მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 3***
სტამბოლის ტურისტული ადგილების (ღირშესანიშნაობებს რომ ვეძახით) ჩამონათვალს ნებისმიერ ონლაინ სითიგაიდში ნახავთ (თუნდაც, აგერ ამ გვერდზე) შემდეგ კი, გემოვნებისა და ინტერსების ამბავია – ჩემთვის, რომის იმპერიის დიდი მოყვარულისთვის, შეიძლება, იმდროიდნდელი კენჭიც კარგი სანახავი იყოს, სხვამ კი არად ჩააგდოს, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მაქვს:
მუზეუმები და მეჩეთები
- წინა დღით დაგეგმეთ მომდევნო დღე: სად წახვალთ, როგორ წახვალთ, როდის წახვალთ და რას ნახვთ – სტამბოლი უზარმაზარი ქალაქია და სანახავი – ძალიან ბევრი, ცოტა მეტი ორგანიზებულობა გაგიადვილებთ საქმეს. ტრანსპორტის სქემას ჩახედეთ, მისამართები ამოიწერეთ (ადრეც დავწერე და კიდევ გავიმეორებ – GPS-ოფლაინ რუკა მობილურში ან ტაბლეტში – მეტი რომ არ შეიძლება, ისე დაგეხმარებათ!).
- ისეთი მუზეუმები, როგორიცაა არქეოლოგიური ან თოფქაფეს სასახლე – უმდიდრესია. პირველს 4 საათის განმავლობაში ვათვალიერებდი, მეორეს – დაახლოებით 3 საათი. დღეს რომ დაგეგმავთ, ესეც გაითვალისწინეთ.
- სტამბოლის მუზეუმების დიდი ნაწილი ორშაბათობით დაკეტილია, ზოგიერთი – სხვა დღეებში, ზოგი 4 საათამდე მუშაობს, ზოგიც – უფრო გვიანობამდე – სანამ სასტუმროდან დაიძვრებით, გადაამოწმეთ.
- მზად იყავით რიგში ჩასადგომად. ყველაზე ცნობილ მუზეუმებსა და მეჩეთებში (აია სოფია, თოფქაფეს სასახლე, მიწისქვეშა წყალსაცავი (ცისტერნა), არქეოლოგიური მუზეუმი, ლურჯი მეჩეთი) იმსიგრძე რიგი შეიძლება დაგხვდეთ, რომ გული შეგიწუხდებათ… რაც უფრო ადრე დაიწყებთ დღეს, მით მეტს მოასწრებთ და ნაკლებ დროს გაატარებთ დამღლელ ლოდინში… სტამბოლში მუეძინიც თქვენს მხარესაა – დილაუთენია მინარეთიდან შემოგძახებთ – ადე შე ძილისგუდა, გათენდაო. 🙂
- მზად იყავით იმისთვისაც, რომ სადმე საცობში გაეჩხირებით – სტამბოლის ქუჩები სულმუდამ გადატვირთულია (როგორ ავცდეთ საცობს, ამაზე მეორე ნაწილში ვწერდი). დოლმაბაჩეს სასახლიდან ბებექის რაიონისკენ – საქიფ საბანჯის მუზეუმის (Sakıp Sabancı Museum) დასათვალიერებლად მთელი 3 საათი (!) მივდიოდით, როცა 30 წუთიც საკმარისია (ამ მუზეუმში კალიგრაფიის ნიმუშების გამოფენაა, თუმცა მე, პირველ ყოვლისა, მონეს სანახავად მივეშურებოდი, ვის ექსპოზიციასაც ეს მუზეუმი მასპინძლობდა ჩემს იქყოფნაში).
- ვფიქრობ, მუზეუმის ბარათი (Museum Pass) გამოგადგებათ – ერთი რომ, ბილეთის რიგში დგომას ასცდებით (ბარათი თავადაა დიჯიპასი, თუმცა, მხოლოდ კულტურის სამინისტროს ბალანსზე მყოფ მუზეუმებში მოქმედებს – აია სოფია, თოფქაფეს სასახლე, კორას ეკლესია, არქეოლოგიური და მოზაიკის მუზეუმები), მეორეც, რიგ მაღაზიებსა და კაფეებში დისკაუნტის უფლებას გაძლევთ, ისევე როგორც – მთელ რიგ კერძო მუზეუმებსა და ატრაქციონებზე ბილეთის შეძენისას (მაგალითად, საბანჯის მუზეუმის, საფირის კოშკისა თუ სტამბოლის აკვარიუმის). Museum Pass, როგორც დიჯიპასი 72 საათი მოქმედებს, მაგრამ როგორც დისკაუნტ-ბარათი უვადოა! მე ვისარგებლე და ძალიანაც გამომადგა. სულთანაჰმეთის მოედანზე, აია სოფიას გვერდით კულტურის სამინისტროს მოძრავი სალაროა – მიკროავტობუსი დგას შესაბამისი წარწერით, იქ შევიძნე.
- მეჩეთებში შესვლა უფასოა და თავისუფალი (ნამაზი – ღვთისმსახურება თუ არ ტარდება). მეჩეთის წინ ხალიჩაა გაფენილი და ტურისტების უმრავლესობა ერთ შეცდომას უშვებს – ფეხზე იხდის ან უკვე ხალიჩაზე შემდგარი ან ხალიჩამდე კარგა ხნით ადრე. არადა, ფეხზე ისე უნდა გაიხადოთ, რომ არც ხალიჩაზე შედგეთ ფეხსაცმლით და არც ქვაფენილზე დადგეთ წინდებით…
- სტამბოლში უამრავი მეჩეთია. ლურჯი მეჩეთი უჩემოდაც არ გამოგრჩებათ, ყველა სხვა შემთხვევაში კი, ჩემი რჩევაა, ყურადღება მიაქციოთ მიმარ სინანის (Mimar Sinan) აგებულ შენობებს – ეს თურქი არსუკისძეა, რომლისთვისაც მკლავი არ მოუჭრიათ, ამიტომ ბევრი რამ მოასწრო, მათ შორის ააგო გრანდიოზული სულეიმანის მეჩეთი (Süleymaniye Camii) და შექმნა ესკიზები, რომელთა მიხედვითაცაა აგებული ტაჯ მაჰალი ინდოეთში. სულეიმანის მეჩეთიდან არცთუ შორსაა რუსთემ ფაშას მეჩეთი (Rüstempaşa Camii), ბეიოღლუს თოფჰანეს (Tophane) ტრამვაის სადგურთან ნახავთ ქილიჩ ალი ფაშას მეჩეთს (Kılıç Ali Pasha Camii), მიჰრიმაჰ სულთნის მეჩეთი (Mihrimah Sultan Camii) კი კონსტანტინოპოლის გალავანთანაა, კორა და პამაკარისტოსის ეკლესიების მახლობლად. ჩემს იქყოფნაში ამ მეჩეთში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. რუსთემ ფაშას მეჩეთის სიახლოვესაა ახალი მეჩეთი (Yeni Valide Camii), ის მიმარ სინანის აგებული არაა, მაგრამ, არ გამოტოვოთ – ულამაზესი შიდა მოკაზმულობით გამოირჩევა, მხოლოდ ლურჯ მეჩეთს თუ ჩამორჩება, იმჰო.
- ბიზანტიური კორას ეკლესია (Chora Church/Kariye Müzesi) ყოველმხრივ გამორჩეული და სახელგავარდნილია – იქ ყველა ტურისტს მიეჩქარება, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ კორას მახლობლად მდებარე პამაკარისტოსის ეკლესია (Pammakaristos Church/Fethiye Müzesi), რომელიც, ერთი რომ არქიტექტურულადაა ულამაზესი, მეორე რომ კარგად შემონახული მოზაიკით დატკბებით. როგორც ზემოთაც ვთქვი, აქვეა იმპერატორ თეოდოსიუსის გალავანიც (Theodosian Walls – უახლოესი ტრამვაის გაჩერებაა Edirnekapi). ბარემ, აქვე დავწერ, რომ სტამბოლის მთავარი ავტომაგისტრალი, ათათურქის ბულვარი რომაული არქიტექტურის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაგებობის, იმპერატორ ვალენსის აკვედუკის (Valens Aqueduct/Bozdogan Kemeri) ქვეშ გადის. აკვედუკი ფაათს რაიონშია, ფაათის მეჩეთის (Fatih Camii) მახლობლად.
- საქართველოსგან განსხვავებით, სტამბოლის მუზეუმებისა თუ მეჩეთების უმრავლესობაში ფოტოს გადაღებას არვინ გიკრძალავთ, სადაც აკრძალულია – შესაბამისი აბრა დგას. მაგალითად, დოლმაბაჩეს სასახლესა და “უმანკოების მუზეუმში” გადაღება აკრძალულია, რაკი ორჰან ფამუქის სტატუსი ქემალ ათათურქის სტატუსს უთანაბრდება.
😉
მუზეუმის დამთვალიერებელთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების ბევრ ადამიანს ნახავთ ეტლით – მათთვის ყველა პირობაა შექმნილი ლიფტებიდან დაწყებული და საგანგებოდ მომზადებული პერსონალით დამთავრებული. ეტლსაც დაახვედრებენ, თუ წინდაწინ შეატყობინეს.
მუზეუმებს არ ეხება, მაგრამ ზოგადი კულტურის ნაწილია ესეც და აქვე დავწერ – სტამბოლში არ მინახავს დაჭრილი და დაგლეჯილი სკამები ტრანსპორტში, არც – გაჩერებებზე. არ მინახავს ჩამსხვრეული სტენდები. ლამპიონებიც მთელია. ამ ქალაქში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და 8 მილიონ ტურისტს მასპინძლობენ. ყველა კარგად აღზრდილი ვერ იქნება, მაგრამ რაც დავწერე – სიმართლეა. ქუჩები კი სკანდინავიასთან შედარებით ბინძურია, თბილისთან შედარებით – სუფთაა. ქვემოთ ფოტოზე, რომელზეც თაქსიმელი ქუჩის მუსიკოსია, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელიც ჩანს, ჩვენებურად – მეეზოვე. ისინი სულ გარეთ არიან და სულ მუშაობენ. დილიდან გვიან ღამემდე. მეტადრე – ტურისტულ ადგილებში. თუმცა, 13-მა მილიონმა თითომ თითო ნაგლეჯი რომ დააგდოს – მეეზოვეები ნამდვილად ვერ ეყოფიან.
მოქმედი ეკლესიები
თაქსიმის სადგურიდან რომ ამოხვალთ, სანამ ისთიქლალის პროსპექტს აუყვებით, წმინდა სამების ეკლესიაა (Hagia Triada Church), მის ეზოში 320 კატა და ერთი ძაღლი ცხოვრობს, რომელიც, ღობე-გალავანს რომ მიუახლოვდებით, გისოსებში თავს გამოჰყოფს – მომეფერეო.
ისთიქლალის სიღრმეში კი წმინდა მარიამის (Santa Maria Draperis) და წმინდა ანტონის (Sant’Antonio di Padova) ეკლესიები შეგხვდებათ.
- როგორ არ ვთქვა, რომ ამ მეორის ეზოში მაცხოვრის ჩვენი თვალისთვის უჩვეულო, თანამედროვე სკულპტურა დგას… მართლა მშურს იმ ეკლესიების, ვინც 21-ე საუკუნეში გადმოვიდა და სადღაც შუა საუკუნეებში არ ჩარჩენილა, მენტალობითა თუ, თუნდაც – ესთეტიკით.
ბულგარული წმინდა სტეფანეს ეკლესია (The Bulgarian St Stephen Church) ფენერის (Fener) ნავსაყუდელთან, ზედ ოქროს ყურეს სანაპიროზეა. სამწუხაროდ, ჩემს იქყოფნისას სარესტავრაციო სამუშაოების გამო “შეფუთული” და ხარაჩოებში იყო. ჩემთვის სამწუხაროდ, ცხადია, ეკლესიისთვის – სასიხარულოდ.
ეკლესია არაა, მაგრამ ბერძნულ მართლმადიდებლურ სასწავლებელს (Phanar Greek Orthodox College) ულამაზეს შენობაში დაუდევს ბინა. ისიც ფენერის უბანში მდებარეობს, ბულგარული ეკლესიისგან არცთუ შორს. ირგვლივ სიღარიბეა, ბარაკები და სულიხელითრომუჭირავთ, ისეთი სახლებია, მაგრამ გულისხმიერი, სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს – რომ დამინახეს, ფოტოებს ვუღებდი (შორიდან), ხელით მიჩვენეს – აი, აქ უნდა შეუხვიო და უფრო ახლოს მიხვალო… მეც კი მივაგნებდი, არაფერი სჭირდა მიუგენებელი, მაგრამ – მაინც.
საფეხმავლო სტამბოლი
პარიზში ვინც ყოფილხართ, უთუოდ გაისეირნებდით ფეხით ტრიუმფალური თაღიდან ლუვრამდე და ტიულრის ბაღის შადრევანთანაც ჩამომჯდარხართ, ალბათ – ეს მსოფლიოში საუკეთესო საფეხმავლო გზაა, იმჰო, მაგრამ სტამბოლშიც არის ესეთი, სადაც აღმოსავლეთ რომის იმპერატორები (და შემდეგ კი – ოსმალეთის სულთნები) დაბრძანდებოდნენ. ოთომანის იმპერიის დროს მას დივან იოლუ (Divan Yolu – გზა დივანამდე, დღევანდელი ენით რომ ვთქვათ – მინისტრთა კაბინეტამდე) უწოდეს. დღეს ეს გზა გაივლის როგორც რომაულ იპოდრომსა და კონსტანტინე დიდის სვეტს (Çemberlitaş sütunu/The Column of Constantine) ასევე – რამდენიმე სულთნის აკლდამასა და სტამბოლის უნივერსიტეტს… გაისეირნეთ ბეიაზითის მოედნიდან (Beyazıt Meydanı) თოფქაფეს სასახლემდე და ორ ათასწლეულს გაივლით ფეხით ერთ საათში…
აბდი იფექჩისა და ისთიქლალის პროსპექტებზე წინა ნაწილშიც დავწერე. ისთიქლალი, ალბათ, დივან იოლუს თანამედროვე კონკურენტია ყვავილების პასაჟით – პერას ულამაზესი თაღით (Cité de Péra/Çiçek Pasajı), სასახლეებით, ეკლესიებით, ევროპული და ძალიან ლამაზი არქიტექტურით, კაფეებით, მაღაზიებით, ქუჩის მუსიკოსებით… ეს ხმაურიანი, ხალისიანი, მხიარული და სტუმართმოყვარე ქუჩა, სადაც დღეს ათასი ეროვნების, რელიგიისა თუ ენაზე მოსაუბრე ადამიანი სეირნობს, ძნელი წარმოსადგენია, რომ “სტამბოლური პოგრომის” ცენტრად იქცა ამ 60-იოდე წლის წინ.
აქედან შეგიძლიათ, ჩაუხვიოთ ფრანგული ქუჩისკენ, იქაური შარდენისკენ, რომელზეც უკვე ვწერდი, ან ჩუკურჯუმაზე (Çukurcuma) გაისეირნოთ, რომელიც მხატვრებით, სალონებითა და ანტიკვარიატით მოვაჭრეებითაა ცნობილი. მაგრამ, თუ რამის შეძენას არ გეგმავთ, გირჩევთ, არსად შეჩერდეთ, თორემ, აუცილებლად მოგყიდიან რაღაცას, ისე, რომ აზრზეც ვერ მოხვალთ – თურქები ამის დიდოსტატები არიან. 🙂 აქ დაუდვია ბინა ორჰან ფამუქის მუზეუმსაც და, უნდა ვთქვა, რომ მწერალი უკეთეს ადგილს მისთვის ვერც შეარჩევდა. სხვათა შორის აქვე, არცთუ შორს ფიროსმანის სახელობის გალერეა მდებარეობს.
ფეხით მოსიარულესთვის სტამბოლში ქუჩაზე გადასვლის წესი ძალზედ მარტივია – გაიხედე მარცხნივ, მერე – მარჯვნივ და, თუ ავტომობილი არ მოდის, გადადი. წითელს, მწვანეს მნიშვნელობა არ აქვს. 🙂 ან ასეც შეიძლება – გაიხედავ მარცხნივ, მერე – მარჯვნივ და, თუ ავტომობილი მოდის, გადაირბენ. შემდეგ – ორიდან ერთი: გადაასწრებ – გზას განაგრძობ, ვერ გადაასწრებ და ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი, ვინც 112-ზე დარეკავს. 🙂
ტურისტებს, როგორც წესი, არქიტექტურა, მუზეუმები, კაფე-რესტორნები და კლუბები უფრო იზიდავს, მაგრამ სტამბოლში რამდენიმე მუნიციპალური პარკია, სადაც სეირნობა ნამდვილად დიდ სიამოვნებას მოგგვრით და ამაზე თუნდაც ნახევარი საათის ან მეტის “დაკარგვა”, მერწმუნეთდა ღირს (ცხადია, ამინდსა და წელიწადის დროსაც აქვს მნიშვნელობა). პირველ ყოვლისა, ესაა ვარდების პარკი – გიულჰანე (Gülhane Park), სხვათუარაფერი, იქ რომაული კოლონებია შემორჩენილი, თანაც ეს პარკი სულთანაჰმეთის მოედნის მახლობლადაა (ერთ დროს სულთნის სასახლის ბაღი იყო) და რაკი მაინც იქნებით მანდ – შეისეირნეთ. მეორე – ემირგანის პარკია (Emirgan Korusu), სადაც ჰოლანდიის შემდეგ ყველაზე მეტი ტიტაა მსოფლიოში (საქიფ საბანჯის მუზეუმიდან 50 მეტრშია).
ა ლა მაილს დეივისის სტამბოლი
გალათას მეზობლად, ფუნიკულიორთან მდებარეობს Nardis Jazz Club – (Nardis მაილს დეივისის არაჩვეულებრივი კომპაზიციაა) – მშვენიერი პუბლიკა, კარგი მუსიკა და ატმოსფერო. ღამით იწყებს მუშაობას (მე სადღაც 9 საათისთვის მივედი). რამდენადაც დამპატიჟეს, არ ვიცი, ეს სიამოვნება რა ჯდება, მაგრამ შესვლა, თუ არ ვცდები, სადღაც 20-25 ლირაა (ალბათ, მნიშვნელობა აქვს, რა პროგრამაა იმ საღამოს) და შემდეგ – რასაც დალევთ და რასაც მიირთმევთ.
სტამბოლის ღამის კლუბების ჩამონათვალს ნებისმიერ კატალოგში ნახავთ. მათგან ყველაზე გაპიარებული, ალბათ, ბეშიქთაშური Reina-ა, სადაც დასავლელ ვარსკვლავთცვენა ხშირად ყოფილა. ბეიოღლუს Babylon და 360 სხვა ორი ცნობილი კლუბია. აქვე იყო 11:11 მაგრამ დაიკეტა, თუ არ ვცდები. ნამყოფი ერთშიც არ ვარ და ვერც რომელსამეს გამოვარჩევ. ეჭვი მაქვს, იაფი არ იქნება. გაითვალისწინეთ, რომ, როგორც წესი, ასეთ ადგილებში მკაცრი დრეს-კოდი მოქმედებს – ჯინსებით, შეიძლება, არც შეგიშვან.
კრუიზი ბოსფორზე
რა თქმა უნდა, მშვენიერი რამეა, მაგრამ მსურველი ძალიან ბევრია, კარგი ადგილები გემზე კი – შეზღუდული… გადაამოწმეთ კომპანია TurYol-ის გემების განრიგი. მათი ტური გალათას ხიდთან იღებს სათავეს და საათნახევრის შემდეგ უკანვე ბრუნდება. სხვა ტურებიც ბევრია. ბოსფორის რომელიმე კრუიზის სარეკლამო ბუკლეტს აუცილებლად შემოგაჩეჩებენ ხელში – ვერ დაიძვრენთ თავს. 🙂 ბილეთის ფასი 10 ლირადან იწყება.
უფრო ძვირიანი ტურები, მუსიკითა და ცეკვა-თამაშით აგერ მოიკითხეთ.
ინდიანა ჯონსის ნაბანევზე
პლიაჟების დიდი ნაწილი ფასიანია (როგორც ვიცი, აზიურ ნაწილშია უფასო მუნიციპალური პლიაჟები, მაგრამ იქ არ ვყოფილვარ და ვერაფერს ვიტყვი).
შავი ზღვის პლიაჟზეც არ ვყოფილვარ – ეგ ზღვა აქაც გვაქვს. 🙂 (სტამბოლის შავი ზღვის სანაპირო მეძავებითაცაა ცნობილი, მაგრამ ეგ სიკეთეც გვაქვს, ღვთის მადლით 🙂 ).
ევროპული ნაწილის საუკეთესო პლიაჟები როგორც საბანაოდ, ასევე მზის აბაზანების მისაღებადაც რომ გამოდგება, მარმარილოს ზღვაზე, ფენერბახჩეს რაიონშია.
მაგრამ, პირადი გამოცდილებით, საუკეთესოა, თუ პრინცის კუნძულებს (Prens Adaları) ესტუმრებით. ყველაზე დიდ კუნძულზე – ბიუიუქადაზე (Büyükada) წმინდა გიორგის ეკლესიაა, სადაც საგანგებო ჭურჭელი დგას – სურვილს დაწერ ქაღალდზე, ჩააგდებ და აუცილებლად აგისრულდება (ოღონდ, რამე მოკრძალებული ისურვეთ, ასრულებადი :)).
- რაკი სურვილებზე მიდგა საქმე, იმედი მაქვს, არც ცისტერნის (კონსტანტინოპოლის მიწისქვეშა წყალსაცავის) “სურვილების აუზი” გამოგრჩებათ და არც “მტირალა სვეტი”, სადაც თითის სიმსხო ნახვრეტია. ცერა თითს ჩაყოფთ, ვითარცა თომა – იესოს იარაში, სურვილს ჩაუთქვამთ და დაატრიალებთ. თუკი წრფელი გული გაქვთ, სურვილი აგისრულდებათ, თუკი თალხი გული გაქვთ – თითის გარეშე დარჩებით.
თუ ზღვაში ბანაობა არ გხიბლავთ, სტამბოლში რამდენიმე აკვაპარკია, სადაც არ ვყოფილვარ და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ცუდი არ იქნება.
მაგიერ, ნამყოფი ვარ ჩემბერლიტაშ ჰამამში (Çemberlitaş Hamamı), ჩვენებურად – აბანოში, რომელიც მიმარ სინანის აგებულია. ხოლო თუ ინდიანა ჯონსის ნაბანევზე სიარული გსურთ, მაშინ ჯაღალოღლუ ჰამამს (Cağaloğlu Hamami) უნდა ეწვიოთ, სწორედ იქაა გადაღებული ამ საგის ბოლო ფილმის ერთი ეპიზოდი… “ნაკლებპერო” აბანოები სტამბოლში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და 15-20 ლირა ღირს შესვლა, მაგრამ ასეთები ხომ აბანოთუბანშიც გვაქვს და, მეეჭვება, სტამბოლელი მექისე რითიმე სჯობდეს თბილისელს.
სტამბოლის ცა
აზიის მხარეს, ქადიქოიდან (Kadıköy) საჰაერო ბუშტით შეგიძლიათ აიჭრათ ზეცად და ქალაქს შემოუფრინოთ… არ უნდა იყოს მთლად ურიგო აზრი, თუმცა, ჯერ ვერ მოვახერხე.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
სტამბოლი და სტამბოლს მიღმა. ნაწილი 1
ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი. ნაწილი 2
სტამბოლი შოფინგური. ნაწილი 4
სულ უფრო საინტერესო ხდება!
სულ რამდენი ნაწილია> გაგვიმხილე. ბავშვობიდან არ მიყვარს ეს გაგრძელება იქნება 🙂
LikeLike
არ ვიცი. ალბათ 2.
შოფინგზე უნდა დავწერო, ძაღლებზე და კატებზე. შეიძლება კიდევ რამეზე.
მაშინ, შეიძლება კიდევ 3 გამოვიდეს. 🙂
საჭმელებზეც ხომ უნდა დავწერო კიდე…
LikeLike
საჭმელებზე უნდა დაწერო..
LikeLike
ფბ-ში არ ვარ, თორემ მოზაიკურ ნამცხვარში დაგთაგავდი 🙂
LikeLike
რაკი მუეძინი ჩვენსკენაა, ყველაფერი კარგად იქნება 🙂
მოკლედ, ეს ციკლი უნდა ამოვბეჭდო 🙂 შოფინგიც მაინტერესებს და საჭმელ-სასმელიც. ნუ, ძაღლები და კატები ხომ თავისთავად ❤
LikeLike
რომის ისტორია მეც მიყვარს.
კიდევ ტროა, კაპადოკია, ეფესი და რამდენია კიდე.
პამუკკალე როა მარილის ქალაქი.
ტაო-კლარჯეთი.
რამხელა ცივილიზაციაა და თან საკუთარიც არაა. 🙂 მაგრად გაუმართლათ თურქებს.
LikeLike
ფოტოობიექტივში დანახული და ფოტოები სულ ესაა? 🙂
LikeLike
რომელი მენ რეი მე ვარ 🙂
შემდეგ პოსტებსაც დავუმატებ ცოტას.
LikeLike
auuuuuuuuuuuuuuuuuuuu :ყმუილი:
რამდენი რამეა სტამბულში…
LikeLike
კარგი ციკლია. სასარგებლო და გამოყენებადი.
მე სულ 2 დღე ვარ სტამბულში ნამყოფი და მგონი ის დროა მეტი ხნით წავიდე.
LikeLike
არქეოლოგიის მუზეუმს 6 საათი ვათვალიერებდით – თითქმის გვეყო 🙂 თოფქაფეს სასახლეს კი 2 საათი – მესამედი მოვასწარით, ალბათ.
p.s. ამ პოსტების სერიის შემდეგ, მგონი, ჩემი პოსტის დაწერა გადავიფიქრე 🙂
LikeLike
მე მაგდენი ვერ გავქაჩე. 🙂
ფიზიკურადაც დავიღალე და ემოციურადაც შთაბეჭდილებებით.
აბა, ეგეთები არ იყოს.
ახლა ეს ავატარი-2 ისტორიის განმეორება არ გინდა 🙂 ერთხელ იყო ეგ უკვე და მაშინაც არ იყავი მართალი. 🙂
LikeLike
საჰაერო ბუშტის იდეამ ძალიან დამაინტერესა. ერთი დღე ვფიქრობ ხომ არ დავუთმო, თუ არ დავიმართე ისტერიკა 🙂
LikeLike
საჰაერო ბუშტის იდეამ ძალიან მომხიბლა…
…რა ძვირი ჯდება, თურმე. ნეტში მინიმუმ 150 ევრო კაცზეო. ნეტავ ადგილზე უფრო იაფი თუ იქნება…
LikeLike
ხოროშეე ვსიო დოროგაო 🙂 როგორც მიმინოს უთხრა ლარისა ივანოვნამ.
ისე, ზაფხულშიც ჩახვალ სხვა დროს და მაშინ გეცადა – უფრო მოწმენდილი ცა იქნება და უკეთესი ხედები გადიშლება.
მერე რომ ჩამოხვალ უკნ დაწერე შთაბეჭდილებები.
გისურვებ ნაკლები ტურისტი იყოს და პატარა რიგები.
LikeLike
უჰ, ორჯერ დაუპოსტია :s
მადლობა სურვილებისთვის 🙂 თებერვალში არამგონია დიდი ტურისტობა იყოს სტამბულში. თუმცა, ვალენტინობისთვის ჩადის ბლომად ხალხი. ვნახოთ როგორ გამიმართლებს 🙂
LikeLike
რაც მთავარია, სულ რომ -20 იყოს, დონდურმუჭმელი არ ჩამოხვიდე იქედან. 🙂
LikeLike
მაგარია 🙂 ამას ვეძებდი 🙂
LikeLike
ათათურქს და ფამუქს რომ თანაბარი სტატუსი აქვთ, ეგ მომეწონა!..
სხვაც ბევრი რამე, რა თქმა უნდა!
LikeLike
დიდი მადლობა ამ პოსტებისთვის. პირველად ვიყავით სტამბოლში და თქვენი წყალობით ისე დავდიოდით, როგორც ნაცნობ ქალაქში. ძალიან გამოგვადგა თქვენი რჩევები.
და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას და მსგავსი ციკლის დაწერას არ აპირებთ? 🙂
LikeLike
რამდენიმე ქალაქზე კი მინდა დავწერო, 🙂 მაგრამ ასე ვრცლად არა.
სტამბოლში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ძალაუნებურად კარგად შემომესწავლა. 🙂
LikeLike
გაიხარეთ, ასე ,,გემრიელად”, როგორც რუსები იტყვიან ,,смачно” დაწერილი პოსტი მგონი არც შემხვედრია, უახლოეს დღეებში ვაპირებ გამგზავრებას (ბოლო დეტალებს ვაზუსტებ) და ეს გადაწყვეტილება დიდწილად თქვენი დამსახურებაა. დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე, არაჩვეულებრივი ენა (слог) გაქვთ, სიამოვნებით წავიკითხავ სხვა პოსტებსაც,.
LikeLike
რაკი მოჩვენებითი თავმდაბლობა არ მიყვარს, სხვა რა გზა მაქვს, უნდა დაგეთანხმო. 🙂
ბედნიერ მგზავრობას გისურვებ. კარგი ამინდები დაგხვდეს სტამბოლში და ცოტა საცობები ქუჩაში.
LikeLike
you must attebd one of the Bosphorus tours listed on http://www.bosphorustour.com
LikeLike
That’s what I wrote in my post.
Your service and tours are good. That’s why it’s listed here. 🙂
LikeLike
thank you so much :))
LikeLike
You welcome. 🙂
LikeLike
მსოფლიო საპატრიარო გამოგრჩათ 🙂
LikeLike
ჰო. 😦
მაგრამ პოსტში კი არ გამომრჩა, სანახავად გამომრჩა და ვერც ჩემს ფოტოობიექტივში მოხვდა.
LikeLike
მარტში მოვხვდები სტამბულში – სულ 4 დღე მექნება, მაგრამ ამ პოსტებს დავიხმარებ და შინაარსიანად გამოვიყენებ დროს 🙂
LikeLike
აპრილში წადი.ჯერ ამინდი იქნება უკეთესი და მერე ალბათ, მეც მომიწევს მაქეთკენ და გიდობას გაგიწევ რამე რო იყოს 🙂
LikeLike
<3<3
მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული. 😦
LikeLike
როუმინგი ძვირია ხომ? მარტო მობილური ინტერნეტისთვის რომ გამოვიყენო, გამწეწავენ? 🙂 ბაიტებით თვლიან ტარიფს თუ რა პრინციპია?
LikeLike
მე ქართულ ბარათს არ ვიყენებ. გლობალსელის ბარათი მაქვს და მაგას შემავალი ზარები უფასო აქვს როუმინგზე და მობაილ-ინტერნეტი ზუსტად არ ვიცი ტარიფი, მაგრამ არ გამოდის ძვირი.
თურქსელის ერთჯერადი ბარათიც მქონია. ფრიფეიდი როა და ბალანსის ამოწურვამდე იყენებ. ეგ ყველაზე მოსახერხებელია ტარიფის მხრივ, მაგრამ მანდ ნომრის ცვლის პრობლემაა, ასე რომ გლობალსელი ავიღე და ახლა მაგით დავდივარ ხოლმე. მუდმივი ნომერი მაქვს და ყველამ იცის და მოსახერხებელია მაგ მხრივ.
LikeLike
Hi Lord Vader, your readers may also like to know of Zoe Yacht if they want to make a special visit of the Bosphorus, see: http://www.bosphorusyacht.com
LikeLike