებ. 🙂

      Like

  6. მადლობა!
    ეფესი მეც მოვინიშნე, მაგრამ ძალიან შორსაა სტამბულიდან.
    კაპადოკიაზე უფრო ვფიქრობ, თუ სწორედ დავთვალე ეგ უფრო ახლოა და შეიძლება ბოლო ორი დღე წავიდე კაიზერში იქ გავჩერდე ერთი ღამე დავბრუნდე უკან და გამოვფრინდე.

    Like

    • პირიქითაა ეგ! კაისერო ორჯერ უფრო შორსაა სტამბოლიდან 🙂 ეს ჩვენგანაა უფრო ახლო.
      რავი, თუ დამიჯერებ, ჩემი რჩევაა გათვალო სტამბოლზე. არ გეყოფა კიდეც ეგ ერთი კვირა იქნები თუ 10 დღე.

      ისე, დასათვალიერებლადაც ეფესი უფრო მარტივია. კაპადოკია გაშლილია და ეფესი ერთი ქალაქია. ერთ დღეში დათვალიერება ეფესის გაცილებით იოლია.
      მატარებელიცაა იზმირამდე, ავტობუსიც, ფრენა თავისთავად. ასევე გემიც მიდის ბურსაში ან ბანდირმა – არის ეგეთი ქალაქი მარმარილოს ზღვაზე – მაქამდე მიდის გემი (ბორანი რა) და მაქედან მატარებელია იზმირამდე. ავტობუსიც.
      მოკლედ ბევრი ვარიანტია 🙂 მე მაქვს გეგმაში ეფესი როგორც აუცილებელი სანახავი და შარშანაც ვგეგმავდი, უბრალოდ დრო არ დამრჩა სტამბოლის მერე და წელსაც ვფიქრობ თუ სიტუაცია მექნა. არ ვიცი ჯერ.

      Like

      • ამერია.
        კაპადოკიაში აქედან ჯობია ალბათ წასვლა.
        გავითვალისწინებ შენს რჩევებს. ეფესს სხვა დროისთვის გადავდებ, ალბათ.
        ინტერნეტში ვიქექები ეს დღეები ახლა ვნახე რამდენი რამეა მანდ სანახავი. კაპადოკია, ეფესი, ტროა, პამუკალე. კი მქონდა გაგონილი, მაგრამ როცა ეძებ სულ ახალ-ახალი ადგილები ჩნდება :/

        კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ პოსტებისთვის და რჩევებისთვის.

        Like

      • უამრავზე უამრავი 🙂

        ქალაქი-მუზეუმებიდან ეფესი, პერგამონი, ჰერაპოლისი. კიდევ არის ჰეტუშა – ეს ხეთების ქალაქია. და კიდევ რამდენიმე ძველი ქალაქია, რომელიც ცოცხალი ქალაქებია, არა მუზეუმები თანამედროვე ქალაქებია, სადაც ანტიკური ხანის და გვიანი პერიოდის ბევრი საინტერესო ძეგლია შემონახული – კონია არის ერთი ეგეთი. ძალიან საინტერესო უნდა იყოს წესით. ბევრი რამეებია იქ.
        და კაპადოკიაც ძალიან მაინტერესებს.
        ესენია ჩემს თრეველლისთში 🙂 და ისე კიდევ ბევრია :))
        ჰო, ასპენდოსი კიდევ. 🙂 ეგ თეატრია ანტიკური ხანის, რომელიც მოქმედია დღესაც.

        Like

  7. ძაან თუ არ შეგაწუხე ერთი კითხვა მაქვს კიდევ.
    HTC Desire მაქვს და აქვს GPS, შევამოწმე და მუშაობს გუგლის რუკები, მაგრამ ონლაინში უნდა იყო სულ და იქ ვაიფაი არ მექნება ქუჩაში და რა გამოვიდა – როუმინგზე უნდა სულ ჩართული მქონდეს მობილური ინტერნეტი? გავიყიდები აბა. 🙂

    კიდევ რა მაინტერესებს – ადგილობრივი ნომრის აღება შემიძლია ხომ სანამ იქ ვარ? ეგრე ჯობია ალბათ.

    Like

    • მე ნოკია მაქვს და გუგლმეფს არ ვიყენებ, მაგრამ თუ არ ვცდები, გუგლი ოფლაინ არ მუშაობს.
      მაგრამ მარქეთზე იქნება სხვა ლოქეიშენ-პროგრამები, ისეთებიც, რუკებს რომ გაქაჩინებს.
      ნოკიასმეფსიც არის ანდროიდისთვის HERE ქვია ახლა. ძაან კარგი რუკები აქვთ – საქართველო არა აქვთ გაკეთებული, მაგრამ სტამბოლის აქვთ და საკაიფოა. მაგას ვიყენებდი მე. ტელეფონში ჩამოგაქაჩინებს რუკებს და არ გჭირდება ონლაინი.
      ნუ სხვებიც იქნება.
      თუ გუგლზე არაა HERE, ამაზონზე ნაღდად არის. ამაზონის ეფსთორზე – მარქეთის პონტია ეგეც ანდროიდ პროგრამების.

      ადგილობრივი ბარათიც შეგიძლია აიღო – მიდი თურქსელში და აქვთ ფრიფეიდ სიმები. მე არც ეგ დამჭირვებია – გლობალსელი მაქვს და მაგას ვიყენებ.

      Like

  8. შემეცვალა დეკემბრის გეგმები და გამოცდის ჩასაბარებლად ისევ სტამბულს უნდა ვეწვიო – ფინანსებმა დუბაი გამიმაზა… სამაგიეროდ, შვიდივე ნაწილი გადავიკითხე და დავაწყვე უკვე გეგმები 🙂

    Like

  9. დიდი მადლობა ავტორს. ბევრი საინტერესო და სასარგებლო რჩევები შევიტყვე სატამბულში მოგზაურობის შესახებ.ნადვილად გავითვალისწინებ.

    Liked by 1 person

  10. ავტორს,მილიონი მადლობა სასარგებლო-საინტერესო ბლოგისთვის…დღე დღეზე მივფრინავ და დეტაკებში ვითვალისწინებ უამრავ რამე…უბრალოდ 3 დღეში რამდენად შევძლებ ამ ყველაფრის ნახვა-ათვისებას…მოკლედ,კიდევ ერთხელ მადლობა

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s